ღამის საჩუქარი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-12(534)
თვითმფრინავი ნელ-ნელა კრეფდა სიჩქარეს. ბოლოს, მსუბუქი რხევით მოსწყდა საფრენ ბილიკს. ანდრო სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
– მორჩა, უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეიძლება, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, – ჩაილაპარაკა და უსაფრთხოების ღვედი გაიხსნა. მის გვერდით მჯდარი სოფო დაიძაბა, წინ გადაიხარა და კაცს სახეში ჩააშტერდა:
– მეგონა, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღე, ბათუმში ხელს რომ ვაწერდით, – თქვა წყენით.
ანდროს გაეღიმა:
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ, მე ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ, გავიფიქრე, თუკი ცოტათი მაინც ვყოყმანობდი ჩემი არჩევნის გამო, ახლა დავმშვიდდები და აღარც სინდისი შემაწუხებს.
– შენი პარტნიორების გამო? ჰო, მთლად კარგად არ გამოგივიდა. ალბათ, ნაწყენებიც დარჩნენ.
– მე ბოლომდე პატიოსნად ვთამაშობდი. წილის ყიდვა პირველად მათ შევთავაზე. ასე რომ, ვერაფერს მისაყვედურებენ. საერთოდაც, როგორმე მიხედავენ თავს. სამაგიეროდ, ახლა ფული იმდენი გვაქვს, შეგვიძლია, ახალი ცხოვრება დავიწყოთ – მე და შენ, პრობლემებისა და წარსულის მოგონებებისგან შორს.
– მაინც, რა სიშორეზე მიპირებ წაყვანას? ან, რისი იმედი გაქვს, რომ წარსულს სამუდამოდ მოვწყდებით? – სოფომ აშკარად მოიწყინა. ანდროს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი სევდიანი გამოხედვა, მხარზე მოჰხვია ხელი და მკერდზე მაგრად მიიკრა:
– კარგი რა! არაფერია ჩვენს წარსულში ისეთი, მისი რომ გვრცხვენოდეს. პირიქით, ორივემ საკმაო გამოცდილება მივიღეთ იმისთვის, რომ ახლა მაინც მივხვდეთ, რა გვჭირდება ბედნიერებისთვის.
– კარგია, ამას რომ ამბობ, – შვებით გაიცინა სოფომ, – ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
– ჰო, თუმცა, არც ახლა მაქვს იმის გარანტია, რომ შეცდომას არ დავუშვებ, – ეშმაკურად ჩაიცინა ანდრომ და სოფოს თმა მოქაჩა, – სად მივდივართ, ნეტა? ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი ქარაფშუტული ნაბიჯის გადადგმა თუ შემეძლო მე, სერიოზულ ბიზნესმენს, საქმიან ადამიანს. მგონი, შენ გამასულელე.
– აბა, ახლა ასეთები არ იყოს! რას ნიშნავს გაგასულელე! ესე იგი, ნანობ, რაც გააკეთე? – ღიმილის ხალისი წაუხდა სოფოს და მოიღუშა – სულელი მე ვარ, ასე ბრმად რომ გამოგყევი.
– ოღონდ არ იტირო, რა! გეხუმრე, შე მართლა სულელო, გეხუმრე! არაფერს არ ვნანობ და, მგონი, ცხოვრებაში პირველად გავაკეთე ის, რაც მართლა მინდოდა. ფული მაქვს და – არავითარი ვალდებულებები, თუ აი, ამას არ ჩავთვლით, ანდრომ მარჯვენა ხელი ასწია და არათითზე წამოცმული ოქროს რგოლი დაანახვა. სოფომ მრავალმნიშვნელოვნად აიჩეჩა მხრები და ხელის ისეთივე მოძრაობა გააკეთა. ანდრომ გაიცინა:
– ნუ ეშმაკობ, შენ ეს გინდოდა.
– არაფერიც, – არ გატყდა ქალი.
– კარგი, ნუ აღიარებ. მთავარია, ორივემ ვიცით, რომ ეს სიმართლეა. თან, მე მხოლოდ გამიხარდება, თუ სიმართლე იქნება.
სოფომ მოულოდნელად მოიწყინა.
– აუ, შენ რა გემართება? ვხუმრობ-მეთქი, ვხუმრობ! აბა, თვითმფრინავში სხვა რა უნდა გავაკეთო? აი, ვახშამს მოგვიტანენ, შევჭამ და დავიძინებ.
– არა, არა, შენ არაფერ შუაში ხარ, დათოზე და ინაზე ვფიქრობ, ნეტავი როგორ არიან?
– როგორ და კარგად, მშვენივრად და არაჩვეულებრივად. ინამ, მგონი, მიიღო გადაწყვეტილება. კაზინოდან რომც წამოვიდნენ, უმუშევრები მაინც არ დარჩებიან. ინა ძალიან ყოჩაღია. შენს ძმასაც არა უშავს, პრობლემები არ ექნებათ.
– ჰო, მაგ მხრივ მშვიდად ვარ, მაგრამ, აი, დედაჩემი სერიოზულად მაფიქრებს. სიცოცხლეს გაუმწარებს. მეც ვეღარ მომწვდება და მთელ ბოღმას მასზე გადმოანთხევს. სულ რომ დაუნგრიოს ურთიერთობა...
– მოიცა, რა! შენს ძმას საიმისო არაფერი ეტყობა, დედიკოს უჯერებდეს.
