მამათა შეგონებანი
გრიგოლ ღვთისმეტყველი: ნუ ჩათვლი უდიდესად იმას, რაც ცუდზე უკეთესი ჩანს, არამედ წუხდე იმას, რომ სხვები შენზე კეთილნი არიან.
არქიმანდრიტი რაფაელი: სიამაყე – არანორმალური მდგომარეობაა. ამაყი თავის სულს დემონურ იმპულსებს უღებს, ის საშინელ სულიერ „რადიაციულ ველში” მოხვედრილი ადამიანია. სიამაყის ერთ-ერთი გამოვლინება და მისკენ მიმავალი გზა – ურჩობაა.
მიხეილ პოზმანსკი: ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას.
ბერი პორფირი: ვინც ბავშვს სარწმუნოებით არ ზრდის, როგორ ფიქრობთ, მისგან ვის ქმნიან? იუდას, დიახ, ზუსტად ასეა და ვაი, ასეთ მშობლებს! ისინი საუნჯეს აქ, დედამიწაზე აგროვებენ და სრულ გულგრილობას იჩენენ ზეციური სასუფევლისადმი.
ნიკოლოზ სერბი: რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვით, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ, უსმინე, რას ამბობს უფლის ეკლესია! გაესაუბრე მღვდლებს, ადამიანთა აღსარებას რომ იბარებენ და მრავალ მაგალითს მოისმენ მათი სულიერი შემწეობის შესახებ, ვინც გულით ამბობს აღსარებას. გაიგონებ, რომ მრავალ მომაკვდავს მიუღია შვება სიკვდილისწინა აგონიის ჟამს, როცა აღსარება უთქვამს მღვდელმსახურისთვის და ეს ზღაპარი არ არის, არამედ თვით ჭეშმარიტებაა.
იოანე ოქროპირი: ღვთის დიდი სიკეთეა, რომ წერილის ზოგიერთი ადგილი ნათელია, ზოგიერთი კი – ბუნდოვანი, რათა ერთით ჩვენ განვმტკიცდეთ რწმენასა და სიყვარულში და სასოწარკვეთილებაში არ ჩავცვივდეთ, მეორით კი ძიებისა და შრომისკენ გვიბიძგოს, რათა გავთავისუფლდეთ სიამაყისგან და სიმდაბლე შევისმინოთ – სიმდაბლე იმისთვის, რომ არ შეგვიძლია, ჩავწვდეთ მას.
გრიგოლ სინელი: არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია: მუცელღმერთობა, ვერცხლმოყვარეობა და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება, ესაა: მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპირისპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია: თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს, ესაა: უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლება, მათს კვალად კი მთელი წყებაა სხვა სათნოებებისა.
იოანე სინელი: ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფებოდა აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს.
ალექსი ბერი: აწ მოვექცეთ თითოეულად მარხვის რიგებს და წესიერება მისი გამოვაცხადოთ, რამეთუ გვამსა აქვს ხუთი საცნობელნი და ამათ შორის ჯაჭვის თვისებისა – ურთიერთისადმი გადაბმულ არიან და რა იგი ერთსა შინა დაირღვევის, ოთხთა სხვათაცა ავნებს და, უკეთუ ერთი განმტკიცდა ძლიერებითა მარხვისათა, მაშინ ბუნებისა იგი ზიარება ერთ არსებითი, განამტკიცებს ადრე თუ გვიან სხვებსაც.