სტალინმა პირველი აჯანყება სკოლაში მოაწყო
ჩვენ და ჩვენს მშობლებს საქართველო ძალიან გვიყვარდა, რუსი მასწავლებლებისადმი ზიზღი კი იმდენად დიდი იყო, რომ მათზე შურისძიება ერთადერთ მოთხოვნილებად გვექცა. ქართული ენის მოძულე რუს მასწავლებლებზე შურისძიების წამქეზებელი და მოთავე კი სოსო ჯუღაშვილი გახლდათ – ერთდროულად საუკეთესო და უწესო მოწაფე.
„სტალინი და საქართველოს ტრაგედია”, იოსებ ირემაშვილი, ბერლინი, 1932 წელი.
პატარა მეამბოხე
1890 წელს გორის სასწავლებლის ქართველი მასწავლებლები რუსებმა შეცვალეს. მათი მოსვლის შემდეგ, პირველი და ყველაზე უსიამოვნო ღონისძიება ბავშვებისთვის ქართული ენის რუსულით შეცვლა იყო, რომლის ათვისება გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა, მშობლიური ენისთვის სალაპარაკო ფუნქციაც რომ არ წაერთმიათ გადამთიელ ბარბაროსებს. პატარა ბავშვს, დედა ენაზე სიტყვის წარმოთქმის შემთხვევაში, სასტიკი სასჯელი ელოდა. თავდაპირველად, პატარები უმწეოდ და დამუნჯებულებიც კი იდგნენ მასწავლებლების წინაშე, რადგან რუსული არ იცოდნენ და სიტყვასაც ვერ ამბობდნენ, რის გამოც, მრავალი სასჯელი ატყდებოდათ თავს. ბეჯითი მოსწავლეებიც არ იყვნენ დაზღვეული – სახაზავით, ჯოხითა და მუშტით ცემას. ყველა მიეჩვია და ვაჟკაცურადაც უძლებდნენ. მაგრამ, რუსმა „პედაგოგებმა” რუსული სისასტიკის ახალი, განსაკუთრებული მეთოდები შემოიღეს. გასაკვირი არაფერია, ისინი ხომ ქართველებს დაბალი კულტურის ადამიანებად მიიჩნევდნენ და მათი უსულო დამოკიდებულება ჩვენი ძეგლების, ისტორიისა და ლიტერატურის მიმართ ბუნებრივი იყო. ახალი აღმზრდელების ყველაზე მძიმე და შეურაცხმყოფელი სასჯელი გახლდათ ბავშვის შიშველი ფეხებით ორი საათი წვრილ კენჭებზე დგომა ან კუთხეში დაყენება. დასჯილს ხელში ხის ოთხკუთხედი ფირფიტა იმდენ ხანს ეკავა, სანამ სხვას არ შეაჩეჩებდა და ვისაც ბოლოს ერგებოდა, კარცერში ჩაამწყვდევდნენ, სადაც უსმელ-უჭმელებს წყვდიადში კეტავდნენ. ბარბაროსები იქამდეც მივიდნენ, რომ მოსწავლეებზე ზედამხედველობას და მუდმივ მეთვალყურეობას სკოლის გარეთაც ახორციელებდნენ – სახლებში ამოწმებდნენ, მეცადინეობენ თუ არა რუსულ მართლწერაში და მშობლების თანდასწრებით, კარცერით ემუქრებოდნენ. ასეთი ვითარება, ცხადია, პროტესტს გამოიწვევდა და ასეც მოხდა. სოსო ჯუღაშვილი საუკეთესო, მაგრამ უწესო მოსწავლედ ითვლებოდა და ყოველთვის შურისძიების წამქეზებელი და მოთავე ის გახლდათ. განსაკუთრებით სძულდა სასწავლებლის მთავარი ინსპექტორი, რომელსაც ერთ დილას სიურპრიზი მოუწყო: ბავშვები სკოლის დერეფანში გამწკრივდნენ და მის გამოჩენაზე სტვენა და ღრიანცელი მორთეს. ულიანოვი აქეთ-იქით გაცხარებით იქნევდა მუშტებს, მასწავლებლებმა ძლივს შეძლეს მოსწავლეების დამშვიდება. ეს სოსოს მიერ მოწყობილი პირველი აჯანყება იყო. ის ყველამ ერთხმად ცნო ამბოხების მოთავედ და მიუხედავად მისი მაღალი აკადემიური მოსწრებისა, ადმინისტრაციის რისხვა დაატყდა თავს, რომელიც სკოლის დამთავრებამდე თან სდევდა. შიშველი ფეხებით კენჭებზე საათობით დგომას კი, ვერც იოსებ ირემაშვილი აცდა, რომელიც მისი თანაჯგუფელი და მეგობარი იყო. შეიძლება, ამიტომ და სხვა მრავალი მოგონების გამოც, შემდგომში უკიდურესად მტრულ ბანაკში მყოფი (ის გერმანიაში ემიგრაციის დროს ნაციონალ-სოციალისტი, ჰიტლერის ნაცისტური პარტიის წევრი გახდა) მაინც არ კარგავს ობიექტურობის განცდას და არც მისი ბავშვობის მეგობრისა და სეხნიის დადებით თვისებებს ჩქმალავს.