– ჰო, მაგრამ, შენ დედაჩემს არ იცნობ. ახლა მაინც, ისე იქნება გაცოფებული... თვალსა და ხელს შუა გავუსხლტი. ძალიან მინდოდა, მივსულიყავი და ყველაფერი მომეყოლა, მეთქვა, როგორი ბედნიერი ვარ, მაგრამ, მაინც ვერ გაიგებდა. დედაჩემს არასოდეს არაფერი არ ესმოდა. ბოლოს კი უკვე ვეღარც მიტანდა, რადგან მისი პრინციპების მიხედვით არ ვცხოვრობდი.
– დედები ასე არიან, – მექანიკურად დაეთანხმა ანდრო და უცებ უცნაურად მიაჩერდა, თვალებმოჭუტული გამომცდელი მზერით: – ისე, ნეტავი შენ როგორი დედა იქნები, გიფიქრია ამაზე?
– არა! – მოკლედ მიუგო სოფომ.
– არა? არა უშავს, მოგიწევს დაფიქრება. ასეთი გაოცებული რატომ ხარ? ისეთი რა ვთქვი? მაგრამ ჯერ ამაზე ნუ ინერვიულებ, ნელ-ნელა შეგაჩვევ და შეგაგუებ ცოლის როლს. ჭკვიანი გოგო ხარ, მალე აუღებ ალღოს.
სოფომ ბედნიერებისგან გაიცინა. ანდროს ხელზე მოუჭირა ხელი და მხარზე მიეკრა. ანდრომ უბრალოდ აკოცა ლოყაზე და იმ წუთში ეს იყო ყველაზე ემოციური და ვნებიანი კოცნა, რომელიც კი ქალთან ოდესმე ჰქონია.
***
დათო ოლიმპიური სიმშვიდით და შეუვალი სახით ალაგებდა ჩანთებში ტანსაცმელსა და თავის ნივთებს. როცა სახლში მივიდა, ზუსტად იცოდა, რა ელოდა იქ, მაგრამ, საკუთარი თავი აიძულა, როგორმე ამ ერთხელაც მოეთმინა დედისგან დაუმსახურებელი ლანძღვა და წყევლა. ეს ინასთვის და, უპირველესად, საკუთარი თავისთვის უნდა გაეკეთებინა. ფსიქოლოგიურმა „ტრენინგმა” გაჭრა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებდა. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, როგორ წყდებოდა ნელ-ნელა ის ძაფები, რომლებზეც ეს სიმშვიდე ეკიდა.
– სად მიდიხარ, არ უნდა თქვა? ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ მე, დედაშენი, თუ ვიღაც ვიგინდარა? გამაგებინე, ბოლოს და ბოლოს, სანამ ჭკუიდან გადავსულვარ! – ხმას აუწია ქალმა და თვალები ისე გადაატრიალა, დათოს შეეშინდა, გული არ წაუვიდესო, ჩემოდანს თავი დაანება და წყლის მოსატანად გაიქცა.
– არ მჭირდება შენი წყალი, არ მჭირდება! – ისტერიკულად აკივლდა ქალი, ოთახში ჭიქით ხელში დაბრუნებული დათო რომ დაინახა, – მირჩევნია, მოვკვდე! რიღასთვის მინდა სიცოცხლე, ერთი შვილი უვარგისი, გზა და კვალი აქვს არეული, სირცხვილით, ვერსად გამომიყვია თავი, მიწა მისკდება, როცა შენი დის ამბავს მეკითხებიან. როგორ გავზარდე ასეთი, სად დავუშვი შეცდომა, რა დანაშაულისთვის დავისაჯე? სულ ვფიქრობ და ვერაფრით მივმხვდარვარ. შენი იმედი მქონდა. ჰო, მეგონა, შენ მაინც გაამართლებდი ჩემს იმედებს. მიხაროდა, სერიოზული და საქმიანი ჩანდი. ისიც მეგონა, რომ გიყვარდი. შევშფოთდი. როცა შეგამჩნიე, რომ შენი დაიკოს გავლენის ქვეშ მოექეცი, მაგრამ, მაინც ვფიქრობდი, რომ ბოლომდე არ გამწირავდი. შევცდი, ისევ შევცდი და გული ისე მტკივა, მირჩევნია, გამისკდეს, თქვენც დაისვენებთ და მეც!
– დედა, წყალი დალიე! არა, არა, უარი არ გამოვა. უნდა დალიო. დაჯექი და ისე. ჰო, კარგია!
დათოს მშვიდმა, მაგრამ პრინციპულმა და კატეგორიულმა ტონმა ქალზე უცნაურად, დამთრგუნველად იმოქმედა. მონუსხულივით მოეშვა, მოდუნდა და მექანიკურად დაჯდა საწოლზე.
– ყოჩაღ. ახლა შეგიძლია, მომისმინო: მე შენ მიყვარხარ და, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოს, სოფოსაც უყვარხარ, მაგრამ, ეტყობა, ეს ის სიყვარული არ არის, შენ რომ გჭირდება.
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! სიყვარული სიყვარულია, რომელიც პატივისცემას გულისხმობს. მით უმეტეს – მშობლის პატივისცემას. მაგრამ ეს ეტყობა, არ მისწავლებია თქვენთვის.
– კარგი რაღაც მითხარი. სხვათა შორის, სწორედ ამ პატივისცემის გამო მივდივარ სახლიდან.
– რა? ეგ რას ნიშნავს?
– ჰო, დედა, პატივს რომ გცემ, იმიტომაც მივდივარ.
– სად მიდიხარ?
