30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–12(534)
კვლავ ზარი დაირეკა, ისევ ელენემ გააღო და ოთახში მამა სერაფიმე, იგივე პეტრე შემოიყვანა, რომელსაც საკმაოდ მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე. ოთახში შეკრებილები რომ დაინახა, გაეღიმა და თქვა:
– ასეც ვიცოდი.
– რა იცოდი ასე? – წამოენთო ელენე, რომელსაც უკიდურესი ზიზღი არ სცილდებოდა სახიდან.
– ხმას დაუწიე, ელენე! – მრისხანედ მიუგო ქალს მამა სერაფიმემ და ამის გამგონე ვიტალისა და კახას ძველი პეტრე გაახსენდათ, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, – არც ისეა საქმე, როგორც თქვენ გგონიათ!
– მაინც, რა და როგორ გვგონია? – არ შეეპუა მამა სერაფიმეს ელენე.
– ერთმანეთის სახეებს შეხედეთ და მიხვდებით, – მიუგო სერაფიმემ ელენეს, შემდეგ შორენასთან მივიდა, თავზე ხელები დაადო, აკოცა და უთხრა:
– არც ისე ცუდადაა, ჩემი აზრით, საქმე, როგორც თქვენ ფიქრობთ. დამშვიდდი, შვილო, და მომისმინე.
– ჰმ, „შვილო“! – გაიმეორა ელენემ, – გამოგვეცხადა მზრუნველი მამა!
– მშვიდად, მშვიდად, ელენე, – თავის მიუბრუნებლად გასცა პასუხი სერაფიმემ ქალს, – როგორც არ უნდა თქვა, მამა მაინც მე ვარ და ჩემი მოვალეობა ჩემი ქალიშვილის ბედნიერებისთვის ზრუნვაა.
– ეჰ, მამი, – ამოიოხრა შორენამ, – დასრულდა ჩემი ბედნიერება. ჯაბა წავიდა და თან წაიყოლა ჩემი სიხარული.
– არავინ არსად არ წასულა და არაფერი არ წაუყოლებია, – თქვა სერაფიმემ.
– ეგ როგორ? – ჰკითხა შორენამ.
– როგორ და, სანამ კაცს მკვდარს არ ნახავ, ის არ უნდა გამოიტირო.
– კარგი, რა, მამა, ჩართე ტელევიზორი და ნახავ, ყოველ თხუთმეტ წუთში აჩვენებენ.
– ტელევიზორში, ჩემო გოგო, ცოცხალ ღმერთსაც კი უჩვენებენ ხოლმე და, შენი აზრით, ეს მართალია?
– ეგ რა შუაშია? – ჩაერთო ელენე.
– იმ შუაში, რომ ჯაბას ამბავი ბოლომდე გარკვეული არაა.
– რას ამბობ, შეიშალე? – ზიზღნარევი სახით თქვა ელენემ.
– მშვიდად! გიმეორებ, ზიზღი მოიშორე, – კვლავ თავის მოუბრუნებლად უთხრა სერაფიმემ ელენეს და შორენას მიმართა:
– მე, როგორც ძველი გენერალი და ასეთ ჩახლართულ საქმეებში დიდი გამოცდილების მქონე კაცი, გეუბნები, რომ ჯაბას ამბავი ბურუსითაა მოცული.
– როგორ – ბურუსით?
– ბურუსით. ტელევიზორში რაც დაინახეთ, არაფერია და დიდი შანსია, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყოს.
– ბატონო პეტრე, – მიმართა მამა სერაფიმეს კახამ, – ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
– ჩვენი მუშაობის სპეციფიკა, – გაეღიმა სერაფიმეს, – მე მინდოდა მეთქვა, ჩვენი ძველი პროფესიის მუშაობის სპეციფიკა.
– კონკრეტულად?
– კონკრეტიკა კი ასეთია: როდესაც მე ჯაბას დაცხრილული სხეული ვნახე ტელევიზიით, მეც, ისევე როგორც თქვენ, თავზარი დამეცა. თუმცა, ეს თავზარდამცემი აზრი ძალიან მალე მოვიშორე და დავფიქრდი. მივყევი, მივყევი და აღმოვაჩინე, რომ მეორე დაცხრილულისგან განსხვავებით, რომელიც უკვე პროზექტურიდან ოჯახშია გადაყვანილი, ჯაბა არსად ჩანს.
– თქვენ საიდან იცით, ბატონო პეტრე?
– იქიდან, ჩემო კახა, რომ ამ ამბით დავინტერესდი და, როგორც ძველ დროში, ლოგიკურად მივყევი მოვლენებს. გაირკვა, რომ ტრასა, სადაც ჯაბა და ანზორი ჩაცხრილეს, სულ რაღაც თხუთმეტი წუთით იყო ჩაკეტილი. საინტერესოა, ისინი როგორ მოხვდნენ იქ. მთავარი და მნიშვნელოვანი კი გაუჩინარებული გვამია. კი, ჯაბა ძებნილია, მაგრამ, ვის რაში სჭირდება მისი გვამი?
– საინტერესოა, „სოდი” რას ამბობს ამ ფაქტზე?
– ეგეც ვიცი.
– რას? – გაოცდა კახა.
