უსახო კაცი
ხმა შორიდან და ყრუდ გაისმა, მაგრამ უინტ მარშალი მაშინვე მიხვდა, რომ გაისროლეს.
– უინტ, ეს რა იყო? – დაინტერესდა მისი ცოლი ვივიენი.
– არ ვიცი, – იცრუა მან.
– ძვირფასო, გასროლას ჰგავს. მგონი, ლესტერების სახლიდან მოდიოდა. ერთმანეთის ხოცვა ხომ არ დაიწყეს?
უინტმა თვალები დახუჭა. მუცელმა გვრემა დაუწყო... დიანა ლესტერთან რომანი, მათი გადმოსვლიდან, ერთ წელიწადში გააბა. უინტის ცოლი – ვივიენი საქმიანი ქალი იყო, ამიტომ უინტს ხშირად ჰქონდა მარტო დარჩენის საშუალება. ასევე იყო დიანას ქმარი – ჰარვარდ ლესტერი. მას ქალაქიდანაც უწევდა ხოლმე გასვლა. როდესაც დიანას ქმარი გაემგზავრებოდა, ხოლო მარშალის ცოლი კლუბში წავიდოდა, უინტი ავტოფარეხის გავლით მოკლეზე გადადიოდა მეზობელთან. ფიზიკურად დიანა მის ცოლს ბევრად ჯობდა, თუმცა ცოტა უტვინო იყო. მას უინტი თავდავიწყებით შეუყვარდა და როგორც ასეთ დროს ხდება, ერთ დღეს, კაცს ცოლის მიტოვება მოსთხოვა. დიანა უინტსაც უყვარდა, მაგრამ ცოლთან დაშორება მის გეგმებში არ შედიოდა. ყველაფერი, რასაც ბიზნესში მიაღწია ვივიენისა და მისი ნათესავების დამსახურება იყო. ვივიენის მიტოვება და უგროშოდ დარჩენა ერთი და იგივე იქნებოდა.
– უინტ, ძვირფასო, მე მზად ვარ შენთან ერთად ვიშიმშილო, – უთხრა დიანამ და უინტი საბოლოოდ დარწმუნდა მის უტვინობაში, – ჰარვარდს ყველაფერს ვეტყვი. ნუთუ არ გინდა, რომ დავქორწინდეთ?
– ყველაფერი დამთავრდა, უნდა დავშორდეთ, – უპასუხა უინტმა.
– კარგი, არ დაგაძალებ, – თქვა ქალმა, – მთავარია, ერთად ვიყოთ.
– არა, ყველაფერი დამთავრდა! – გადაჭრით უთხრა კაცმა.
– თავს მოვიკლავ! – აბღავლდა ქალი.
და აი, ახლა, როდესაც მათთან სახლში სტუმრად ჯენინგსები იყვნენ, ლესტერებთან გასროლის ხმა გაისმა. უინტი დიანას უკვე ოთხი კვირაა, აღარ ხვდებოდა. საბედნიეროდ, დიანა თავს არ აბეზრებდა და არ ურეკავდა. მას ეგონა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა... ნუთუ თავი მოიკლა? კი არ ეცოდებოდა. პირიქით, უკეთესიც იქნებოდა, თუ მოკვდებოდა – ყველა პრობლემა გაქრებოდა. უცებ უინტს თითქოს თავში ჩასცხეს – ფოტოსურათი! როგორც უკანასკნელმა იდიოტმა, ქალს თავისი ფოტოსურათი მისცა. „გულთან ახლოს რომ მყავდე, როდესაც ჩემთან არ ხარ”, – აუხსნა დიანამ. მან ქალს პატარა ფოტო მისცა. აი, ისეთი პასპორტებში რომ აკრავენ. დიანა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. ქალმა სურათს მხურვალედ აკოცა და ჩანთაში ჩაიდო. ნეტავ, ახლა სად არის ის ფოტო?