– საყვარელ ქალთან. ვიცი, შენ ჩემ გვერდით მის არსებობას ვერასოდეს შეეგუები, იმიტომ, რომ ისეთი არ არის, შენ როგორსაც ინატრებდი რძლად. მაგრამ ჩემთვის ყველაზე კარგია, ყველაზე კეთილი, მშვენიერი და საყვარელი. მე ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მართლა. რაღაც პერიოდი ვებრძოდი კიდეც ამ გრძნობას და ამასაც შენი პატივისცემის გამო ვაკეთებდი. იმიტომ არ გიყვები ამ ყველაფერს, თავი რომ შეგაცოდო ან თავი გავიმართლო. მე მართალი ვარ, იმიტომ, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია. შეგიძლია, მშვიდად იყო – ყოველთვის, როცა კი დაგჭირდება, შენ გვერდით ვიქნები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმასთან ერთად ვიცხოვრებ – ეს უკვე გადაწყვეტილია.
ქალმა ერთხანს უყურა წარბშეკრულ შვილს, თითქოს ფიქრობდა, რა პასუხი უნდა გაეცა მის ამ განცხადებაზე. მაგრამ, კონკრეტული და არგუმენტირებული ვერაფერი მოიფიქრა და ჩვეულ ხერხს მიმართა – ჭიქა ოთახის კუთხისკენ ისროლა და მთელი ხმით ატირდა. ქვითინებდა და სულ უფრო უმატებდა ხმას. დათოც წარბშეკრული და გახევებული იდგა, არც უცდია მისი დამშვიდება, თუმცა, არც ოთახიდან გასულა – ამასაც ბოლომდე გაუძლო და, როგორც კი გლოვა-ტირილი შეწყდა, შებრუნდა და ჩემოდნების ჩალაგება განაგრძო.
– გამოგირეცხა უკვე ტვინი? პრინციპში, სხვას რას უნდა მოელოდე ქუჩის ქალისგან. აბა, სცადე და მითხარი, რომ ქუჩის ქალი არ არის და პატიოსანია! მადლობა ღმერთს, იმდენი ჭკუა კიდევ შეგრჩა, არ შემეკამათო!
– არ მინდა, ჩხუბით წავიდე ამ სახლიდან და ამიტომ არ ვცდილობ თავის დაცვას.
– წადი, წადი და დაიმახსოვრე, რომ შენი აღარაფერი მჭირდება! დაივიწყე, მშობლები რომ გყავს და ამ სახლისკენ მომავალი გზაც დაივიწყე, ჩემთვის უკვე მკვდარი ხარ. ისიც მკვდარია, შენი და და იმასაც უთხარი, აქეთ აღარასოდეს გამოიხედოს.
– დამშვიდდი. აღარ გამოიხედავს. სოფოს საერთოდ ვეღარ ნახავ.
– რა, მოკვდა?! – ირონიულად ჩაიცინა ქალმა და დათომაც იფეთქა:
– დედა, გეყოფა! მეტი აღარ შემიძლია! რამდენიმე წუთი კიდევ მაცადე და მეც ვეღარ მნახავ. გიყურებ და მიკვირს, როგორ მიხვედი აქამდე. გული მტკივა, რომ არ მოინდომე, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყავი. ჩემი ბედნიერება სრულფასოვანი ვერ იქნება, მაგრამ, ამასაც შევეგუები.
– რატომ? რატომ მაინცდამაინც ბოზი, რატომ? ნუთუ, არ შეიძლებოდა, ნორმალური და პატიოსანი შეგყვარებოდა? მაგრამ ესეც შენი დის დამსახურებაა – ჯიბრით მომექცა ასე. ყველაფერი გააკეთა, რომ ბოლომდე გაემწარებინე. ამაშიც მაჯობა.
– დედა!..
– არა უშავს, ვითომ საერთოდ არ მყოლია შვილები!
დათომ ჩემოდანი შეკრა და ამოიოხრა:
– მაინც მექნება იმედი, რომ ერთ დღეს ყველაფერს მიხვდები. უფლება არ მაქვს განგსაჯო ან რამე არ გაპატიო, მაგრამ, თუ ოდესმე დამიძახებ, მოვალ და სოფოც მოვა.
დათომ ჩანთებსა და ჩემოდანს ხელი მოჰკიდა, ცოტა კიდევ იყოყმანა გამოღებულ კართან. ერთ ადგილს ტკეპნიდა, აშკარად ელოდა, იმედის ნაპერწკალი კიდევ უღვიოდა გულში. ლოგინის კიდეზე ჩამომჯდარ დედას კიდევ ერთხელ შეხედა. ქალი პირგამეხებული და წარბშეკრული იჯდა და ტუჩებს ისე აცმაცუნებდა, დათო მიხვდა, მწყევლისო და გული შეეკუმშა.
– მაშინ, მშვიდობით!
დედის კივილი დერეფანში დაეწია:
– დათო, არ წახვიდე, დათო!
ბიჭი შედგა, გაღიმებული შემობრუნდა და ხელებიც კი გაშალა, დედას მკერდში რომ ჩაკვროდა, მაგრამ...
– არ დაგწყევლით, იმაზე უარესი, რაც გჭირთ, რაღა უნდა დაგემართოთ, მაგრამ, შვილი, რომელიც დედას უარყოფს და მის გულზე გადავლით ცდილობს საკუთარი ბედნიერების აშენებას, ვერასოდეს იქნება მშვიდად. მეც მარტო ეს მინდა – ვერასოდეს იპოვოთ სიმშვიდე ვერც შენ და ვერც შენმა უზნეო დამ, ვერასოდეს!
