კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახოცა 20 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში „მოღვაწე“ სერიულმა მკვლელმა

გასული საუკუნის სამოცი-სამოცდაათიანი წლების მიჯნაზე, საქართველოში პირსისხლიანი სერიული მკვლელი მოქმედებდა. ის შიშის ზარს სცემდა ყველას და, მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ოფიციალურად არავინ ლაპარაკობდა, ხალხი მასზე საშინელებებს ყვებოდა. ჩვენს დღევანდელ პუბლიკაციაში სწორედ ამ პირსისხლიან მანიაკზე მოგითხრობთ. მასალა პრესაში პირველად ქვეყნდება.

პაიკი

1969 წლის 9 მარტს, თბილისში, პლეხანოვის გამზირზე მდებარე გორკის პარკში უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

დილის 8 საათზე, 41 წლის იური როგოვი და 39 წლის ნოდარ რუსიაშვილი არყის დასალევად გორკის პარკში შეხვდნენ ერთმანეთს. გვამი ბუჩქებში პირველად როგოვმა შენიშნა და, მას მერე, რაც რუსიაშვილთან ერთად დარწმუნდა, რომ მამაკაცი მკვდარი იყო, ქუჩის ტელეფონიდან მილიციაში დარეკა და ყველაფერი შეატყობინა.

შემთხვევის ადგილზე პირველები მილიციის ოპერჯგუფი და კრიმინალისტები მივიდნენ, მათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებიც მიჰყვნენ და მოკვლევა დაიწყო.

ოპერჯგუფის უფროსი, მაიორი დათო სილაგაძე ლოთების დაკითხვით იყო დაკავებული, როდესაც კრიმინალისტმა ვანო მიქაძემ უთხრა:

– ამხანაგო მაიორო, მოკლულის ჯიბეში ეს წერილი აღმოვაჩინეთ, აშკარად მკვლელის ჩადებულია!

– რაო, რა თქვი, ვანო? – ყურებს არ დაუჯერა სილაგაძემ.

– მოკლულის ჯიბეში მკვლელის მიერ ჩადებული ბარათია, – გაიმეორა მიქაძემ და მაიორს უჯრიდან ფურცელზე დაწებებული ტექსტი გაუწოდა, რომელშიც ეწერა: „ეს ჩემი პირველი პაიკია, მსხვერპლი უამრავი იქნება და დიდი თამაშისთვის მოემზადეთ”.

გორკის პარკის ბუჩქებში ნაპოვნი მოკლული მამაკაცი 36 წლის მალხაზ რუაძე იყო. ის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ორი ჭრილობისგან იყო გარდაცვლილი, რომელიც კისრის არეში, მარჯვენა და მარცხენა საძილე არტერიებში ჰქონდა მიყენებული. რუაძის სხეული მოგვიანებით პათანატომებმა გაკვეთეს და ორგანიზმში საშუალოზე მაღალი შემცველობის ალკოჰოლი აღმოუჩინეს. მილიციამ ისიც დაადგინა, რომ რუაძე ჰომოსექსუალი იყო, კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და თბილისში ტაქსისტად მუშაობდა. მკვლელობის დღეს რუაძე ისვენებდა და, როგორც მისმა თანამშრომელმა უთხრა მილიციას, სანაპიროზე, ლუდის ბარში ატარებდა ხოლმე თავისუფალ დროს.

მოკლულ მალხაზ რუაძეს ჯიბეებში 19 მანეთი და 57 კაპიკი, პასპორტი, წითელი ტყავის ყდაში ჩასმული ბლოკნოტი, ფილტრიანი სიგარეტი „დაისი” და პლასტმასის სავარცხელი აღმოუჩინეს. რაც შეეხება ფურცელზე დაწებებულ წერილს, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მათემატიკის რვეული, საიდანაც ფურცელი იყო ამოხეული, ზუგდიდის „ენგურის” ქაღალდკომბინატში იყო დამზადებული. ასოები ჟურნალ „საქართველოს ქალიდან” იყო ამოჭრილი, წებო კი მოსკოვის ¹2 ქიმიურ ქარხანაში დამზადდა.

