ფლავიო ბრიატორე: „შემიძლია დღეში მილიონი დავხარჯო და ცხოვრების ბოლომდე ფული არ გამომელევა“
ფლავიო ბრიატორე 1950 წლის 12 აპრილს იტალიაში დაიბადა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთი რიგითი იტალიელი ბავშვი, რომელიც თანატოლთაგან არაფრით იყო გამორჩეული, მილიარდერი გახდებოდა. ეს თავად ბრიატორესაც ვერ წარმოედგინა. მან გეოდეზიის ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერ იშოვა და იტალიაში თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა, მალე კი ერთ-ერთ იტალიურ კურორტზე პატარა კაფე გახსნა. კაფე მალე გაფართოვდა და რესტორნად იქცა. ბრიატორეს წინსვლა იტალიაში რესტორნების ქსელის მაგნატს, ატილიო დუტოს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მან ჯერ ბრიატორეს რესტორანი იყიდა, მერე კი თავად ფლავიოც თავისთან წაიყვანა. დუტოს კომპანიაში ბრიატორეს მისვლის შემდეგ კომპანიის საქმეები უკეთ წავიდა, თუმცა მალე დუტო საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს და ბრიატორემაც გაცლა ამჯობინა. იგი კომპანია „ბენეტონში“ მივიდა და სამუშაოდ ამერიკაში გაუშვეს. მალე ფლავიო „ბენეტონის“ ამერიკული ფილიალის შეფი გახდა. ეს 1985 წელს მოხდა. 35 წლის ბრიატორეს საქმის კეთების სერიოზული ნიჭი აღმოაჩნდა, სამ წელიწადში იგი მთელი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს და პარალელურად აქციების რამდენიმე პროცენტიც გადასცეს.
სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა მას იდეა, რომ ბედი ავტოსპორტში ეცადა. მან „ფორმულა 1-ის“ გუნდი „ტოლემანი“ იყიდა, სახელი გადაარქვა და „ბენეტონი“ უწოდა. პირველად სწორედ ბრიატორემ შენიშნა მიხაელ შუმახერი და გუნდში მიიყვანა. გერმანელმა პილოტმაც მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და, გარდა იმისა, რომ ეს „ბენეტონისთვის“ სერიოზული წარმატება იყო, კომპანიის ბიუჯეტი ათეული მილიონობით შეავსო. სწორედ აქ დაუშვა პირველი შეცდომა ბრიატორემ: მან როგორც გუნდის, ისე კომპანიის მმართველობა სხვებს გადააბარა, თავად კი ახალგაზრდა მერაია ქერისთან გააბა რომანი. ამბობენ, ქერის წინსვლა ბრიატორეს მილიონების დამსახურებააო. ქერის შემდეგ ლინდა სანტაგიდა გამოჩნდა და ბრიატორე აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა იგი ბენეტონების ოჯახმა დაიბარა და აუხსნა, რომ საქმე იყო გასაკეთებელი. ფლავიოს შუმახერიც წასული დახვდა გუნდიდან და, საერთოდ, ცუდი მდგომარეობა იყო. მაშინ ბრიატორემ ჟან ალეზი გადაიბირა, მაგრამ საუცხოო შედეგების მიუხედავად, მას ფრანგ პილოტთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ბენეტონების კლანმაც სასწორი ალეზის მხარეს გადაწონა. ბრიატორეს უკვე არაერთი მილიონი ჰქონდა და ბევრი არ უნერვიულია. მან რომანი ნაომი კემპბელთან გააბა და საკუთარი იახტით მოგზაურობა დაიწყო. ამ დროს მასზე მხოლოდ როგორც დიდ მექალთანეზე, ისე წერდნენ, ბიზნესმენი ბრიატორე კი დაივიწყეს. როგორც ჩანს, იტალიელი შესაფერის მომენტს ელოდა და ეს დროც დადგა – 2001 წელს „ფორმულა 1-ის“ გუნდი „რენო“ გაკოტრდა და მისი გაყიდვა გადაწყდა. ბრიატორემ გუნდი შეიძინა და ყველაფერი ნულიდან დაიწყო. ამ დროს მას გვერდს ცნობილი მოდელი, ჰაიდი კლუმი უმშვენებდა. კლუმმა, სხვა მოდელებისგან განსხვავებით, ჭკუა იხმარა და ბრიატორესგან შვილი გააჩინა, რის შედეგადაც იტალიელი მილიარდერისგან სოლიდური ალიმენტი მიიღო. შვილმა ბრიატორე იმდენად დააბნია, რომ იგი კლუმს დაშორდა და რომანი ელ მაკფერსონთან გააბა. თანაც, პირობა წაუყენა, რომ ელს არანაირი შვილი არ უნდა გაეჩინა და ქალი ამას დასთანხმდა.
