როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ანთია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანთია, რომელიც ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლოკვეცილი ფორმაა და დროთა განმავლობაში საკუთარ სახელად იქცა.
ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.
ასევე, გვხვდება ტოპონიმები, მაგალითად, საანთიო – ზანის თემის მარჯვენა მხარეს.
ზოგი მკვლევარი ანთიას ანთიმოზის შემოკლებით ვარიანტად მიმოიხილავს.
საქართველოში 2 033 ანთია ცხოვრობს: ზუგდიდში – 916, წალენჯიხაში – 493, თბილისში – 181. არიან სხვაგანაც.
ჩიქავა
გვარის ფუძეა ჩიქა. ამ ფუძით რამდენიმე გვარია წარმოქმნილი, მაგალითად: ჩიქავა, ჩიქვანაია, ჩიქვინიძე, ჩიქობავა, ჩიქოვანი.
გვქონდა ადრეული ფორმა ჩიქვანი, მთავრული გვარი სვანეთში, საიდანაც არის ნაწარმოები გვარები: ჩიქვანაია და ჩიქოვანი.
ალექსანდრე ღლონტს წიგნში „ქართული საკუთარი სახელები” შეტანილი აქვს მამაკაცის საკუთარი სახელი ჩიქვი.
საქართველოში 203 ჩიქავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 165, თბილისში – 36, ფოთში – 2.
ტუჩაშვილი – ბაბაშვილი
დღევანდელი ტუჩაშვილები სოფელ ქურთაში 1781 წლის აღწერით ტუჩიაშვილებად არიან ჩაწერილები.
ტუჩაშვილების პირვანდელი გვარი ბაბეური ყოფილა, შემდგომში კი ბაბიაური გამხდარა. ხურთისში მცხოვრები ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი კი ბაბაშვილი ყოფილა.
1744 წლის აღწერაში ხურთისში სამი კომლი ბაბიაურია დაფიქსირებული.
ბაბეური-ბაბიაურები ანუ ბაბაშვილები ტუჩაშვილების გვარზე მეთვრამეტე საუკუნეში გადასულან. 1781 წლის აღწერაში, ისინი, ვინც 1774 წელს ბაბიაურის გვარს ატარებდნენ, ტუჩაშვილებად არიან ჩაწერილი.
ბაბაშვილები დღესაც ცხოვრობენ ხევში. ეს გვარი, როგორც სიონში, ისე ხერთვისში, თრუსოდან არის გადასული.
მეთვრამეტე საუკუნეში სოფელ მნაში ბაბეურების რვა ოჯახი ცხოვრობდა. ტუჩაშვილები და ბაბაშვილები ერთმანეთში ქალს დღესაც არ ათხოვებენ.
საქართველოში 209 ტუჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 73, მცხეთაში – 23, კასპში – 11. არიან სხვაგანაც.
122 ბაბაშვილი: თბილისში – 39, მცხეთაში – 37, ყვარელში – 23. არიან სხვაგანაც.
სკამკოჩიშვილი – სკამკოჩაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი სკამკოჩა. ეს მეტსახელი წარმოშობილია მეგრული გამოთქმიდან „სკან კოჩი“, რაც ნიშნავს „შენს კაცს“.
სკამკოჩიშვილი და სკამკოჩაშვილი ერთი და იგივე გვარია.
საქართველოში 65 სკამკოჩიშვილი ცხოვრობს: ოზურგეთში – 47, თბილისში – 10, ბათუმში – 8.
69 სკამკოჩაშვილი: ოზურგეთში – 61, თბილისში – 5, ბათუმში – 3.
იმედაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი იმედა.
ამავე ძირისაა გვარები იმედიშვილი, იმედიძე, იმედაძე.
„კოდელმა ივანე იმედაშვილმა 1826 წელს ამავე სოფლის წმიდა გიორგის ეკლესიაში მონათლა ქალიშვილი თინათინი. მიმრქმელი იყო თანასოფლელი ლაზარეშვილი.”
1860 წელს, თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმად მოიხსენიება სოსია იმედაშვილი.
საქართველოში 1 177 იმედაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 380, ახმეტაში – 165, გურჯაანში – 124. არიან სხვაგანაც.
ვარდიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვარდია. ეს სახელი ერქვა როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. ქართულში ამ სახელის რამდენიმე ფორმა გვხვდება: ვარდო, ვარდიკო, ვარდენი, ვარდიგულა, ვარდენია.
გრიგოლა ვარდიაშვილი მოიხსენიება 1509 წელს სუმბაძეების მიერ მარკოზ დედაბრიშვილის სახელზე გაცემულ ნასყიდობის წიგნში.
ნინია სოლოღოვის გლეხად, 1823 წელს, სოფელ ბორბალოს მოიხსენიება ვანო ვარდიაშვილი.
ქართველების მიერ გრიგორიანული სარწმუნოების მიღების შემდეგ ამ გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხად ჩაწერეს და სახელი ვარდუა ვართანად გადააკეთეს, ხოლო ამ ძირიდან ნაწარმოები გვარი ვართანაშვილად შეცვალეს.
ამავე ძირისაა გვარები: ვარდანისძე, ვარდიძე, ვარდოშვილი, ვარდანაშვილი, ვარდუაშვილი.
საქართველოში 1 475 ვარდიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 552, სიღნაღში – 208, რუსთავში – 165. არიან სხვაგანაც.
კოშაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოშა.
„ფიცეში მცხოვრებ კოშაძეს ჰყავს განაყოფი, რომელიც ერგო როინისა და მისი ბიძაშვილების – გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს.”
საქართველოში 690 კოშაძე ცხოვრობს: თბილისში – 281, კასპში – 236, გურჯაანში – 43. არიან სხვაგანაც.
უგრეხელიძე
გვარის ფუძეა უგრეხი, რაც პარკოსანი მცენარის სახელია.
რუსეთის მთავრობამ უგრეხელიძეები აზნაურებად დაამტკიცა და 1850 წელს სათვისტომო „ხავერდოვან წიგნში” შეიტანა.
საქართველოში 2 151 უგრეხელიძე ცხოვრობს: თბილისში – 479, ქუთაისში – 328, წყალტუბოში – 234. არიან სხვაგანაც.
მოლოდინაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა ლოდინი.
პაპუნა მოლოდინაშვილი მოიხსენიება ამირბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში.
ამავე ძირისაა გვარი მოლოდინი.
საქართველოში 153 მოლოდინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 77, სიღნაღში – 32, ლაგოდეხში – 22. არიან სხვაგანაც.
120 – მოლოდინი.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით