როგორ ინებივრებს თავს ნათია კავსაძე და რატომ დაბრუნდა ის პოლონეთში მეუღლესთან და შვილებთან ერთად წასული მარტო შვილებით
მსახიობ ნათია კავსაძეს აქტიური ცხოვრების წესი მოსწონს და, როგორც თავად ამბობს, სუპერაქტიური ქალების რიცხვს მიეკუთვნება. მუშაობს ერთდროულად რამდენიმე სამსახურში და თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა ძალიან ბევრი საქმე აქვს. არც ისე დიდი ხანია, რაც ნათია კავსაძე მაყურებელმა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” იხილა, სადაც ის ძალიან საინტერესო როლს ასრულებს. რატომ ვერ იტანს ქასთინგებს და როგორია მისი რეალური ცხოვრება, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.
ნათია კავსაძე: ამ ეტაპზე ძალიან დატვირთული ვარ საქმეებით. ვცხოვრობ მარტო და აქედან გამომდინარე, ყველა საქმე ჩემი გასაკეთებელია. სიმართლე რომ გითხრათ, მე თვითონ ვიტვირთავ თავს, არ შემიძლია უსაქმურად ყოფნა. რაც მეტი საქმე მაქვს, მით უფრო ბედნიერი ვარ. არ შემიძლია, ვიჯდე სახლში და საღამოობით სუფთა ჰაერზე გავიდე. მე უნდა ვიცხოვრო ძალიან აქტიურად. ვიმუშაო ერთდროულად ძალიან ბევრ სამსახურში. არ აქვს მნიშვნელობა ტერიტორიას, თუნდაც ქალაქგარეთ იყოს. დღის განმავლობაში დაახლოებით ხუთ რეისს ვაკეთებ. ეს ყველაფერი ხდება მთელი წლის განმავლობაში. მაისის ბოლოდან კი არდადეგები მეწყება და სულ თავისუფალი ვარ.
– როგორც ჩანს, ძალიან აქტიური ქალი ხართ.
– მგონი, სუპერაქტიური უფრო ვარ, ვიდრე უბრალოდ აქტიური. მე მაშინ ვიღლები, როცა საქმე არ მაქვს. ამ დროს, შეიძლება, დეპრესიაშიც კი ჩავვარდე. ამიტომ, ვცდილობ, ყოველთვის რაღაც ვაკეთო. მაგალითად, ვიწყებ რემონტის კეთებას ან ვუკვეთავ ავეჯს. მოკლედ, სულ რაღაცას უნდა ვსაქმიანობდე.
– ესე იგი, საოჯახო საქმეებსაც გადასარევად ართმევთ თავს.
– სხვათა შორის, კი. ყველაფერს ვასწრებ – დალაგება-დასუფთავება, რემონტი, ოღონდ, საჭმელების კეთება არ მიხსენოთ (იცინის). რაც შეეხება ნამცხვრებს, ძალიან კარგად გამომდის, მაგრამ, ვცდილობ, ხშირად არ ვაცხო, რადგან ცომეული საშინლად ასუქებს და ეს ჩემზე მაშინვე აისახება ხოლმე.
– ძნელი არ არის, როცა ოჯახში ქალიც თქვენ ხართ და კაციც? არ გაგჩენიათ სურვილი, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც თქვენზე იზრუნებს და არაფერს მოგაკლებთ?
– როგორ შეიძლება, ადამიანს ეს არ უნდოდეს?! მე ყოველთვის განებივრებული ვიყავი ყურადღებითა და ზრუნვით. სანამ გავთხოვდებოდი, მშობლები მატარებდნენ ხელისგულზე, გათხოვების შემდეგ კი – ქმარი. ახლა ვცდილობ მე თვითონ გავინებივრო თავი. თუმცა, სპა-ცენტრებში და სილამაზის სალონებში ნამდვილად არ დავდივარ. იშვიათად, თმა თუ მაქვს შესაჭრელი, შევირბენ ხოლმე სალონში და ეს არის ჩემი თავის განებივრება.
– თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით. როგორც ვიცი, პოლონეთში მეუღლესთან და შვილებთან ერთად წახვედით, უკან კი მხოლოდ შვილებთან ერთად დაბრუნდით.
– ჩემი შვილები და ყოფილი ქმარი უცხოეთში ცხოვრობენ: ქალიშვილი ამერიკაშია, ვაჟი და ყოფილი მეუღლე – პოლონეთში. ჩემს შვილებს ზაფხულის არდადეგებზე ვნახულობ ხოლმე, როცა საქართველოში ჩამოდიან და მთელ ზაფხულს ერთად ვატარებთ. გვაქვს აგარაკი ბულაჩაურში, სადაც ძალიან გვიყვარს ყოფნა. მთელი წლის განმავლობაში ძალიან მენატრებიან ჩემი შვილები. დიახ, თავიდან მთელი ოჯახი ერთად წავედით პოლონეთში. უკან კი მხოლოდ შვილებთან ერთად დავბრუნდი. თუმცა, როდესაც ჩემი ბიჭი უკვე მეოთხე კლასში იყო, მივხვდი, რომ მარტო ვერ გავუმკლავდებოდი მის აღზრდას. ეს ის პერიოდია, როცა ბიჭები ქუჩისკენ ყურებას იწყებენ და გადავწყვიტე, რომ მას კაცის ხელი სჭირდებოდა. ამიტომ პოლონეთში გავუშვი მამასთან. ასე დავრჩი მარტო.
– სერიალს „გოგონა გარეუბნიდან” მოგვიანებით შეუერთდით. ქასთინგი გაიარეთ თუ მიგიწვიეს?
– არა, ქასთინგი ნამდვილად არ გამივლია და საერთოდ არ მიყვარს ეს სიტყვა. შეიძლება, ეს ჩემი მინუსია, მაგრამ, არ მიყვარს ქასთინგებზე სიარული, რა ვქნა, არ შემიძლია. სერიალს მეორე სეზონიდან შევუერთდი. დამირეკა ქასთინგის რეჟისორმა ეკა მჟავანაძემ და დალის როლი შემომთავაზა. მე ვუთხარი, თუ ქასთინგის გავლაა საჭირო, არ მოვალ-მეთქი. მან კი მითხრა, ამ როლზე არანაირ ქასთინგს არ ვაცხადებთ, ეს შენი როლიაო.
– ქასთინგებს ასე ძალიან რატომ ვერ იტანთ?
– უბრალოდ, არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ ამდენი ხანია, ამ საქმეს ვემსახურები და ასე თუ ისე, უკვე იციან ჩემ შესახებ. თუ საჭირო ვიქნები, თვითონ დამიძახებენ.
– სერიალში ძალიან საინტერესო როლი გაქვთ – თამაშობთ ქალს, რომელმაც ცოლიანი კაცის მოხიბვლა დაისახა მიზნად.
– ჩემი პირველი შეკითხვა ამ პერსონაჟთან დაკავშირებით ის იყო, არის თუ არა ეს ქალი შინაბერა. აღმოჩნდა, რომ განათხოვარია, მაგრამ შვილები არ ჰყავს. მას ისეთი კაცის პოვნა უნდა, რომელსაც მხარზე თავს დაადებს და დაეყრდნობა, მოკლედ, მზრუნველი ადამიანი ესაჭიროება. ცოტათი საცოდავიცაა – მას ხომ მხოლოდ ის უნდა, რომ ბედნიერი იყოს.
– ცხოვრებაში თუ ჰგავხართ რამით თქვენს პერსონაჟს?
– ცხოვრებაში დალისნაირი არ ვარ, მე სხვისი ქმრები არ მჭირდება (იცინის). შეიძლება, რაღაც თვისებებით ვგავდეთ – ისიც კეთილია ჩემსავით. არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ, ჩემ გარშემო არ არის ადამიანი, რომ არ მიყვარდეს – მტერია თუ მოყვარე, მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ, ყველა ადამიანი მიყვარს.
– თქვენი გულისტკენა ადვილია?
– ძალიან ადვილია, მაგრამ აგრესიას არასდროს ვამჟღავნებ. ჩემთვის ჩავიკლავ ხოლმე გულში. შეიძლება, ვიტირო კიდეც, მაგრამ ამას არავის გავაგებინებ. ვცდილობ, განწყობა შევინარჩუნო და რაღაცით გავერთო.
– რას აკეთებთ იმისთვის, რომ კარგ ხასიათზე დადგეთ?
– ნებისმიერმა რაღაცამ შეიძლება გამომიკეთოს ხასიათი. ადრე ძალიან ხშირად ვმღეროდი. არ არსებობდა როლი, რომ არ მემღერა. ასევე, ვუკრავ როიალზე, გიტარაზე.
– არასასიამოვნო ჭორები თუ გსმენიათ საკუთარ თავზე?
– როგორ არა. როცა ხარ მსახიობი და გამოდიხარ ხალხის წინაშე, მაშინვე ყურადღების ცენტრში ექცევი. მახსოვს, ძალიან არასასიამოვნო ჭორები გაავრცელეს ჩემ შესახებ, რაც საერთოდ არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რატომღაც, ყველა ადამიანს ერთ ქვაბში ხარშავენ. მე სულ ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ მსახიობები ისეთები არ არიან, როგორიც ხალხს ჰგონია. როდესაც გავთხოვდი, ყველას გაუკვირდა.
– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხართ?
– ძალიან, თვითკრიტიკული ვარ. ჩემ მიერ შესრულებული როლი ბოლომდე არასდროს მომწონს. ვერ ვიტან, როცა საკუთარ თავს ვუყურებ ეკრანზე, პულსი მიჩქარდება, ისე ვნერვიულობ. ახლოსაც კი ვერ მივდივარ, შორიდან ვუყურებ ხოლმე ტელევიზორს (იცინის).
– გადაწყვეტილებებს ადვილად იღებთ ხოლმე თუ დიდხანს ფიქრობთ?
– ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ, ამიტომ, ბევრს ვფიქრობ ხოლმე, სანამ გადავწყვეტ – ასჯერ გავზომავ და ერთხელ ვჭრი (იცინის). აუცილებელია, სიტუაცია კარგად აწონ-დაწონო. ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. თუმცა, ასაკი რომ მომემატა, მერე მივხვდი ამას, თორემ, ახალგაზრდობაში ასეთი არ ვიყავი – გაცნობიდან ერთ კვირაში გავთხოვდი (იცინის).
– თავი იღბლიან ადამიანად მიგაჩნიათ?
– უიღბლოს ჩემს თავს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, თუმცა, ყოველთვის ბევრი შრომა მჭირდებოდა მიზნის მისაღწევად. ერთ ნაბიჯს რომ გადადგამენ და უკვე წარმატებულები არიან, ასე არასდროს ვყოფილვარ.