როდის იწყებს ავტომობილი ვიბრაციას და რას ნიშნავს კაკუნის ხმა მართვის დროს
ზამთრის შემდეგ გაფუჭებულ გზებზე განსაკუთრებულ თავის ტკივილს ავტომობილის სავალი ნაწილი იწვევს. ხელოსნებთან მისულ დაბნეულ მძღოლებს, სპეციფიკურ ენაზე ელაპარაკებიან და კიდევ უფრო ახერხებენ მათ დაბნევას. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე დღეს სავალი ნაწილის მოვლაზე საუბრობს.
მევლუდ მელაძე: ზამთრის შემდეგ, ყინვებისა და წვიმების შედეგად, ამ პერიოდში ყველაზე მეტი ორმო ჩნდება. სანამ მათ შერემონტებას დაამთავრებენ, გზაზე ხშირად გვხვდება მოულოდნელი ორმოები. გუშინ გავიარე, არ იყო, დღეს რაღაც დიდ თხრილში ჩავვარდი, – ასეთი რამ ხშირად ხდება. ამას ემატება ისიც, რომ ზამთარში, სიცივეში, ავტომობილის მიხედვა – სერვისი, ყველას გვეზარება. პატარა დეტალების შეკეთებას გაზაფხულისთვის ვდებთ და ეს ყველაფერი გროვდება. ბოლოს კი, ზამთრის პერიოდი ძალიან ცუდად მოქმედებს სხვადასხვა დეტალზე, განსაკუთრებით სავალ ნაწილზე. გაყინული, შესაბამისად, ხისტი დეტალი იოლად გამოდის მწყობრიდან.
უპირველესად, უსწორმასწორო გზებზე სიარულისას, დარტყმას ავტომობილის დისკები იღებს, მით უმეტეს თუ დაბალბორტიან საბურავებზე დგას. დისკები იოლად იღუნება და შემდეგ იწვევს ვიბრაციას. ყველას ჰგონია, რომ ეს ბალანსის ბრალია და ვულკანიზაციაშიც კი მიჰყავთ ამის გამო მანქანა, მაგრამ რეალურად, შეიძლება დისკი იყოს გაღუნული. ერთი უხეში გადავლა ისეთ გზაზე, სადაც რამდენიმე, თუნდაც პატარა ორმოა და, თუ დისკების გაღუნვას არა, ეგრეთ წოდებულ „რაზვალის” ანუ ნახარის არევას მაინც გამოიწვევს. ამის შემდეგ, ავტომობილი, თუ საჭეს ხელს გავუშვებთ, მარჯვნივ ან მარცხნივ იწყებს სიარულს. ისიც შეიძლება, სწორად მიდიოდეს, მაგრამ საბურავები წივილის ხმას უშვებდეს. ესეც ნიშნავს, რომ „რაზვალი” აირია. არეული „რაზვალით” სხვათა შორის, ძალიან ბევრი მძღოლი დიდხანს დადის. არადა, ეს საბურავებს მალე ცვეთს. „რაზვალმა”, ისევე, როგორც სხვადასხვა სახის ვიბრაციამ, შეიძლება დააზიანოს, ეგრეთ წოდებული „ნაკანეჩნიკი” – დეტალის დაბოლოება, რომელიც დამაგრებულია, უშუალოდ, ბორბალთან და უზრუნველყოფს საჭის მოხვევას. ასევე, ამ დეტალის დასაწყისი ნაწილი – ეგრეთ წოდებული „უდარნი ტიაგა“, ანუ საჭის ცენტრალური მექანიზმიდან გამომავალი ძელი, რომელსაც უერთდება მეორე, დამაბოლოებელი ძელი. გარდა ამისა, დაზიანებული შეიძლება იყოს, „შარავოი” – რკინის დიდი დეტალი, რასაც საბურავი ვერტიკალურ მდგომარეობაში უჭირავს.
– როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ეს დაზიანებები აქვს ავტომობილს?
– შეიძლება, ვერც მივხვდეთ, რადგან გარკვეული პერიოდი, ის მინიშნებებს იძლევა. სავალი ნაწილიდან გავიგებთ კაკუნის ხმას.
– „უდარნი ტიაგა“ შეიძლება, ერთი ჩარტყმისგანაც კი გაფუჭდეს?
– თუ უზარმაზარ ორმოში არ ჩავვარდით, არა, მაგრამ ზამთრის შემდეგ დაბოლოებები და „უდარნი ტიაგა“, „შარავოი” უფრო იოლად ფუჭდება. გაფუჭების მიზეზი შეიძლება ისიც გახდეს, რომ ზოგჯერ წლები გადის ისე, მას არავინ ცვლის. მისი დამცავი რეზინა ხშირად ზიანდება, იპარება ჭუჭყი. ჭუჭყი საცხებ მასალას აშრობს და მოძრაობაში საკუთარ თავს თავად აზიანებს. თუ რაღაც პერიოდულობით, განსაკუთრებით კი წლის ამ დროს, სავალ ნაწილს გადავამოწმებინებთ – ამ რეზინებს მოვახსნევინებთ, ხელმეორედ დავაპოხინებთ აღნიშნულ დეტალებს და საერთოდ, რეზინებს გამოვცვლით, რომელიც მაქსიმუმ ერთი ლარი ღირს და არასდროს ნებაყოფლობით არავინ ცვლის, სავალი ნაწილი კიდევ დიდხანს, წლობით იმუშავებს და დაიცავს იმ დეტალებს დაზიანებისგან, რომელთა შეცვლაც გაცილებით ძვირი ღირს.
– მაგრამ, თუ თვითონ დეტალია დაზიანებული?
– არსებობს ადგილები, სადაც ამ დეტალებს აღადგენენ კიდეც, თუმცა ამას არ გირჩევთ. აღდგენილი სავალი ნაწილის დროს, საჭეც უხეშდება და მისი მართვაც ძნელდება, რადგან აღდგენილი დეტალი უფრო მეტად არის დაპრესილი, ვიდრე ეს მას სჭირდება. სხვათა შორის, ამ დეტალების აღდგენა გარანტიით ხდება და ერთი წლის განმავლობაში არ გაფუჭდება. ახალი დეტალი როგორ ცუდ ქარხანაშიც არ უნდა იყოს დამზადებული და უხარისხო იყოს, მინიმუმ, იმდენს მაინც გაძლებს, რამდენსაც აღდგენილი. მიუხედავად ამისა, მაინც გირჩევთ, ახალი იყიდოთ. შეიძლება, ფასში იყოს მნიშვნელოვანი განსხვავება, მაგრამ ის ისევ იმდენივე ათწლეული გაძლებს, რამდენსაც პირველმა ქარხნულმა დეტალმა გაუძლო.
– კიდევ არის რამე, რასაც გაფუჭებული გზები აზიანებს?
– ეს არის „რაზვალნი ვტულკები” – ჩაპრესილი რეზინის დეტალები, რომელიც უზრუნველყოფს ბორბლის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერას. ანუ, სპეციალური ბერკეტები, რომელიც ძარაზეა მიმაგრებული. იმისთვის, რომ ხისტი არ იყოს, მას მიმაგრებული აქვს რეზინები, რათა ჩარტყმის შემთხვევაში, ძარამ დაზიანება არ მიიღოს. ამ ნაწილს ჩვენ გზებზე ხშირი მუშაობა უწევს. ამიტომ, მწყობრიდან შედარებით ხშირად გამოდის. ამ რეზინების გამოცვლა ხელს შეუწყობს ავტომობილის სირბილეს, მისი მართვა უფრო იოლი გახდება და რაც მთავარია, არ გამოიყვანს სხვა დეტალებს მწყობრიდან. მინდა, იცოდეთ, რომ ყველა ეს დეტალი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, ერთის ზედმეტი რყევა, მეორესთვის დამატებითი ზეწოლაა და ერთის მწყობრიდან გამოყვანა, დანარჩენ დეტალებს აზიანებს.