ინვალიდი დისთვის 70-ლარიანი საკერავი მანქანის შეძენა, 25 წლის მამაკაცს ხუთწლიან პატიმრობად დაუჯდა
25 წლის ზურაბ ს-ს ინვალიდი დისთვის ნაყიდი 70-ლარიანი საკერავი მანქანა კინაღამ ხუთწლიან პატიმრობად და ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 500-ლარიანი ჯარიმის გადახდად დაუჯდა. ასეთი განაჩენი მას ჯერ რაიონის, შემდეგ კი საოლქო სასამართლომ გამოუტანა. მართალია, განსასჯელს იმედი გადაწურული ჰქონდა, მაგრამ გაჭირვებულმა პატიმარმა ბედი საბოლოო ინსტანციაში მაინც სცადა. როგორც ჩანს, პატიმარი იმდენად იყო ბედს შეგუებული, განაჩენის მოსმენისას, რეაქცია არ ჰქონია. მაგრამ, როდესაც განუმარტეს, რომ თავისუფალი იყო და შეეძლო დამკავებლებისთვის პასუხი მოეთხოვა, მის მცველ ბადრაგებსაც კი თვალები აუწყლიანდათ...
საკერავი მანქანის ძარცვისთვის 25 წლის უმუშევარი ზურაბ ს. ყოფილმა საყვარელმა დააჭერინა. მარიკა კ-მ პოლიციაში დაასმინა, თითქოს სახლში შეუვარდა, საკერავი მანქანა გასტაცა, სცემა და გაიქცა. ამისთვის, ახალგაზრდა კაცს ჯერ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ორი თვის შემდეგ კი, ხუთი წელიც არ აკმარეს – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 3 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. მართალია, მსგავს ფაქტებზე დაპატიმრებები, ღიმილსაც კი აღარ იწვევს, მაგრამ ამ საქმეში მნიშვნელოვანი ერთი საინტერესო დეტალია – საბჭოთა დროს გამოშვებული საკერავი მანქანა ისეთი ძველი იყო, დიდი მცდელობის მიუხედავად, გამოძიებამ მისი მარკა ვერ დაადგინა. ანუ, დაზარალებული მარიკა კ-ს მტკიცება, თითქოს საკერავი მანქანა „ზინგერი” იყო, ტყუილი აღმოჩნდა. მისმა საბაზრო ფასმა მაქსიმუმ 70 ლარი შეადგინა. თუმცა, საქმეში არც ესაა მნიშვნელოვანი. არსებითი ისაა, რომ რეალურად, ზურაბ ს-ს არავინ გაუძარცვავს! საბედნიეროდ, ეს სასამართლომაც დაადგინა. საქმე ისაა, რომ საკერავი მანქანა პატიმარმა საკუთარი ფულით შეიძინა, მასში 70 ლარი თავად გადაიხადა...
მოკლედ, უტყუარად დადგინდა, რომ ზურაბ ს-მ ეს ნივთი ინვალიდ დას საჩუქრად უყიდა. მაგრამ, იმის გამო, რომ გაფუჭებული იყო, ნაწილები აკლდა, შეკეთებამდე საყვარლის სახლში მიიტანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როდესაც საყვარელს დაშორდა, ნივთის წამოღება გადაწყვიტა. დის დაბადების დღე ახლოვდებოდა და უნდოდა, შეკეთება მოესწრო. თუმცა, ყველაფერი მისი დაპატიმრებით დასრულდა.
ძარცვა თუ შურისძიება
როგორც საბრალდებო დასკვნაში პროკურორმა ბეჭედი დაასვა, ზურაბ ს-მ ჩაიდინა ძარცვა და ბრალი დასდო – სსკ 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს: „ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის”. მუხლის სანქცია 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების მასალებით, ზურაბ ს-ს დანაშაული იყო შემდეგი: „4 ივნისს, დაახლოებით, 18:25 საათზე, ზურაბ ს. ყოფილი საყვარლის მარიკა კ-ს საცხოვრებელ ბინაში მივიდა, სადაც თავად მარიკა კ. მისი დისშვილი – 12 წლის დევი მ. და მეზობელი – ტურფა გ. იმყოფებოდნენ. ბინაში შესვლისთანავე, ზურაბ ს. იქ მყოფთ მიესალმა, ხოლო მარიკა კ-ს ხმამაღალი საუბარი დაუწყო – მოითხოვდა გარეთ გაჰყოლოდა. ამის გამო, მარიკა კ-მ და მისმა დისშვილმა სტუმარს ბინის დატოვება მოსთხოვეს, თავი დაგვანებე, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გამოვიძახებთო. თუმცა, ზურაბ ს-მ განუცხადა, რომ საკერავი მანქანის გარეშე არ წავიდოდა. შემდეგ უკითხავად შევიდა მეორე ოთახში, ფარდა გადაწია და ფანჯრის რაფიდან საკერავი მანქანა თვითნებურად აიღო”. როგორც გამოძიება ამბობს, ზურაბ ს-მ „დანაშაულებრივად განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა საკერავ მანქანას და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ზურაბ ს-მ დასტაცა ხელი საკერავ მანქანას და ბინიდან გასვლა სცადა. მას წინ გადაუდგა მარიკა კ-ს დისშვილი, თუმცა, მისი წინააღმდეგობის დაძლევისა და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მძარცველმა არასრულწლოვან ბავშვს სახეში ხელი გაარტყა. შემდეგ ყოფილ საყვარელს მოარტყა სახეში ფეხი და სწრაფად გაიქცა ბინიდან. თან, გაიყოლა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული 70 ლარად ღირებული საკერავი მანქანა. თუმცა, საკერავ მანქანას, რომელიც გზად მიმავალ ზურაბ ს-ს, კორპუსის სახელურით ეჭირა, ძირი გასძვრა და ძირს დავარდა...”