რა მოხდება, თუ დიანამ სიკვდილის წინ წერილი დატოვა და ის ახსენა? უინტი პანიკამ მოიცვა. წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.
– წავალ, ვნახავ, რა მოხდა ლესტერებთან, – უთხრა სახლში მყოფებს.
ავტოფარეხის გავლით, სახლში მარტივად მოხვდა და სასტუმრო ოთახში შევიდა. დიანა სავარძელში იჯდა. მუხლებზე რევოლვერი ედო. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ისევ სასხლეტზე ეჭირა. მარცხენა მხარზე ჭრილობა უჩანდა, საიდანაც სისხლი წვეთავდა. კაცი სავარძელზე ქალის გვერდით ჩამოჯდა.
– უინტ, ისე მენატრებოდი! დაბრუნდი?.. – წაილუღლუღა ქალმა, – რევოლვერი გამისხლტა და ტყვია ამცდა. არა უშავს, თავის მოკვლის სხვა გზას ვიპოვი, თუ ჩემთან არ დარჩები...
კაცმა ნელა და ფრთხილად ხელი მის ხელს დაადო, რომელშიც რევოლვერი ეჭირა. შემდეგ ხელი აუწია და მაჯა ფრთხილად შემოუტრიალა. ისე, რომ ლულა ქალის მკერდისკენ ყოფილიყო მიმართული, ქალის საჩვენებელ თითს დააწვა და გასროლის ხმაც გაისმა.
რა თქმა უნდა, მის სახლში მეორე გასროლის ხმასაც გაიგონებდნენ. მას ცოტა დრო ჰქონდა. წერილი და სურათი უნდა მოეძებნა. რამდენიმეწუთიანმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანდა, დიანას წერილი არ დაუტოვებია, მაგრამ სურათი? ყველაფერი გაჩხრიკა, უჯრებიც, ჩანთაც. რასაც შეეხებოდა, ყველაფერს ცხვირსახოცით წმენდდა. ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო. ამ დროს კარზე დარეკეს. უინტმა შვებით ამოისუნთქა, როდესაც პარმაღზე ფილ ჯენინგსი დაინახა. უინტმა მას პოლიციის გამოძახება სთხოვა.
– სტუმრებთან ერთად სახლში ვვახშმობდით, როცა სროლის ხმა გაისმა, – დაიწყო მოყოლა უინტმა, როდესაც პოლიცია მოვიდა, – მე ამბის გასაგებად გადმოვედი. კარი არავინ გააღო. ამიტომ ავტოფარეხიდან შემოვედი. მისის ლესტერს ხელში რევოლვერი ეჭირა. ვთხოვე, იარაღი მოეცა, მაგრამ არ მომისმინა და გაისროლა.
– მის შეჩერებას შეეცადეთ?
უინტი შეყოყმანდა. ხვდებოდა, რომ შეიძლებოდა, ექსპერტიზის შემდეგ ის ტყუილში დაეჭირათ.
– ზუსტად არც მახსოვს, როდესაც იარაღი დაიმიზნა, გავქანდი და შევეცადე შემეჩერებინა.
– თქვენ ეცადეთ, მისთვის იარაღი წაგერთმიათ?
– მგონი, არა. მან მაშინ გაისროლა, როდესაც სავარძელთან მივირბინე...
საღამოს პოლიციის ლეიტენანტი, ბენჟამენი უკვე მათთან იყო სახლში. ცოლმა და ჯენინგსებმა მისი მონაყოლი დაადასტურეს. მას ალიბი ჰქონდა.
– ავტოფარეხის კარში გასაღები ვიპოვეთ, რომელზეც, სავარაუდოდ, თქვენი ანაბეჭდებია, – უთხრა ლეიტენანტმა უინტს, – გასაღები საიდან გქონდათ?
უინტს პასუხი მზად ჰქონდა:
– საკეტში დამხვდა.