– ჩემმა ნაცნობმა მითხრა პროზექტურაში, რომ თითქოს ჯაბა „სოდის” მორგშია, მაგრამ, თურმე, ტყუილი ყოფილა.
– ეგ როგორ?
– როგორ და, წესით, გვამი ქალაქის მორგის თანამშრომლებს უნდა გაეკვეთათ, ასეთი რამ კი არ ყოფილა და საამისოდ არავის მოუმართავს „სოდიდან”.
– კარგი, ბატონო, – თქვა კახამ, – მაგრამ, როდესაც ჯაბას ოჯახი გვამს მოითხოვს, რა პასუხს გასცემენ?
– მაგაზე მეც ვიფიქრე და ერთ აზრამდე მივედი, რაც მე მგონი, ახლა ხდება, – თქვა სერაფიმემ და პულტით ტელევიზორის ხმას აუწია, სადაც ცეცხლწაკიდებულ მანქანას უჩვენებდნენ, წამყვანმა კი თქვა, რომ „სოდის” მანქანა, რომელსაც მოკლული ჯაბა ონიანის ცხედარი გადაჰქონდა, ბეტონის ბოძს შეეჯახა, აფეთქდა და ცხედარი დაიწვა.
– აი „სოდის” პასუხი! – სერაფიმემ თითი გაიშვირა ტელევიზორისკენ, – აი ის, რასაც მეც ვფიქრობდი. ახლა ყველაფერი გასაგებია?
– გასაგებია, – ერთხმად გაიმეორეს ოთახში შეკრებილებმა, ელენემ კი თავი გააქნია და ყოველგვარი ბოროტების გარეშე თქვა:
– ფორმით ბერი ხარ, შინაარსით კი – ისევ „კაგებეშნიკი”.
– გმადლობთ კომპლიმენტისთვის, – გაეცინა სერაფიმეს და თქვა: – მე ამ საიდუმლოსთვის ფარდის ახდას ვაპირებ და ვინ მომეხმარება?
– მე! – ყველამ ერთხმად მიუგო სერაფიმეს.
– ძალიან კარგი, – თქვა სერაფიმემ და კახას და ვიტალის გადახედა, – სამოქალაქო ტანსაცმელი მჭირდება, ჩემი ასაკის კაცისთვის შესაფერისი. წვერსაც მაქსიმალურად შევიმოკლებ და მოქმედება დავიწყოთ.
– ტანსაცმელს მე მოვიტან, – თქვა ვიტალიმ და წავიდა.
– მოკლედ, ასე, ძმებო! – განაგრძო სერაფიმემ, – ეს სახლი იქნება ჩვენი შტაბ-ბინა და ყველა ღონისძიება აქ დაიგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად, გონიერად და სწრაფად ვიმოქმედოთ, თორემ, შეიძლება, ვეღარც კი მივუსწროთ ჯაბას.
– მოკლავენ? – აღმოხდა შორენას.
– არა მგონია.
– აბა, რას გულისხმობ?
– მოკლედ, ასე, – განაგრძო სერაფიმემ, – ჩვენთვის ცნობილი სურათიდან ჩანს, რომ ჯაბას საგულდაგულოდ მალავენ და ის რაღაცისთვის სჭირდებათ. მოკვლა რომ სდომოდათ, ასეთ შოუს არ დადგამდნენ.
– რადგან მალავენ, ესე იგი, ის რაღაცისთვის სჭირდებათ, მამა, – თქვა შორენამ, – მაგრამ, რისთვის?
– ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს, შვილო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მისთვის გარეგნობის შეცვლა უნდათ და ამაზე მეტყველებს მთელი ეს ცირკი.
– გარეგნობის შეცვლა? – თქვა შორენამ.
– ჰო, გარეგნობის შეცვლა, – დაუდასტურა სერაფიმემ.
– გახსოვთ, ტარიელი რომ იყო აქ მოსული ამ ერთი კვირის წინ და ჯაბა სადღაც წაიყვანა? – იკითხა კახამ.
– მაგაზე არც კი მიფიქრია, – თქვა სერაფიმემ.
– წესით, ის დასაფლავებული არ უნდა იყოს. მის ოჯახში უნდა გავარკვიოთ ყველაფერი.
– სწორია, – გაეღიმა სერაფიმეს, – ამ ვერსიას, კახა, პირადად შენ გადაამოწმებ. მახსოვს, ყველაზე კარგად გეხერხებოდა ინფორმაციების მოპოვება.
– კეთილი, მაშინ ახლავე წავალ, – თქვა კახამ, მაგრამ ის ელენემ გააჩერა:
– მოდი, ჯერ მე მივალ ტარიელის ოჯახში. მით უმეტეს, მიზეზი მაქვს – სწორედ მან მითხრა, რომ შორენა ჩემი შვილი იყო, მანვე მომცა აქაური მისამართი და ჩემი იქ მისვლა ჩვეულებრივი მადლიერების გამოხატვა იქნება.
– თანახმა ვარ, – თქვა სერაფიმემ და კახას მიმართა:
– მოდი, შენ უშიშროების კონსპირაციული ბინების მისამართებზე იმუშავე. დარწმუნებული ვარ, ტარიელი და ჯაბა ერთად არიან რომელიმე ასეთ ადგილზე. შეძლებ?
– შევეცდები, – თქვა კახამ, – ვიღაც-ვიღაცეებს ვიცნობ და მივაკითხავ. მით უმეტეს, რომ ისინი ჩემგან დავალებულები არიან.
– მე რა უნდა გავაკეთო? – იკითხა შორენამ.
– შენ, ჩემო კარგო, უნდა დამშვიდდე, ამ ცხოვრებაზე გული მოიბრუნო და დაელოდო ღვთის საჩუქარს. ღმერთი ბედნიერებას დაგიბრუნებს. მთავარია, გჯეროდეს.
***
როგორც კი მოსაღამოვდა, ტარიელმა კონსპირაციულ აგარაკზე დარჩენილი ერთადერთი ხელქვეითი დაიბარა, ექიმს წარუდგინა და უთხრა:
– აი, ექიმო, ეს კაცი გამოგყვებათ კლინიკაში და მერე ისევ უკან ამოგიყვანთ. აბა, თქვენ იცით, არ დააგვიანოთ!
– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო ტარიელ, ყველაფერი კარგად იქნება, – დააიმედა ექიმმა გენერალი და მის ხელქვეითს მიუბრუნდა:
– აბა, მეგობარო, წავედით!
გენერლის ხელქვეითს გენო ერქვა. მან ვერცხლისფერი „ემელი” ადგილიდან დაძრა და აგარაკიდან გავიდა.
გენომ თხუთმეტ წუთში მიიყვანა ექიმი კლინიკაში და სანამ ის წამლებს და საოპერაციო მოწყობილობებს აგროვებდა, გვერდიდან არ მოშორებია. შემდეგ კი კვლავ „ემელში” ჩასხდნენ და წყნეთისკენ გაემართნენ.
„ემელმა” ორი მოსახვევი გაიარა და, ის იყო, მესამეში შესრიალდა, რომ, მოულოდნელად ექიმმა კარი გააღო, გადახტა და სიბნელეში გაუჩინარდა. გენომ „ჯიპი“ გააჩერა, იარაღი იშიშვლა და ექიმის ძებნას შეუდგა, რომელიც არსად ჩანდა...
გენომ ტყისკენ აიღო გეზი და ექიმის ძებნას შეუდგა.
– ექიმოო! ექიმოო! – გამწარებული ყვიროდა პისტოლეტმომარჯვებული გენო, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ტარიელი მოკლავდა, თუ აგარაკზე უექიმოდ დაბრუნდებოდა, – ექიმო! იხუმრეთ და გეყოფათ, გამოდით, წამომყევით და მშვიდობიანად დავბრუნდეთ უკან!
გენო ფრთხილად მიაბიჯებდა ჩაბნელებულ ტყეში და გულში ფიქრობდა: „ფუი, ამის დედაც... რა შუსტრად მომიტყდა ეს ნაბოზარი”!..
– ექიმო! ექიმ... – გენომ სიტყვა ვეღარ დაასრულა, რადგან, როდესაც უზარმაზარ ფიჭვს მიუახლოვდა, რომელსაც ექიმი იყო ამოფარებული, კეფაში ბრტყელი ქვა მოხვდა და გონმიხდილი დაეცა.
– შენი დედაც და მამაც, შე ნაბიჭვარო! – მიაძახა ექიმმა გენოს. შემდეგ პისტოლეტი აართვა, შორს მოისროლა და ტრასაზე დაეშვა, შემხვედრი მანქანა გააჩერა და თბილისისკენ გამოემართა.
იმ საღამოს, როდესაც პლასტიკური ქირურგი, ცნობილი ექიმი მირიან დონაძე გენოს გაექცა, შორენასთან ბინაში მამა სერაფიმე, ელენე, ვიტალი და კახა შეიკრიბნენ.
შუაღამე სრულდებოდა, როდესაც მამა სერაფიმემ შეკრებილებს გადახედა და თქვა:
– აბა, ვის რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ დაიწყებს?
კახას ძველი დრო გაახსენდა, როდესაც ჯერ კიდევ პოლკოვნიკი გორსალია თათბირებს ატარებდა და მომავალი სპეცოპერაციების გეგმებს ადგენდა ხელქვეითებთან ერთად. „სულ არ შეცვლილა პეტრე პავლოვიჩი”, – გაიფიქრა კახამ, ხელი ასწია და სიტყვა მოითხოვა:
– შეიძლება, ვთქვა?
– ბრძანე, კახა, გისმენთ, – მიუგო კახას სერაფიმემ.
– შეიძლება, ძველი სახელით მოგმართოთ? – ჰკითხა კახამ სერაფიმეს.
– შეიძლება. ახლა მე მართლაც პეტრე ვარ და, შეგიძლია, ძველებურად მომმართო, – ნება დართო კახას ყოფილმა გენერალმა და გაეღიმა.
– როგორც გახსოვთ, მე გარეგნობის შეცვლის ვერსიაზე ვმუშაობდი, დაწვრილებით ჩავუღრმავდი ამ საკითხს და ერთი საგულისხმო რამ აღმოვაჩინე, – თქვა კახამ და პაუზა გააკეთა.
– აბა, ბრძანე, ჩემო კახა, რას მიაგენი – უთხრა ყოფილ ხელქვეითს ყოფილმა გენერალმა.
