რატომ არ დაუწუნა ანა კოშაძეს დედამთილმა დიასახლისობა და როდის ჰგავს ნაომარს მისი სამზარეულო
უმშვენიერესი ანა კოშაძე, სხვა ქართველი მოდელების მსგავსად, საკმაოდ ადრე, 17 წლის ასაკში გათხოვდა. ამბობს, რომ არ ნანობს, ბედნიერია და მალე მეორე შვილსაც ელოდება. დიასახლისობაზე მაინცდამაინც არ გიჟდება, ამბობს, რომ ვალდებულების გამო აკეთებს საოჯახო საქმეებს.
ანა კოშაძე: სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მოდელებს ინტელექტი საერთოდ არ აქვთ, უფრო უცხოეთშია შექმნილი, ვიდრე საქართველოში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ხალხს არ ესმის, რა რთულია ეს სამუშაო და რომ ეს მარტო პოდიუმზე უბრალო გავლა-გამოვლა არ არის. მოდელის პროფესია იმდენად რთული და დატვირთულია, განათლების მისაღებად დრო თითქმის არ გრჩება და რა სამზარეულოსა და დიასახლისობაზეა საუბარი?! თუმცა, საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდის ინდუსტრია ისეთი განვითარებული არ არის.
17 წლის გავთხოვდი, საკმაოდ პატარა ასაკში და ისეთი ჩამოყალიბებული და დაღვინებული არ ვყოფილვარ, როგორც ოჯახს სჭირდება. მაგრამ, გამიმართლა და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. აი, მეორე შვილსაც ველოდები. თუმცა, ადრე რომ თხოვდები, მაინც რისკია – ვაითუ, ინანო შენი ნაბიჯი. უკვე ხუთი წელია, ოჯახი მაქვს და დიასახლისის როლსაც, ასე თუ ისე, ვითავსებ. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი ვარ სახლის საქმეებში, ამას ვამზადებ და იმას ვამზადებ-მეთქი, მაგრამ, როცა ოჯახი გაქვს, რაც უნდა დაკავებული იყო, სახლში ელემენტარული მაინც უნდა გააკეთო, გინდა თუ არ გინდა. ბებიები მშვენიერი დიასახლისები იყვნენ, დედაც, მაგრამ დედა ახლა აღარ დიასახლისობს და ძირითადი საქმე ბებოს აბარია. მე არ დავემსგავსე ბებიებს, მაგრამ, მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ და ამიტომ რაღაცეების მომზადება მეც მიწევს.
– დედა არ გეუბნებოდა ხოლმე, სახლის საქმე ისწავლე, დაგჭირდებაო?
– სხვათა შორის, არა. იმდენად უნდოდათ კარგად მესწავლა, წიგნს არ მწყვეტდნენ. არავინ არაფერს მაძალებდა – არც დედა, არ ბებიები. სიმართლე გითხრა, არც მე მქონია მაინცდამაინც ინტერესი, ეს იყო სფერო, რომელიც აბსოლუტურად არ მაინტერესებდა. მაგრამ, მეორე მხრივ, რთულია, როგორც არ უნდა გეხმარებოდნენ დედა, ბებია, დედამთილი, შენც რაღაც უნდა იცოდე. შენ კი შეჭამ, მაგრამ, ბავშვს ყოველთვის გარეთ ხომ ვერ აჭმევ?
– დედამთილს შენიშვნა არასდროს მოუცია?
– არა, შენიშვნა რატომ უნდა მომცეს. შეიძლება, შემიფასოს და მითხრას, ეს კონკრეტული კერძი, ჯობდა, იმ ინგრედიენტით გაგეკეთებინა, ან დაგემატებინა რამეო, თორემ, შენიშვნა არასდროს მოუცია. საბედნიეროდ, დედამთილ-მამამთილი ისეთი შემხვდა, მაგის გამო არავის დავუწუნებივარ, არც ჩემი ქმრისთვის იყო მანამდე მნიშვნელოვანი, ცხობა და ხეხვა ვიცოდი თუ არა. ბევრი რამ დედამთილისგან ვისწავლე, ტელეფონითაც ჩამიწერია რეცეპტი. დედას ვურეკავ ხოლმე: „დე, ეს რამდენი უნდა, ის რამდენი, როგორ?“ სამაგიეროდ, ახლა უკვე ვუმზადებ ხოლმე ქმარს საჭმელს. გურმანია და ყველაფერს არ მიირთმევს. აი, მაგალითად, გუშინ საღამოს კომბოსტოს ღვეზელი გამოვუცხვე და სამარხვო ოლივიე გავუკეთე.
– კომბოსტოს ღვეზელი?! მე არც კი გამისინჯავს. როგორ კეთდება?
– ჩვეულებრივად: კომბოსტოს დავჭრით, მოვშუშავთ, ხახვს დავჭრით წვრილად, სტაფილოს გავხეხავთ, უნდა შევურიოთ პილპილი და მარილი. არ მოგატყუებ, ცომს მე თვითონ არ ვზელ, არ გამომდის მაინცდამაინც. ვერ ვისწავლე და რა ვქნა? ვყიდულობ ფენოვან ცომს და მომზადებულ შიგთავსს შიგნით ვათავსებ. ერთი-ორჯერ პიცაც გამოვაცხვე ჩემი მოზელილი ცომით, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც კარგი გამომივიდა.
ჩემი ნახელავის მთავარი და ობიექტური შემფასებელი ჩემი ქმარია. სხვათა შორის, თვითონ უყვარს სამზარეულოში ტრიალი. ოღონდ, სულ კი არა, როცა განწყობაზეა. რაღაცეებს იგონებს ხოლმე, მუზები მოსდის (იცინის).
– ეგ როგორ? საოჯახო საქმეებშიც გეხმარება?
– არა, საოჯახო საქმეებში როგორ, ფარდებს ხომ არ დაკიდებს ან პერანგებს თვითონ დაიუთოებს?! ბავშვის აღზრდაში მეხმარება. ზოგ მამას საკუთარი შვილი წლამდე ხელში ვერ აჰყავს, ეს კი არ არის ასე – ასეირნებს, უვლის. თანაც, სამზარეულოში ტრიალი ეხერხება კარგად, ზღვის პროდუქტებით ისეთ გემრიელ რამეებს ამზადებს, გაგიჟდები! თევზი, კიბორჩხალა, კრევეტები, ხამანწკები... მოკლედ, იცის და კარგადაც აკეთებს, თუმცა, არ ვიცი, საიდან ისწავლა. მაგრამ სამაგიეროდ, მერე ისეთი საგიჟეთია!.. თუ მე ვეხმარები და, ვთქვათ, პროდუქტებს ვუჭრი – მწვანილს, ხახვს – მაშინ კიდევ არა უშავს, მაგრამ, თუ თვითონ ამზადებს, სამზარეულო თავდაყირა დგას, ნაომარს ჰგავს (იცინის).
– ჭურჭლის რეცხვას ბევრი ვერ ეწყობა, შენ როგორ ეწყობი?
– ჩვეულებრივ... ახლა უფრო მეტი ჭურჭელი გვიგროვდება, რადგან პატარა გვყავს. სხვათა შორის, არ მაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ვფიქრობ, შევიძინო. ყოველთვის ხელთათმანებით ვრეცხავ, რომ ხელის კანი არ გამომიშრეს, თან, ასე უფრო ჰიგიენურია. სარეცხი საშუალებების სახელებს, სიმართლე გითხრა, ვერ ვიმახსოვრებ. როცა ვყიდულობ სუპერმარკეტში, თუ მომეწონა, კარგად აქაფდა, ცხიმი ადვილად მოაცილა და ასე შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, დავიმახსოვრო, მაგრამ, მულ მავიწყდება, ასე ვარ სარეცხის ფხვნილებზეც, ამიტომ, ამოჩემებული ბრენდი არც მაქვს და ხან რას ვყიდულობ, ხან – რას.
– ცივ წყალში გაგირეცხავს?
