რა გრძნობებსა და ემოციებს აღძრავს სახლში არსებული საგნები და როგორ უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ბინის სწორი მოწყობით
ჩვენს სახლში არსებული თითოეული საგანი გარემოცულია თავისი აურით, რომელიც ჩვენს აურაზეც მოქმედებს. როცა საგნებისა და ადამიანების ველები ერთმანეთს უთანხმდება, მაშინ ესა თუ ის ნივთი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო გეჩვენებათ.
საგნების აურა ადამიანს სივრცის ნაწილს ართმევს. სიხარბე ყველაზე მეტად სჯის თვით მესაკუთრეს, რომელსაც დაგროვილი საგნებიდან გადაეცემა მათი უარყოფითი ენერგეტიკა. ადამიანის ნებისმიერი შეხება საგნებთან ენერგეტიკულ კვალს ტოვებს. ამიტომ, უმჯობესია, თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანებისგან საჩუქარი არ მიიღოთ.
ნებისმიერ სახლში არის ისეთი საგნები, რომლებსაც დადებითი ენერგეტიკა აქვს და, შესაბამისად, დადებით და პოზიტიურ ენერგიებს აღძრავს ადამიანებშიც. თუმცა, ეს მხოლოდ ავეჯი არ არის. ფოტოსურათებს ჩვენ იშვიათად ვიყენებთ ბინების ინტერიერის შერჩევისას. არადა, აქვე გეტყვით, რომ ეს შესანიშნავი საშუალებაა, გამოვკვეთოთ ჩვენი ხასიათი. თუ რა თქმა უნდა, სურათზე ცხოვრების ბედნიერი მომენტია ასახული. თუ თქვენ მაინცდამაინც ფოტოგენური არ ხართ, მიუხედავად ამისა, მაინც მოძებნით ისეთ სურათს, სადაც შედარებით კარგად გამოიყურებით.
დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად დაკიდებთ ან დადებთ ჩარჩოში ჩასმულ სურათს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თავად ჩარჩოსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ჩარჩო სურათს ფერითაც და სტრუქტურითაც უნდა ესადაგებოდეს. უმჯობესია, ის დაკიდოთ სარკის მარჯვნივ, რასაკვირველია, თუ მისაღებში ასეთი დიდი სარკე გაქვთ კედელზე დაკიდებული. თუ სურათი სამუშაო მაგიდაზე გინდათ დადოთ, მაშინ მას ადგილი მარჯვენა კუთხეში მიუჩინეთ, რადგან ეს ასტროლოგიაში ურთიერთობის ზონად მოიაზრება.
სკულპტურული გამოსახულებები და ნახატები გარე სამყაროს ენერგეტიკის ანარეკლთან გვაახლოვებს, ამიტომ, აუცილებელია, შევიგრძნოთ, რა გრძნობებსა და ემოციებს აღძრავს ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში და რამდენად შეესატყვისება ავტორის ხედვა შინაგანი სამყაროს ჩვენეულ აღქმას. წყლის პეიზაჟების, მთების, ყვავილების გამოსახულება დადებითად მოქმედებს სახლის ენერგეტიკაზე.
სურათები სახლის შესაბამის ზონებში მოათავსეთ, იმის მიხედვით, თუ რა არის ზედ გამოსახული. თუ თქვენ მტაცებელი ცხოველების გამოსახულებები გიზიდავთ, ისეთი სურათი შეარჩიეთ, რომ ძალიან აგრესიულად გამოიყურებოდეს. ეს არა მხოლოდ თვითრწმენასა და ძალას შეგმატებთ, არამედ სახლის შემოსასვლელში მისი ჩამოკიდებით ის დამცველი ტოტემის როლსაც შეითავსებს.
აკვარიუმი ოთახის იმ მონაკვეთში უნდა დადგათ, სადაც საჭიროა მუდმივი და მძლავრი ენერგეტიკული კვება. ოქროსფერი თევზების ყურება ხსნის სტრესს და ადუნებს სხეულს.
ყვავილებისა და პეპლების გამოსახულებიანი ფარდა ან შპალერი ადამიანებს რომანტიკულ განწყობას უქმნის, ასევე, ურთიერთობის სტაბილურობას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ მეუღლესთან ან სასიყვარულო პარტნიორთან გარკვეული პრობლემები გაქვთ, ეს რჩევა ნამდვილად დაგეხმარებათ. არ ვარგა გამხმარი ყვავილებისა და პეპლების სახლში შენახვა, მით უმეტეს – მათი ჩარჩოში ჩასმა და კედელზე დაკიდება ან მაგიდაზე დადგმა. აი, ნაჭერზე ამოქარგული ან საღებავებით მოხატული სურათის ჩარჩოში ჩასმა და მისაღებ ოთახში ჩამოკიდება კი, ძალიან კარგია.
გირჩევთ, თავიდან მოიშოროთ ის საგნები, რომლებიც უარყოფით ემოციებს აღძრავს თქვენში. ასევე, ხშირად შეუცვალეთ ოთახში ადგილი ავეჯსა და საგნებს. თუ რომელიმე საგანი ან ავეჯი ცუდ მოგონებებს აღძრავს თქვენში, ის არავითარ შემთხვევაში არ გააჩუქოთ, უბრალოდ, გადააგდეთ ან დაწვით.