როდის ხდება საჭირო შაქრის შემცველი დანამატების გამოყენება
არსებობენ ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან, ხანგრძლივი დროით დაიცვან დიეტა, არ მიეკარონ ტკბილეულს, ცომეულს და ჩაი და ყავაც კი უშაქროდ მიირთვან. სწორედ, მათთვის არსებობს საკვები დანამატები, ანუ დამატკბობლები. ეს ის ნივთიერებებია, რომლებსაც სიტკბო აქვს, მაგრამ შაქარს ანუ ფრუქტოზას, ლაქტოზას, საქაროზას არ შეიცავს. შაქრისგან ისინი ქიმიური ფორმულით განსხვავდება. მათ შორის გამოარჩევენ უშუალოდ შაქრის შემცველებს, ანუ შაქარსპირტებს, მაგალითად ქსილიტს, სორბიტს, მანიტს. სიტკბოთი ისინი არ ჩამოუვარდება შაქარსა და ინტენსიურ დამატკბობლებს, მაგალითად, ასპარტამს, საქარონს, სუკრალოზას და სხვაa. ისინი შაქარზე ასჯერ ტკბილია – ამ დამატკბობლების ერთი აბი ერთ ჩაის კოვზ შაქარს ცვლის.
დამატკბობლების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი არ შეიცავენ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ასეთი ნახშირწყლები ორგანიზმში მოხვედრისას იშლება და ენერგიას გამოყოფს. ანუ, გამოდის რომ, თუ ჩაიში ორ სუფრის კოვზ შაქარს იყრით, იღებთ 40 კილოკალორიას. ინტენსიური დამატკბობლები კალორიებს საერთოდ არ შეიცავს, შაქრის შემცვლელები კი 2, 4 კილოკალორიას გამოყოფს, თუმცა, მათი დაშლა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე შაქრის. მათი ამ თვისების წყალობით, შესაძლებელი გახდა უფრო დაბალკალორიული საკონდიტრო ნაწარმის შექმნა.
სასმელებში, რომელთა იარლიყზე წერია „ლაითი,” შაქრის ნაცვლად მასში ნაწილობრივ დამატკბობლებია გამოყენებული, ხოლო იმ პროდუქციაში, რომლებზეც აღნიშნულია 0 კალორია, შაქარი მთლიანად დამატკბობლებით არის შეცვლილი.
დამატკბობლები იმ ადამიანებისთვისაა გათვლილი, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ. თუ შაქრის ნაცვლად დამატკბობლებს გამოიყენებენ, შეუძლიათ, მიირთვან რაც სურთ, მაგრამ წონაში არ მოიმატონ, თანაც ისე, რომ ჯანმრთელობას არ ავნონ. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ეს ძალიან ხელსაყრელია. ან, როცა კბილებს კარიესი ემუქრება და ტკბილი იკრძალება, შეგიძლიათ, თამამად მიიღოთ შაქრის შემცვლელები.
დამატკბობლები აბების ან ხსნარის სახით გამოდის და ასე იყიდება. მათი ჩაყრა შეიძლება ნებისმიერ კერძში ან სასმელში, თუმცა, არ დაივიწყოთ, რომ ზომიერების დაცვა აუცილებელია. მართალია, ისინი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი შაქარსპირტის დოზის გადაჭარბებამ, შესაძლოა, ფაღარათი გამოიწვიოს.