ინტიმური საუბრები
მამიდამ ჩემი მზითევი
თავის შვილს მისცა
მე და ჩემს ძმას დედა ადრე გარდაგვეცვალა – მე 5 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 7-ის. მამას ცოლი აღარ შეურთავს, მაგრამ მარტოს გაუჭირდა ჩვენი მოვლა და დას სთხოვა დახმარება. მამიდაჩემს ერთი გოგონა ჰყავდა, ქმართან გაშორებული იყო და 6 წლის შვილთან ერთად ერთოთახიან „ხრუშჩოვკაში” ცხოვრობდა. ძმის წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა, მით უფრო, რომ მამაჩემმა უთხრა, არც შენ და არც შენს შვილს არაფერი მოგაკლდებათ, ოღონდ შვილებს მიმიხედეო.
ცოდვას ვერ ჩავიდენ და ვერ ვიტყვი, რომ მამიდა მე და ჩემს ძმას ცუდად გვივლიდა. ყოველთვის ყველაფერი წესრიგში გვქონდა, ჩვენს განათლებასაც დიდ ყურადღებას აქცევდა. არ გვციოდა, არ გვშიოდა, სუფთად და კოხტად გვეცვა, კერძო მასწავლებლებთან დავყავდით – მოკლედ, თავის შვილში არ გვარჩევდა. მამაც თან ჰყვებოდა თავის დისშვილს და ვცხოვრობდით ასე სიყვარულსა და სიამტკბილობაში. ბებიაჩემიც (დედის დედა) ძალიან ემადლიერებოდა მამიდაჩემს. ბებია რაიონში ცხოვრობდა, თან, ჯანმრთელობაც არ უწყობდა ხელს და ამიტომ, ჩვენთან ხშირად ვერ ჩამოდიოდა. უფრო ჩვენ ჩავდიოდით ხოლმე მასთან.
მამიდამ, მას შემდეგ, რაც ჩვენთან გადმოვიდა, მამას რჩევით, თავისი ბინა გააქირავა, ქირა კი თავისი შვილის სახელზე ბანკში შეჰქონდა. მამამ უთხრა, თუ რამე დაგჭირდება, მითხარი და მე მოგცემ, იმ ფულს კი ხელი არ ახლო, ბავშვი სანამ სკოლას დაამთავრებს, საკმაო თანხა მოუგროვდება და მერე თვითონ იცის, როგორც მოიხმარსო.
გავიდა წლები. ჩემმა ძმამ სკოლა დაამთავრა, უმაღლესში ჩააბარა და მესამე კურსიდან უცხოეთში გაგზავნეს სასწავლებლად, როგორც განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტი. მერე იქ მუშაობაც დაიწყო და მხოლოდ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიოდა.
მე და ჩემმა მამიდაშვილმაც დავამთავრეთ უნივერსიტეტი და სამსახურებიც ვიშოვეთ. მოკლედ, როგორც იტყვიან, ცხოვრებისეული პრობლემები თითქმის არ გვქონდა.
ერთ დღეს სოფლიდან დაგვირეკეს, ბებია უკანასკნელ დღეშიაო. მაშინვე გავცვივდით და, ბედად, ცოცხალს მივუსწარით. ბებიამ მითხრა, ჩემს შვილთან მივდივარ და მიხარია, შენ კი დედის სახელზე გიტოვებ თანხას, რაც ამ წლების განმავლობაში შევაგროვე და ჩემი მშობლებისგან დანატოვარ სამკაულებსო (ბებია თავადის ქალი იყო და საგვარეულო ნივთები და სამკაული ჰქონდა). თან, მთხოვა, ამ ფულით შენთვის ისეთი მზითევი იყიდე, დედა რომ გიყიდიდაო. მერე ყველაფერი გადმომცა, ყველა დაგვლოცა და სულიც განუტევა. ძალიან განვიცადე და ბევრიც ვიტირე, მაგრამ, რას ვუშველიდი. გადავწყვიტეთ, ბებია-ბაბუას სახლი არ გაგვეყიდა და, სანამ შესაძლებელი იქნებოდა, შეგვენახა.
ბებოს ნაჩუქარი ფული საკმაოდ დიდი თანხა აღმოჩნდა და მართლაც ყველაფრის შეძენა მოვახერხე, რაც აუცილებელია ახალი ოჯახისთვის – ჭურჭლით დაწყებული, ავეჯითა და ლოგინ-თეთრეულით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სახლში მოვიტანე და ოთახებში განვათავსე – გათხოვებას ჯერ არ ვაპირებდი და შეფუთულს ხომ არ დავაწყობდი ერთ ოთახში! იმ თანხიდან რაღაც ნაწილი ჩემს მამიდაშვილს ვაჩუქე – დედაჩემის და ბებიაჩემის სახსოვრად რამე ღირებული იყიდე-მეთქი, ნაწილი კი ჩემი ძმის სახელზე შევიტანე ბანკში, რომ მასაც დარჩენოდა რაიმე სახსოვარი დედის ოჯახიდან. მამამ საქციელი მომიწონა და გულუხვობისთვის შემაქო.
ამ ამბებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავიცანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც შემიყვარდა და დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩემს მამიდაშვილსაც ჰყავდა საქმრო, ისინიც აპირებდნენ დაქორწინებას და ოჯახში უკვე იმაზე ვლაპარაკობდით, ერთად გადაგვეხადა ქორწილი თუ ცალ-ცალკე. მაგრამ, რადგან ჩემი ძმა ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, გადავწყვიტეთ, ხელი მოგვეწერა, ჯვარი დაგვეწერა და საქორწინო მოგზაურობიდან რომ დავბრუნდებოდით, ქორწილი მერე გადაგვეხადა.
ისე მოხდა, რომ ჯერ მე და შოთა წავედით საქორწინო მოგზაურობაში, ჩემმა მამიდაშვილმა კი გადაწყვიტა, თქვენ რომ დაბრუნდებით, ჩვენ მერე დავიწერთ ჯვარსო.
მე და შოთიკოს ძალიან გაგვიტკბა თაფლობის თვე და ორი კვირის ნაცვლად ოთხი კვირის შემდეგ დავბრუნდით, მაგრამ, სახლში რომ მივედი, სახტად დავრჩი: ჩემი მზითევის ნასახი აღარსად იყო. როცა ვიკითხე, სად წავიდა ამდენი ავეჯი და დანარჩენი ნივთები-მეთქი, მამიდამ მითხრა, ისეთი სიტუაცია შეიქნა, ჩემს შვილს გავატანე, მისი ქმრის ოჯახს უპატრონო და უქონელი რომ არ ჰგონებოდა, შენ კი რაღაცას მოგიხერხებო. სამკაული რომ მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ მამიდაჩემს მხოლოდ ერთი ბეჭედი დაუტოვებია ჩემთვის, დანარჩენი ძვირფასეულობა კი – ბებიაჩემის საგვარეულო ბეჭდები, კულონები და საყურეები, თავისი შვილისთვის მიუცია. საერთოდ, ნივთებს დახარბებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ სამკაულსა და სხვა ნივთებს ჩემთვის ღირებულების გარდა, კიდევ სხვა დანიშნულება ჰქონდა. ამიტომ, ძალიან გავბრაზდი და მამასაც და მამიდასაც კატეგორიულად მოვთხოვე, როგორც უნდოდათ, ისე მოეგვარებინათ ეს საქმე და, ჩემი კუთვნილი ნივთები ჩემთვის დაებრუნებინათ. მამა ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს, აღარ იცოდა, რა ეთქვა. მივხვდი, რომ მამიდამ მოატყუა და ამის აღიარება თუ დაჯერება უჭირდა. ბოლოს ისღა მითხრა, ბოლოს და ბოლოს, მამიდაშენმა გაგზარდათ და რაღაც ხარახურის გამო წყალში ნუ ჩაუყრი ამაგსო. ჩავალაგე ჩემი პირადი ნივთები და ქმართან წავედი. წასვლისას კი დავუბარე, ერთ თვეს გაძლევთ ვადას და თუ არ მოაგვარებთ ამ საკითხს, მე თვითონ მივალ თქვენს ახალ მოყვრებთან და ყველაფერს მოვუყვები-მეთქი.
ჯერ ორი კვირაა კიდევ დარჩენილი, მაგრამ პასუხი არ ისმის. ორ კვირას კიდევ მოვიცდი და მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ!
იზა, 28 წლის.
ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ტყუპისცალი ძმა იპოვა
გწერთ ჩემი უახლოესი მეგობრის შესახებ. საოცარი ისტორია გადახდა თავს. რეჟისორი რომ ვიყო, ფილმს გადავიღებდი. თვითონ უნდოდა, მოეწერა თქვენთვის, მაგრამ თავი ვერ მოაბა და მთხოვა, მე მომეთხრო „თბილისელების” მკითხველისთვის.
მე და ლადო მეზობლები ვიყავით და ერთად გავიზარდეთ. რაც თავი მახსოვს, ლადოც მახსოვს. ერთ კლასში ვსწავლობდით, ჯარშიც ერთად წავედით და უმაღლესშიც ერთად ჩავაბარეთ. ცოლი რომ შევირთე, ლადო იყო ჩემი მეჯვარე, შემდეგ კი ბავშვის ნათლიაც. მერე ისე მოხდა, რომ ერთ სამსახურში დავიწყეთ მუშაობა. მოკლედ, ნაბიჯს არ ვდგამდით და წყალს არ ვსვამდით უერთმანეთოდ. ერთხელ, სამსახურში საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის დიდი საწარმოდან რამდენიმეკაციანი დელეგაცია გვეწვია. რაღაც კონფერენციის მაგვარი ჩავატარეთ და, მერე, როგორც ხდება ხოლმე, რესტორანში დავპატიჟეთ. ჩვენი სტუმრებიდან ერთ-ერთი მათგანი გაოცებული უყურებდა ლადოს. მერე მივიდა მასთან და ჰკითხა. შენ აქ რა გინდა, გუშინწინ უბანში არ გნახეო? და თავისი ქალაქი დაუსახელა. ლადო გაოცდა – იქ როგორ მნახავდით, თქვენს ქალაქში ერთხელ ვარ ექსკურსიაზე ნამყოფი, ისიც ბავშვობაშიო. იმ კაცმა სიცილი დაიწყო – რას მეღადავები, ახლა ისიც არ მითხრა, რომ მეც პირველად მხედავო. ლადო მთლად გადაირია – აშკარად ვიღაცაში გეშლებითო. ახლა იმ კაცმა შემოიხია ტანსაცმელი – რას ჰქვია, მეშლები, ერთ უბანში ვცხოვრობთ, ერთმანეთს ვესალმებით, თანაც, თმა, თვალების ფერი, სიცილის მანერა, ხმა... როგორ შეიძლება, ვინმეში ამერიოო. მოკლედ, მათი დიალოგი ისე გაგრძელდა, რომ ყველამ გაიგონა და სტუმარიც და მასპინძელიც დაინტერესდა, რა ხდებოდა. ბოლოს დავასკვენით, რომ ლადოს ორეული ჰყავდა. ჩემი ძმაკაცი ძალიან დაინტერესდა იმ პიროვნებით და იმ კაცს სთხოვა, უახლოეს შაბათ-კვირას თქვენს ქალაქში ჩამოვალ და ჩემი ორეული გამაცანითო. ისიც სიამოვნებით დათანხმდა.
ლადო ამ ამბავმა ძალიან გაახალისა და მთხოვა, მეც წავყოლოდი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. იმ წვეულებიდან სახლში რომ დაბრუნდა, ლადომ თავის მშობლებს უამბო, რაც მოხდა, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ისინი ამ ამბავმა კი არ გააოცა, შეაშფოთა. იქ ისეთი ამბავი ატყდა, ვერ აგიწერთ, ბოლოს კი დიდი ხნის წინ დაფარულ საიდუმლოს აეხადა ფარდა: თურმე ლადო ნაშვილები ყოფილა. რომ იშვილეს, მისმა ახალმა მშობლებმა ერთი თვის შემდეგ შემთხვევით გაიგეს, რომ ბავშვს ტყუპისცალი ძმა ჰყოლია, ოღონდ, რატომღაც, ძმები თავიდანვე სხვადასხვა ბავშვთა სახლში გაუნაწილებიათ. სანამ ლადოს დედობილ-მამობილმა იმ მეორე ძმას მიაგნო, ბიჭი უკვე გაშვილებული აღმოჩნდა. ოღონდ, მშვილებელი ვინ იყო, რა თქმა უნდა, არ გაუმხილეს. მერე ამათაც დაუნებებიათ თავი ძებნისთვის, მაგრამ გულში ყოველთვის დარდად ჰქონდათ ჩარჩენილი ეს ამბავი.