– რა, ბატონო და, ის, რომ პროფესორი მირიან დონაძე გაუჩინარდა, იცნობთ ალბათ, უფრო სწორად, გეცოდინებათ, ვინაა.
– არ ვიცი, უბრალოდ, ვხვდები ალბათ, პლასტიკური ქირურგია, – მიუგო სერაფიმემ.
– დიახ, პლასტიკური ქირურგია, საკუთარი კლინიკა აქვს და ყველა ცნობილი ადამიანი მასთან დადის. ჰოდა, ჩემო ბატონო, დღეს დილით პროფესორი კლინიკაში მივიდა, შემდეგ სადღაც წავიდა და მას მერე იქ აღარ გამოჩენილა. მე მის ცოლს დავურეკე და პაციენტად გავაცანი თავი, მან კი მითხრა, რომ პროფესორი ერთი კვირით უცხოეთში გაემგზავრა.
– უცხოეთში? – გაიმეორა სერაფიმემ – როდის, სად?
– იგივე ვკითხე პროფესორის მეუღლეს, მაგრამ, მან ჯერ უხეშად მიპასუხა, რომ თავიდან მოვეშორებინე. თუმცა, როდესაც ვუთხარი, რომ უშიშროების პოლკოვნიკი ვარ და პროფესორთან ვიზიტი მქონდა, დონაძის მეუღლემ მიპასუხა:
– ბოდიში, ბატონო ჩემო, მაგრამ, მირიანმა ნახევარი საათის წინ დამირეკა და მითხრა, თურქეთში მივემგზავრები სასწრაფოდ ვიღაც მილიონერის საოპერაციოდო.
– თურქეთში? – თქვა სერაფიმემ.
– დიახ, ასე მითხრა იმ ქალმა.
– როგორც ეტყობა, ვიღაცამ დაავალა ექიმს, რომ ასე ეთქვა.
– ალბათ იმან, ვინც დაატყვევა.
– შენ ფიქრობ, რომ ექიმი დატყვევებულია?
– თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. მეტიც, ექიმს ჯერ საქმეს შეასრულებინებენ, ანუ, ოპერაციებს გააკეთებინებენ, მერე კი მოკლავენ.
– ესე იგი, ფიქრობენ, რომ მას ოპერაციებს გააკეთებინებენ და მოკლავენ? – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა სერაფიმემ.
– დიახ! – დაუდასტურა კახამ.
– წეღან შენ თქვი, რომ პროფესორი დღეს დილით კლინიკაში იყო, წავიდა და აღარ გამოჩენილაო. რა იცი?
– დონაძის კლინიკაში ვიყავი და მისმა თანამშრომელმა მითხრა.
– შენ ამბობ, ექიმს ოპერაციების შემდეგ მოკლავენო, მაგრამ ოპერაციის გაკეთებას ხომ წამლები და ინსტრუმენტები სჭირდება. ნეტავ გეკითხა დონაძის თანამშრომლისთვის, პროფესორმა ინსტრუმენტები და სხვა საოპერაციო საშუალებები თუ წაიღო.
– არ წაუღია.
– იკითხე?
– დიახ, – გაეცინა კახას, – თან პროფესორის თანამშრომელს დავუბარე, რომ თუ დონაძე გამოჩნდება, მე შემატყობინოს, მაგრამ, როგორც ეტყობა, პროფესორი კლინიკაში აღარ დაბრუნებულა.
– გასაგებია, – თქვა სერაფიმემ, – სულ ესაა?
– დიახ, ჯერჯერობით სულ ესაა, – თქვა კახამ და გაჩუმდა.
სერაფიმემ დანარჩენებს შეავლო მზერა და თქვა:
– ვინ გააგრძელებს?
– მე, – თქვა ელენემ, მაგრამ უცებ კახას მობილურმა დარეკა, ამიტომ მან ყველას ხელით ანიშნა გაჩუმდითო და ზარს უპასუხა:
– გისმენთ!
ყველანი გარინდულები უყურებდნენ კახას, რომელმაც სულ რაღაც წუთ-ნახევარი ილაპარაკა ტელეფონზე და, მობილური რომ გათიშა, თქვა:
– პროფესორის თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ ამ საღამოს მირიან დონაძე კლინიკაში ყოფილა და ოპერაციისთვის საჭირო წამლები და ინსტრუმენტები წაუღია.
– რომელ საათზე ყოფილა? – იკითხა სერაფიმემ.
– საღამოს ათზე.
– ესე, იგი ორი საათის წინ. მარტო იყო?– არა, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი ახლდა.
– მეთვალყურე, – ჩაილაპარაკა სერაფიმემ.
– აი, ვერცხლისფერი „ემელის” ნომერი, რომლითაც ის ბიჭი და პროფესორი იყვნენ კლინიკაში მისულები, – თქვა კახამ, სერაფიმეს ქაღალდზე დაწერილი ნომერი გაუწოდა და დაამატა, – კლინიკის თანამშრომელს შესაბამისი საუბარი ჩავუტარე, ინსტრუქციები მივეცი და, აი, შედეგიც.
– შენ არ იცვლები, ჩემო კახა, და ისევ ძველებურ ფორმაში ხარ, – ჩაეცინა სერაფიმეს.
– ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, – მიუგო კახამ.
– კარგი, ეს ერთი ფრაგმენტი გვაქვს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანიც – თქვა სერაფიმემ, – თუმცა, დროებით გვერდით გადავდოთ და სხვა ფრაგმენტები მოვიძიოთ, რაც საბოლოოდ სრული სურათის შედგენაში დაგვეხმარება. ელენე, შენ რას იტყვი?
– ტარიელს ხვალ ასაფლავებენ. ის ცინკის კუბოში წევს და მაგრადაა დადუღებული, – თქვა ელენემ.
– ასეც ვფიქრობდი, – ჩაილაპარაკა სერაფიმემ, – ტარიელის ცხედარი, ალბათ, არავის უნახავს, ხომ? მისი ოჯახის წევრებს ვგულისხმობ.
– არა, არავის უნახავს.
– ძალიან საეჭვოა და იმის ეჭვს ბადებს, რომ კუბო ცარიელია, შიგ ცხედარი არ დევს, მინისტრის მოადგილე კი ცოცხალია და ყველაფერი მის მიერვეა ორგანიზებული. ჩემი აზრით, როგორც საკუთარი, ასევე ჯაბას დაღუპვა მოგონილი ამბავია, – თქვა სერაფიმემ.
– შენს ვერსიას ისიც ამყარებს, რომ კუბოს სდარაჯობენ.
– სდარაჯობენ?
– ჰო, სდარაჯობენ, – გაიმეორა ელენემ, – ტარიელის მეუღლემ მითხრა, რომ, თურმე, მის უფროს ვაჟს სდომებია კუბოს გახსნა, მაგრამ ამის გაკეთება სასტიკად აუკრძალეს.
– ვინ აუკრძალა?
– იმათ, ვინც ცინკის კუბო ტარიელის ბინაში მიიტანა. ახლა ისინი დღედაღამ იქ იმყოფებიან და ყველაფერს აკონტროლებენ.
– გასაგებია, – თქვა სერაფიმემ, – ესეც მეორე ფრაგმენტი.
– მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია, – თქვა ელენემ.
– კიდევ რამეა? – ჰკითხა სერაფიმემ.
– აი, იმ მანქანების ნომრები და მარკები, რომლებიც ტარიელის სახლთან იდგა და მე საეჭვოდ მომეჩვენა. თუ არ ვცდები, მათ შორის ის ვერცხლიფერი „ემელიცაა”, რომლითაც პროფესორი დონაძე კლინიკაში მიიყვანეს – უთხრა ელენემ სერაფიმეს და ფურცელზე ჩამოწერილი ათი მანქანის ნომერი და მარკა გადასცა.
სერაფიმემ ფურცელს დახედა და თქვა:
– სწორია, ეს ის მანქანაა, რომლითაც დონაძე კლინიკაში მიიყვანეს. გამოდის, რომ ტარიელსა და ექიმს ერთმანეთთან კავშირი აქვთ.
– ეს მხოლოდ ირიბად დასტურდება, – დაამატა ელენემ, – მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა.
– კარგი, – თქვა სერაფიმემ და ვიტალის მიმართა: – შენ რას იტყვი, მოიძიე უშიშროების კონსპირაციული აგარაკებისა და ბინების მისამართები?
– აი, ჯერჯერობით სულ რვა მისამართია, – ვიტალიმ სერაფიმეს ფურცელი გაუწოდა, რომელზეც უშიშროების კონსპირაციული ბინებისა და აგარაკების მისამართები ეწერა და იქვე იყო აღნიშნული წყნეთის აგარაკიც, სადაც ტარიელი და ჯაბა იმყოფებოდნენ.
– ახლა ჩვენი შედეგები შევაჯამოთ და მოქმედების გეგმა დავსახოთ, – თქვა სერაფიმემ, – პირველ ყოვლისა, უნდა შევიტყოთ ვერცხლისფერი „ემელის” პატრონის ვინაობა და ძიება იქიდან დავიწყოთ, ეს კი სასწრაფოდ, ახლავე უნდა გაკეთდეს. ვიტალი, შეგიძლია, მანქანის მფლობელის ვინაობა დაადგინო?
– მე მგონი, კი, – თქვა ვიტალიმ, საათს დახედა და დაამატა, – მართალია, ღამის პირველი საათი სრულდება, მაგრამ, თუკი ჩემი ნაცნობი ღამის ცვლაშია, მგონი, არ უნდა გაგვიჭირდეს მანქანის პატრონის დადგენა.
– მიდი, იმოქმედე, – მიუგო სერაფიმემ ვიტალის და კახას მიუბრუნდა:
– თუ სწორ გზაზე ვდგავართ და ვიტალიმ „ემელის” მფლობელის ვინაობაც დაადგინა, მაშინ, ის ბიჭი უნდა ვნახოთ და ექიმზე გავიდეთ. ამას კი ახალგაზრდა, მობილური ძალები შეიძლება დასჭირდეს. მსგავსი რესურსი გვაქვს?
– გვაქვს. მყავს მე სამი-ოთხი სპორტსმენი ყმაწვილი, რომლებმაც ენაზე კბილის დაჭერაც იციან, ძალა და გონებაც ერჩით და ერთგულადაც დაგვიდგებიან გვერდში, – თქვა კახამ.
– შენი ნათესავები არიან?
– არა, მოსწავლეები.
– მოსწავლეები?
