რის გამო დათმო პირველი ადგილი მილიარდერების რეიტინგში ბილ გეითსმა და რამდენ მილიარდ დოლარს ფლობს ყველაზე მდიდარი ევროპელი ბერნარ არნო
2011 წლის „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგმა ორი ისტორიული რეკორდი დაამყარა: გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა (1210 ადამიანი) და თანხის საერთო თანხამ ფანტასტიკურ ნიშნულს – 4,5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ყველაზე დიდი წინსვლით რეიტინგში ბრაზილიის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, ინდოეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები გამოიკვეთნენ, რომელთაგან 108 – რეიტინგის ახალწვეულია. 100-ზე მეტი მილიარდერი ჰყავთ შეერთებულ შტატებს (413), ჩინეთს (115) და რუსეთს (101), რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, სადაც, გასულ წლებთან შედარებით, მილიარდერთა რაოდენობამ 332 შეადგინა, რაც 98 ადამიანით აღემატება წინა წლების რეიტინგებს. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ მსოფლიოს მილიარდერების პირველ ათეულს.
კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა) – 74 მილიარდი ამერიკული დოლარი
გარდა იმისა, რომ კარლოს სლიმ ელუ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეორედ გახდა, მისმა ქონებამ ყველაზე დიდი ზრდა განიცადა (20,5 მილიარდი). საერთო ჯამში, მეორე ადგილზე გასული ბილ გეითსი სლიმ ელუს 18 მილიარდი დოლარით ჩამორჩება. ელუს ფანტასტიკური მოგება განაპირობა მექსიკის საფონდო ბირჟის 19 პროცენტით გაზრდამ, პესოს გამყარებამ და ელუს საკუთრებაში არსებული საწარმოების წარმატებულმა მუშაობამ. გასულ წელს მექსიკელმა მაგნატმა ტელეფონის ფიქსირებული კავშირის კომპანია გააერთიანა ყველაზე მსხვილ მობილურ ოპერატორთან ლათინურ ამერიკაში – „ამერიკა მოვილთან”. გარდა ამისა, მისი საკუთრება გახდა მაღაზიათა ქსელი „საქს” და გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმზის” წილი. რამდენიმე ხნის წინ სლიმ ელუმ მეხიკოში გახსნა მუზეუმი – სუმაია, სადაც სრულიად უფასოდ სთავაზობს დამთვალიერებლებს თავის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციებს.
ბილ გეითსი ამერიკის შეერთებული შტატები – 56 მილიარდი ამერიკული დოლარი
„მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა, ამერიკის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა და ფუტურისტმა ბილ გეითსმა უკვე 60 მილიარდერი დაითანხმა იმაზე, რომ სიკვდილის შემდეგ ისინი ქონების დიდ ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარენ. პირველი ადგილი რეიტინგში გეითსმა სწორედ ქველმოქმედების გამო დათმო, რადგან საქველმოქმედო ფონდ „ბილ ენდ მელისა გეითსს” უპრეცედენტოდ დიდი თანხა – 30 მილიარდი დოლარი გადაურიცხა. გეითსის ქონების 70 პროცენტს ფონდი „კასკადი” ხელმძღვანელობს, რომელიც აბანდებს თანხებს ჰეჯ-ფონდებში, საავტომობილო წარმოებაში, „კოკა-კოლაში“; დანარჩენი 30 პროცენტი კი „მაიკროსოფტის” წილია.
უორენ ბაფეტი ამერიკის შეერთებული შტატები – 50 მილიარდი დოლარი
უორენ ბაფეტმა 1965 წელს შეიძინა ტექსტილის ფირმა „ბერკშაირ ჰეთევეი” და მომდევნო წლების განმავლობაში უზარმაზარ ჰოლდინგად აქცია, რომელმაც გასულ წელს ფასში 15-პროცენტიანი ზრდა განიცადა, რამაც ბაფეტს დამატებითი 3 მილიარდი მოუტანა. ბაფეტი 80 წლის ასაკშიც კი განაგრძობს ნადირობას მომგებიან პროექტებზე. 2010 წელს მან 26 მილიარდ დოლარად რკინიგზა „ბერლინგტონ ნორზერნ სანტა ფე” შეიძინა.
ბერნარ არნო (საფრანგეთი) – 41 მილიარდი დოლარი
ფუფუნებისა და ძვირფასი ნივთების ევროპელი გამყიდველი, ბერნარ არნო, ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 13,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც გამოიწვია მოთხოვნამ არნოს საკუთრებაში არსებული ჰოლდინგის-LVMH-ის ქვებრენდებზე, შამპანურ „დომ პერინიონზე”, კონიაკ „ჰენესიზე”, მაჯის საათ „ტაგ ჰაუერზე” და „ლუი ვიტონის” აქსესუარებზე. ბერნარ არნო იმდენად მდიდარია, რომ მას აქვს უფლება, სამსახურიდან გაათავისუფლოს ჯონ გალიანო – „კრისტიან დიორის” დიზაინერი, რომელმაც ანტისემიტური განცხადებებით გაითქვა სახელი.