ერთი სიტყვით, მე და ლადო შაბათ დილას წავედით იმ ქალაქში. ჩვენი მასპინძელი მანქანით, ძმაკაცებითა და ვახოს „ორეულით” დაგვხვდა. ჯერ თავის ოჯახში მიგვიწვია, მერე კი რესტორანში წაგვიყვანა. ერთნაირი ტყუპები როგორ არ მინახავს, მაგრამ ამათმა მსგავსებამ გამაოგნა. ლადოს ძალიან უჭირდა სიმართლის გამხელა, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლებოდა და თავის ძმას ყველაფერი უამბო. საწყალ კაცს გული წაუვიდა, თან ნასვამიც იყო და კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა. ცოტა გონს რომ მოვიდა და აზროვნების უნარიც დაუბრუნდა, გვითხრა, დღესვე მინდოდა, ჩემთან წამეყვანეთ ოჯახში, მაგრამ ხვალისთვის უნდა გადავდოთ, შევამზადოო. მეორე საღამოს შევიკრიბეთ, მართლაც ულამაზეს ოჯახში, სადაც ლადო ღვიძლი შვილივით მიიღეს. მერე ძმებმა თავიანთი მშობლებიც გააცნეს ერთმანეთს და გაშვილების ნამდვილი ისტორიაც გაიგეს: თურმე ერთ წლამდე ბიჭის შვილად აყვანა სდომებია ბავშვთა სახლის დირექტორის ნათესავს. ტყუპების აყვანაზე უარი უთქვამს და ამიტომ დირექტორმა რაღაც მაქინაციებით ძმები სხვადასხვა გვარით გააფორმა. ერთ-ერთი მათგანი (ლადოს ძმა) სხვა ბავშვთა სახლში გადაუგზავნია, სადაც უკვე გაფრთხილებული ჰყოლია დირექტორი, ამ ბიჭს ვინც იშვილებდა.
თავისთავად, საშინლად დრამატული ისტორიაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა.
ლადომ ცოლი რომ შეირთო, მეჯვარედ ის კაცი წაიყვანა, ვინც მას თავისი ძმა გააცნო.
ამ ამბის შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა და ახლაც ვერ ვიხსენებ ემოციების გარეშე. ლადოს და თავის ტყუპისცალს დღემდე ისეთი ძმობა აქვთ, ბევრს რომ შეშურდება.
გიორგი, 49 წლის.
საცოლე უარს ძაღლის
გამო მეუბნება
მყავს შეყვარებული, რომელიც მარტო იმიტომ არ მომყვება, რომ სახლში ძაღლი მყავს – გერმანული ნაგაზი, რომელიც ოთხი წლის წინ მომიყვანა ჩემმა მეგობარმა. ახალდაბადებული იყო, ჯერ თვალებიც კი არ ჰქონდა წესიერად ახელილი, რძეს საწოვარათი ვაჭმევდი. ერთი სიტყვით, მე გავზარდე და ისე მიყვარს, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ირკამ (ჩემმა შეყვარებულმა) მითხრა, ძაღლი ჩემზე მეტად გიყვარსო. ასეთი შედარება უსამართლობაა. თუ ირკას მართლა ვუყვარვარ, ჩემს ემოციებსაც უნდა სცეს პატივი. იმ დღეს ვუთხარი, მართლა რომ გიყვარდე, ჩემს ძაღლსაც შეიყვარებდი-მეთქი. მან კი მიპასუხა, შენ რომ ამ ცხოველზე მეტად გიყვარდე, ჩვენ შორის არჩევნის საკითხსაც კი არ დააყენებდიო. ვერაფრით გავაგებინე, რომ ოთხი წლის შემდეგ ძაღლის გაგდება, წარმოუდგენელი ტკივილია პატრონისთვის. არადა, ირკას გარეშეც ვერ ვიცოცხლებ. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. დედაჩემი ირკას მხარეზეა და მეუბნება, ამხელა ძაღლს ბინაში რა უნდა, თან, ბავშვი რომ გაჩნდება, საშიში იქნება ბეწვისა და სხვა პრობლემების გამოო. მაგრამ, მე არაფრის გაგონება არ მინდა და ირკასაც ასე დავუსვამ საკითხს: თუ ჩემი ცოლობა უნდა, ჩემი ძაღლიც უნდა შეიყვაროს, თუ არა, მაშინ, ნურც მე დამაბრალებს და ნურც ჩემს ძაღლს, კარგად იყოს, ოღონდ – უჩვენოდ.
შოთიკო, 22 წლის.
როგორ დავკარგე ძმაკაცი
მე და ჩემი ძმაკაცი ერთად ვმუშაობდით. ერთხელ, სამსახურის საქმეზე ერთად წავედით მანქანით. საჭესთან ლუკა იჯდა. ტრასაზე რომ გავედით, მოულოდნელად, ვიღაც კაცმა გადაგვირბინა წინ, ლუკამ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და იმ კაცს დაარტყა. საავადმყოფოში ჩვენ თვითონ მივიყვანეთ და ოჯახსაც შევატყობინეთ. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯებიც ჩვენ დავფარეთ. ის კაცი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ, სამუდამოდ დაინვალიდდა და მისმა შვილებმა იმხელა თანხა მოითხოვეს, რასაც ვერც ლუკა, ვერც მე და ვერც ორივე ერთად, ვერასდროს გადავიხდიდით. ამიტომ, იმ ხალხმა გვიჩივლა და ლუკა რამდენიმე წლით უნდა ჩამჯდარიყო ციხეში. მაგრამ, მისი დანაშაული მე ვიკისრე და მე ჩავჯექი, რადგან ლოგინად ჩავარდნილი დედა, ორი პატარა შვილი და მესამე ბავშვზე ორსული ცოლი ჰყავდა. მე კი ასეთი რამეებისგან ჩიტივით თავისუფალი ვიყავი და ამიტომ გადავდგი ასეთი ნაბიჯი. ლუკაც და მისი ცოლიც კინაღამ სიხარულით გადაირივნენ, ეს ამბავი რომ ვუთხარი. ლუკა შემპირდა, რომ ყურადღებას არ მომაკლებდა და ჩემს მშობლებსაც მიხედავდა. მაგრამ, მისი ეს პირობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა, მერე კი ლუკას თანდათან დავავიწყდი მეც, ჩემი დედ-მამაც და, როგორც გავიგე (ხომ იცით, ჭორი ციხეში ყველაზე სწრაფად ვრცელდება), მისი ცოლი ყველგან ყვებოდა, როგორ გავიტანე მე კაცი და როგორ გადარჩა მისი ქმარი სხვის მაგივრად ციხეში ჯდომას. ერთი სიტყვით, ბოდიშს ვიხდი უზრდელობისთვის, მაგრამ „დამიკიდეს”. ლუკა აღარც სანახავად მოდიოდა, აღარც რამეს მიგზავნიდა და აღარც ჩემს მშობლებს აქცევდა ყურადღებას. მართალია, სხვა მეგობრებს არ მივუტოვებივარ, მაგრამ ეს სულაც არ უხსნიდა ლუკას პასუხისმგებლობას.