– ჰო, მე ხომ ხელჩართული ბრძოლების ოსტატი ვარ, – ჩაეცინა კახას, – დაგავიწყდათ, ამხანაგო გენერალო?
– გამახსენდა, – მიუგო სერაფიმემ, – ესე იგი დამხმარე ძალა გვყავს.
– მეც ამ ძალაში მიგულისხმე, მამა – თქვა შორენამ.
– შენც?
– რა თქმა უნდა, – დაადასტურა შორენამ, – მეც საკმაოდ კარგი მებრძოლი ვარ და კარატეს ილეთებს ვფლობ. თან, ქალი ვარ და, სადაც მამაკაცი ვერაფერს გახდება, იქ, შეიძლება, შეუფასებელი სამუშაო ჩავატარო.
– კარგი, მხედველობაში მექნება, – მიუგო ქალიშვილს სერაფიმემ და ვიტალის მიუბრუნდა:
– გაარკვიე რამე?
– გავარკვიე. „ემელი” უწყების საკუთრებაა, და მას ლეიტენანტი გენო კოვზირიძე მართავს.
– ეგ ვინღაა?
– ტარიელის პირადი მცველი, მისი მარჯვენა ხელი და ნდობით აღჭურვილი პირი. აი, მისი ბინის მისამართი, – თქვა ვიტალიმ და სერაფიმეს ქაღალდზე დაწერილი მისამართი გადასცა.
– გარეუბანში ცხოვრობს, – თქვა სერაფიმემ, როდესაც მისამართი წაიკითხა, – როგორც ვატყობ, მაგ გენოს შეპყრობა და დაკითხვა მოგვიწევს.
– კი, ასეა, – თქვა კახამ, – ვრწმუნდები, რომ ჩვენი მთავარი ვერსია სწორი ყოფილა, – წრე შეიკრა.
– მართალია, – ერთხმად დაადასტურეს ვიტალიმ და ელენემ, კახამ კი დაამატა:
– მაგ გენოს მოძებნა და შეპყრობა უნდა დავაჩქაროთ, თორემ, ტარიელი ცოცხალს არ დატოვებს. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმსაც მოკლავენ და ყველა იმ ადამიანსაც, ვინც პლასტიკური ოპერაციის შესახებ საქმის კურსში იქნება. როგორც ჩანს, ტარიელს რაღაც საშინელება აქვს ჩაფიქრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა ამბავს არ მოაწყობდა.
– მაინც, რას ფიქრობ, რა უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული? – ჰკითხა კახას ვიტალიმ.
– ნებისმიერი სისაძაგლე.
– მაშინ, გამოდის, რომ მას ამ სისაძაგლეში ჯაბაც მხარს უბამს?
– რატომ ფიქრობ ასე?
– იმიტომ რომ, თუ არაფერი გვეშლება, ჯაბა მის გვერდითაა.
– ჯაბა მის გვერდით, შეიძლება, მოტყუებით ან, სულაც, იძულებით იყოს. არ მგონია, რომ ეს ბიჭი ასეთი ცუდი იყოს, – თქვა კახამ, პაუზა გააკეთა და დაამატა: – თუმცა, ვინ იცის, იქნებ, ვცდები კიდეც.
– არა, არა, – კატეგორიული ტონით თქვა შორენამ, – ჯაბა ცუდს არ ჩაიდენს.
– არც მე მგონია, რომ ჯაბა ცუდ საქმეში იყოს გარეული, – მხარი აუბა ქალიშვილს ელენემ.
– მე ამ ბიჭს არ ვიცნობ, – მხრები აიჩეჩა სერაფიმემ, – ვერც ცუდს ვიტყვი მასზე და ვერც კარგს, თუმცა, ადამიანი ამოუცნობი არსებაა და სად როდის და როგორ მოიქცევა, ძნელი სათქმელია. მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, რომ ჯაბა კარგი კაცია და ჩვენი ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის. მოკლედ, ასე: ახლა ჩვენ... – სერაფიმეს სიტყვა გაუწყდა, რადგან ისევ კახას მობილურმა დარეკა და მან ყველას ხელით ანიშნა, გაჩერებულიყვნენ.
– ბატონი კახა ბრძანდებით? – მოესმა კახას შეშინებული მამაკაცის ხმა.
– დიახ, მე ვარ, ნუკრი, რაშია საქმე?
– მიცანით, ხომ, ბატონო კახა, მიცანით? – ამბობდა ხმააკანკალებული ნუკრი, რომელიც პროფესორ დონაძის კლინიკაში მუშაობდა, კახამ ის დღისით გაიცნო და თანამშრომლობაზე დაითანხმა.
– გიცანი, რაშია საქმე, ნუკრი?
– ოცი წუთის წინ აქ ის ბიჭი იყო, ყველაფერი გადაქექა, მე იარაღი მომიღერა და სიკვდილით დამემუქრა, – თქვა ნუკრიმ.
– დამშვიდდი, ნუკრი, და დალაგებულად მითხარი ყველაფერი. ვინ ბიჭი იყო?
– ბატონო კახა, კლინიკაში მე ამაღამ მორიგე ვარ. მარტო ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი, როდესაც ის ბიჭი შემოვარდა და შუბლზე პისტოლეტი დამადო.
– ვინ ბიჭი, ნუკრი?
– ვინ, ბატონო კახა და, ის ბიჭი, ბატონ მირიანს რომ ახლდა დილით.
– მერე, მერე?
– მერე ის, ბატონო კახა, რომ ბატონ მირიანს ეძებდა.
– მირიანს ეძებდა? რატომ?
– ეგ არ ვიცი, მაგრამ, აქ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და, სანამ წავიდოდა, მითხრა, რომ, თუკი ბატონი მირიანი გამოჩნდებოდა, მისთვის დამერეკა სასწრაფოდ.
– ტელეფონის ნომერი დაგიტოვა?
– დიახ.
– აბა, მითხარი, – კახამ, მობილურის ნომერი ჩაიწერა და ჰკითხა: – მარტო იყო?
– დიახ.
– იმავე მანქანით?
– დიახ, „ემელით”.
– მოკლედ, ასე, ჩემო ნუკრი, ახლა შენ ძალიან ფრთხილად გამოდი შენობიდან და უსაფრთხო ადგილას წადი.
– უსაფრთხო ადგილას?
– ჰო, მანდ დარჩენა საშიშია.
– აქ დარჩენა საშიშია?
– ძალიან საშიში. სადმე უნდა წახვიდე. მანქანა გყავს?
– დიახ!
– ჰოდა, ჩაჯექი და დაიმალე, თორემ ის ბიჭი თუ დაბრუნდა, აუცილებლად მოგკლავს!
– მომკლავს? – აყვირდა ნუკრი, – კი მაგრამ, რატომ, რა დავაშავე?
– ამაზე ლაპარაკის დრო აღარაა. ახლა რა ნომრიდანაც რეკავ, შენია?
– დიახ.
– ჰოდა, არ გამორთო, შეიძლება, დაგირეკო და ყურადღებით იყავი. მაგრამ, სასწრაფოდ მოშორდი მანდაურობას და დაიმალე!
– კარგი, როგორც თქვენ მეტყვით, – თქვა ნუკრიმ და ტელეფონი გათიშა.
ტელეფონი გათიშა კახამაც და თქვა:
– ექიმი გაიქცა.
– პროფესორი დონაძე, ხომ? – თქვა სერაფიმემ.
– დიახ, – მიუგო კახამ, – როგორც ეტყობა, გენოს გაექცა. ლეიტენანტი კოვზირიძე კლინიკაში მივარდნილა და პროფესორს ეძებდა, საბრალო ნუკრის კი იარაღით დამუქრებია.
– თავისი მობილურის ნომერი მიუცია, – სიტყვა გააწყვეტინა სერაფიმემ კახას, – და უთქვამს, პროფესორი თუ გამოჩნდა, შემატყობინეო, ხომ?
– დიახ!
– იდიოტი! – გაეცინა სერაფიმეს, – ეტყობა, ისე დააბნია ექიმის გაქცევამ, რომ თავგზა აებნა.
– ეტყობა.
– სწორად მოიქეცი, ნუკრის დამალვა რომ ურჩიე. გამორიცხული არ არის, მის მოსაკლავად მივიდნენ. არასასურველი მოწმეა, თან, გენოს მობილურის ნომერიც აქვს.
– ნეტავ სად არის პროფესორი? ის რომ გვანახა, ბევრ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა.
– ხომ არ დავურეკო? მისი მეუღლის მობილურის ნომერი მაქვს და დაველაპარაკები, მით უმეტეს, რომ დღისით უკვე ველაპარაკე.
– წესით, არ უნდა გენდოს, – თქვა სერაფიმემ, – თუკი ექიმი სამშვიდობოზე გავიდა, უპირველესად, ოჯახის წევრებს გადამალავდა. ხომ იცი, რომ ასეთ შემთხვევაში ახლობლებსაც კი არ ენდობიან.
– მაინც ვცდი.
– სცადე.
კახამ პროფესორ დონაძის მეუღლის ნომერი აკრიფა, დაელოდა და სერაფიმეს უთხრა:
– გავიდა.
– მიდი, დაელაპარაკე, – მიუგო სერაფიმემ.
– გისმენთ!
– ქალბატონო ჟანა, თქვენ ბრძანდებით? – ჰკითხა ქალს კახამ.
– დიახ, დიახ! გისმენთ!
– მე თქვენ დღისით გელაპარაკეთ, უშიშროების პოლკოვნიკი ვარ, გახსოვთ, ალბათ, თქვენი მეუღლე ვიკითხე.
– მახსოვს. რა გნებავთ, ასე გვიან რომ მირეკავთ? მე უკვე მეძინა და გამაღვიძეთ. ხომ გითხარით, რომ ჩემი მეუღლე კიდევ ერთი კვირა არ იქნება-მეთქი.
– ქალბატონო ჟანა, სად იმყოფებით?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– ძალიან დიდი. სად იმყოფებით?
– სახლში, სად უნდა ვიყო!
– ქალბატონო ჟანა, თუ მართლა სახლში იმყოფებით, მაშინ სასწრაფოდ დატოვეთ მანდაურობა და საიმედო ადგილას დაიმალეთ. ხოლო, თუ უკვე დამალული ხართ, მაშინ, თქვენი მეუღლე დამალაპარაკეთ.