16 წლის პატრიოტი
1895 წლის 14 ივნისს გაზეთ „ივერიაში” სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე, პირველ გვერდზე დაბეჭდა საზოგადოებისთვის უცნობი, თექვსმეტი წლის ყმაწვილის უსათაურო ლექსი. „ივერია”, ფაქტობრივად, ერთადერთი ქართული გაზეთი იყო, რომლის ამბიცია ერის გაერთიანებასა და პატრიოტული აზროვნების დამკვიდრებას ემსახურებოდა, ანუ – „ნექტრით ჩხვლეტას,” როგორც საქართველოს სულიერი მამა იტყოდა. მაშინ, ილიას, როგორც მთავარ რედაქტორს, ყოფითი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა პრობლემა მიზანში ჰქონდა ამოღებული. იმ პერიოდისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო მოსახლეობის ტოტალური გაუნათლებლობა, სწორედ ამისთვის შეიქმნა ილიას თაოსნობით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; ამიტომ შეიტანა „ყმაწვილთა აღმზრდელმა” იაკობ გოგებაშვილმა იოსებ ჯუღაშვილის პირველი ლექსი „დედა ენაში,” რომელსაც შემდგომ თაობები ბეჯითად იზეპირებდნენ. „სოსოს არასდროს არ უოცნებია პოეტი გამხდარიყო, უბრალოდ ის გენიოსი იყო. აქტუალურ, პრობლემურ საკითხს შეეხო და ქართველი ინტელექტუალების ყურადღების ცენტრში მოექცა”, – წერს გამოჩენილი ამერიკელი ჟურნალისტი, ჰარისონ სოლზბერი (მინესოტის უნივერსიტეტის ბაკალავრი, პულიცერის პრემიის ლაურეატი), რომელიც 1949-1954 წლებში „ნიუ-იორკ თაიმსის” წამყვანი კორესპონდენტი გახლდათ და სპეციალურად წარგზავნეს მოსკოვში, ტრაკოვსკის მიერ თარგმნილი სტალინის ლექსების შესასწავლად. ის ზედმიწევნით გაეცნო ბელადის ახალგაზრდობის პერიოდს. რადგან მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის დადგენა სურდა, სერიოზული კვლევითი სამუშაოები ჩაატარა და 1951 წელს თბილისსა და გორსაც ესტუმრა, სტალინის ლიტერატურული კარიერისა და მისი რომანტიკული ლექსების შესასწავლად, მაგრამ აღმოაჩინა, რომ სოსო ჯუღაშვილი შორს იყო ზოგადსაკაცობრიო მავნე იდეებისგან და ნაციონალისტური იდეებით გახლდათ შეპყრობილი. საკმაოდ მყარი არგუმენტებიც არსებობს: ირემაშვილთან და სხვა მეგობრებთან ერთად, შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ სოსო საქართველოს ტრაგიკულ ბედზეც ბევრს საუბრობდა და „ვეფხისტყაოსანსაც“ აღფრთოვანებით კითხულობდა. მისი იდეალი ალექსანდრე ყაზბეგის გმირი კობა გახლდათ, რომელმაც რუსებს კავკასიელი მთის ხალხების დამონებაში ხელი შეუშალა, ამისთვის კი შეიპყრეს და დაატყვევეს. კობა სოსოს ცხოვრების იდეალად და არსად იქცა – სახე სიამაყითა და სიხარულით უბრწყინავდა, როცა ამ სახელით მიმართავდნენ. რაც შეეხება ადამიანურ მხარეს, ჰარისონ სოლზბერმა დაადგინა, რომ სტალინი განდიდების მანიით სულაც არ იყო შეპყრობილი, პირიქით, ზედმეტად მოკრძალებული პიროვნება გახლდათ. ამის დასტურად ტარკოვსკისთან დაკავშირებული მაგალითიც მოყავს და ცნობილ რუს კრიტიკოსს, ლევ ოვრუცკის იმოწმებს. 1949 წლის ერთ ღამეს, ტარკოვსკის უცნობი სტუმრები ეწვივნენ. ის მაშინ ლუბიანკის პირდაპირ ცხოვრობდა და „რატომღაც” იფიქრა, რომ იქ წააბრძანებდნენ. ავტომანქანა დიდი თეატრის მიმართულებით დაიძრა. პოეტმა იფიქრა, რომ ბუტირკის ციხეში მიყავდათ, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა – როცა მანეჟს შემოუარეს, მანქანა კრემლის ეზოში შესრიალდა. ის ბოლოს კაბინეტში შეიყვანეს, სადაც მალენკოვი და პოსკრებიშევი ელოდნენ. მათ ტარკოვსკის ქართულიდან რუსულ ენაზე, ბელადის დაბადების სამოცდაათი წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მისი ყრმობის ლექსების თარგმნა დაავალეს. მეგობრებს სიურპრიზის გაკეთება სურდათ. ტარკოვსკიმ რამდენიმე კვირა შესწირა ამ სახიფათო, თუმცა საინტერესო დავალების შესრულებას. ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც დაიწყო. პოეტმა რამდენიმე კვირაში გაართვა თავი ამოცანას. ტარკოვსკი იმავე მარშრუტით და იმავე კაბინეტში შეიყვანეს და უთხრეს, რომ „ამხანაგმა სტალინმა შეიტყო ჩვენი განზრახვის შესახებ და მისთვის ჩვეული თავმდაბლობით ითხოვა – ხელი აეღოთ ამ საქმეზე” – შემდეგ პორტფელები გაცვალეს. პოეტისთვის გადაცემულ პორტფელში აღმოჩნდა ჰონორარი, რომელიც საგრძნობლად აღემატებოდა პოეტის ჩვეულებრივ გასამრჯელოს. ტარკოვსკი შოკირებული იყო ბელადის საქციელით. აღშფოთებას ვერც ჰარისონ სოლზბერი ფარავს, რადგან მიაჩნია, რომ თარგმანი უშიშროების არქივებში არ უნდა იდოს. სხვათა შორის, სოსო ჯუღაშვილის უსათაურო ლექსში ნიკიტა ხრუშჩოვმაც შენიშნა „ნაციონალისტური მარცვალი” და რეპრესიული ზომები მიიღო – ლექსი, რომელიც წმიდა ილია მართალმა აკურთხა და იაკობ გოგებაშვილმა „დედა ენაში” შეიტანა, სასწრაფოდ ამოიღეს საყმაწვილო სახელმძღვანელოებიდან. თუმცა, იმ ადამიანისგან გასაკვირი არაფერია, რომელმაც გაერთიანებული ერების ასამბლეაზე, ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდას ურტყა. ხმამაღლა ყვიროდა და ამერიკას ემუქრებოდა, თქვენს კუნძულს ჩავძირავო. გასაკვირი და უცნაური ის გახლავთ, რომ ლექსი დღესაც არ არის სათანადოდ რეაბილიტირებული. არადა, ყავლი არც შინაარსს გასვლია და არც პათოსს – ტოტალური გაუნათლებლობის პრობლემა, სამწუხაროდ, დღესაც დღის წესრიგშია და როგორც არასდროს, აქტუალურია – „და შენც, ქართველო, სწავლითა, სამშობლო გაახარეო!”
P.S. სტალინმა პოეტი ასეევი კრემლში დაპატიჟა. სტუმარმა პოეზიაზე ისაუბრა და რომელიღაც ლექსის ნაწყვეტიც წაიკითხა ფრანგულ ენაზე. ბელადს მოეწონა და გამოუტყდა, რომ ახალგაზრდობაში ლექსს კბილი მანაც მოუსინჯა. პრემიები ჯერ გამოქვეყნებული არ იყო, მაგრამ ბელადმა უთხრა, რომ პრემიას, რომელსაც სხვები სცენურს უწოდებენ, შეუძლია ჩათვალოს, რომ მას მიენიჭა, პოემისთვის „ასე იწყებოდა მაიაკოვსკი”. მაშინ ასეევმა შემთხვევით ისარგებლა და მადლობასთან ერთად თხოვნით მიმართა სტალინს. გაბედა და პირდაპირ უთხრა, რომ მაიაკოვსკის ცოლს, ლილია ბრიკის საფრთხე ემუქრებოდა, რადგან დასაპატიმრებელთა სიაშია მოყვანილიო. მისი დანაშაული კი, მხოლოდ ის არის, რომ სხვას, ყოფილ თანაჯგუფელს ენდო. ამის გამო პოეტები სააპელაციო სარჩელის შეტანას აპირებენო. ბელადმა მომენტალურად აიღო სამთავრობო ტელეფონი და განკარგულება გასცა – ნუ შევეხებით მაიაკოვსკის ცოლს! ნიკოლოზს კი ჰკითხა, პარტიული იყო თუ არა. ამაზე არ მიფიქრიაო, უპასუხა პოეტმა. სტალინი ფეხზე წამოდგა ახალგაზრდა დამწყები პოეტის პოემა – „ჭიანჭველების ქვეყანა” ამოიღო, მიაწოდა სტუმარს და უთხრა, თქვენ, ალბათ, არ მოგეწონებათ, მაგრამ გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ და რეცენზია დაწეროთ. სახლში დაბრუნებისთანავე კი, მას „პრავდის“ რედაქტორმა დაურეკა და უთხრა: ვიცით, რომ ტვარდოვსკის პოემაზე რეცენზიის დაწერას აპირებთ, მზად ვართ გვერდები დაგითმოთო. კრემლის კაბინეტიდან გამოსვლისას ბელადმა წაახალისა – ბევრს ნუ იფიქრებ, ლექსებს როცა ვწერდი, არც მე ვიყავი პარტიულიო.
სტატიაში გამოყენებულია ფრაგმენტები სტალინის მეგობრის, სკოლელის, თანაკურსელის, შემდგომში კი ჰიტლერის თანაპარტიელისა და თანამოაზრის, იოსებ ირემაშვილის მემუარული წიგნიდან „სტალინი და საქართველოს ტრაგედია,” ბერლინი, 1932 წელი.