9 მარტს ქალაქის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი მერაბ სოხაძე იძიებდა. 40 წლის სოხაძე მოსკოვში, საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურატურაში იყო ნამუშევარი და ჩახლართული საქმეების გახსნით გაითქვა სახელი. სოხაძემ რომ პირველადი მოკვლევის მასალები წაიკითხა, თქვა, სერიოზული სამუშაო გველოდება წინ, რადგან საქმე სერიულ მკვლელთან გვაქვსო.

სერიული მკვლელობები

1969 წლის 30 მარტს, თბილისში, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, 35 წლის სპარტაკ სიხარულიძის გვამი იპოვეს, რომელიც, 9 მარტს მოკლული რუაძის მსგავსად, ჰომოსექსუალი იყო. მასაც ჟურნალ „საქართველოს ქალიდან” ამოჭრილი ასოებით შედგენილი წერილი აღმოუჩინეს ჯიბეში, რომელიც ქაღალდკომბინატ „ენგურში” გამოშვებული რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე იყო დაწებებული და ეწერა: „მეორე პაიკი, ელოდეთ შემდეგს”.

ამ ამბიდან ძალიან მალე, 9 აპრილს, ხუდადოვის ტყეში უშანგი ლაბაძის ცხედარი აღმოაჩინეს, 25 აპრილს – თბილისის ზღვაზე – ანტონ ბუაჩიძის გვამი, ხოლო 1 მაისს კი, მცხეთაში, ჯვრისკენ მიმავალ გზაზე ნოდარ კოხრეიძის სხეული ნახეს. ლაბაძე 34 წლის იყო, ბუაჩიძე 29 წლის, ხოლო კოხრეიძე კი – 39 წლის. სამივე მამაკაცი ერთი მეთოდით – მარჯვენა და მარცხენა საძილე არტერიებში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობებით იყვნენ მოკლულები, ლაბაძე და ბუაჩიძე ჰომოსექსუალები იყვნენ. ლაბაძე მხაზველად, ბუაჩიძე კი სცენის მუშად მუშაობდნენ. რაც შეეხება კოხრეიძეს, ის მოდების სახლში მკერავად მუშაობდა, თუმცა, მისი ჰომოსექსუალობა არავის დაუდასტურებია. სამივე მოკლულს ჯიბეში ერთნაირი შინაარსის მოკლე წერილები აღმოუჩინეს, განსხვავება მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ რიგითობაში იყო.

1969 წლის 10 მაისს მერაბ სოხაძემ თავისი საგამოძიებო ჯგუფის წევრები საგანგებო თათბირზე შეკრიბა და უთხრა:

– კატასტროფული მდგომარეობაა. ორი თვის განმავლობაში, ხუთი მკვლელობა მოხდა. ქვეყანაში მანიაკი მოქმედებს, ჩვენ კი სათოფეზეც ვერ მივუახლოვდით მას, – სოხაძემ პაუზა გააკეთა, ხელქვეითებს გადახედა და თავის ყველაზე ნიჭიერ მოსწავლეს – გია ცეცაძეს (შემდგომში ის სახელგანთქმული მაძებარი გახდა) ჰკითხა:

– მოკლულ ჰომოსექსუალებს შორის თუ დაადგინე რამე კავშირი?

– არანაირი, ბატონო მერაბ, გარდა იმისა, რომ ისინი, სავარაუდოდ, ერთმა და იმავე პიროვნებამ დახოცა. თანაც, მოკლულებს შორის მხოლოდ ოთხის ჰომოსექსუალობაა დადასტურებული, ნოდარ კოხრეიძეზე კი ასეთი ინფორმაცია არ არსებობს.

– მკვლელობის მანერაზე რა გაარკვიე, შეხვდი ჯიბუტს?

– შევხვდი, – ჩაეცინა ცეცაძეს, – რომ იცოდეთ, რა სიტყვაძუნწი ვინმე აღმოჩნდა. როგორც იტყვიან, სიტყვებს ნაწილ-ნაწილ ვქაჩავდი პირიდან.

