კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდებიან „ჭკვიანი“ ქმრები აგრესორები და რა არ უნდა იცოდნენ მათ საკუთარი ცოლების შესახებ

ოტელოს თითოეულ ჩვენგანში სძინავს და შესაძლოა, ყოველ წუთს გამოიღვიძოს. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ეჭვიანობა პათოლოგიაა. ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი გრძნობების, ემოციის გაკონტროლებას. ამბობენ, რომ ამას სიყვარულის გამო სჩადიან, მაგრამ სინამდვილეში, სიყვარულს კლავენ. რა ხდება მაშინ, როცა, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი, მშვიდი და გონიერი ადამიანი იწყებს ეჭვიანობას, ივიწყებს კეთილგონიერებას და აგრესიული ხდება. ბუნებრივია, უმიზეზოდ ასეთი ცვლილება წარმოუდგენელია. შესაძლოა, არ არსებობდეს მიზეზი, მაგრამ საბაბი აუცილებლად იარსებებს. არცთუ იშვიათად, თავადვე ვერ ვხვდებით, ისე ვაღვივებთ პარტნიორში ეჭვის მარცვალს. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ კატასტროფისკენ და მერე, შეწუხებულებს გვიჭირს ახსნა, რამ მიგვიყვანა აქამდე. შესაძლებელია, რამდენიმე წელი ისე იცხოვრო ადამიანის გვერდით, ბოლომდე ვერ შეიცნო მისი ხასიათი და ბუნება, სანამ რაღაცით პროვოცირებას არ მოახდენ და არ გამოააშკარავებ იმას, რის დაფარვასაც ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა.

მარიკა (35 წლის): მე რომ ასეთი პრობლემები შემექმნა, წესით, უნდა მიკვირდეს. პატარა არ ვარ და გამოცდილებაც საკმარისი მქონდა, როცა ოჯახს ვქმნიდი. სულ ვფიქრობდი, ისეთ ასაკში გადავწყვიტე გათხოვება, შეცდომას აღარ დავუშვებ-მეთქი. ოცდათერთმეტის ვიყავი. ჩემს მომავალ ქმარსაც კარგად ვიცნობდი. თუმცა, ეს მე მეგონა, რომ ვიცნობდი. არ ვიცი, რას დავაბრალო. მე არ მეყო ჭკუა, თუ მერე შეიცვალა, მაგრამ ადამიანები ხომ არ იცვლებიან. ყველა ის არის, რაც არის. უბრალოდ, ჩვენ მარტო იმას ვხედავთ, რისი დანახვაც გვინდა.

– როცა გიყვარს, ასეა.

– ვერ ვიტყვი, რომ გაგიჟებით მიყვარდა ჩემი მომავალი ქმარი, მაგრამ ის ნამდვილად ჰგავდა ძალიან შეყვარებულს. ჰგავდა-მეთქი, ამას ახლა ვამბობ, თორემ ოთხი წლის წინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს გარეშე, სიცოცხლე არ შეეძლო.

– რამდენი წლის არის თქვენი მეუღლე?

– ოთხი წლით ჩემზე უმცროსია. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო, ეს პრობლემა, რაც შემექმნა, არ უნდა შემქმნოდა. მე უნდა მეეჭვიანა, წესით, ხომ ასეა? პირიქით კი მოხდა. ეჭვიანობა იმან დაიწყო. თანაც ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ. ამას რომ ვამბობ, თქვენ ალბათ, ფიქრობთ, დიდი ამბავი, რომელი ქმარი არ ეჭვიანობსო, მაგრამ, ძალიან რთულად არის საქმე. ნელ-ნელა სერიოზული პრობლემები მექმნება. თვალსა და ხელს შუა დესპოტად ყალიბდება.

– თქვენი მეუღლე?

– რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე. სხვა ვინ?! ჩემი ცხოვრება აუტანელი გახდა. გათენების მეშინია. თქვენ არ იცით, რისი გადატანა მიწევს ყოველდღე. რამდენიმე თვეა, გავწამდი. გულახდილად გეტყვით, ცოლად იმიტომ გავყევი, რომ ვიფიქრე, ამაზე ძალიან არავის შევუყვარდები-მეთქი. გადარეულივით იყო. აჩრდილივით დამდევდა უკან. ჩემი ახლობლები დიდად არ მიწონებდნენ არჩევანს. სწორედ იმის გამო, რომ უმცროსი იყო ჩემზე.

– ოთხი წელი არ არის ისეთი სერიოზული სხვაობა?

– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ იცით, უმრავლესობა როგორც აზროვნებს. თუ კაცი უფროსი არ არის, მაშინ მთელი ტვირთი ქალზეა. პასუხისმგებლობის გრძნობა არა აქვსო. ქალებში დაიწყებს სირბილსო. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ.