მეორე დღეს ლეიტენანტი მას სამსახურში ეწვია.
– დღეს მისტერ ლესტერი ჩამოვიდა, – უთხრა უინტს, – ამბობს, რომ ბოლო დროს მის ცოლს დეპრესია აწუხებდა. თუმცა, წარმოდგენა არ აქვს, რატომ უნდა დამართნოდა დიანას დეპრესია. ამბობს, ამის მიზეზი არ არსებობდაო. სხვათა შორის, ზარის ღილაკზე თქვენი მეგობარი ჯენინგსის ანაბეჭდი ვიპოვეთ, თქვენი კი – ვერა. არადა, თქვენ გვითხარით, რომ ჯერ ზარს რეკავდით.
– ეტყობა, ჯენინგსის თითმა წაშალა, – უთხრა მან პოლიციელს.
– დღეს თქვენს ცოლს თქვენი ფეხსაცმელი გამოვართვით. აღმოჩნდა, რომ ყველა ნაკვალევი, როგორც სახლში, ისე მის ირგვლივ, თქვენია. ჩემი ვერსია არ დადასტურდა.
– რა ვერსია გქონდათ?
– უცნობ ადამიანს ვეძებდი. ფორმალურად, იმ ადამიანს მისის ლესტერი არ მოუკლავს, მაგრამ აიძულა. იგი მისი საყვარელი იყო. აბა, სხვა რის გამო შეიძლებოდა, ლამაზ ქალს, რომელსაც ქმართან პრობლემები არ ჰქონდა, თავი მოეკლა?
უინტმა შვებით ამოისუნთქა. როგორც ჩანდა, პოლიციამ სურათი ვერ იპოვა. რომც ეპოვათ, მკვლელობას მაინც ვერ დაუმტკიცებდნენ. თუმცა, შარში მაინც გაეხვეოდა. ამიტომ, აუცილებელი იყო, თავად მას ეპოვა ეს სურათი.
დაკრძალვის შემდეგ უინტთან ჰარვარდ ლესტერი მივიდა.
– ამ სახლში ცხოვრება აღარ მინდა. უნდა გავყიდო, – უთხრა მან უინტს, – ერთი თხოვნა მექნება. ყოველი შემთხვევისთვის, გასაღებს შენ დაგიტოვებ. შეიძლება?
უინტმა თავი ძლივს შეიკავა, გასაღები ხელიდან რომ არ გამოეგლიჯა. ფანტასტიკურად უმართლებდა.
ლესტერების სახლში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთი კვირის თავზე მიეცა. მას უნდოდა, ეს საქმე დღისით გაეკეთებინა, რომ შუქი არ აენთო. ამ ხნის განმავლობაში სახლს ფანჯრიდან უთვალთვალებდა. ლეიტენანტი ყოველ დილით ერთ პოლიციელთან ერთად მოდიოდა, სახლში შედიოდა და ნახევარ საათში ისევ ტოვებდა მას.
ვივიენი დილის ცხრა საათზე გაემგზავრა. პოლიციაც წასული იყო. უინტმა გადაწყვიტა, აღარ დაეცადა და ნაცნობი გზით მეზობლის სახლში შევიდა. მაშინვე სურათის ძებნას შეუდგა. ისევ ყველაფერი გადააქოთა, მაგრამ სურათი არსად ჩანდა. უინტი სასტუმრო ოთახში ნახატების უკან იხედებოდა, როდესაც კარში უცნობი დაინახა. უცნობმა გაიღიმა, ტელეფონთან მივიდა და დარეკა:
– ლეიტენანტო, იგი აქ არის...
– მისის ლესტერს საყვარელი უნდა ჰყოლოდა, – მხრები აიჩეჩა ლეიტენანტმა ბენჟამენმა, – თქვენ ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა იყავით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხვდებოდით, რომ მისის ლესტერმა თვითმკვლელობა სცადა. მან პირველად ისროლა და ჩვენ ვნახეთ, რომ ჭრილობა სასიკვდილო არ იყო. შემდეგ თქვენ მოხვედით. თქვენმა ნაკვალევმა კი ბევრი რამ მოგვცა.
