კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწევს საკუთარი „დემონების გაღვიძება“ ბრიტანელ მსახიობ კოლინ ფერტს და რის გამო ადის ის ცათამბჯენის ბოლო სართულზე ფეხით

„მეფე საუბრობს” – ეს არის ისტორია მარტოობაზე, რომელიც გამოიხატება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში”, – ასეთი ფრაზით დაიწყო საუბარი ბრიტანელმა მსახიობმა კოლინ ენდრიუ ფერტმა ფილმზე, რომელმაც მას ნანატრი „ოსკარის” ქანდაკება მოუტანა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებულ ნომინაციაში და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსოფლიო კინომანები, რომ იგი თანამედროვე ბრიტანული და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახასიათო მსახიობია, რომელმაც თავისი საქმე „ხუთიანზე“ იცის.

კოლინ ენდრიუ ფერტი – ასპროცენტიანი ინგლისელი არისტოკრატი 1960 წელს, დიდ ბრიტანეთში, ჰემფშირში დაიბადა. მისი, დედა, შირლი ჯინი, რელიგიის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა – დევიდ ნორმან ლუის ფერტი – ისტორიას ასწავლიდა და შეთავსებით ნიგერიის მთავრობის განათლების განყოფილების თანამშრომელი იყო. აღსანიშნავია, რომ კოლინის მშობლები ინდოეთში დაიბადნენ, სადაც მისი ბებია-ბაბუები ისე გრძნობდნენ თავს, როგორც მშობლიურ ინგლისში, რადგან მოგეხსენებათ, ინდოეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრიტანელების კოლონია იყო. სწორედ ამიტომ, კოლინის ბავშვობა არასტანდარტული იყო: ის ინგლისში დაიბადა, გარკვეული ხანი ინდოეთში იცხოვრა, ბავშვობა ნიგერიაში გაატარა, სადაც მისი მშობლები მისიონერებად გაგზავნა ბრიტანეთის მთავრობამ, ნიგერიიდან კი კოლინის ოჯახი მთლიანი შემადგენლობით ლონდონში გადაბარგდა. ცნობისთვის, კოლინს ჰყავს და – ქეითი და ძმა – ჯონათანი, რომელიც ასევე მსახიობია. დაწყებითი განათლება კოლინს სამ საშუალო სკოლაში და ერთ კოლეჯში ჰქონდა მიღებული, სამსახიობო ოსტატობას კი იგი ლონდონის დრამატული ცენტრის სასწავლებელში დაეუფლა. იქვე მიიღო მან პირველი როლი ჯულიან მიტჩელის „სხვა ქვეყანაში”, რომელიც ცენტრის სცენაზე დაიდგა და სადაც თავდაპირველად არანაკლებად ცნობილ, ასევე ბრიტანელ რუპერტ ევერეტს უნდა ეთამაშა. თუმცა, საბოლოოდ, როლი კოლინ ფერტს შეხვდა. სწორედ ამ ცენტრში სწავლის დროს გაეცნო კოლინ ფერტი განთქმულ „სტანისლავსკის სისტემას”, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში მან შემდეგნაირად ახსნა: „სტანისლავსკის სისტემა, ეს იგივეა, რომ საკუთარი დემონები გააღვიძო, რათა შენი პერსონაჟის ემოციები ისე გადასცე მაყურებელს, როგორც საკუთარი”. კოლინი ამ სისტემის მიმდევრად ითვლება დღემდე და ერთხელ მან აღიარა კიდეც, რომ ფოლკლენდის კუნძულების ომის ვეტერანის როლის შესრულების დროს, იმდენად შევიდა როლში, რომ ძილში, თავისი გმირის კოშმარულ სიზმრებს ხედავდა.

1984 წელს კოლინის კინოდებიუტი შედგა „სხვა ქვეყნის” კინოვერსიაში და იმავე წელს ეკრანებზე გამოვიდა სატელევიზიო ფილმი „ქალი კამელიებით”, სადაც კოლინ ფერტის პარტნიორები განთქმული ბრიტანელი მსახიობები, გრეტა სკაკი და ბენ კინგსლი იყვნენ. 80-იან წლებში კოლინმა კიდევ ერთ გახმაურებულ კინოეკრანიზაციაში მიიღო მონაწილეობა – მილოშ ფორმანის „ვალმონი” დე ლაკლოს რომანის – „სახიფათო კავშირების” მიხედვით იყო გადაღებული. ნამდვილი აღიარება კი ფერტს ჯეინ ოსტინის გახმაურებული რომანის – „სიამაყე და ცრურწმენის” სატელევიზიო ექვსსერიანმა სატელევიზიო ფილმმა მოუტანა, სადაც მან მთავარი გმირი – მისტერ დარსი განასახიერა. სწორედ მისტერ დარსის პერსონაჟს უკავშირდება ფერტის ჰოლივუდური აღიარება და მისი ყველაზე ცნობილი როლი ბლოკბასტერ „ბრიჯიტ ჯონსის დღიურების” ორ სერიაში, სადაც მის გარდა რენე ზელვეგერი და თვით თანამედროვე ბრიტანული კინოს მეორე სუპერვარსკვლავი – ჰიუ გრანტი თამაშობდნენ. სხვათა შორის, იმ წელს, როდესაც „დღიურების” პრემიერა შედგა, ამერიკულმა ჟურნალმა „ფიფლმა” კოლინ ფერტი პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის გამოაცხადა, ხოლო ბრიტანულმა კინოაკადემიამ იგი წლის მსახიობად დაასახელა და პრესტიჟული პრემია „ბაფტა” გადასცა.