პარალელურად, საქმეები „რენოშიც“ აეწყო და ბრიატორემ გუნდში ფერნანდო ალონსო მიიყვანა. ესპანელმა პილოტმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა და „რენოსა“ და ბრიატორეს მორიგი მილიონები მოუტანა. ალონსომ მილიონები თავადაც მოითხოვა და ბრიატორესგან წლიურ ხელფასად 30 მილიონი დოლარი მიიღო, მაგრამ მას მეტი უნდოდა და „მაკლარენში“ წავიდა, სადაც გასამრჯელოდ 48 მილიონი დაუნიშნეს, თუმცა ესპანელს იქ აღარ გაუმართლა და ჩემპიონობასთან ახლოსაც კი ვერ მივიდა.
ბრიატორემ გადაწყვიტა, რომ ბედი სპორტის სხვა სახეობაშიც ეცადა და საფეხბურთო კლუბი „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ იყიდა, თუმცა იქ ძალიან დიდი ინვესტიციების განხორციელებისგან თავი შეიკავა, რადგან მიხვდა, რომ ორივე სფეროს ფიზიკურად ვერ გასწვდებოდა და გუნდი ნებაზე მიუშვა. რა თქმა უნდა, იგი სასიყვარულო ფრონტზეც არ იხევდა უკან და რომანი იტალიაში ყველაზე პოპულარულ მოდელთან, ელიზაბეთ გრეგორაჩისთან გააბა. ვერ გეტყვით, რა საიდუმლოს ფლობს გრეგორაჩი, მაგრამ სწორედ მასთან ურთიერთობის მეორე წელს თქვა ბრიატორემ პირველად, რომ ცოლის მოყვანაზე დაფიქრდა. ეს გრეგორაჩისთვის სერიოზული მიზეზი იყო საიმისოდ, რომ მას შვილი გაეჩინა და ბრიატორეს გოგონა აჩუქა. ფლავიოს არ გაუპროტესტებია და ელიზაბეთზე ჯვარიც დაიწერა.
ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ბრიატორეს მშვიდი სიბერე უნდა ჰქონოდა და ოჯახური ცხოვრებით უნდა დამტკბარიყო, ახალმა სკანდალმა იფეთქა: „რენოს“ პილოტმა ნელსონ პიკემ საჯაროდ განაცხადა, რომ 2008 წელს, სინგაპურის გრანპრის წინ, მასთან გუნდის მფლობელი ბრიატორე მივიდა და უბრძანა, რომ მე-17 მოსახვევში ავარია მოეხდინა, რის შემდეგაც გუნდის მეორე პილოტის გამარჯვების შანსი გაიზრდებოდა. დისციპლინარებმა ბრიატორე დაიბარეს და ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ იტალიელმა თქვა, რომ არავისთვის არაფერი უბრძანებია, უბრალოდ, ხმამაღლა თქვა ის, რასაც ფიქრობდა. ბრიატორე კი ფიქრობდა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ მე-17 მოსახვევში რომელიმე პილოტი დაიმტვრეოდა. პიკემ კი ყველაფერი სათავისოდ გაიგო და ავარია მოახდინა.
ბრიატორეს არ დაუჯერეს და მას „ფორმულა 1-ში“ საქმიანობა გამოძიების საბოლოო დასრულებამდე აეკრძალა. საავტომობილო სამყაროს მხარი საფეხბურთომაც აუბა და ბრიატორეს საქმიანობა „ქუინზ პარკშიც“ აუკრძალეს გამოძიების დასრულებამდე.
„მე შემიძლია, დღესვე ყველაფერი მივატოვო, დღეში მილიონი დავხარჯო და ცხოვრების ბოლომდე ფული არ გამომელევა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ და ამიტომ, საკუთარი ღირსების აღსადგენად და სპორტის სამყაროში დასაბრუნებლად ბოლომდე ვიბრძოლებ“, – განაცხადა ბრიატორემ.