ლარი ელისონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 39,5
მილიარდი აშშ დოლარი
კომპანია „ორაკლის” მფლობელის ქონება გასულ წელთან შედარებით, 11,5 მილიარდი დოლარით ხოლო „ორაკლის” აქციათა ფასი – 30 პროცენტით გაიზარდა. წლების განმავლობაში ელისონმა 40 მილიარდ დოლარად მრავალი კომპანია შეიძინა, თუმცა, ყველაზე დიდმა შენაძენმა, „სან მიკროსისტემზმა”, სწორედ 2010 წელს მოუტანა მას მოგება. ლარი ელისონი, რომლის ოფიციალური ხელფასი კომპანიაში თვეში 1 დოლარია, აფროსნობით არის გატაცებული და 2010 წელს მან გაიმარჯვა „ამერიკის თასის” პრესტიჟულ ტურნირში. მომავალში ელისონი თავისი ქონების 95 პროცენტის ქველმოქმედებაზე გადაცემას გეგმავს.
ლაქშმი მიტალი (ინდოეთი) – 31, 1 მილიარდი ამერიკული დოლარი
„არცეროლმიტალის” მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ფოლადის მწარმოებელი კომპანიის სუფთა მოგება გასულ წელთან შედარებით 18-ჯერ გაიზარდა და 2,9 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. მიტალის დაფინანსებით ლონდონში მიმდინარეობს 130-მეტრიანი ქანდაკების – „არცელორმიტალ ორბიტის” მშენებლობა, რომელიც 2012 წლის ოლიმპიადისთვის მზად უნდა იყოს. ლონდონში მცხოვრებმა მიტალმა ალდერბრუკის პარკი შეიძინა – 136 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც 40 მილიონ დოლარად ეკოლოგიურად სუფთა სასახლის აშენებას აპირებს. მისმა ქალიშვილმა, ვანიშამ, ნიუ-იორკში ჰეჯ-ფონდი „როკ კაპიტალ მენეჯმენტი” შეიძინა, ხოლო რძალი, მეგჰე, გერმანული მოდის სახლ „ესკადეს” მფლობელი გახდა.
ამანსიო ორტეგა (ესპანეთი) – 31 მილიარდი ამერიკული დოლარი
ამა წლის იანვარში ორტეგამ დატოვა კომპანია „ინდიტექსის” დირექტორის პოსტი, თუმცა კომპანიის აქციათა 87 პროცენტი ისევ მის ხელშია. „ინდიტექსის” შემადგენლობაშია შემდეგი ბრენდები: „ზარა”, „მასიმო დუტი” და „სტრადივარიუსი”. კომპანიის საკუთრებაშია 5 000 მაღაზია მსოფლიოს 77 ქვეყანაში. გარდა ამისა, ამანსიო ორტეგამ გასულ წელს ინვესტიციები განახორციელა უძრავ ქონებაში ფლორიდაში, მადრიდში, ლისაბონსა და ლონდონში. მისმა წლიურმა შემოსავალმა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ეიკე ბატისტა (ბრაზილია) – 30 მილიარდი ამერიკული დოლარი
ყველაზე მდიდარი ბრაზილიელი პლანეტაზე, ეიკე ბატისტა, ინტერვიუებში კარლოს სლიმ ელუს ემუქრება და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სწორედ ის გახდება პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი. ამ მუქარას რომ ასრულება უწერია, ბატისტას ქონების ყოველწლიური ზრდა მეტყველებს, ამჟამად მის აქტივში 30 მილიარდია და, იმის გათვალისწინებით, რომ სანავთობო და მეტალურგიული ინდუსტრია მუდამ წამყვანია მსოფლიო ბიზნესში, ბატისტას მუქარამ სლიმ ელუ სერიოზულად უნდა დააფიქროს.
მუკეშ ამბანი (ინდოეთი) – 27
მილიარდი ამერიკული დოლარი
გაზ-ნავთობის კონგლომერატი „რელაინს ინდასთრისი” ინდოეთის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, რომელიც გასულ წელს „ბიპის” პარტნიორი გახდა, მიჰყიდა რა აქციების 30 პროცენტი 7,2 მილიარდ დოლარად. ეს გარიგება ყველაზე მსხვილ უცხოურ ინვესტიციად ითვლება ინდოეთში. მუკეშ ამბანიმ უკვე დაასრულა თავისი 27-სართულიანი სასახლის მშენებლობა მუმბაიში, სადაც ყოველკვირა აწყობს წვეულებებს, თუმცა საცხოვრებლად ჯერაც არ გადასულა იქ.
კრისტი უოლტონი და ოჯახი (ამერიკა) – 26,5 მილიარდი ამერიკული დოლარი
ჯონ უოლტონის ქვრივი, კრისტი უოლტონი პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალია, რომელმაც დიდძალი ქონება მეუღლის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, 2005 წელს მიიღო. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო „უოლ-მარტის” სუპერმარკეტების ქსელია, სადაც 2,1 მილიონი ადამიანია დასაქმებული და რომლის გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 420 მილიარდ დოლარს შეადგენს. კრისტი უოლტონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპია – იგი მუზეუმებს, განათლებასა და ორგანულ მებაღეობას ეხმარება.