დათომ ამოიოხრა, ხელის ზურგით ცრემლი მოწმინდა და კარი გაიჯახუნა.
***
ეს დასასრულია, ჰო, ეს უკვე დასასრულია. დასაწყისის დასასრული. ამბობენ, ჯერ წერტილი უნდა დასვა, რომ ახალი ფურცელი გადაშალოო. სხვათა შორის, ყოველთვის მიჭირდა წერტილის დასმა. გამიხარდა იმიტომ არა, რომ დამთავრების მეშინია. დიდი ხანია, ვიცი, რომ დასასრული ყველაფერს აქვს. მგონი, იმასაც, რასაც დასაწყისი არ ჰქონია. ზოგჯერ ამ ბანალურ ჭეშმარიტებაშიც მეპარებოდა ხოლმე ეჭვი: როგორ შეიძლება, დასაწყისი არ ჰქონდეს რამეს-მეთქი, აი, ახლა, უკვე დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი ეჭვი საფუძველს მოკლებული არ ყოფილა: დასასრულია და დასაწყისიც.
ლას-ვეგასში ყოფილხართ? სურათებშიც არ გინახავთ? ტელევიზორში? არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ძალიან მაგარია. გვერდს ავუვლი ამ ბანალობას. მით უმეტეს, რომ ლას-ვეგასი ჯერ მეც არ მინახავს. რაღაცნაირად, ვერ მოვაბი თავი და ვერ მოვინდომე. მე ახლა ისეთი ცხოვრება მაქვს, უბრალოდ, უნდა ავდგე და მოვინდომო. მორჩა, თითის განძრევაც არ მჭირდება და ესეც მეზარება. იქ ისეთი სილამაზეა, სადაც ვარ, ისეთი სიმშვიდე, გული დამწყდებოდა, ეს სიმშვიდე რამეს რომ დაერღვია. თუმცა, ვხვდები, რომ დასასრული ამასაც ექნება. ამიტომ, ვჩქარობ, ეს ამბავი თქვენთვის მაინც დავასრულო...
ვიცანი? – აბა, რა სისულელეა! როგორ უნდა იცნო ის, ვინც არასდროს მინახავს? მაგრამ, მერე ამასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. პრინციპში, მთავარია, გაირკვეს ის, რაც გასარკვევია. შენ გააკეთებ ამას თუ სხვა, შედეგი ხომ მაინც იგივე იქნება. რამდენიც უნდა ვამტკიცო, მზად ვიყავი ამხელა ცვლილებებისთვის-მეთქი, მოგატყუებთ. შოკი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. გადამდები შოკი იყო, მასშტაბური და ყოვლის... უჰ, შემეშალა, – ყველას მომცველი. ადვილი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა. ადამიანი ხომ მაინც ემოციების თაიგულია. ემოციების კარნახით ცხოვრობს. ზოგჯერ თავს ისე აჩვენებს, რომ მთლიანად გონებას ემორჩილება, მაგრამ, სწორედ ამ დროს ტყუვდება. გგონიათ, ვერ ხვდება, რომ ტყუვდება?! ძალიან კარგად ხვდება, მაგრამ, თანდაყოლილ სიჯიუტეს რა უყოს?! იმ ცხონებულმა, ნეტავი რა იფიქრა, როცა ემოციის კარნახით (გონება ამას ვერანაირად ვერ ურჩევდა) ეს გადაწყვეტილება მიიღო და ჩემს აწმყოსა და მომავალს ერთი მოზრდილი ნაჭერი ჩამოაცილა? დარწმუნებული ვარ, ჩემთვის კარგის მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ემოციურად გამოუვიდა. მისი რომ გაიგო, იმ ტრაგედიის მთელი სიმძიმე უნდა გაისიგრძეგანო, გაითავისო და გაიაზრო, რომელიც მეხივით დაატყდა თავზე მოწმენდილი ციდან. რა გასაკვირია, რომ ვერ გადახარშა, ვერ გადაყლაპა და ვერც მოინელა. რაც შეძლო, ის იყო, რომ მე გამიკეთა, სრული იზოლაცია. გაუმართლა, რომ პატარა ვიყავი და გამოუვიდა... ახლა შემიძლია, გავუგო. მართლა შემიძლია, იმიტომ, რომ „ჰეფი ენდი” მიმტევებელს და ლმობიერს გხდის. მით უმეტეს, როცა შესაძლებლობა გაქვს, შენი ყველა სანუკვარი სურვილი აისრულო. არ ვაჭარბებ, ყველა სანუკვარი სურვილი, გნებავთ – ოცნება დაარქვით. მართლა, არის რაღაცეები, რასაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდი, მაგრამ, ესეც იმ გამონაკლის შემთხვევაში, როცა სცენაზე მისი უდიდებულესობა სიყვარული გამოდის. ანუ, ისევ გრძნობამდე მივედი. აბა, რას ვამბობდი, გრძნობები ხელმძღვანელობენ ჩვენს მოქმედებებს-მეთქი! საწყალი ბებიაჩემიც ხომ გრძნობამ გახადა ეგოისტი. ერთადერთი ქალიშვილი ავარიაში დაეღუპა. საჭესთან იმ ქალიშვილისავე მეუღლე იჯდა, მოკლედ რომ ვთქვა – მამაჩემი. ცოტა ნასვამი იყო, იქნებ, არც იყო... შეიძლება, ახალნაყიდი მანქანის საჭე გაექცა, ან – არ გაექცა... გააჩნია, გვინდა, თუ არ გვინდა ამ ტრაგედიაში მისი დადანაშაულება. ჩემთვის მაშინაც სულერთი იყო და ახლაც სულერთია, რა წვლილი მიუძღოდა მამაჩემს ჩემს დაობლებაში. ფაქტია, რომ დავობლდი, ერთი ბებიის ამარა დავრჩი. თუმცა, არა, ეს მე მეგონა, რომ ერთი ბებიის ამარა, ძალიან დიდხანს მეგონა. და, კიდევ, ის ძველისძველი დივანი... ოღონდ, ამ ბებიას მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გარდა იმისა, რომ არ გადააგდო, შეინახა – არ არის ახლა ეს უცნაური?! ცოცხალი ადამიანი „გადააგდო” და, მარტო თავისი კი არა, ჩემი მეხსიერებიდანაც წაშალა, დივანი კი შეინახა – ვერ გაიმეტა. აი, ამას ჰქვია გაუგებარი, გაუთვითცნობიერებელი სენტიმენტალიზმი, საბოლოოდ ძალიან მომგებიანი რომ აღმოჩნდა ჩემთვის. კიდევ ერთი ხანმოკლე „გაჩერება” წარსულის სადგურში...