გია ცეცაძე პოლკოვნიკ პავლე ჯიბუტზე ლაპარაკობდა. ის, „კაგებეს” სპეცრაზმ „ალფას” ყოფილი მებრძოლი და იმჟამად ინსტრუქტორი იყო. მასთან შეხვედრა კი ცეცაძეს იმიტომ დასჭირდა, რომ ჯიბუტს ან დაედასტურებინა სერიული მკვლელის სპეციალური კვალიფიკაცია, ან – უარეყო. ჯიბუტთან შეხვედრის აუცილებლობა კი ექსპერტ-კრიმინალისტის რჩევის შედეგად დადგა, რომელმაც სოხაძეს უთხრა:

– ხუთივე მკვლელობა პროფესიონალის ჩადენილია: არც ერთი ზედმეტი მოძრაობა – ორი დარტყმა, ორივე უზუსტესი და ორივე საძილე არტერიებში, უკნიდან. ასე მხოლოდ ეგრეთ წოდებული „სპეცები” მოქმედებენ. მათ კი ამ ხელოვნებას წლების განმავლობაში ასწავლიან. ასე რომ, ჩემო კარგო, დახმარებისთვის „კაგებეს” უნდა მიმართო.

სოხაძე მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს ეწვია კაბინეტში, ალექსი ინაურთან შუამდგომლობა სთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეახვედრეს ახალგაზრდა გია ცეცაძე პოლკოვნიკ პავლე ჯიბუტს.

– ბოლოს და ბოლოს რა ათქმევინე იმ სიტყვაძუნწ ჯიბუტს? – ჰკითხა სოხაძემ ცეცაძეს.

– მან დაადასტურა, რომ ხუთივე მკვლელობა ერთი და იმავე პიროვნების მიერაა ჩადენილი. ათივე დარტყმა უზადოდაა შესრულებული და ასეთი სრულყოფილების მიღწევა მხოლოდ სპეციალური ვარჯიშებითაა შესაძლებელი. ეს სისტემა კი მხოლოდ ჩვენთვისაა ხელმისაწვდომიო, – მითხრა.

– ანუ, ჯიბუტის თქმით, გამოდის, რომ მკვლელი ყოფილი „ალფელია”? – თქვა სოხაძემ.

– ჯიბუტმა განმიმარტა, რომ ყოფილი „ალფელები” არ არსებობენ და, თუ „ალფას“ მებრძოლი მკვდარი არაა, მაშინ ის კვლავ იმ სისტემაში, თუნდაც ინსტრუქტორად მუშაობს, ისევე, როგორც თავად პავლე ჯიბუტი.

– მაშინ, გამოდის, რომ მკვლელი „კაგებეს” თანამშრომელია?

– ფორმალურად ასეა, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს გამოირიცხა. მართალია, ჩვენთვის „კაგებეს” თანამშრომელთა ვინაობების გამხელას არავინ აპირებს, მაგრამ, ალექსი ინაურმა სპეციალურად დამიბარა კაბინეტში და მითხრა, რომ მისი თანამშრომლები ამ საქმეში არაფერ შუაში არიან – ცეცაძემ მხრები აიჩეჩა და დაამატა, – შეიძლება, რომ „კაგებეს” შეფმა ასეთი ტყუილი თქვას?

– აბა, მკვლელი უცხოპლანეტელი ხომ არ არის? – თავი გააქნია სოხაძემ.

მეორე დღეს, 1969 წლის 11 მაისს, ფუნიკულიორის ტყეში, მთაწმინდაზე მეექვსე გვამი აღმოაჩინეს, რომელიც იმავე ხერხით იყო მოკლული, როგორც წინა ხუთი. მოკლული 37 წლის კოკოევი აღმოჩნდა, რომელიც აგრეთვე ჰომოსექსუალი იყო, ცხინვალში ცხოვრობდა და თბილისში ნათესავებთან სტუმრად იყო ჩამოსული. კოკოევსაც წერილი აღმოუჩინეს ჯიბეში, რომელშიც ეწერა, რომ მოკლული მეექვსე პაიკი იყო.

11 მაისს მომხდარმა მეექვსე მკვლელობამ თავად ცეკას პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის მოთმინების ფიალა აავსო და საგანგებო თათბირზე ქართველ ძალოვნებს მანიაკის სასწრაფოდ შეპყრობა უბრძანა.

საჭადრაკო დაფა

მჟავანაძის მუქარის მიუხედავად, სერიული მკვლელობები გრძელდებოდა: 25 მაისს, 9 ივნისს, 1 ივლისს, 7 აგვისტოს, 4 სექტემბერს, 16 ოქტომბერს, 2 ნოემბერსა და 30 დეკემბერს კიდევ 8 მკვლელობა მოხდა და მოკლულების რაოდენობამ 14-ს მიაღწია, რომელთაგან, 9 ჰომოსექსუალი იყო. გაიზარდა დანაშაულის გეოგრაფიაც – თუ წინა მკვლელობები თბილისსა და მცხეთაში მოხდა, შემდგომ მათ გორი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და სამტრედია მიემატა. ძალოვნები გვამების ჯიბეებში ერთი და იმავე შინაარსის ბარათებს პოულობდნენ, რომლებშიც მხოლოდ რიგითობა იყო შეცვლილი. ხოლო როდესაც თბილისში მეთოთხმეტე მსხვერპლის – 30 წლის მირიან კაკიძის გვამი ბოტანიკურ ბაღში იპოვეს, მის ჯიბეში აღმოჩენილ წერილში ეწერა: „მეჩვიდმეტე. ეს პირველი ეტლია. თამაში გრძელდება”.

ბარათი რომ წაიკითხა, სოხაძე გაფითრდა და ცეცაძეს უთხრა:

– აშკარად არანორმალურთან გვაქვს საქმე. შეეშალა ამ ფსიქოპათს. როგორც ეტყობა, ოცდათორმეტივე წერილი წინასწარ აქვს მომზადებული და მეთოთხმეტის ნაცვლად მეჩვიდმეტე წერილი ჩაუდო ჯიბეში მოკლულ კაკიძეს.

– მეჩვიდმეტე? – გაიმეორა ცეცაძემ, რომელიც უცებ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა სოხაძე.

– მანიაკი მოკლულებს საჭადრაკო ფიგურებად წარმოიდგენს და წარმოსახვით დაფაზე ალაგებს. თოთხმეტი კაცი ჰყავს მოკლული, აქ კი წერია, ეს მეჩვიდმეტე მსხვერპლი, ეტლიაო. მას კიდევ ორი პაიკი აქვს „დასადები“. ეტყობა, წინასწარ დაწერილი წერილი შეეშალა.

– ღმერთო, – თავში შემოირტყა ხელი ცეცაძემ – გამოდის, რომ სულ 32 ადამიანი უნდა დახოცოს, მათ შორის – ორი ქალი, რადგან ჭადრაკის ფიგურებში ორი დედოფალია.

– მიხვდი, ხომ?

– რა მიხვედრა უნდა, ბატონო მერაბ! – ხმის კანკალით თქვა ცეცაძემ, – ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ ეს არანორმალური დროზე არ შევაჩერეთ! ჯერ ფიგურებს „დაალაგებს“ და 32 ადამიანს დახოცავს, ხოლო, თამაშს რომ დაიწყებს, ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენი მსხვერპლი იქნება.

– მაქსიმუმ, კიდევ 30, რადგან ჭადრაკში მხოლოდ მეფე არ კვდება. იმ გიჟს ამ პრინციპით 62 ადამიანის დახოცვა შეუძლია, – თქვა სოხაძემ, – ასე რომ, ჩემო გია, ძალიან სასტიკ და ჭკვიან ადამიანთან გვაქვს საქმე და ჩვენი მეთოდები უნდა შევცვალოთ.