– ნაკვალევი რა შუაშია? – თავი ასწია უინტმა.
– ხალიჩაზე ბევრი ტალახი და სისხლი იყო. თქვენ თქვით, რომ მისის ლესტერისკენ გავარდით, როდესაც იგი თავის მოკვლას ცდილობდა, მაგრამ ხალიჩაზე დარჩენილი ნაკვალევი სხვას ამბობდა. ნაკვალევი სავარძლის წინ იყო. გამოდიოდა, რომ თქვენ მისის ლესტერის გვერდით იჯექით. მანამდე, ვიდრე მეორე გასროლა მოხდებოდა. როგორ მივხვდით, რომ ეს მანამდე მოხდა და არა გასროლის შემდეგ? მისი სისხლი თქვენი ნაკვალევის ზემოდან იყო და არა პირიქით. გამოდის, თქვენ მის გვერდით იჯექით მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მარტივია, არა?
უინტი ხალიჩას მისჩერებოდა.
– ასე მივედით დასკვნამდე, რომ სწორედ თქვენ დაეხმარეთ მისის ლესტერს მეორე გასროლის განხორციელებაში. თქვენი დაპატიმრება მინდოდა, მაგრამ მოტივი მაკლდა. რატომ უნდა დახმარებოდით მეზობელს თავის მოკვლაში? იმიტომ, რომ მასთან რომანი გქონდათ. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ქალმა თავის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იგი საყვარელმა მიატოვა. რატომ მიატოვა საყვარელმა? – ალბათ, ქალმა რომანის გამხელა გადაწყვიტა. თუ მათ რომანი ჰქონდათ, გამოდის, კაცმა ყველა კვალის წაშლა უნდა სცადოს. ამიტომაც პატარა მახე დავაგეთ. უპირველესად, მისტერ ლესტერს ვთხოვეთ, თქვენთვის გასაღები მოეცა. მეორეც: ყოველ დილით, მე ჩემს თანაშემწესთან ერთად სახლში მოვდიოდი. თუმცა, თქვენ, ალბათ, ყურადღება არ მიაქცეთ იმ ფაქტს, რომ სახლს სხვა ადამიანთან ერთად ვტოვებდი. შეიძლება ითქვას, მე ყოველ დილით მეთვალყურეს ვცვლიდი. ჩვენი კაცი სულ აქ, სახლში გელოდებოდათ. თქვენ ვერ გაუძელით და მოხვედით. თუმცა, სურათი ვერ იპოვეთ. ასეა არა?
– თქვენ იპოვეთ! – ამოიგმინა უინტმა, – სად იყო?
– დიახ, ჩვენ ვიპოვეთ ის, – თავი დაუქნია ლეიტენანტმა, – სულ პატარა ფოტოა. თქვენ ასეთი, ალბათ, სხვაც გექნებათ. აუცილებლად შევადარებთ მას.
– შეადარებთ? – ამოიკვნესა უინტ მარშალმა, – თქვენ გინდათ თქვათ, რომ იმ ფოტოზე ვერ ამომიცანით?
– რა თქმა უნდა, ვერა. ეს შეუძლებელია.
დეტექტივმა პატარა, ქაღალდის ოთხკუთხა ნაგლეჯი ამოიღო, რომელსაც სისხლის ლაქა ემჩნეოდა. ქაღალდის ცენტრში ნახვრეტი მოჩანდა. უინტი უყურებდა უსახო კაცის პორტრეტს.
– სურათი მედალიონში იყო, რომელსაც დიანა ლესტერი ატარებდა, – აუხსნა ლეიტენანტმა ბენჟამენმა, – ტყვიამ პირდაპირ თქვენს სურათში გაიარა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