ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 50 წლის. სიგარეტს არ ვეწევი. წნევა მუდმივად 180/120 მაქვს. საშიშია თუ არა ასეთი წნევა? დაბალი წნევის დროს თავს ცუდად ვგრძნობ.
პასუხი: არტერიული ჰიპერტენზია ყველაზე ვერაგ დაავადებადაა მიჩნეული. სწორედ წნევის შედეგია გულის იშემიური დაავადება, თირკმელების დაზიანება, გულის უკმარისობა. მაღალი წნევა დიდი საფრთხის წინაშე აყენებს თქვენს ჯანმრთელობას. ასეთ წნევასთან შეგუება იმას არ ნიშნავს, რომ წნევა ზიანს არ მოგაყენებთ.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, აუცილებელია თუ არა წამლის მიღების დღეებში უარი ვთქვათ ალკოჰოლზე. თუ ეს აუცილებელია, რატომ?
პასუხი: ალკოჰოლი და სამკურნალო პრეპარატები თუ მათ ერთდროულად მიიღებთ, ერთმანეთზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. ღვიძლში არის ფერმენტული სისტემა, რომელიც წამლების დაშლას უზრუნველყოფს. ალკოჰოლიც სწორედ ამ სისტემას გადის და ღვიძლში იშლება. როცა ალკოჰოლსა და წამალს ერთდროულად იღებენ, იტვირთება ის რგოლი, რომელსაც წამლისა და ალკოჰოლის ტოქსიკური ზემოქმედებისგან ორგანიზმის დაცვა ავალია. შედეგად კი იზრდება ორგანიზმის მოშხამვის საფრთხე.
კითხვა: ბოლო დროს ვუჩივი ყაბზობას. როგორც მირჩიეს, კარგია ხეჭრელის ქერქი. რამდენ ხანს შეიძლება მისი მიღება, სხვა რა პრეპარატია ასეთ დროს ეფექტური და რამდენ ხანს უნდა გამოვიყენო?
პასუხი: ხეჭრელის საფაღარათო მოქმედებას განაპირობებს მასში შემავალი ანტრაგლიკოზიდები და ქრიზოფანის მჟავა. პრეპარატი აძლიერებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას. მისი ეფექტი მიღებიდან 8-12 საათის შემდეგ ვლინდება. ხეჭრელს დიდხანს თუ სვამთ, შეიძლება, პრეპარატისადმი შეგუება გაგივითარდეთ. ასეთ დროს მისი დოზა უნდა გაიზარდოს. მცენარის სამკურნალო დოზის მიღების დროს, კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება. შეგუების შემთხვევაში გირჩევთ, ის სხვა მცენარეული პრეპარატებით – სენით ან რევანდით შეცვალოთ. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი მცენარეული საკვებით, მწვანილით – ეს ნაწლავთა ტონუსს ააქტიურებს.
კითხვა: მყავს 9 თვის გოგონა. ბავშვს პირღიას სძინავს და დორბლი გადმოსდის. გულიც აჩქარებული აქვს. მეშინია, ჭია არ ჰყავდეს. შესაძლებელია, ეს მის ასაკში?
პასუხი: წუთში 125-130 შეკუმშვა 1 წლამდე ბავშვისთვის ნორმალურ გულისცემად ითვლება. რაც შეეხება ღია პირით ძილს, ამის მიზეზი უფრო ზემო სასუნთქი გზების გამავლობის დაქვეითება უნდა იყოს. ხდება ისეც, რომ პატარას დაბადებითვე დაჰყვება ღია პირით სუნთქვის ჩვევა და ამას არავითარი მიზეზი არ აქვს.
წლამდე ასაკის ბავშვის ჭიებით ინვაზია შესაძლებელია, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ქიმიური პრეპარატების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ისინი საგრძნობლად ავნებენ ბავშვის ორგანიზმს.
კითხვა: ჩემი 20 წლის ქალიშვილი 3 თვეა, გათხოვილია. მისი ძირითადი საკვები ტკბილეული, ყავა და შოკოლადია. საერთოდ არ ეკარება ხორცს, თევზს, პურს, ლობიოს, რძეს, მწვანილს. ისედაც გამხდარი იყო, ბოლო დროს კიდევ უფრო დაიკლო წონაში. გთხოვთ, მიპასუხოთ, ხომ არ ემუქრება მის ჯანმრთელობას საშიშროება? ან, თუ დაორსულდა, ხომ არ შეექმნება საფრთხე ბავშვს?
პასუხი: რა ასაკისაც უნდა იყოს ადამიანი, არ შეიძლება კვების ბალანსის დარღვევა. ორსულობის დროს ქალი დიდი დატვირთვისთვის მხოლოდ სულიერად კი არა, ფიზიკურადაც უნდა იყოს მზად. ნაყოფს, რომელიც დედის ორგანიზმში იზრდება, ცილების, ვიტამინების, მინერალების დამატებითი რაოდენობა სჭირდება, რათა პატარას სხეული ჯანსაღი და ნორმალური ჩამოყალიბდეს. თუ დედა არასწორად იკვებება, დიდია ალბათობა, ბავშვი ავადმყოფი დაიბადოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი