რატომ პოზიორობდა დილის ხუთ საათზე სალომე გოგიაშვილი პატრულების გვერდით და ვინ გამოაფხიზლა ის შიშისგან
„იმედის დილის” მომხიბვლელი და ენაწყლიანი წამყვანი სალომე გოგიაშვილი თავისი კომუნიკაბელურობითა და ხალისიანი განწყობით ყოველთვის გამოირჩევა. კურიოზულ სიტუაციებში კი ძალიან ხშირად ხვდება და შესაბამისად, ბევრი სასაცილო ისტორიაც აქვს მოსაყოლი. ასე რომ, თუ მის გვერდით აღმოჩნდებით, არც საინტერესო ამბები მოგაკლდებათ და არც თავად სალომე მოგაწყენთ.
სალომე გოგიაშვილი: მთელი ცხოვრება სულ კურიოზებში ვარ და რამე რომ არ შემემთხვეს, ის უფრო გამიკვირდება. ჩემი აზრით, ადამიანმა იუმორით უნდა შეხედო ყველა კურიოზულ სიტუაციას, თუნდაც თავად იყო მისი მთავარი გმირი. ანუ, შენს თავს უნდა დასცინო (იცინის). ასე უფრო ადვილადაც დაიძვრენ თავს და არც გამოუვალ სიტუაციაში ინერვიულებ.
– ისე, შენი მეგობრები ამბობენ, სალომეს გარკვეულ სიტუაციებში უკუჩვენებითი რეაქციები აქვსო. ეს რას ნიშნავს?
– რას და, მაგალითად, ქუჩაში მივდივარ, ჩემს წინ კი ვინმეს ფეხი გადაუტრიალდა და დაეცა. წესით, ხომ უნდა შევწუხდე, გავიქცე და მივეშველო?
– რასაკვირველია, ასე უნდა მოიქცე.
– საქმეც ეგაა. მე ამ დროს, ისეთი ისტერიკული სიცილი მიტყდება, აქეთ ვარ მოსასულიერებელი და საშველი (იცინის). აი, ეს არის უკუჩვენებითი რეაქცია. ერთხელ, არ დამავიწყდება, მე და მალხაზ ქვრივიშვილს ღია ცის ქვეშ მიგვყავს კონცერტი. წვიმა წამოვიდა და სცენა დასველდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. ამიცურდა ფეხი და ისე დავეცი ამდენი მაყურებლის წინაშე, თქვენი მოწონებული (იცინის).
– არ მითხრა ახლა, ასეთ სიტუაციაშიც გამეცინაო. სახის გამომეტყველებით ვხვდები, რომ ასეა. თუ ვცდები?
– (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა იმდენი ვიცინე ჩემს მდგომარეობაზე, ძლივს წამომაყენეს. ათასობით კაცი მიყურებდა შეწუხებული და მე ვკვდებოდი სიცილით. რომ იტყვიან, „თვითდაცინვა მოვახდინე“, აბა, რა მექნა?! კიდევ კარგი, პარტნიორიც ამყვა სიცილ-ხუმრობაში და ასე დავიძვრინე თავი გამოუვალი სიტუაციიდან. არადა, ისე მაგრად დავეცი, რომ მეცა მახო და წამომახტუნა, ასე მეგონა, რომელიღაც დეტალი მაკლდა ტანიდან (იცინის). არადა, მაღალქუსლიანზე „შემხტარს” გმირობა ჩამიდენია... ამ ამბავსაც მოგიყვებით: მაღალქუსლიანი ჩექმა მეცვა, მოვდივარ ქუჩაში, მომიახლოვდა ვიღაც უცნობი ბიჭი და მთხოვა, დამარეკინეო. ისეთი სახე ჰქონდა, ისეთი ტონით მითხრა, უარი ვერ ვუთხარი და გაუცნობიერებლად მივაწოდე მობილური ტელეფონი. მიწოდებაც იყო და... არ გავარდა, იმას შევარჩენდი (იცინის)?! ისეთი „დავგაზე” და გავეკიდე ამ ჩემი ქუსლებით, უნდა გენახათ. უცებ შეჩერდა, კარგად დამაკვირდა და მომაჩეჩა ხელში ჩემი მობილური. თან, იცით, რა მითხრა?
– ალბათ, გითხრა, სამწუხაროა, ოლიმპიადაზე რომ არ გამოდიოდი, თორემ ხომ ჩამოგვიტანდი ოქროს მედალს ქართველებსო...
– ახლა, მთლად ასეც არ უთქვამს, მაგრამ მითხრა, გოგონი, ნამდვილი არანორმალური ხარ, ისე გამომეკიდე, მივხვდი, დამეწეოდი, წაიღე, დაიკო, შენი ქონება და დამანებე თავიო (იცინის). მერე დამცინოდნენ მეგობრები, შენთვის აღმართი, დაღმართი, ღობე, ყორე არ არსებობს – გაიქცევა, გაეკიდები და უეჭველი დაეწევი, აი, მერე მტრისას იმ საცოდავის თავიო. (იცინის). მაგრამ, ხანდახან, ისეც ხდება, გაქცევაც ვერ გშველის და აზრი არ აქვს საით გაიქცევი. ჩემს მეგობრებთან ერთად ისეთი შიში მაქვს ნაჭამი, ნუ მკითხავთ. მაშინ შიშით ვკვდებოდით და ახლა რომ ვიხსენებთ, ლამის გავიგუდოთ სიცილით. მოკლედ, მე, ნინი ბადურაშვილი და კახა კუხიანიძე თიანეთიდან ვბრუნდებოდით, კონცერტი გვქონდა. ნისლში ირგვლივ არაფერი ჩანდა, თან, გზაც ძალიან ვიწრო იყო. მარჯვნივ გადაიხედავდი ხრამია, მარცხნივ გაიხედავდი – ტალახი... ერთი სიტყვით, საშინელი სავალია. ვიარეთ, ვიარეთ და ბოლოს მივხვდით, გზას ავცდით და დავიკარგეთ. გავიხედეთ, დაბურული ტყიდან მგლები „იჭყიტებიან”, დათვი გვიღიმის, ციყვი გვიცინის და რა ვიცი, კიდევ რომელი ცხოველი აღარ გვეჭყანება, ისედაც შიშისგან გაფითრებულებს. თან, ბნელდება, ვხვდებით, გამოსავალი არ გვაქვს. ვზივართ და მოვთქვამთ ცხარე ცრემლებით.
– მერე, მობილური ტელეფონი ხომ გქონდათ, დაგერეკათ საპატრულო სამსახურში და მოგაკითხავდნენ. ეს ვერ მოიფიქრეთ, ამხელა „ფილარმონია” ხალხმა?
– ჩვენ რომ ჩვენი პატრული გვიცავს, მაგას რა დაგვავიწყებს, თუნდაც უღრან ტყეში, დათვებისა და მგლების გარემოცვაში. შევაშინეთ კიდეც ცხოველები, ვუთხარით, აი, ნახავთ, ახლა დავრეკავთ და, ბიძია, პატრულები რას გიზამენ ჩვენი შეშინებისთვისო (იცინის). ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეთ, დავრეკეთ კიდეც, მაგრამ, რომ გვკითხეს სად ხართო, რა გვეპასუხა არ ვიცოდით. გადაირივნენ, სად ხართ არ იცით და აბა, ჩვენ როგორ გავიგოთ და გიშველოთო. მთელი ექვსი თუ შვიდი საათი ვიბოდიალეთ ასე მანქანით. ხან წინ წავედით, ხან – უკან და უცებ რკინის ბოძზე დამაგრებული აბრა შევნიშნეთ. ვიფიქრეთ, გვეშველა, ახლა გავიგებთ სად ვართ, ვეტყვით პატრულს და გვიშველიანო. მივუახლოვდით და რას ვკითხულობთ აბრაზე? დიდი ასოებით აწერია: „დამეწყრილი ზონა”. სულ გადავირიეთ (იცინის). სულ რომ გადაგვეწურა გადარჩენის იმედი და თეთრი ცხვირსახოცი ავუფრიალეთ ცხოველებს, სიბნელეში საპატრულო მანქანის ფერადი „მიგალკა” არ გამოჩნდა?! იმწუთას მე ბედნიერი ვიყავი ფორმიანების დანახვაზე, ამას ვერ გადმოგცემთ (იცინის). კინაღამ ენა ჩამივარდა.
– აღიარე, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში არასდროს მჯდარხარ?
