რატომ ვერ რიგდებოდნენ ერთმანეთთან ნათესავები და როგორ იპოვა წლების წინ დაკარგული ბიძა კრასნოდარის მხარეში მცხოვრებმა დისშვილმა
ნაპოვნი არიან: ალექსანდრე დავითის ძე ყანაშვილი და მარინა ალექსანდრეს ასული ყანაშვილი. ჩვენი რუბრიკის სტუმარი, კონსტანტინე კოლიკოვი, თავად უამბობს მკითხველს თავის ისტორიას და გაუზიარებს მათ დიდ სიხარულს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავებს დედის მხრიდან, ბიძას: 65 წლის ალექსანდრე დავითის ძე ყანაშვილს და ბიძაშვილებს: 42 წლის მარინა ალექსანდრეს ასულ და, 38 წლის იროდი ალექსანდრეს ძე ყანაშვილებს. ჩემი ნათესაობა პატარაობის შემდეგ აღარ მინახავს. ძალიან მინდა მათი პოვნა და ურთიერთობის აღდგენა. ჩვენ უაზრო კონფლიქტის გამო დავკარგეთ ერთმანეთი და ძალიან მინდა, ყველაფერი გამოსწორდეს და ურთიერთობა აღდგეს. ამჟამად ვცხოვრობ კრასნოდარის მხარეში და მათი მოძებნა დამოუკიდებლად ვერ შევძელი. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დამეხმაროთ მათ პოვნაში. იმედი მაქვს, დაივიწყებენ იმ კონფლიქტს და შეგვირიგდებიან.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაიბეჭდა ჟურნალ „თბილისელების” ¹11-ში. საბედნიეროდ, დედმამიშვილები ერთმანეთს შეურიგდნენ და დღესდღეობით უკვე ურთიერთობაც აქვთ.
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი ნათესაობა ნაპოვნია და მათ ურთიერთობა სურთ თქვენთან?
კონსტანტინე კოლიკოვი: პირველ ყოვლისა, ძალიან გამიხარდა. ვერც კი დავიჯერე, რადგან დედაჩემს თავის ნათესაობასთან ურთიერთობა უკვე წლების გამავლობაში არ ჰქონია, რასაც ძალზე განიცდიდა. როდესაც მე პირველად გადავწყვიტე, დავხმარებოდი მას ძმის მოძებნაში, იმედიც კი არ ჰქონდა; ფიქრობდა, რომც ეპოვა, მაინც ვერ შეურიგდებოდა. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ამდენი ხნის წინ დაწყებულ უაზრო უსიამოვნებას დასასრული უნდა ჰქონოდა: ბიძაჩემი არ ელაპარაკებოდა დედაჩემს, ნათელას, იმის გამო, რომ ის პეტერბურგში გათხოვდა და ცოლად გაჰყვა მამაჩემს – ივანე კოლიკოვს. ჩემი მშობლების დაქორწინების წინააღმდეგნი მამაჩემის მშობლებიც იყვნენ, მაგრამ, ეს იყო დიდი ხნის წინ და მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. დედაჩემს ძალიან ენატრებოდა ნათესავები, თქვენი რუბრიკის დახმარებით, მათ იპოვეს ერთმანეთი და, როგორც იქნა, შეურიგდნენ დედას. ბიძასთან მეც ვისაუბრე და აღმოჩნდა, რომ ისიც ნანობდა თავის საქციელს და ამდენი წლის დაკარგვას. ამჟამად მთელი ოჯახით ვგეგმავ საქართველოში ჩამოსვლას. სავარაუდოდ, ეს ზაფხულში, ივლისში მოხდება – დედაჩემი შეხვდება თავის ძმას და გულში ჩაიკრავს. როგორც დედა ამბობს, აღარაფერი მომკლავსო. ჩვენს ოჯახში დიდი სიხარულია. იმეილით უკვე მივიღეთ ნათესავების სურათები, მარინასაც და იროდისაც ჰყავთ შვილები, პატარა ირაკლი კი (მარინას შვილი) ძალიან ჰგავს დედაჩემს. რთულია სიტყვებით გადმოგცეთ ჩვენი სიხარული, რადგან მათ შორის კონტაქტი 10 წელი არ ყოფილა, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ისინი ერთმანეთს შეურიგდნენ.
– ხომ არ იყო კიდევ რაიმე სხვა მიზეზი, რის გამოც ნათესავებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდათ?
– რთული დასაჯერებელია, მაგრამ, სხვა მიზეზი არ ყოფილა. დედაჩემსაც არაერთხელ უთქვამს, რომ მის ძმასა და მამას ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონიათ, ძალზე ჯიუტები ყოფილან, უბრალოდ, ვერ პატიობდნენ და მორჩა. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს აუცილებლად უნდა დასრულებულიყო. ახლა, როდესაც თქვენი დახმარებით ბიძა ვიპოვე, მისგან გავიგე, რომ თურმე მასაც უნდოდა შერიგება. თვითონ მითხრა რა ვქნა, შვილო, ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს და პირველ ნაბიჯს ვერ ვდგამდიო. ისე გამოვიდა, რომ პირველი ნაბიჯი დედასაც და ბიძასაც მე გადავადგმევინე, რაც ჩემი მეუღლის დახმარებითა და მხარდაჭერით გამომივიდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მოკლე დროში, ხელახლა შევიძენდი ბიძასა და ბიძაშვილებს და დედაჩემს ამხელა სიხარულს მივანიჭებდი.
– დედათქვენს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ მისი ძმა და ნათესაობა ნაპოვნია?
– ძალიან გაუხარდა, რადგან, როგორც გითხარით, უკვე იმედიც კი არ ჰქონდა. ერთი მხრივ, ვერც იჯერებდა, რომ პოვნის შემთხვევაში მას ძმა შეურიგდებოდა. როდესაც და-ძმას შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა, დედა სიხარულისგან ტიროდა. მან მაშინვე უთხრა ალექსანდრეს, რომ ბევრჯერ სწერდა წერილებს, რომ ძალიან ენატრებოდა და აღარ უნდა, თავიდან დაკარგოს დედმამიშვილი. სამწუხაროდ, ისინი ვერ ახერხებენ კრასნოდარის მხარეში ჩამოსვლას, მაგრამ, არა უშავს, ჩვენ ჩავალთ მათთან.