სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1941 წელი
28 მარტს, ოკუპირებული პოლონეთის ქალაქ პოზნანში დისლოცირებული ფაშისტური გერმანიის „ესესელთა” მეშვიდე პოლკის ყაზარმაში 40 წლის ქშიშტოფ ოკულსკი შეიჭრა, რომელსაც სხეულზე ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა შემოკრული და ბომბი ააფეთქა. ამ ფაქტს 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 000 კაცი კი დაშავდა.
29 მარტს, ნიუ-იორკში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის სახურავზე 52 წლის ოსვალდ ვილსონი აიპარა, რომელსაც თან ჰქონდა ავტომატური შაშხანა. მან ქუჩაში მოსიარულე მშვიდობიან ხალხს გაუხსნა ცეცხლი. ვილსონის ქმედებამ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თავად კი სახურავიდან გადახტა.
30 მარტს, მოსკოვში, ლენინის რაიონში მდებარე მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მოკლე ჩართვა მოხდა, იქაურობას ცეცხლი წაეკიდა და ხანძარი ისე სწრაფად გავრცელდა, რომ პატიმრების ევაკუაცია ვერ მოასწრეს. ამ უბედურ შემთხვევას 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
60 წლის წინათ – 1951 წელი
31 მარტს, მოსკოვში, დახვრიტეს 50 წლის ანატოლი პოპოვი, რომელიც პროფესიით ელექტრიკოსი იყო. მას ათი ადამიანი ჰყავდა მოკლული და შეჭმული. პოპოვი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, ლენინგრადის ბლოკადა ჰქონდა გამოვლილი და კანიბალი იქ გახდა. პოპოვი ადამიანებს თავის სახლში იტყუებდა და, მას მერე, რაც მათ თიშავდა, ხოცავდა და ჭამდა.
2 აპრილს ალჟირში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ სტიქიას 1 400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 500 დაშავდა, სახელმწიფომ კი 80 მილიონის ზარალი მიიღო.
3 აპრილს რუსეთის ქალაქ სტალინგრადში დისლოცირებული სატანკო ნაწილის უფროსი ლეიტენანტი სტეპან კაზაკოვი, რომელიც არყით იყო გალეშილი, ავტომატით შეიარაღებული და ხელმძღვანელობაზე გაბრაზებული, სასადილოში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა.
50 წლის წინათ – 1961 წელი
29 მარტს, ჩიკაგოში, სიკვდილით დასაჯეს 34 წლის ართურ პლეიზერი, რომელსაც 14 ადამიანი ჰყავდა მოკლული. პლეიზერი პროფესიით მშენებელი იყო, სხვადასხვა ობიექტზე მუშაობდა. იგი ვერ იტანდა წითურ ადამიანებს და ვისაც თვალს დაადგამდა, ჯერ უთვალთვალებდა, მერე კი ხელთ იგდებდა, თიშავდა და ცოცხლად აბეტონებდა კედელში.
30 მარტს, არგენტინის ქალაქ კორდობში, ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს, რომელიც ქვედა ლიგის გუნდებს შორის იმართებოდა, ტრიბუნა ჩამოინგრა და ხალხი ქვეშ მოიყოლა. ამ უბედურმა შემთხვევამ 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
1 აპრილს, ნიუ-იორკში, ზანგების უბან ჰაარლემში ტრაგედია დატრიალდა: ორ ურთიერთდაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის მოხდა შეტაკება – კრიმინალები ერთმანეთს ცივი იარაღებით დაერივნენ, რასაც 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 70 დაშავდა.