– ქალებში ცოლებზე ათი წლით უფროსი მამაკაცებიც დარბიან, თანაც საკმაოდ აქტიურად.

– მეც მაგას ვეუბნებოდი, ხომ გითხარით, ისეთ ასაკში არ ვიყავი, რომ ილუზიებით მეცხოვრა. ძალიან რეალურად შევხედე სიტუაციას. როგორც იტყვიან, ჯანსაღად შევაფასე. გიკვირთ, ალბათ, ასე რომ ვლაპარაკობ. ძალიან მომწონდა, მაგრამ არ მიყვარდა. მე საერთოდაც, შორს ვარ რომანტიზმისგან.

– მან თუ იცოდა.

– რა? რომ არ მიყვარდა? რა არის, იცით? სიყვარული რა არის? – სურვილი, იყო კონკრეტულ ადამიანთან. იმიტომ, რომ იცი, მასთან თავს კარგად იგრძნობ. აუცილებელია, ბნედა მოგდიოდეს?! ეს, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, ემოციურია თუ არა ადამიანი. მე არ ვარ ძალიან ემოციური. უფრო სწორად, არ ვიყავი. ახლა უკვე ყველაფერი ვარ. გაგიჟებას აღარაფერი მიკლია. ჩემი ქმარი ისეთ დღეში მაგდებს, რამდენ ხანს გავუძლებ, მართლა არ ვიცი.

– იმიტომ გკითხეთ, იცოდა თუ არა, რომ არ გიყვარდათ-მეთქი. როგორც წესი, სულ უმიზეზოდ კაცები არ ეჭვიანობენ.

– არა. მიზეზი ეს არ არის. ოთხი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ხომ გაახსენდებოდა ეს, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ძალიან კარგად ვცხოვრობდით. მშვიდად და ბედნიერად. პრინციპში, ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ სულ სახლში ვიჯექი. გათხოვების მერე სამსახურიდან წამოვედი. ქმარმა მთხოვა, მეტი დრო დამეთმო მისთვის. იმ პერიოდში, თან ახალი ბინაც ვიყიდეთ და იმის რემონტითა და მოწყობით ვიყავი დაკავებული. ძალიან გავერთე, დრო ისე გადიოდა, ვერც ვიგებდი.

– ანუ, მეუღლეს კარგი შემოსავალი აქვს. ფინანსური პრობლემები არ გაქვთ?

– დიახ, შემოსავალი ნამდვილად კარგი ჰქონდა და აქვს. არც მე მქონდა ურიგო შემოსავალი, მაგრამ ჩემმა ქმარმა დამარწმუნა, რომ იმად აღარ ღირდა, დილაუთენია წამოვმხტარიყავი ლოგინიდან. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მონატრებული ვიყავი მამაკაცთან სიახლოვეს და იმ პერიოდში, ვარჩიე დრო მაქსიმალურად ამ ახალი ურთიერთობისთვის დამეთმო. ამიტომ, ფაქტობრივად, სინანულის გარეშე დავუთმე.

– თქვენ ამბობთ, დავუთმეო. იქნებ, ეს გახდა თქვენ შორის დაძაბულობის მიზეზი. იქნებ, თქვენ საყვედურობდით, სახლში რომ გამოგკეტათ?

– არა, არა. არანაირად. მე არ ვსაყვედურობდი. არ მაწუხებდა ეს ამბავი. არ მქონდა ამაზე ფიქროს დრო. თითქმის ორი წელი მაინც სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით. ისეთი კარგი ქმარი იყო, ზედ მყვებოდა.

– და არ ეჭვიანობდა?

– არა, არ ეჭვიანობდა, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემინიშნავს. ვისზე უნდა ეეჭვიანა, მის გარეშე არსად დავდიოდი. სახლში კი მარტო ვიყავი. ხელოსნებზე ხომ არ იეჭვიანებდა?

– რატომაც არა?

– პრინციპში, მართალი ხართ. ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ პათოლოგიურ ეჭვიანად მას ვერ მივიჩნევთ. მაშინ, მით უმეტეს, ვერ ვიგებ, რა დაემართა. რამ გააგიჟა და გადარია. არ მინდა ვიფიქრო, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და ეს არის ამ საშინელი ცვლილებების მიზეზი.

– ანუ, იყო ერთგული, ძალიან მზრუნველი, მშვიდი და ერთ დღეს, სრულიად უმიზეზოდ და უსაბაბოდ, ოტელოდ იქცა?

– თითქმის ასე იყო. მოსაკლავად ჯერ არ გამოუწევია, ღმერთმა დამიფაროს ამისგან, მაგრამ ეტაპობრივად მძიმდებოდა სიტუაცია და აი, ახლა გელაპარაკებით და ვფიქრობ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. სამსახურში გასვლის სურვილი ერთი წლის მერე გამიჩნდა. თუმცა, თავიდან ვცდილობდი, ქმრისთვის არ მეთქვა. ვიცოდი, დიდად არ გაახარებდა, ჩემი სახლიდან გასვლის იდეა.

– რატომ? იმიტომ, რომ ეჭვიანი იყო, ხომ ასეა?

– არა, ვერ ვიტყვი ამას, თუმცა, ალბათ, მთავარი მიზეზი მაინც ეს იყო. უბრალოდ, არ ამჟღავნებდა. საერთოდ, ჩემმა გულახდილობამ დამღუპა. არის რაღაცეები, რაც, ქმარმა ცოლის შესახებ არ უნდა იცოდეს. არაფერს ცუდს, ამაში არ ვგულისხმობ. არანაირი გარყვნილება, მაგრამ შენი საიდუმლო უნდა გქონდეს. არ არის აუცილებელი, დოყლაპიასავით მოაღო პირი და კაცთან ყველაფერზე ილაპარაკო. არასოდეს მთავრდება ასეთი „გულახდილობები” და ზღვარგადასული ნდობა კარგად. მე არ ვამბობ, რომ ცოლ-ქმარს შორის ნდობა არ უნდა იყოს. პირიქით, სწორედ ნდობა რომ არის აუცილებელი, ამიტომ უნდა „მოკეტო.” ბოდიში, ამ უხეში გამოთქმისთვის, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩუმად რომ ვყოფილიყავი, აქამდე, სავარაუდოდ, საქმე არ მივიდოდა. როგორც იტყვიან, „გავიჩალიჩე“, მაგრამ მინდოდა, ჩემთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს გაეზიარებინა ჩემი წარმატებით მოგვრილი სიხარული. ფეხმძიმობა ბოლომდე ვერ მივიყვანე, მომეშალა და ამის გამო სერიოზული დეპრესია დამეწყო. ვფიქრობ, ჩემი ქმარი ამიტომაც წავიდა კომპრომისზე, თორემ ახლა ვხვდები, არავითარ შემთხვევაში, არ დამთანხმდებოდა.

– უთხარით, რომ მუშაობა გინდოდათ?

– რა თქმა უნდა, სახლში უკვე ვეღარ ვჩერდებოდი. ბავშვის მოლოდინი კიდევ მაძლებინებდა, მაგრამ ისიც რომ დავკარგე, ჭკუიდან გადავედი. ჩემმა ქმარმა თანხმობა მომცა, თუმცა, საკმაოდ უხალისოდ და ეს შეეტყო კიდეც. ძველ სამსახურში არ დავბრუნებულვარ. უკეთესი ვარიანტი გამომიჩნდა. ძალიან მალე მოვერგე იქაურობას და საკმაოდ სწრაფად დავიწყე კარიერული წინსვლა. ბუნებრივია, როცა ყოველდღე გადიხარ სახლიდან, გარეგნობაც შესაბამისი უნდა გქონდეს, უცნაური არაფერია იმაში, რომ უფრო მეტად დავიწყე ზრუნვა საკუთარ თავზე. გარდერობიც განვაახლე. ქმრის შემოსავალიც საკმაოდ სოლიდური იყო და არც მე მიხდიდნენ ცოტას, რატომ არ უნდა მომევლო საკუთარი თავისთვის. რომელ ქალს არ უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს და ყურადღების ცენტრში იყოს.

– მამაკაცების ყურადღების ცენტრში?

– რა მოხდა მერე, რა არის ამაში საგანგაშო, ან ამორალური?! კაცებს რომ მოსწონხარ და თვალს გაყოლებენ, შენი ქმარი უფრო ამაყი არ უნდა იყოს, ასეთ „საკუთრებას” რომ ფლობს? მართლა არ მესმის ამ კაცების. ბოზს და პატიოსანს ერთმანეთისგან რატომ ვერ ასხვავებენ? კაცები ვიცი, მეძავები ჰყავთ ცოლებად და თავი მოაქვთ ამით. ჩემი ქმარი კი იმაზე გაგიჟდა, კომპლიმენტებს რატომ გეუბნებიანო. ნელ-ნელა იბოღმებოდა. თავიდან არც აგრესიული იყო და არც მძაფრად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას – „მსუბუქად ეჭვიანობდა.”

– რას ნიშნავს „მსუბუქი ეჭვიანობა”?

– ჩემი ბრალია, ენა ვერ გავაჩერე-მეთქი. მივდიოდი სამსახურიდან და ვყვებოდი ამბებს.

– მამაკაცები კომპლიმენტებს როგორ გეუბნებოდნენ, ამასაც?

– კი, ამასაც ვუყვებოდი. რაღაცნაირი ამაყი ვიყავი და ჩემი ჭკუით, თავს ვიწონებდი. აი, როგორი კარგი ცოლი გყავს, როგორ გაგიმართლა-მეთქი! – თითქოს ამისი თქმა მინდოდა. სულელურად გამომივიდა, ვიცი. ახლა უკვე ვხვდები, მაგრამ რაღა ეშველება?! გაგიჟებულია უკვე და ვერ წარმოიდგენთ, ისეთ პრობლემებს მიქმნის. არ უნდა სცოდნოდა, ჩემი წარმატებების შესახებ არაფერი. ახლა უკვე ჩემს უფროსზეც ეჭვიანობს და ყოველდღე იმუქრება, აუცილებლად მოვკლავ, ფაქტზე როცა წაგასწრებთო.

– ანუ, თქვენ უყვებოდით, როგორი მოწონებით სარგებლობდით კაცებში, როგორ აღწევდით სამსახურში წარმატებებს და მაინც მიგაჩნიათ, რომ უმიზეზოდ გაუჩნდა ეჭვები?

– ხომ იცნობდა საკუთარ ცოლს. ხომ იცოდა, რისი მკადრებელი და ჩამდენი ვიყავი. არ არის ისე, რომ ქალმა ერთ დღეში გადაწყვიტოს და გიღალატოს – არ ხდება ასე. აბა, რაში გამოიხატება კაცის ღირსება და ვაჟკაცობა, თუ ოთხ წელიწადში ვერ გაარკვია, პატიოსანი ქალი უწვება გვერდით, თუ ბოზი. ისეთი შეურაცხმყოფელია უსამართლო ეჭვი, ვერ წარმოიდგენთ. ზოგჯერ მეგონა, მორჩა, მეტს ვეღარ გავუძლებ და ჭკუიდან შევიშლები-მეთქი. საშინლად ვნანობ, იმ გულახდილობას, რომელსაც წინდაუხედავად ვიჩენდი. ნამდვილ აგრესორად არის გადაქცეული. ყოველდღე ჯოჯოხეთი მაქვს სახლში. სამსახურს თავს დავანებებდი და დავჯდებოდი სახლში, მაგრამ ჯერ ერთი, რომ მენანება ის, რასაც ჩემი შრომით მივაღწიე. მეორეც – იმის შიში მაქვს, რომ ამას ჩემი ქმარი „დანაშაულის აღიარებად” ჩამითვლის. იტყვის, აი, თუ პატიოსანი ქალი ხარ, რატომ წამოხვედი. ესე იგი, მე ვყოფილვარ მართალიო. არადა, ჩემი თანამშრომლებისაც საშინლად მრცხვენია. ყოველდღე უყურებენ ჩემს დამცირებას.

მოდის და მამოწმებს. დღის სხვადასხვა დროს, საგანგებოდ მოდის, რომ მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლოს. ერთხელ მოვიდა და ტუალეტში ვიყავი გასული. იქ შემომივარდა, მიწა რომ გამხეთქოდა, ის მერჩივნა. ახალი ტანსაცმელი რატომ გაცვია, თმა ასე რატომ დაივარცხნე, ფრჩხილებს რატომ იკეთებ, უბრალოდ დაიჭერი და სუფთა ტანსაცმელიც საკმარისია წესიერი ქალისთვისო. უკვე ძალიან სერიოზულად აურია. ვშიშობ, ეს ამბავი მარტივად არ დამთავრდება. გაყრამდე მივალთ, თუ, ამით გადავრჩი.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ აგრესია ემატება. თან იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ძალიან ვუყვარვარ. გამიშვებს? ერთხელ უკვე მითხრა, კაცის გამო რომ მიმატოვო, რაღაც საშინელებას დაგმართებო. იმისთანაა, არ მეპარება ეჭვი, რომ გამკეთებელია. იმას ვერ ვაგებინებ, რომ არანაირი სხვა კაცი ჩვენს შორის არ დგას. პრობლემების შუაშიც და თავშიც თავად არის.

ნუთუ, დამნაშავე ვარ იმაში, რომ ბედნიერების „სრული პაკეტი” მინდოდა? კარგი ქმარი ხომ არ არის ქალისთვის ყველაფერი. კი, ეს აუცილებელია, მაგრამ შენც რეალიზებული უნდა იყო. შენც უნდა შედგე პიროვნულად. მე ეს მიმაჩნდა სრულყოფილ ბედნიერებად. ჩემმა ქმარმა კი ვერ გაიგო. ძალიან ძვირად დამიჯდა ჩემი შესაძლებლობების რეალიზება და კიდევ არ ვიცი, წინ რა მელოდება.


скачать dle 11.3