– როგორ არა. ერთ-ერთი კონცერტის მერე, ბანკეტი იყო, ჩავუჯექით და გათენებამდე ვიქეიფეთ. რამდენიმე ჭიქა დავლიე. რომ დავიშალეთ, ალბათ 5-6 საათი იქნებოდა. მივუჯექი საჭეს, დავქოქე მანქანა და გავუდექი გზას სახლისკენ ბედნიერი. არ გამაჩერა პატრულმა?! მითხრეს, ნელა მოდიოდი და აბა, ერთი ჩაბერე, გენაცვალე, ამ ჩასასუნთქ აპარატშიო. დამცხა, მაგრამ რა დამცხა. ჩავბერე და მწვანე არ აინთო? მერე ვკაიფობდი, ეტყობა, შიშისგან ეგრევე გამოვფხიზლდი-მეთქი (იცინის). რომ დახედეს აპარატს, ისეთი სახეები ჰქონდათ, აშკარად მივხვდი, არ ესიამოვნათ ჩემი სიფხიზლე. მეც შევწუხდი, რა ვქნა, ბატონო, არც წესები დამირღვევია, არც ნასვამობა დამიდგინდა და რომც გამომიწეროთ ჯარიმა, რას ჩაწერთ, ღამით მოდიოდა მანქანით და ამის გამო დავაჯარიმეთო. გაეცინათ, ხელი ჩაიქნიეს, შენ გეგმის შესრულებაში ჩვენ ვერ დაგვეხმარები, გადმოდი და სურათი მაინც გადავიღოთ ერთადო. ვინმეს რომ დავენახე, დილის 5 საათზე, პატრულების შუაში ვიდექი და ვპოზიორობდი, ხომ გამაქანებდნენ ეგრევე ასათიანის ქუჩაზე (იცინის). საერთოდ, დალევა არ მიყვარს და იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად დრო ვატარო, გრადუსი ნამდვილად არ მჭირდება. მაგრამ, ერთხელ, ისეთი დავთვერით გოგოები... ერთ-ერთ დაქალს მოუკვდა ბებია. ვიფიქრეთ, ამ გაჭირვების ჟამს ამოვუდგეთ მხარშიო. დავლიეთ არაყი და ისეთები ამოვუდექით გვერდში, ერთმანეთს ვერ ვცნობდით (იცინის).
– სალომე, თურქეთში შენს დანახვაზე აქლემებს მართლა მალავდნენ?
– ეს მართლაც სასაცილო ისტორიაა. თურქეთში დასასვენებლად ვიყავით. დავინახე, პატარა აქლემი წევს საცოდავად და სძინავს. ჩემს შვილს ვუთხარი, მოდი ამ აქლემზე შეგსვამ და სურათს გადაგიღებ-მეთქი. არ უნდოდა, გაჯიუტდა და ძლივს, ხვეწნა-მუდარით დავითანხმე. ახლა მის გაღიმებაზე დამჭირდა ხვეწნა და როგორც იქნა, სურათი გადავუღე და არ წამომადგა ვიღაც ულვაშა თურქი თავზე. დამიწყო ხმამაღლა ლაპარაკი, ეს ჩემი აქლემია და ამასთან სურათის გადაღება, გენაცვალე, ასი დოლარი ღირსო. ვუსმინე, ვუსმინე და... „ავკრიფე“. ასი დოლარიო? ამ უბედურ აქლემზე რომ სურათი გადავიღო, აქეთ უნდა მომცე ასი დოლარი, შე ასეთო, შე ისეთო-მეთქი. ერთი სიტყვით, რომ დავიქოქე, მე გამაჩერებდა ვინმე (იცინის)? იმ საცოდავმა თურქმა მისმინა და ბოლოს, დედაჩემს მიუბრუნდა – სანამ ასი დოლარი მიმიცია და ზედ აქლემიც მომიყოლებია, წაიყვანეთ თქვენი არანორმალური შვილი აქედან, ადამიანი არ ხარო (იცინის). მერე „კაიფობდნენ”, სალომემ ისეთი დღე დააწია, იმ დღის შემდეგ სულ გადამალა ის აქლემი და აქეთ უხდის ას დოლარს საათში მისი პატრონიო.
– მართალია, დალევა არ გიყვარს, მაგრამ დელიკატესების დაგემოვნებაზე რას იტყვი. მაგალითად, თუ გაიგე, რომ შენს წინ ლანგარზე შებრაწული ბაყაყის ბარკლები, გველის ხორცი, რვაფეხა ან თუნდაც ლოკოკინა დევს?
– სხვათა შორის, ვიცოდი კიდეც რას ვჭამდი და არც უარი მითქვამს. ბაყაყის ბარკლები აჭარაში დავაგემოვნე, გველის ხორცი, რვაფეხა და ლოკოკინა კი სეიშელის კუნძულებზე გეახელით. იცით, რას გეტყვით? რომ ამბობენ, უიმე, რა მაჭმევს გველს, როგორ დააგემოვნე, რამ გაჭამა მისი ხორციო... უკეთესი არ არის, ადამიანმა გველი დააგემოვნო, მაგრამ გველის ჭამის შემდეგ მისი ხასიათი, შენზე არ გადმოვიდეს, ვიდრე არც გველი გქონდეს ნაჭამი და ამბობდნენ, რა გველივით ხასიათი და ენა აქვსო (იცინის).