ახალ ათასწლეულში კოლინ ფერტმა არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოში, ესაა: რომანტიკული მწერალი კომედიაში „რეალური სიყვარული”, ბრუტალური გმირი „უკანასკნელ ლეგიონში” (სადაც მისი პარტნიორი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი, ყოფილი „მის მსოფლიო“, ინდოელი ლამაზმანი აიშვარია რაი იყო), დიზაინერ ტომ ფორდის სარეჟისორო კინოდებიუტში „მარტოხელა კაცი” შესრულებული როლისთვის კი კოლინმა არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დაწესებული ჯილდოები მოიპოვა. იგი, ასევე, ნომინირებული იყო „ოსკარზე”, თუმცა, იმ წელს ჯილდო ჯეფ ბრიჯესს შეხვდა. საერთოდ, წლევანდელი, 2011 წელი ძალიან წარმატებულია კოლინ ფერტის კარიერაში: მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა ჰოლივუდის „დიდების ხეივანში”, მან მიიღო ყველა არსებული პრესტიჟული ჯილდო და ბოლოს, როგორც იქნა, გახდა „ოსკარის” მფლობელი და, აღსანიშნავია, რომ ამჯერად ჯეფ ბრიჯესი მას უკრავდა ტაშს გამარჯვებულის გამოცხადების დროს და არა პირიქით, როგორც ეს 2009 წელს მოხდა.

რაც შეეხება კოლინ ფერტის პირად ცხოვრებას: 1989 წელს, „ვალმონის” გადასაღებ მოედანზე, მან გაიცნო მსახიობი მეგ ტილი, რომელთანაც მცირეხნიანი რომანი ჰქონდა. მეგმა მას ვაჟი უილიამ ჯოზეფ ფერტი გაუჩინა, თუმცა მათი ურთიერთობა მაინც დასრულდა. ფერტის მეორე გახმაურებული რომანი, ასევე მსახიობ ჯენიფერ ელმთან ჰქონდა, რომელიც მისი პარტნიორი იყო „სიამაყე და ცრურწმენის” გადასაღებ მოედანზე, თუმცა მომავალი არც მასთან ურთიერთობას ჰქონდა და საბოლოოდ კი მისი რჩეული იტალიელი კინოდოკუმენტალისტი ლივია გუიჯოლი გახდა, რომელმაც კოლინს ორი ვაჟი – ლუკა და მატეო ფერტები გაუჩინა და რომელთან ერთადაც მსახიობი ბედნიერად ცხოვრობს აგერ უკვე ათი წელია. წყვილი იტალიასა და ლონდონში ცხოვრობს და ჰოლივუდში გადაბარგებაზე სასტიკ უარს აცხადებს.

კინოს გარდა, კოლინ ფერტი მწერლობითაც არის დაკავებული. მისი პირველი ნაწარმოები მხატვრულ პროზაშია შესრულებული და „არაფრის დეპარტამენტი” ეწოდება. სიუჟეტის მიხედვით, მომაკვდავი ბებია ფანტასტიკურ ისტორიებს უყვება, რომელსაც მეგობრები არ ჰყავს და, შემდგომში ეს ისტორიები რეალობად იქცევა. გარდა ამისა, კოლინი პოლიტიკურადაც აქტიურობს: იგი საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის” წევრია და ხშირად გამოდის სიტყვით მიტინგებზე, რომლებიც პოლიტიკური დევნილებისა და მიგრანტების უფლებათა დაცვას ეხება. კოლინ ფერტის უცნაურობებიდან კი აღსანიშნავია მისი შიში დახურული სივრცის მიმართ – კლაუსტროფობია, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში შეეყარა. ამბობენ, რომ მას იმდენად ეშინია მეტროთი და ლიფტით მგზავრობის, რომ მზად არის ოთხმოცსართულიანი ცათამბჯენის 70-ე სართულზე ფეხით ავიდეს, მეტროში ჩასვლას კი პისტოლეტითაც ვერავინ აიძულებს, რადგან ერთხელ ლონდონის მეტროში მიწის ქვეშ ორი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული და თვითმხილველების თქმით, მას სახეზე ენით აუწერელი პანიკის ნიშნები ეტყობოდა.


скачать dle 11.3