უხილავი „თაგვი“
ეს არ არის პირველი აპარატი, რომელსაც შეუძლია, მომხმარებლის თითების მოძრაობა შეიცნოს, თუმცა, ის ყველაზე დახვეწილია და, აგრეთვე, გაცილებით სიმპათიური.
ახალი „მაუსით“ შეიძლება, ყველა ჩვეულებრივი მანიპულაციის შესრულება... შიშველი თითით – ცარიელ მაგიდაზე.
„ექომაუსი“ კორეულმა კომპანიამ გააფორმა პატარა სათამაშოს სახით, რომელიც ძაღლის ლეკვს ან კატის კნუტს უფრო მოგვაგონებს. „თაგვს“ თვალების ნაცვლად ინფრაწითელი სენსორები აქვს, რომელიც აფიქსირებს თითის მოძრაობას მაგიდაზე. ვირტუალური „თაგვის“ გამოყენება შეიძლება, როგორც პერსონალურ კომპიუტერთან (ნოუთბუქთან), ასევე, თავსებადია „ბლექბერის“ მოწყობილობებთან. ის კომპიუტერს უერთდება ბლუთუსით ან USB-ით. ამ უკანასკნელით ის მუხტავს თავის ბატარეას შემდგომი უმავთულო მუშაობისთვის (აკუმულატორი 2 საათის განმავლობაშია საკმარისი).
კორეული ფირმის არსენალში არის მეორე სიახლეც – „ჯადოსნური კუბის“ სახელწოდებით. პატარა ლაზერულ პროექტორს მაგიდის ზედაპირზე გამოჰყავს სტანდარტული კლავიატურის გამოსახულება. ინფრაწითელი სისტემა შეიცნობს თითების მოძრაობას. მას, აგრეთვე, შეუძლია რეაგირება ერთდროულად რამდენიმე ვირტუალური კლავიშის დაჭერაზეც.
ორივე გამოგონების დებიუტი 2011 წლის იანვარში შედგა და, კორეელების ვარაუდით, ბაზარზე აპრილის ბოლოსთვის გამოვა. მათი ფასი კი, შესაბამისად, 69 და 99 დოლარის ტოლი იქნება.