საქმის მასალებით, ზურაბ ს-მ, რომელმაც თავი დამნაშავედ არ ცნო, განაცხადა, რომ მარიკასთან, ადრე „ახლო ურთიერთობა” ჰქონდა და საკერავი მანქანა თავად მიიტანა მასთან. განსასჯელის ჩვენების თანახმად, მის ინვალიდ დას სიარული არ შეუძლია, რის გამოც სულ ქსოვს, ან კერავს. სწორედ ამიტომ, უყიდა მას საკერავი მანქანა, რომელიც მართალია გაფუჭებული იყო, მაგრამ იცოდა, რომ მისი შეკეთება პრობლემა არ იქნებოდა.
განსასჯელის ჩვენებით, მას უნდოდა საჩუქრის მიტანა დის დაბადების დღისთვის დაემთხვია და სწორედ ამიტომ დატოვა საკერავი მანქანა შესანახად საყვარელთან. რა თქმა უნდა, მარიკამ ეს იცოდა. შემდეგ მარიკას ღალატის გამო, მათი ურთიერთობა გაფუჭდა და დაცილდნენ. ამიტომ ზურაბ ს-მ საკერავი მანქანის წამოღება გადაწყვიტა და მარიკას ეს შეუთვალა კიდეც. თუმცა, ქალმა შუამავალს დააბარა – წაიღოს თუ წასაღებად თვითონ მოვაო.
განსასჯელის თქმით, რადგან მარიკა ახალ საყვარელს მალე მობეზრდა, ქალი მასთან შერიგებას ცდილობდა, სისტემატურად ურეკავდა. განსასჯელის თქმით, ისე იყო გაბრაზებული, მისი დანახვაც არ უნდოდა. ამის გამო ტელეფონი ერთი თვე გამორთულიც კი ჰქონდა. მაგრამ, ქალი თავს მაინც არ ანებებდა – სახლის ტელეფონზე ურეკავდა, ზურაბ ს-ს დას აწუხებდა და ნერვებს უშლიდა – მალე თქვენი რძალი გავხდებიო...
ამის მიუხედავად, განსასჯელის თქმით, მას მარიკასთვის არაფერი უკადრებია. იცოდა, რომ ქალი მის გამოწვევას ცდილობდა. თუმცა, დის დაბადების დღე ახლოვდებოდა და რადგან მარიკა საკერავ მანქანას სხვას არ ატანდა, გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ მისულიყო მის ბინაში, თან, იმ დღეს ხელოსანიც შეპირებული ჰყავდა.
განსასჯელის ჩვენებიდან: „მარიკას სერიალი დაწყებული იყო, მაგრამ ისეთი დრო შევარჩიე, რეკლამა ყოფილიყო, რომ მისთვის ხელი არ შემეშალა. სახლში მისული რომ დამინახა, გაუხარდა, ეგონა, შესარიგებლად მივედი. მაგრამ, მისვლის მიზეზი ცივად ავუხსენი, რაზეც გაბრაზდა და დამემუქრა. არაფერი მითქვამს, ვთხოვე, მანქანა გამოეტანა, რადგან ხელოსანი მელოდებოდა. მითხრა – ამოდი და თვითონ წაიღეო. ოთახში რომ შევედი მის გამოსატანად, ისიც შემომყვა, კარი მიიხურა და მთხოვდა, ღალატი მეპატიებინა. ცდილობდა, მომხვეოდა, მაგრამ უხეშად მოვიცილე. ამის გამო ყვირილი ატეხა, რაზეც მისი დისშვილი შემოვიდა. ბავშვს ვუთხარი გასულიყო, მაგრამ მანაც მუქარა დამიწყო. ამის შემდეგ მარიკას უხეშად ვუთხარი, გავეტარებინე, რადგან მეჩქარებოდა, მაგრამ წივილ-კივილი ატეხა. მდგომარეობიდან გამოვედი და წიხლი მართლაც ჩავარტყი. დამემუქრა, არ გაპატიებო და ყვირილს მოუმატა... ყურადღება აღარ მიმიქცევია, გზა გავაგრძელე, მაგრამ ეზოში ქვას ფეხი წამოვკარი. როგორც ჩანს, საკერავ მანქანას თავისივე კორპუსი კარგად არ ჰქონდა დამაგრებული და ხელში ცარიელი სახელური შემრჩა, მანქანა ნაწილებად დაიშალა”, – განაცხადა განსასჯელმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მომხდარს სერიალის საყურებლად მარიკას სახლში მყოფი მისი მეზობელიც დაადასტურებდა...
