რატომ დატოვა დავით ზირაქაშვილმა საქართველოში 19 წლის მეუღლე და 8 თვის შვილი და რაზე ვერ იოცნებებდა ის ვერასდროს
ალბათ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ქართველი მორაგბეები სოჭში რუსეთის ნაკრებს დაამარცხებდნენ და ქართველებს კიდევ ერთ დიდ სიხარულს მოგვიტანდნენ. ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, დავით ზირაქაშვილი, დაახლოებით 10 წელია, რაგბის თამაშობს, აქედან 7 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს და მთელ ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდის მოთამაშეა. ქართველ მორაგბეს მეუღლე და ორი გოგონა ჰყავს, რომლებიც განსაკუთრებულად უყვარს და მათზე საუბრისას თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავს. თავად დავითიც ძალიან გახსნილი, უშუალო, კარგი ადამიანი და სასიამოვნო რესპონდენტი აღმოჩნდა.
– წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელეს, ეს, ალბათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
– ამას არ ველოდი და არც ვიცი, ვიყავი თუ არა ამის ღირსი. ვერ ვიტყვი, რომ ამით უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომემატა, რადგან, მანამდეც და ახლაც, ჩემს ქვეყანასა და სპორტს სუფთად ვემსახურები. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ, რადგან საუკეთესო სპორტსმენი გავხდი, უფრო მეტი უნდა ვაკეთო. მე ამაზე მეტის გაკეთება არ შემიძლია, აქამდეც მაქსიმუმს ვაკეთებდი და ახლაც ასე მოვიქცევი. სამაგიეროდ, ძალიან გამიხარდა და ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო. იცი, როგორი შეგრძნებაა, რომ მუშაობ, მუშაობ და ბოლოს, შენ მუშაობას, შრომას კარგი ჰონორარით დააჯილდოებენ.
– მომიყევი, როდის გახდი მორაგბე.
– 11 წლიდან 16 წლამდე ჭიდაობაზე დავდიოდით, მერე ტრავმა მივიღე. თან, როცა ჭიდაობ, სამწუხაროდ, პატრონი უნდა გყავდეს, რისი მომხრეც არც მე ვიყავი და არც მამაჩემი. მოკლედ, ყველაფრის გამო თავი დავანებე. ერთი წელი არაფერს ვაკეთებდი. ერთ დღეს, შემთხვევით შევხვდი ჩემს მეგობარს, ბაჩო ჩიტაიას და მითხრა, რაგბიში 1983-1984-წლიანების გუნდს ვაკეთებთ და, შეგიძლია, დაგვემატოო. წვიმა მოვიდა, საშინელი ტალახი იყო. კი შევპირდი, მოვალ-მეთქი, მაგრამ, აღარ მივსულვარ. ერთ მზიან დღეს კი რუსთავის გუნდის მწვრთნელი, დათო კაკაბაძე მოვიდა სკოლაში. დირექტორმა მითხრა, მამაშენი არის აქ და გამოდიო. ვიფიქრე, რადგან მამაჩემი სკოლაში მოვიდა, ესე იგი, ვიღაც გარდაიცვალა-მეთქი. შეწუხებული და შეშინებული გამოვედი და დათო კაკაბაძე დავინახე. მას ტყუილის თქმა ვეღარ გავუბედე, მივედი ვარჯიშზე და ისე მომეწონა, აღარ წამოვსულვარ. თავიდან ვფიქრობდი, რომ მივიდოდი, მათ ჩემზე მეტი ეცოდინებათ და ცუდად გამოვჩნდები-მეთქი, მაგრამ, მერე გავიგე, რომ ყველაფერი ფიზიკურ ძალებზე, სისწრაფეზე ყოფილა დამოკიდებული და მივხვდი, რომ მეც შემეძლო მეთამაშა და ყველაზე ბანძი არ ვიქნებოდი.
– რა იყო შენი პირველი წარმატება?