***
რეზომ კიდევ ერთხელ შემოირბინა მთელი ოთახი, ბოლთისცემით წინ და უკან, წინ და უკან. უცებ გაჩერდა და ორივე ხელი აიქნია:
– მოკლედ, ფაქტს ვერსად წავუვალთ. უარყოფა არც გაბედო. დილეტანტი არ ვარ, სამი დღე გადავყევი ამ ამბავს. შეცდომა გამორიცხულია!
ლაშამ თავი დაუქნია:
– ჰო, ნამდვილად ის ქალია, სიზმრიდან. მარტო ის მიკვირს, შენ როგორ დაადგინე და, საერთოდაც, ეს ფოტოსურათი რას ნიშნავს?
– აა... სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი, – ვერ დაიოკა მღელვარება რეზომ, – გაგვიმართლა. თუმცა, მე რა, შენ გაგიმართლა. გიჟი არ ხარ, არც თაღლითი გამოდექი, აი, იღბალი კი ნამდვილად გქონია, ნაბიჭვარო.
– ნუ იგინები! – წამოენთო ლაშა და ფოტოსურათი კიდევ ერთხელ აიღო ხელში, – არაფერი მესმის, ვინ არის ეს ქალი?
– ოო, გაინტერესებს? პრინციპში, არ მიკვირს. შენს ადგილას მეც ინტერესი მომკლავდა. ახლაც ხელები მიკანკალებს. მეგონა, ასეთი რაღაც მარტო ბულვარულ რომანებში ხდებოდა ან სულელურ სერიალებში, დიასახლისების გამოსაშტერებლად რომ იღებენ და იღებენ.
ვახო აქამდე მოთმინებით რომ იტანდა და გმირულად უძლებდა მისთვის აბსოლუტურად გაუგებარ დებატებს, უცებ გადარეულივით წამოხტა და იყვირა:
– მეტი აღარ შემიძლია, მგონი, მართლა გავგიჟდები! მეტყვით, თუ არა, ბოლოს და ბოლოს, რა ხდება? მოაშორე ეგ გაქუცული ფოტოსურათი და გამოფხიზლდი! შენ კიდევ, თქვი, რა გინდა ჩვენგან, – მიუბრუნდა რეზოს, – დამაწყდა რა ნერვები! გადავირიე!
– ვახო მართალია, უნდა ამიხსნა, ეს ფოტოსურათი რას ნიშნავს და, საერთოდ...
– ჰო, ვხვდები: გაინტერესებს, ვინ არის შენი კეთილი ფერია, ხომ ასეა? – რეზომ ფოტოსურათი აიტაცა და ააფრიალა, – გეტყვი, ყველაფერს გეტყვი, მაგრამ, ჯერ პირობა უნდა მომცე.
– რა?! პირობა? მე უნდა მოგცე პირობა? შენ? წუთი-წუთზე დაჭერას რომ მიპირებ და ჯერ კიდევ არ ვიცი, გადაიფიქრე, თუ არა? – გაცხარდა ლაშა, – ჰო, სიზმარში სწორედ მაგ ქალს ვხედავდი, ეგ მკარნახობდა იმ ციფრებს, რომლებზეც ფსონი უნდა დამედო, მაგრამ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის. ის არც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და არც კეთილი ფერია – ასეთი რაღაცეების დიდი ხანია არ მჯერა. პრინციპში, არც არასდროს მჯეროდა. ალბათ, ყოველთვის დიდი ვიყავი, თორემ, ბავშვებს ხომ სჯერათ ფერიების. დედა რომ მყოლოდა, ზღაპრებს, ალბათ, დავიჯერებდი, ბებიაჩემმა კი ეს ვერ შეძლო – ზღაპრები ვერ შემაყვარა. ვერ დამაჯერა, რომ შეიძლება, ერთ დღეს ეს ზღაპარი რეალობად იქცეს. ტყუილად მიყურებთ. ეგ ქალი დედაჩემიც კი არ არის. ძალიან პატარა ვიყავი, რომ დაიღუპა, მაგრამ, მისი სახე მახსოვს, ფოტოებიც ხომ მინახავს. ასე რომ...
– გეყოფა, დედაშენი არაფერ შუაშია, ეს ქალი ბებიაშენია.
ლაშას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს:
– ვინ?!
– ბებიაშენი. ზედმეტი შეკითხვები რომ არ გაგიჩნდეს, ვაკონკრეტებ – მამაშენის დედა, ძალიან, ძალიან მდიდარი, ყოველ შემთხვევაში, მდიდარი იყო ბოლო მონაცემებით. იმედი მაქვს, იღბალი არ გიმტყუნებს და მაშინ არ შეგაქცევს ზურგს, როცა თითქმის გაგიღიმა.
ლაშამ გაოცება ვერ მოასწრო. უცნაურმა ხმაურმა, იატაკზე მძიმე საგნის დაცემის ხმამ უკან მიახედა. ვახო დივანსა და სავარძელს შორის იყო გაჩხერილი. თავი თითქმის დივნის კიდეზე ჰქონდა მიბჯენილი... სწორედ იმ დივნის კიდეზე.
რეზომ მხრები აიჩეჩა:
– მეგონა, გული შენ წაგივიდოდა. წავალ, წყალს მოვიტან...
ადამიანმა რომ იცოდეს, როგორი იქნება მისი ხვალინდელი დღე, იქნებ ამდენი შეცდომებიც არ დაუშვას. ახლა არ მითხრათ, ადამიანი იმისთვის არსებობს, შეცდომები რომ დაუშვას და მერე მათ გამოსწორებაზე იზრუნოსო. პირველად ჩვენმა საერთო წინაპარმა, ადამმა დაუშვა შეცდომა და მას მერე, მოჯადოებულებივით ვბაძავთ მას. იქნებ, ოდესმე ამასაც ჰქონდეს დასასრული, მაგრამ, ჯერჯერობით რომ სასიკეთო პირი არ უჩანს, თქვენც ხედავთ. ბებიაჩემის შეცდომა იყო ის, რომ მე ჩემი ერთი მშობლის წარსულს მომწყვიტა. მამაჩემის შესახებ არაფერი ვიცოდი და საერთოდაც, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პირდაპირ ციდან ჩაუვარდა, დედაჩემს მკლავებში. რატომ არასდროს დავინტერესებულვარ, ვინ იყო დედამისი? ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ბებიას, თანაც, გამწარებულ ბებიას, რომელიც ისე მოკვდა, ბოლომდე სჯეროდა, რომ მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მთავარი და ერთადერთი მიზეზი მისივე სიძე იყო. ქალს მასზე ლაპარაკი არ უნდოდა და იმას მეტყოდა, ეს გაქუცული დივანი მამაშენს მოჰყვა „მზითევშიო”?! მამაჩემს რატომ არ უნდოდა საკუთარ დედასთან ურთიერთობა (ესეც ახლა გავიგე, ამდენი წლის შემდეგ) ესეც არ არის ჩემთვის განსაცვიფრებელი. მე ვერასოდეს გავიგებ, რა ხდებოდა მამაჩემის გულში, ისევე, როგორც ვერ გავიგებ, ნანობდა თუ არა ბებიაჩემი თავის შეცდომას, ჩემ მაგივრად რომ მიიღო გადაწყვეტილება. რატომღაც, მგონია, რომ ნანობდა...
***
ლაშამ ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დალია და რეზოს ცარიელი ჭიქა მუდარით გაუწოდა.
– კიდევ მომიტანე, რა!
– ბოროტად სარგებლობ ჩემი კეთილგანწყობით, მაგრამ, არა უშავს, დივიდენდების მიღებისას გავითვალისწინებ.
– ეს რატომ არ ახელს თვალებს, ხომ არაფერი დაემართა? – სავარძელში მისვენებულ ვახოზე იკითხა ლაშამ.
– არაფერია, გაუვლის, შოკშია. შენ რას გრძნობ?
ლაშამ შუბლზე მოისვა ხელი:
– არაფერს. უფრო სწორად, სიცარიელეს. ჯერ ვერ მივხვდი, უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს ეს ამბავი.
– მესმის შენი, – თანაგრძნობით გაუღიმა რეზომ, – მაგრამ, ძალიან ნუ დაიგრუზები, მარტივად შეხედე შენს ცხოვრებაში მომხდარ ამ ცვლილებას.
– რადიკალურ ცვლილებას, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და შეცვლის.
– ჰო, მაგაში გეთანხმები. თავდაყირა ნამდვილად დააყენებს. თანაც, მარტო შენსას კი არა, ბევრისთვის შეიცვლება ცხოვრების რიტმიც და სტილიც. ჩემთვისაც, სხვათა შორის.
ლაშამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. რეზოს გაეღიმა:
– ჰო, აბა, შენ რა გგონია, რატომ ვიწვალე ამდენი, ქველმოქმედებამ გამიტაცა? არა, ვაღიარებ, რომ ინტერესი დიდი იყო – დარწმუნებული ვიყავი, რომ განსაკუთრებული თაღლითი გამოვიჭირე.
– და გამდიდრების შანსი მოგეცა... – ლაშა უკვე მიხვდა, უპირატესობის სასწორი მის მხარეს რომ იხრებოდა და ხმაში რიხი მოემატა. რეზომ არ იუარა:
– რატომაც არა?! რა გგონია, ხელფასს რამდენს მიხდიან? ჩემი შემოსავლით ნორმალურ ცხოვრებას ვერასოდეს ვეღირსები, მე კი კომფორტი და ფუფუნება მიყვარს.
ლაშამ ამოიოხრა, ჭიქაში ჩარჩენილი წყალი ხელისგულზე მოიგროვა და სახეზე მოისვა:
– თავი სიზმარში მგონია.
– რომელ სიზმარში, ბებიაშენი რომ გეწვევა ხოლმე სტუმრად? – გახუმრება სცადა რეზომ, მაგრამ ლაშას არ გაუღიმია.
– ყველაფერი მომიყევი, რაც იცი და იმის თქმაც არ დაგავიწყდეს, როგორ გაიგე.
– პასუხს ბოლოდან გაგცემ: რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გავიგე? ეს ჩემი პროფესიაა და პატარ-პატარა საიდუმლოებები გვაქვს. შენთვის მათი ცოდნა არაფრის მომცემია, მთავარია, რომ ჭეშმარიტებას მივაკვლიე. ბებიაშენი ძალიან მდიდარია. უფრო სწორად, მისი ქმარი იყო მდიდარი. მონაკო, ალბათ, იცი.
– მერე?
– რა მერე, იცი, თუ არა?!
– ერთი დაცემინება სახელმწიფოა, მეფითა და პრინცესებით, – გულგრილად ჩაილაპარაკა ლაშამ.
– მე ასე არ ვიტყოდი, – თავი მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია რეზომ, – მაგ ერთ დაცემინება სახელმწიფოში ისეთი მდიდარი კაზინოებია, ჩვენ მარტო სიზმრებში თუ ვნახავთ. თუმცა, შენ ხომ სიზმრების დიდოსტატი ხარ.
– ნუ დამცინი!
– მე დაგცინი? შენ? ალბათ, ვერ გაიგე. კიდევ ერთხელ მომისმინე: ბებიაშენი მონაკოს მოქალაქე იყო, ჰყავდა სამეფო ოჯახთან დაახლოებული ქმარი, რომელიც ფლობდა კაზინოების ყველაზე მსხვილ და პრესტიჟულ ქსელს.
– წარსულ დროში რატომ ლაპარაკობ, გინდა თქვა, რომ ცოცხალი აღარ არის?
რეზომ ამოიოხრა:
– ვერ მოგატყუებ, ორი წლის წინ გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, კაზინოები და სიმდიდრე თან არ წაუღია, უფრო მეტიც – ყველაფერი შენ დაგიტოვა.
რეზოს ბოლო სიტყვები ნანასავით ჩაესმა გონზე მოსულ ვახოს და წამოიძახა:
– ლაშა, მოდი რა, მიჩქმიტე! ვერ დავიჯერებ. რა უნდა ჩვენგან ამ ტიპს, რისთვის შემოგვიჩნდა? პირდაპირ ხელბორკილები დაგვადოს და გაგვიშვას, რა, ციხეში. მონაკო, პრინცესები, ბებია, მილიონები... რა, მკვდარი ბებიაშენი გესიზმრებოდა?
– გაჩუმდი, რა! – იფეთქა ლაშამ და ხელები ისე აიქნია, თითქოს აბეზარი, უსიამოვნო ფიქრებისგან სურდა თავის დახსნა.
– რატომ მანამდე არ მომძებნა, სანამ მოკვდებოდა, სიკვდილის მერე შეაწუხა სინდისმა?
– მაგდენი აღარ ვიცი, – ხელები გაშალა რეზომ – საიქიოს საქმეები ჩემი პროფილი არ არის. ის კი ვიცი, რომ მისი ადვოკატები დღემდე ეძებენ ერთადერთ, ოფიციალურ მემკვიდრეს.
– მე მეძებენ?
– ჰო, შენ გეძებენ და გარანტიას გაძლევ, რომ უკვე ძალიან მალე გიპოვიან.
– არა, არა, ასე არ ხდება! – ლაშა წამოხტა და ოთახში სირბილს მოჰყვა, – არ ხდება ასე, არა! მე მხოლოდ ერთი ბებია მყავდა – დედაჩემის დედა. ის ექთანი იყო და ერთადერთი ბიზნესი, რომელიც მას ჰქონდა, მეზობლებისთვის ნემსების გაკეთება იყო. მისი საფლავი მუხათგვერდის სასაფლაოზეა. მეტი ბებია მე არ მყოლია.
– რა გინდა ამით თქვა, რომ მამაშენი ღრუბლებიდან ჩამოვარდა და პირდაპირ დედაშენს ჩაუვარდა მკლავებში? ნუ ბავშვობ. იმაზე იფიქრე, შენს ცოლსა და შვილს როგორ ეტყვი ამ ამბავს.
– ვაიმე, ესე იგი, გამოგივიდა? – ხელი ხელს შემოკრა ვახომ, – შენ სოფოს გაგიჟება ნახე, როცა ვეტყვი, რომ თაფლობის თვის გასატარებლად მონაკოში მიმყავს.
ლაშა იატაკზე დაჯდა და სახეზე ხელისგულები აიფარა. ვახომ მასთან მიირბინა, მხარში ხელი ჩაავლო და შეანჯღრია:
– რა მოგივიდა, ტო, სიხარულისგან უნდა ღმუოდე, რა თავ-პირი ჩამოგტირის!
– თავი დაანებე, ნელ-ნელა შეეჩვევა. ასე ადვილი არ არის, უცებ აღმოაჩინო, რომ მილიონერი ხარ.
– მილიონერი? მილიონერი თქვი? – ვახომ ოთახის კუთხეში მიგდებული, ფულით სავსე ჩანთისკენ გაიხედა, – ესე იგი, ეს ყველაფერი არ არის?
რეზომ სიცილით გააქნია თავი:
– შენ კიდევ ვერ გაიგე? კაზინოების ქსელი მონაკოში. ეს რამდენიმე მილიონია, ბევრი, ბევრი მილიონი, გესმის? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი აქედან წავალთ და ზღაპრულ ქვეყანაში ზღაპრულად ვიცხოვრებთ. თუ შენი ძმაკაცი ზურგს არ შეგვაქცევს და ფულში ცურაობას მარტო არ შეეცდება.
– ვინა, ტო... ლაშა? გამორიცხულია! შენ რა მაგარი ტიპი ყოფილხარ, ტო! თავიდანვე გეთქვა, გულები რომ დაგვიხეთქე. ახლა ის მითხარი, შეიძლება, ცოტა ხნით გავიდე? მართლა მოვკვდები, სოფო რომ არ ვნახო. ვაიმე, ოთხასი ათასი ჩანთაში დევს და მეუბნები, ეს მხოლოდ ჯიბის ფულიაო? მოიცა, მე რომ არ მოვინდომო მონაკოში ცხოვრება და აქ დავრჩე? აბა, მითხარი, რა პერსპექტივა მაქვს? ბრალდება ხომ მომეხსნა, ესე იგი, თავისუფალი და მდიდარი ვარ. აუ, მიდი რა, ჯერ ცოტას ვიფიქრებ და ჩემს სოფუნასაც შევეკითხები. ვაიმე, წყალი მომიტანე რა, ისევ ცუდად ვარ!..
***
... არ დაიჯეროთ, თუ ვინმე გეტყვით, რომ დიდი სიხარული ადამიანს კლავს. სტრესი – კი ბატონო, მაგრამ, მოდი, მაინც გისურვებთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცადოთ დამანგრეველი სიხარული. არ მოკვდებით, ამის ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ, აი, თქვენს მოშურნეებს კი, შეიძლება, მართლა გაუსკდეთ გული. ჰოდა, თუ არავის სიკვდილი არ გინდათ, ემოციები დაიოკეთ, დამშვიდდით, ჩაალაგეთ ჩემოდანში ნივთები, რომელთა გარეშეც არსებობა ვერ წარმოგიდგენიათ და მოუსვით, გულს დიდხანს ლოდინი არ უყვარს.
***
... ლიკა უკმაყოფილო სახით გაგოგმანდა ვერანდაზე და მოწნულ სავარძელში, პორტატული კომპიუტერით მოჯადოებულ ქმარს თავზე წამოადგა:
– უკვე ნახევარი საათია, გეძებ. სულ ასე იცი, – როცა მჭირდები, მაშინ დაიკარგები ხოლმე. უნდა დამეხმარო. უშენოდ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ. ლაშ, არ გესმის? შემომხედე!
– არ მცალია, – თავის აუწევლად მიუგო ლაშამ და კლავიატურაზე კაკუნი განაგრძო.
– ვიცოდე მაინც, რას წერ, საგულდაგულოდ რომ მიმალავ. ლაშ, კარგი რა, მომაქციე ყურადღება. დღეს დედოფლის წვეულებაზე მივდივართ, მე კი ჯერ ისიც ვერ გადავწყვიტე, რომელი ყელსაბამი გავიკეთო. აი, ეს ზურმუხტი ბრილიანტებით თუ – მარგალიტის. იცი, რა დღეში ვარ? თავი ამტკივდა ფიქრით.
– სხვა პრობლემა არ გაქვს?
– შენ წარმოიდგინე, არა. ნუ იცინი, ყელსაბამზეა დამოკიდებული, კაბას რომელს ჩავიცვამ და, საერთოდ, გეყოფა, რა, ჩემთვისაც მოიცალე! რაზე ფიქრობ?
– მე? – ლაშამ უცნაურად შეხედა ცოლს, თითქოს ღრმა ძილისგან გამოერკვიაო.
– ჰო, შენ რაზე ფიქრობ... დედაჩემმა დარეკა, ბავშვს ძალიან მოსწონს პარიზი და ერთ-ორ კვირას კიდევ დავრჩებითო. ჩვენ როდის მივდივართ სამოგზაუროდ?
– ლიკა, მართლა მარტო იმაზე ნერვიულობ, რომელი ყელსაბამი გაიკეთო?
– ჰო! – უპასუხა ლიკამ, – კიდევ, ვახოზეც – ვერაფრით შეეგუა იმას, რომ სოფოს ზუსტ ასლს ვერსად იპოვის. ყველა ქალში იმას ეძებს. მგონი, გაგიჟდა.
– ლიკა...
– რა გინდა?
– იცი, ახლა რაზე ვფიქრობდი? – ლაშამ ცოლს თვალებში ჩახედა.
– ჰო, აბა, რაზე?
– ბებიაჩემზე.
ლიკას სახე შეეცვალა:
– ახლა, ისევ თავიდან არ დაიწყო. ყველაფერი შესანიშნავად არის, არაჩვეულებრივად და ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
– შეიძლება, მე ამას არ ვგულისხმობდი. იცი, რა მაინტერესებს? რომ ვენახე, ანუ, რომ გავეცანი, მაშინაც მოინდომებდა ბებიაჩემი ჩემთვის თავისი მილიონების დატოვებას? რატომღაც, მგონია, რომ არ მოვეწონებოდი...