– კი, როგორ არა. ზაფხულში უფრო გრილი წყლით ვრეცხავ, ზამთარში – ცხელით. ხელითაც ვრეცხავ, როცა მჭირდება, ანუ, იმას, რაც არ ირეცხება მანქანაში. ტემპერატურულ რეჟიმს ზუსტად ვიცავ ხოლმე, მაგრამ მაინც, გამფუჭებია ტანსაცმელი და ვფრთხილობ.
– ხშირად იძენ საოჯახო ნივთებს?
– არა, საერთოდ არ მაინტერესებს, ვაგროვო, ჭურჭელი, თეთრეული, ეგეთი რაღაცეები. როგორ უნდა ვათვალიერო და შევიძინო ერთნაირი ენთუზიაზმით, ვთქვათ, ტანისამოსი, სამკაული და ჭურჭელი?! უამრავი მაქვს, რომელიც ძალიან მომწონს და რაღად მინდა ზედმეტი?
– თეთრეული როგორი მოგწონს?
– არ მიყვარს ეგრეთ წოდებული „ჟატი“, არაკომფორტულია. არც ატლასზე და მიტკალზე ვგიჟდები. უფრო თანამედროვე, რბილი ფაქტურის თეთრეული მომწონს, სხვათა შორის, თეთრი ფერის. ახლა უმრავლესობა ფერად თეთრეულზეა გადასული. ეტყობა, ადრე გაქათქათებული ქვეშაგები იყო მიღებული, ხალხი დაიღალა იმის გახამებითა და გალილავებით და, ამიტომაც, მასობრივად შემოვიდა ფერადი, მაგრამ, მე თეთრი მომწონს.
– თავად თუ იყენებ ლილასა და სახამებელს, ან, რას აკეთებ იმისთვის, რომ თეთრეული არ გაყვითლდეს?
– არ ვიცი, ისეთს არაფერს. დღეს ვინღა ხმარობს ლილასა და სახამებელს? არც მათეთრებელს ვიყენებ. მშვენიერი მანქანა მაქვს, კარგად რეცხავს შესაბამის რეჟიმზე და არ გამყვითლებია. თუ გაყვითლდება, გადავყრი და ახალს ვიყიდი. რატომ ვიწვალო?
– მოწესრიგებული ადამიანი ხარ?
– საერთოდ არა და, ამიტომ, არც სხვისი უწესრიგობა მაღიზიანებს. ზოგი ისეთია, ფარდის ნაოჭი რომ იყოს გასასწორებელი, გული გაუსკდება, სანამ არ შედგება სკამზე ან კიბეზე და არ გაასწორებს, მე კი ასე არ ვარ. რა ვქნა, შემიძლია, ვიჯდე არეულობაში და შაბათ-კვირას წიგნი წავიკითხო, თუ ვიცი, რომ არავინაა მოსასვლელი. ოღონდ, არეულობაში და არა ჭუჭყში. ნაგავი რომ თავზე მეყაროს, ვერ ავიტან. ტანსაცმლის დაყრას ვერ გადავეჩვიე. კარადაში შევჩურთავ ხოლმე კარგად დახვეულს, საღამოს ვალაგებ.
– თქვი, თუ ვინმეს არ ველი, შემიძლია არეულობაში ვიჯდე, წიგნი ვიკითხოო. უცებ რომ მოგადგეს ვინმე, გაუფრთხილებლად?
– ყოფილა შემთხვევა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ.
– ბინის ინტერიერზე შენ იზრუნე?
– არა, ქმარმა ყველაფერი გაკეთებული დამახვედრა. მეზარება ცვლილებები, ავეჯი არასდროს გადამიადგილებია – არ მაინტერესებს. ჩემი მულია მაგის ენთუზიასტი – მოვა, მეტყვის, მოდი ეს გადავდგათ, ის გადმოვდგათო. მე კი მეზარება. ერთადერთი, რაც მინდა შევცვალო, ტყავის ავეჯია, ღია ფერისაა – „ბეჟია“ და ხშირად ისვრება, ძნელი გასაწმენდია.