ციხეში ორი წელი ვიჯექი. იქიდან რომ გამოვედი, პირველი, რაც გავაკეთე, ლუკას მივაკითხე. კარი რომ გააღო და დამინახა, კინაღამ მოკვდა, მაგრამ, სირცხვილის კი არა, შიშის გამო. კარგა ხანს ვუყურებდი სახეში, ის კი ადგილს ვეღარ პოულობდა და სიტყვებს ეძებდა, რომ რამე ეთქვა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოიბლუყუნა – როდის გამოხვედიო. მე პასუხი არ გამიცია და ისევ სახეში მივშტერებოდი. რაღაც მომენტში გაბრაზდა და ცოტა გაღიზიანებულმა მითხრა – რა იყო, რას მიყურებ, ან აქ რას მოხვედიო. ჩემდა გასაოცრად, არც კი ავღელვებულვარ, ისე ვუპასუხე, მინდოდა, შენთვის თვალებში ჩამეხედა-მეთქი. ამ სიტყვებზე თავხედურად მიპასუხა, ხომ ჩამხედე, ახლა კარგად იყავიო. სინანულის მაგვარი მაინც რომ მეგრძნო მისგან, შეიძლება, ასე აღარ გამოვსულიყავი წყობიდან, მაგრამ, მისმა ტონმა ისე შემშალა ჭკუიდან, ჯერ მუშტი ვლეწე ყბაში, მერე ფეხქვეშ გავიგდე და კარგად დავალილავე. ხმაურზე მისი ცოლი გამოვარდა და ლანძღვა და წყევლა დამიწყო, თან, მილიციის გამოძახებით დამემუქრა. შე ნაძირალა, დღესვე უკან შევაბრუნებინებ შენს თავს, ციხეშია შენი ადგილიო. ეს კი მართლაც ბოლო წვეთი იყო, წამოვაყენე ნაცემი ლუკა, მივაყუდე კედელზე და ორივე ცოლ-ქმარს ვუთხარი, ერთ კვირაში ოცი ათას დოლარს თუ არ მომიტანთ, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ-მეთქი და წამოვედი. თუმცა, იმ წუთებში მართლა არ ვიცოდი, რომ არ მოეტანათ, რას ვუზამდი, ალბათ, არაფერს.
როგორც ჩანს, პოლიციაში დარეკვის მაინც შეეშინდათ და საერთო ძმაკაცებს ჩამოურეკეს, რომ მათთან მისულიყვნენ და ჩემს მოგერიებასა თუ ტყუილში დარწმუნებაში დახმარებოდნენ. უმრავლესობამ, არც კი იცოდა, როგორ მომექცა ლუკა. სიმართლე რომ გითხრათ, არც ვაპირებდი, ვინმესთვის რამე მეთქვა, მინდოდა, თვითონ გამერკვია და მომეგვარებინა ყველაფერი. მაგრამ, რადგან ლუკამ თვითონ ჩარია ძმაკაცები, იძულებული გავხდი, ყველასთვის სიმართლე მეთქვა. ბიჭები გადაირივნენ, რომ გაიგეს და, შუამდგომლობის ნაცვლად, ლუკა ძალიან მკაცრად გააფრთხილეს, თუ იმ თანხას არ მიუტან, სახლს გაგაყიდინებთო, ოღონდ, ვადა ერთი კვირის ნაცვლად ერთი თვე მისცეს. თან, მკაცრად გააფრთხილეს, გირჩევნია, მილიცია-პოლიციაში სირბილსა და რეკვას თავი დაანებო, თორემ, შენი ფირმა გადასახადებს რომ მალავს, ისიც გამოაშკარავდება და საერთოდ ყველაფერს დაკარგავო. ეტყობა, ამ მუქარამ გაჭრა და ზუსტად სამი კვირის შემდეგ თანხა გამომიგზავნა, თან ცრემლები გამოაყოლა – ცოლ-შვილი ქუჩაში დამიტოვეო. მაგრამ, გაირკვა, რომ ამ თანხის შესაგროვებლად არაფერი გაუყიდია, ერთ-ერთ ბანკში საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონია შეტანილი ცოლის სახელზე და იქიდან გამოუტანია.
იმ თანხით ორი წლის წინ მიტოვებულ მშობლებსაც და ცოტა საკუთარ თავსაც მივხედე. ბინაში კოსმეტიკური რემონტი გავაკეთე და პატარა ბიზნესიც წამოვიწყე. სხვათა შორის, სულაც არ მქენჯნის სინდისი.
ზურა, 36 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.