ავღანეთში არალეგალურად ჩასული ჯარისკაცის დედა და წარმატებული სპეცოპერაცია
ეს ისტორია გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში მოხდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ტრაგიკომიკური სიუჟეტის მიხედვით, ნიჭიერი დრამატურგი მშვენიერ სცენარს გამოაცხობდა.
1982 წელია, ავღანეთში ვართ, სადაც მაშინ გაგანია სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა და ზაფხულის სიცხეს ომის სიცხეც თან ერთვოდა. ივლისი იდგა და როგორც პირდაპირი, ასევე, გადატანითი მნიშვნელობით, ქვები „დუღდნენ“.
9 ივლისს, ბაგრამის სამხედრო აეროდრომზე სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა, რომელიც ვაზიანიდან ჩამოფრინდა და პროდუქტებით, მედიკამენტებითა და ტყვია-წამლით იყო დატვირთული. თვითმფრინავს ორმოციოდე წლის ქერათმიანი ქალბატონიც ჩამოჰყვა. მაშინ, მე სპეცნაზის ასეულს ვმეთაურობდი და ბიჭები ჩვენი სამხედრო ტვირთის წამოსაღებად წავიყვანე, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბიდან გამომიგზავნეს. მეც ჩემებს ვეხმარებოდი აღჭურვილობის გადმოტვირთვაში, როდესაც ქერათმიანი ქალბატონი მომიახლოვდა და მითხრა:
– ქართველი ბრძანდებით?
– დიახ! – მივუგე ქალბატონს და გავუღიმე.
ქალმა ხელი გამომიწოდა და მითხრა:
– ნატო გიგაური!
– კონსტანტინე გოგიჩაიშვილი, – მივუგე ქალბატონს, ხელზე ვეამბორე და ვკითხე, – რით შემიძლია გემსახუროთ?
– აქ ჩემი ვაჟი, გურამ გიგაური მსახურობს და მის სანახავად ჩამოვედი, – მომიგო ქალბატონმა, – იცით, მე სამხედრო ქირურგი ვარ, ვაზიანში ვმსახურობ და პირადი თხოვნის საფუძველზე, ნაცნობობით წამომიყვანა მფრინავმა. როგორც მოგეხსენებათ, თვითმფრინავი ზეგ ბრუნდება თბილისში და მინდა, ეს ორი დღე ჩემს გურამთან გავატარო. იქნებ, იცნობთ მას და მიმასწავლოთ, სად ვნახავ?
ქალის სიტყვებზე ტანში გამაცია. გურამ გიგაური მართლა წვევამდელი იყო, მაგრამ ისე მომეწონა, რომ ჩემს ასეულში ჩავრიცხე, გამოვწვრთენი და ყველაფერი ისე აითვისა, აკადემიადამთავრებულ სპეცრაზმელებს აჯობა, პირველი მეომარი გახდა და ყველაზე რთულ დავალებებზე ვგზავნიდი. იმ დღესაც სპეცდავალებას ასრულებდა. ოთხ მეომართან ერთად, ეგრეთ წოდებულ, „წითელ კლდეებზე” იყო წასული. ეს ადგილი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. იქ საველე მეთაურ მაჰმუდ ხანის ორმოცკაციანი დაჯგუფება იყო ბაზირებული. ჩვენებს იქაურობა უნდა დაეზვერათ, რომ ზუსტი კოორდინატები გვქონოდა მათ გასანადგურებლად.
– გურამი ჩემს რაზმშია, ქალბატონო, და საღამოს მოვა, მანამდე კი ყაზარმაში წამობრძანდით, ჩემს ოთახში დაელოდეთ, მოისვენეთ და თქვენს უკან დაბრუნებამდე, ორდღიან შვებულებას მივცემ, – ვუთხარი ქალს.
თითქოს ჩემს ჯინაზე, ლეიტენანტი სკვორცოვი მომიახლოვდა, „ჩესტი” ამიღო და მომახსენა:
– გიგაურის ჯგუფი მაჰმუდ ხანის დაჯგუფებამ დაატყვევაო.
სკვორცოვის სიტყვებზე გავფითრდი, რადგან ვიცოდი, ტყვეებს გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ და მათ დახოცავდნენ. ქალბატონმა ნატომ კი მკითხა:
– რას აპირებთ, თქვენს ხელქვეითებს ტყვეობიდან არ დაიხსნით?
– შევეცდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენები უკან დავაბრუნოთ, – მივუგე ქალს, სკვორცოვს კი ვუბრძანე, – ჩქარა პირველი და მეორე ქვედანაყოფები შეკრიბეთ და მანქანები მოამზადეთ. 30 წუთში „წითელი კლდეებისკენ” მივემართებით, ჩვენების დასახსნელად-მეთქი.
შემდეგ ქალბატონი ნატო ჩემს ოთახში შევიყვანე და ვთხოვე, არ ენერვიულა. იქიდან კი ჩემს მებრძოლებთან დავბრუნდი, მომავალი ოპერაციის თაობაზე მოკლე თათბირი ჩავუტარე მათ და ორი სამხედრო მანქანით, ძალიან რთული სპეცდავალების შესასრულებლად გავემართეთ.
მანქანები ოპერაციის ადგილიდან 2 კილომეტრში გავაჩერეთ. ის იყო გადმოვედით, გავნაწილდით და ჩვენების გამოსახსნელად მოვემზადეთ, რომ სამხედრო მანქანის ქვეშიდან ავტომატმომარჯვებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნატო გიგაური გამოძვრა და მტკიცედ განგვიცხადა:
– მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. ან ვიხსნით ტყვეებს, ან ყველანი ბრძოლის ველზე დავიხოცებით.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სპეცოპერაციაში, რომელიც წარმატებით დასრულდა, მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ქალბატონმა ნატომ შეასრულა. მან გამოცდილი მებრძოლივით გადალახა ყველა დაბრკოლება და თვით საველე მეთაური მაჰმუდ ხანი დაჭრა მუცელში, შემდეგ თავადვე გაუკეთა მას ოპერაცია და სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა.
ჯარისკაცის დედა, ქალბატონი ნატო გიგაური საბრძოლო მამაცობისთვის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.