მკვდრების ქალაქი

მიუხედავად იმისა, რომ სოხაძის საგამოძიებო ჯგუფმა მუშაობა გააასმაგა და მათ მილიცია, უშიშროება და სამხედროებიც კი ეხმარებოდნენ, სერიული მკვლელობები მაინც გრძელდებოდა. 9 იანვარს, 18 იანვარს, 2 თებერვალს და 17 თებერვალს მანიაკმა თავის მსხვერპლთა რაოდენობა თვრამეტამდე აიყვანა. მეთხუთმეტე წერილში კი ეწერა: „ერთი შეცდომა ყველას მოსდის და, მოხარული ვარ, რომ ის საბედისწერო არ აღმოჩნდა. ეტლამდე კიდევ ერთი პაიკი დამრჩა და მასაც მალე მიიღებთ”.

– ახლა ოთხი „კუ“ უნდა დაალაგოს, – უთხრა ცეცაძემ სოხაძეს, როდესაც მანიაკის რიგით მეთვრამეტე მსხვერპლი, 31 წლის ვიქტორ ხრიკაძე ვაკის პარკის მიმდებარე ტყეში იპოვეს.

1970 წლის 2 მარტს, იმავე ვაკის პარკის მიმდებარე ტყეში, 30 წლის ავთო ვაწაძისა და 30 წლის გიული ხვიაძის ცხედრები აღმოაჩინეს. ვაწაძე ტრადიციულად, ორი ოსტატური დარტყმით იყო მოკლული, მეორე მამაკაცი კი, ფაქტობრივად, დაჩეხილი იყო, თუმცა, რვავე ჭრილობა ისეთივე ოსტატობით იყო მიყენებული, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში. განსხვავება იყო ისიც, რომ არც ერთ მოკლულს ჯიბეში მანიაკის მიერ დაწერილი წერილი არ აღმოაჩნდა. ძალოვნებმა ისიც დაადგინეს, რომ ვაწაძე და ხვიაძე ჰომოსექსუალები, საყვარლები იყვნენ.

– ინტუიციით ვგრძნობ, რომ საქმის გახსნასთან ახლოს ვართ, გია, – უთხრა სოხაძემ ცეცაძეს – აი, ეს წაიკითხე.

– ეს რა არის? – ჰკითხა ცეცაძემ უფროს კოლეგას და შავყდიანი ბლოკნოტი გამოართვა.

– მოკლული ხვიაძის დღიურებია.

გიული ხვიაძე პროფესიით მხატვარი იყო, მისი დღიურები მასში ჩაწერილი გულახდილი ფრაზებით იყო საინტერესო, რომლის ბოლო ჩანაწერი 1970 წლის 1 მარტის დილის 10 საათით იყო დათარიღებული და ასე მთავრდებოდა: „ჩემს ათუკას (იგულისხმება ავთო ვაწაძე) პრობლემური პერიოდი უდგას – იმ საზიზღარ, ცხვირმონგრეულ გორილას გადაეკიდა, რომელმაც მას ტვინი აურია, ჩემი თავი დაავიწყა და მის დაუფლებას ცდილობს. მაგრამ მე ჩემს სიყვარულს არ დავთმობ და, თუ გორილას სიტყვით ვერაფერს გავაგებინებ, მაშინ, მოვკლავ. ეს კი სულ ადვილია. ის ბენიამინის მეზობელია, მის ქვემოთ ცხოვრობს. მივალ მასთან, ჯერ გავთიშავ, მერე კი ცოცხლად დავწვავ. ახლა სათვალთვალოდ მივდივარ. ღმერთო, გთხოვ, დამეხმარო და ჩემი ათუკა დამიბრუნო”.

გიული ხვიაძის დღიურის აღმოჩენის შემდეგ, სერიული მკვლელის დაპატიმრება დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა. ძალოვნებმა ჯერ ბენიამინის პიროვნება დაადგინეს, რომელიც გიული ხვიაძის კოლეგა – ბენიამინ კარპინი აღმოჩნდა. კარპინი ერთ-ერთ სახელოსნოში მუშაობდა მხატვრად და პლეხანოვზე ცხოვრობდა ოთხსართულიანი სახლის, ბოლო სართულზე. მის ქვემოთ, მესამე სართულზე მდებარე სამოთახიანი ბინა 36 წლის ზაურ გოგრიჭიანს ეკუთვნოდა. ის მარტოხელა, ცოლთან გაშორებული, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი იყო. გოგრიჭიანი მძღოლ-ექსპედიტორად მუშაობდა და სხვადასხვა პროდუქცია დაჰქონდა მთელ საქართველოში. გოგრიჭიანი ადრე მოსკოვში ცხოვრობდა და თბილისში ცოლთან გაშორების შემდეგ, სამი წლის წინ გადმოსახლდა. მასზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაწესდა და, 1970 წლის 2 მაისს, ფუნიკულიორის ტყეში ის მაშინ დააპატიმრეს, როდესაც 30 წლის ჰომოსექსუალის, ზაურ ინაშვილის მოკვლას აპირებდა.