– ჩემი პირველი წარმატება ის იყო, რომ ზოოტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოვედი, სადაც მამაჩემმა მოსამზადებლად შემიყვანა. რაგბიზე რომ დავიწყე სიარული, ორივეგან სიარულს ვერ ვასწრებდი და მამაჩემს ვუთხარი, ან რაგბიზე ვივლი ან უნივერსიტეტში-მეთქი და უნივერსიტეტიდან გამოვედი. ხუთ თვეში 19 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი, თან 1982-წლიანები იყვნენ, მე კი, 1983 წელს ვარ დაბადებული და ეს ჩემი შრომის დაფასება იყო. მერე წავედით ჩილეში და „ბ“ კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. მე იმ დროს რეზერვში ვიყავი, 4 თამაშის განმავლობაში სულ რაღაც 80 წუთი ვითამაშე, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან დიდი რამ იყო. მერე იტალიაში გავემგზავრეთ, ძალიან კარგი თამაშები გვქონდა. საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთი წელი ვითამაშე რუსთავში და შემდეგ წავედი საფრანგეთში. ანუ, სულ სამი წელი ვითამაშე საქართველოში და შვიდი წელია, საფრანგეთში ვთამაშობ. საფრანგეთში წასვლა დიდ საფეხურზე გადახტომა იყო. როდესაც გოდერძი შველიძემ შემომთავაზა, „ნაციონალ 1-ის” გუნდში თამაში, არც კი დავფიქრებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ მყავდა მეუღლე და 8 თვის მარიამი და მათი დატოვება მომიწევდა საქართველოში. რა თქმა უნდა, ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. მინდა, ჩემს მაიკოს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, რომ გვერდში დამიდგა – მეუბნებოდა, წადი, აქ მე გავართმევ ყველაფერს თავსო. მაშინ, აკადემიაში ვთამაშობდი, 150 დოლარი მქონდა ხელფასი და იმ დროს ეს ფული ჩემს ოჯახს ჰყოფნიდა. უფრო იმიტომ წავედი, მაინტერესებდა, რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა. საფრანგეთში არსებობს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ლიგები. მე წავედი მესამე ლიგაში. რა თქმა უნდა, თავიდან რთული იყო, რადგან ენა არ ვიცოდი, ქვეყანაც სხვანაირია, ხალხიც; ვფიქრობდი, ამათ მეგობრობა, მეზობლობა არ იციან, ეს რა ხალხია-მეთქი. მაგრამ მალე ყველაფერს შევეგუე. 2005 წლის 25 იანვარს, ჩემი მეუღლის დაბადების დღეზე, ხელი მოვაწერე პროფესიონალ კონტრაქტს „კლერმონთან” და ეს იყო ჩემთვის რაგბიში ყველაზე დიდი ნახტომი, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. შარშან გავხდით საფრანგეთის ჩემპიონები. ადვილი მისახვედრი რომ იყოს, ეს არის ევროპაში ყველაზე მაღალი დონის გუნდი, ისეთივე, როგორიც ფეხბურთში „მილანი”, მადრიდის „რეალი”.
– ახალშერთული მეუღლისა და პატარა შვილის საქართველოში დატოვება არ იქნებოდა ადვილი.
– ძალიან ძნელი იყო. მივდიოდი და არ ვიცოდი, იქ რა დამხვდებოდა. თანაც, საქართველოში ყველაფერი უნდა დამეტოვებინა, უარი უნდა მეთქვა იმაზე, რაც მანამდე ავაწყვე. ვტოვებდი 8 თვის შვილს და 19 წლის მეუღლეს. ისიც ბავშვი იყო იმ დროს და მეც, მაგრამ, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ჩავალ, არავის გავუცრუებ იმედებს-მეთქი. ყოველთვის ვამბობ, დაქორწინებული რომ არ ვყოფილიყავი, შეიძლება, არც წავსულიყავი. უცოლო ბიჭისთვის 150 დოლარი ჯიბის ფული არ იქნებოდა ცუდი, თან, როდესაც „ნაციონალ ერთში” დავიწყე თამაში, იქ, ნამდვილად არ იყო სამოთხე – 400 ევრო მქონდა ხელფასი, რომელიც თბილისში 150 დოლარს არ უდრიდა, რადგან, ბინის ქირასაც ვიხდიდი, უნდა მეჭამა და ოჯახისთვისაც უნდა გამომეგზავნა. შეიძლება ითქვას, მიჭირდა და ვიჭირვებდი კიდეც, რომ მეტისთვის მიმეღწია.
– ახლა შენი ანაზღაურება სოლიდური იქნება.
– ახლა ძალიან კარგია, ზუსტ თანხებზე არ ვისაუბრებ.
– როგორ დაიწყო შენი და შენი მომავალი მეუღლის ურთიერთობა?
– მე და ჩემი მეუღლე ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მასზე ერთი წლით უფროსი ვარ. როცა გავიცანი, მე ვიყავი 14 წლის, მაიკო – 13-ის. როდესაც დავქორწინდით, 18-19 წლისანი ვიყავით. მე 14 წლის ასაკიდან მომწონდა, მაგრამ მაიკო ცოტა თავს იფასებდა. პირველი შვილი, მარიამი, საქართველოში დაიბადა, პატარა, ნინიკო – საფრანგეთში. ახლა მარიამი 8 წლის არის, ნინიკო – 5-ის.
– სულ დატვირთული ხარ, ვარჯიშობ, იღლები, გიწევს საქართველოდან საფრანგეთში წასვლა, ტრავმებს იღებ... შესაბამისად, შენი მეუღლისთვის რთული იქნება რაგბისტის ცოლობა.
– ყოველდღე ოთხშაბათის გარდა, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვარ გასული, თუმცა, ჩემი მეუღლეც მუშაობს და ამიტომ ამ თემაზე არავინ წუწუნებს. მაიკომ თამაშს რომ არ უყუროს, ალბათ, გაგიჟდება. ჩემს ქალაქში როცა არის თამაში, ყოველთვის ესწრება ან ტელევიზორში უყურებს. დიდი ემოციები აღარ აქვს, მიეჩვია უკვე. ადრე წესებიც კი არ იცოდა, ახლა კი უკვე ყველაფერი იცის და მსაჯების მიმართ შენიშვნებიც აქვს ხოლმე. დილით ბავშვები ჩემს მეუღლეს მიჰყავს, საღამოს მე გამომყავს. მაიკო დღესაც არ მიყურებს, როგორც სპორტსმენს. მარიამს სხვა მოსწავლეები რომ ატანენ ფურცლებს – შენმა მამიკომ ხელი მოგვიწეროსო, მოაქვს და ვაწერ. მისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მეც არაფერს ვეუბნები. მე და მარიამი მაგარი ძმაკაცები ვართ. რაც შეეხება სირთულეს, რთულია ნებისმიერი კაცის ცოლობა, რომელიც მუშაობს და მთელი დღე სახლიდან გასულია.
– თქვენ, სპორტსმენებს, ალბათ, განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვა გჭირდებათ.
– ერთადერთი, რაც გვჭირდება, ეს არის ძილი და კარგი კვება. შუადღეზე, კლუბში ვჭამ, საღამოს კი ყველა ერთად ვვახშმობთ სახლში. კვირა დღეს ყოველთვის მამიკოა სამზარეულოში – მე ვამზადებ 12 საათისთვის სადილს, რაც მარიამს ძალიან უხარია. ეს დღე არის ჩვენთვის განტვირთვის დღე – მივდივართ. პარკში, კინოში ჩვენი ქალაქი საკმაოდ დიდია და ყველაფერია იმისთვის, რომ კარგად გაერთო. როცა ძალიან გადაღლილი ვარ, მაიკომ იცის და ამ დროს ბავშვებს საერთოდ ვერ ვხედავ, ვისვენებ. მეუღლის მხრიდან რომ არ მქონდეს ხელშეწყობა, ყველაფერი ძალიან რთულად იქნებოდა. ჩემი მეგობრის მეუღლე, რომელიც ორსულად არის, მეკითხებოდა, როდესაც ბავშვები ტიროდნენ, როგორ ახერხებდი ვარჯიშსო. როცა მაიკო შეუძლოდ იყო, რა თქმა უნდა, მე ვაქცევდი ბავშვებს ყურადღებას, მაგრამ, ღამით, ბავშვი რომ ტიროდა, არასდროს ავმდგარვარ, რადგან მეორე დღეს, დილის 9 საათზე, სტადიონზე უნდა ვყოფილიყავი, მაიკო კი არ მუშაობდა და ის დგებოდა.
– ბავშვებს სჯი ხოლმე?
– ჩემთვის ბავშვის დასჯა ის არის, რომ მარიამს ვუთხრა, ადი შენს ოთახში და რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ჩამოხვიდე, ნინიკოს კი, როცა არ მიჯერებს, კუთხეში ვაყენებ.
– ცოლი არ „დაგისჯია”?
– ცოლი? ჯერჯერობით არ იმსახურებს. თუ დაიმსახურებს, „დავსჯი” – ეს ხუმრობით. ისე, მე ბავშვების აღზრდაში კარგი მხრიდან ვერევი, როცა გასაბრაზებელი ან დასასჯელია, ვცდილობ, არ ჩავერიო, რადგან ჩემგან უფრო სწყინთ. მარიამი არასდროს იმსახურებს დასჯას, სულ ნინიკოს გამო ისჯება, ის კი ყოველდღეა დასასჯელი, ჯიუტი ბავშვია.