რაც შეეხება მარიკა კ-ს, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურა, რომ იმ საღამოს მასთან სახლში ზურაბ ს. მივიდა, რომელთანაც ადრე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, იმ მომენტისთვის ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ქალი აცხადებს, რომ საკერავი მანქანა მისი იყო. ზურაბმა დას კი არა, მას უყიდა და რადგან არ ატანდა, ზურა თვითნებურად შევიდა მის სახლში და მოინდომა მანქანის წაღება. შემდეგ მასაც გარეთ გასვლას აიძულებდა, რაზეც უარი უთხრა. რადგან ზურას ძალით მიჰყავდა, დისშვილი მიეხმარა და სთხოვდა – „დეიდაჩემს თავი დაანებეო”. ამის გამო კი მან ბავშვს მუშტი მოუქნია, დაარტყა და წააქცია. მისი თქმით, როდესაც ბავშვის ასაყენებლად დაიხარა, წიხლი მასაც ჩაარტყა: „იქვე სახრე ეგდო და ხელი წამოვავლე, რომ ჩემი საკერავი მანქანა დაებრუნებინა, მაგრამ გაიქცა”. დაზარალებულის განმარტებითვე: „დავინახე, საკერავი მანქანის გატეხილი ნაწილები. დისშვილისგან გავიგე, რომ რაღაცას ფეხი წამოჰკრა და მანქანა ძირს დაუვარდა“, – აცხადებს განსასჯელი და არც მალავს, რომ ზურაბ ს. ძარცვის გამო დაასმინა პოლიციაში.
ვინაიდან ინციდენტისას, დაზარალებულის ბინაში სერიალის საყურებლად მეზობელიც იყო შესული, გამოძიებამ მოწმედ ისიც დაკითხა. თუმცა, მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ სერიალის დროს სახლში ზურაბი მოვიდა და მარიკას გარეთ გასვლა სთხოვა. ისიც გაჰყვა. შემდეგ კი დაინახა, რომ მარიკას ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა.
დაუჯერებელია, მაგრამ მომხდარის გამო, მარიკა კ-ს სახლს პოლიცია იმავე დღეს მოადგა! ცხადია, სამხილის საპოვნელად კინოლოგები საჭირო არ გახდა, რადგან „შემთხვევის ადგილზე” ეჭვმიტანილმა სამხილი თავად დატოვა. როგორც საქმეშია ნათქვამი, პოლიციამ გულდასმით დაათვალიერა ინციდენტის ადგილი და: „ამოღებული იქნა საკერავი მანქანის მაქო და შავი ფერის ძაფი”, – ნათქვამია საქმის მასალებში. ამასთანავე, გამოძიებამ მარიკა კ. დაზარალებულად ცნო და ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლის თანახმად: „აღენიშნება სისხლნაჟღენთი ტუჩის არეში, მიყენებული მკვრივი, ბლაგვი საგნით. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია”.
ამის მიუხედავად, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშია ნათქვამი: „სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, „შინაგანი რწმენით” შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მისი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ზურაბ ს-მ ჩაიდინა ძარცვა”. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარი დადებითად ხასიათდებოდა და ფაქტობრივად, დადგენილი იყო დანაშაულის მოტივი, სასამართლომ მას 5 წელი პატიმრობა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 500 ლარი ჯარიმა დააკისრა.
პატიმრის ადვოკატი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა. თუმცა, მეორე ინსტანციამ პატიმარს არც სასჯელი დაუკლო და არც – ჯარიმის თანხა. არადა, მართლაც გაუგებარია, რეალურად რა ზიანი მიადგა არარსებული დანაშაულით სახელმწიფოს.
ასეა თუ ისე, განაჩენი საბოლოო ინსტანციამ შეცვალა. დადგინდა, პატიმარს რეალურად არავინ გაუძარცვავს და ეს ფაქტი „ანტიკვარი” საკერავი მანქანის გამყიდველმა დაადასტურა. განაცხადა, რომ ბებიამისის ნაქონი საკერავი მანქანა ზურაბ ს-მ მართლაც ინვალიდ დას უყიდა და პატრონს, 70 ლარი გადაუხადა. მისივე თქმით, მართლია, საკერავი მანქანა გაფუჭებული იყო, მაგრამ ზურაბ ს-მ მაინც იყიდა, რადგან მათ საერთო ნაცნობს ასეთი ნივთების შეკეთება ეხერხებოდა და დარწმუნებული იყო, რომ იმ საკერავი მანქანის გაკეთებაც არ გაუჭირდებოდა...
დაბოლოს, აღნიშნული მოწმე გამოძიებას თავიდანვე რომ დაეკითხა, ზურაბ ს-ს სიმართლე მაშინვე დამტკიცდებოდა. ამიტომაც, სასამართლომ მსჯავრდებულს კანონით მიანიჭა უფლება მის დამკავებლებს პასუხი აგებინოს. მათ შემადგენლობაში კი ცხადია, მისი ყოფილი საყვარელი – მარიკა კ-ც შედის...