ზაურ გოგრიჭიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს.

– აღიარებთ, რომ ოცი ადამიანი მოკალით? – ჰკითხა მას მერაბ სოხაძემ.

– და თქვენ ამას მკვლელობას უწოდებთ? – კითხვა შეუბრუნა მანიაკმა გამომძიებელს.

– აბა, რა იყო ეს?

– მხოლოდ და მხოლოდ ჭადრაკის თამაშის მცდელობა, თუმცა, თქვენ მე ფიგურების დალაგებაც არ მაცადეთ.

– ფიგურებად ცოცხალ ადამიანებს იყენებდით.

– განა ადამიანია პედერასტი? – გადაიხარხარა გოგრიჭიანმა, – ის ხომ არარაობაა, მე კი მას დიდ თამაშში ვაბამდი და მნიშვნელობას ვანიჭებდი.

– დედოფლებად, ალბათ, მეძავებს გამოიყენებდით, ხომ? – ჩაერია გია ცეცაძე.

– თქვენ საკმაოდ მიხვედრილი ბრძანდებით, – შეაქო სერიულმა მკვლელმა ახალგაზრდა გამომძიებელი.

დაპატიმრებულმა მანიაკმა ყველა მკვლელობა აღიარა და გამომძიებლებს უთხრა, რომ მკვდრების ქალაქის აშენებას აპირებდა. მისი განმარტებით, ეს ცხოვრება ჭადრაკის თამაშია, სამყარო კი – საჭადრაკო დაფა, და თუ მეფე არ ხარ, აუცილებლად მოკვდები. ჭადრაკში მეფე არ კვდება და ეს თამაში უკვდავებას მანიჭებსო, – თქვა გოგრიჭიანმა.

– ესე იგი, თქვენ უკვდავების მოსაპოვებლად ხოცავდით ადამიანებს? – ჰკითხა სოხაძემ გოგრიჭიანს.

– დიახ! – დაუდასტურა მანიაკმა.

– კი, მაგრამ, მკვდრების ქალაქში უკვდავების მოპოვება რაში გჭირდებოდათ?

– უკვდავება უკვდავებაა, თუნდაც მკვდრებში, – თქვა გოგრიჭიანმა, შემდეგ შიზოფრენიის გათამაშება სცადა, მაგრამ ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ის შერაცხადად ცნო.

ზაურ გოგრიჭიანი, მისი განსაკუთრებული საშიშროებიდან გამომდინარე, მოსკოვში გაასამართლეს, დახვრეტა მიუსაჯეს და ბუტირკის ციხეში აღასრულეს განაჩენი.

ძიებით დადგინდა (რაც სასამართლოზე არ გაუხმაურებიათ), რომ ზაურ გოგრიჭიანი „გრუს” სკოლაში 6 თვე სწავლობდა და დანის ოსტატურად ხმარებას სწორედ იქ დაეუფლა. თუმცა, ის თავისმა სიმამრმა, გენერალმა ივან ვოლკოვმა გააგდო „გრუდან” იმის გამო, რომ ზაური ცოლს ცუდად ეპყრობოდა. სწორედ ამ შემთხვევამ გადააწყვეტინა ყოფილ „გრუელს” საშინელი შურისძიება ჰომოსექსუალებზე, რადგან გენერალი ვოლკოვის შესახებ ჭორები დადიოდა, ახალგაზრდა ჯარისკაცებთან საეჭვო ურთიერთობა აქვსო. გოგრიჭიანი კი ოჯახის დანგრევას სწორედ სიმამრს აბრალებდა.


скачать dle 11.3