– იცით, რას გეტყვით, ჩემო კარგო? – ხმას აუწია ქალმა, მაგრამ, კახას არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ქალი თამაშობდა, – ღამის ორი საათია და თქვენთან ლაპარაკის არც სურვილი მაქვს და არც დრო. ამიტომ, გირჩევთ, დაიძინოთ. ღამე მშვიდობისა!
– არ გათიშოთ, ქალბატონო ჟანა, კიდევ ორი სიტყვა უნდა გითხრათ!
– ჩქარა თქვით!
– ქალბატონო ჟანა, დარწმუნებული ვარ, თქვენი მეუღლე დიდი ყურადღებით ისმენს ჩვენს საუბარს და მის გასაგონად ვამბობ: ბატონო მირიან, არ ვიცი, როგორ, რა ხერხებით, მაგრამ თქვენ გენოს გაექეცით. მე მაინტერესებს, ცოცხალია თუ არა მინისტრის მოადგილე ტარიელი და ბიჭი, რომელიც მასთან ერთად იყო, ანუ ვისთვისაც თქვენ, თუ რა თქმა უნდა, არ ვცდები, პლასტიკური ოპერაციები უნდა გაგეკეთებინათ.
– ვის ველაპარაკები? – კახას მირიანის ხმა მოესმა ტელეფონში.
– ჩემს ვინაობას ახლა ვერ გაგიმხელთ, რადგან ალბათ, გვისმენენ და, შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ – მიუგო კახამ მირიანს.
– თუ გისმენენ, თქვენი პოვნა ისედაც არ გაუჭირდებათ, რადგან ნომრით მოგაგნებენ.
– ვერ მომაგნებენ, ეს ნომერი სხვის სახელზეა გაფორმებული, ის კი გარდაცვლილია, ამიტომ, სანამ სიმართლეს გაარკვევენ, დრო გავა, დრო კი ჩვენი მოკავშირეცაა და მტერიც. ამიტომ, სწრაფად მიპასუხეთ.
– რომ არ გიპასუხოთ?
– მაშინ, კარგი ადამიანი დაიღუპება და არც თქვენ დაგტოვებენ ცოცხალს, როგორც არასასურველ მოწმეს. მიპასუხებთ თუ არა?
– რა გაინტერესებთ?
– ტარიელი და მასთან მყოფი ბიჭი თუ ცოცხლები არიან?
– დიახ, ორივე ცოცხალია.
– თქვენგან რა უნდათ?
– ხომ იცით, რაც უნდათ, – პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, რის სანაცვლოდაც 500 ათასი ევრო მომცა ტარიელმა. თუმცა, მე მაინც გავიქეცი.
– სწორადაც მოიქეცით. როგორ გაიქეცით?
– წყნეთში რომ ვბრუნდებოდით, გენოს ვერცხლისფერი „ემელიდან” გადმოვუხტი.
– ესე იგი, ისინი წყნეთში არიან?
– დიახ, აგარაკზე.
– ძალიან კარგი, – თქვა კახამ, – ახლა კი, ბატონო მირიან, გირჩევთ, კარგად, საიმედოდ დაიმალოთ, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ცოცხლები გადარჩეთ, ხოლო, როდის უნდა გამოჩნდეთ კვლავ, ამას უკვე ტელევიზორიდან შეიტყობთ. გასაგებია?
– გასაგებია.
– თუ გასაგებია, ნახვამდის და არავის ენდოთ, – უთხრა პროფესორს კახამ, შემდეგ ტელეფონი გათიშა, მაგიდაზე დადო და თქვა:
– წყნეთში არიან, უშიშროების კონსპირაციულ აგარაკზე და, თუ დაუყოვნებლივ არ მოვიხელთებთ ტარიელს, მერე, შეიძლება, გვიან იყოს.
სერაფიმემ საათს დახედა და თქვა:
– ღამის 3 საათი სრულდება. ჩემი ერთი მანქანა ქვევით დგას, მაგრამ მეორეც არ გვაწყენდა, თან, რა იცით, რა წინააღმდეგობები შეგხვდება და დამხმარე ძალა არ გვაწყენდა.
– რა პრობლემაა, – თქვა კახამ, – ახლავე დავრეკავ და ჩემი არწივები ნახევარ საათში აქ გაჩნდებიან.
– გვიანი არაა?
– ხომ გაგიგონიათ, მეგობრობა „კრუგლასუტოჩნია”, – თქვა კახამ, მობილურზე ორიოდე წუთი ილაპარაკა და რომ დაასრულა, გამოაცხადა:
– ნახევარ საათში ხუთი რჩეული ვაჟკაცი ჩვენს განკარგულებაში იქნება და შეგვიძლია, ძველი, კეთილი დრო გავიხსენოთ.
– სიკეთის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ძველი დროის გახსენება მართლა მოგვიწევს, – თქვა სერაფიმემ, – გული მიგრძნობს, რომ მიზანთან ახლოს ვართ და მთელი ნებისყოფის მოკრება მოგვიწევს.
კახას მოსწავლეები ღამის ოთხის ნახევარზე მოვიდნენ. კახამ ისინი დანარჩენებს გააცნო, შემდეგ, მამა სერაფიმემ მათ პატარა თათბირი ჩაუტარა, ახსნა-განმარტება მისცა და ზუსტად 4 საათზე ორი მანქანით წავიდნენ წყნეთისკენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში