ვინ ხვდება ახალ, 6761 წელს 1 აპრილს
1 აპრილს თბილისში და მთელ საქართველოში მცხოვრები ასურელები 6761 წლის მოლოდინში არიან. სწორედ გაზაფხულის ამ დღეს დგება მათი ახალი წელი. ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია წინასწარ ულოცავს მათ დამდეგ ახალ წელს და სიკეთესა და მშვიდობას უსურვებს. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ახალგაზრდა ასურელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი ედგარ ბიტბუნოვìèèია, რომელიც თავად უამბობს მკითხველს თავისი ერის უძველესი ტრადიციების შესახებ.
– რომელი წელი დგება ასურელებისთვის 1 აპრილს და რატომ აღინიშნება თქვენი ახალი წელი ამ დროს?
– მთელი მსოფლიოს და, საქართველოში მცხოვრები ასურელები, 6761 წლის მოლოდინში არიან! ახალი წლის აღნიშვნის ეს დრო, ანუ გაზაფხული, სათავეებს უძველეს დროში იღებს და დაკავშირებულია შუამდინარეთის ხალხთან: აქადეველებთან, შუმერებთან, მათ უძველეს ტრადიციებსა და კულტურასთან. სწორედ ამ ძველი ხალხის პირდაპირი შთამომავლები ვართ ჩვენ. ზოგადად, ასურელების ახალი წლის გაზაფხულზე აღნიშვნა განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ტრადიციებითა და ყოფით. სწორედ გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება და, სად, თუ არა მესოპოტამიაში, ტიგროსისა და ევფრატის სათავეებში უნდა გაეღვიძა ამ ტრადიციას!
– გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული ტრადიციები ახალი წლის ღამეს, ანუ, როგორ ულოცავთ ერთმანეთს ახალი წლის დადგომას?
– განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ, როდესაც ასურელებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა, მათ დაივიწყეს და უკუაგდეს, ფაქტობრივად, ყველა წარმართული ტრადიცია, დაკავშირებული ღვთაებებთან. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ასირულბაბილონური ახალი წელია. იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს ნაციონალური სახელმწიფო, ძნელია, ისაუბრო, რაიმე ძველ ტრადიციებზე, მით უმეტეს, არაქრისტიანულზე. ქრისტიანული რელიგია ჩვენმა წინაპრებმა შეისისხლხორცეს მთელი სხეულითა და სულით. დავიწყებას მისცეს ყველა ქრისტიანობამდელი ტრადიცია.
– რით განსხვავდებიან ახლანდელი ასურელები ძველი ასურლებისგან?
– რითაც თანამედროვე ქართველები განსხვავდებიან ძველი კოლხებისგან. ვფიქრობ, ძირითადი განსხვავება ტანსაცმელსა და მსოფლმხედველობაშია. შეიცვალა ადამიანის აზროვნებაც: შეძენილია ახალი ცოდნა, დავიწყებას მიეცა ბევრი ძველი, მაგრამ, ხალხი ცხოვრობს და, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და სხვა უამრავი ცვლილებისა ერი არ კვდება. ჩვენ ხშირად გვთხოვენ, დავამტკიცოთ ჩვენი ასურელი წარმომავლობა და კავშირი ძველ ასურელებთან, მაგრამ, ამის გაკეთება არაა საჭირო, ხვალ-ზეგ ვინმემ, შეიძლება, თქვენც მოგთხოვოთ, დაასაბუთოთ ნათესაური კავშირი თქვენსავე წინაპრებთან. ჩვენს შემთხვევაში, ვიტყვი, მხოლოდ ერთს: ჩვენ ვართ ერთადერთი ერი დედამიწის ზურგზე, რომელიც საუბრობს ძველი ასურელებისა და ბაბილონელების ენაზე. ვეჭვობ, რომ ჩვენ ის სიზმარში ვისწავლეთ, როგორც მენდელეევმა თავისი პერიოდულობის სისტემა. ყველა ასურელი, ნებისმიერ დღესასწაულზე, იქნება ეს ახალი წელი თუ რაიმე რელიგიური დღესასწაული, ნათლობა ან ქორწილი, აუცილებლად ასრულებს ძალიან ნელ და ლამაზ ცეკვას – „ხიგგას”, რაც თარგმანში „სიხარულს“ ნიშნავს. ცეკვაში მონაწილე ყველა ადამიანი ერთმანეთთან ხელჩაკიდებულია, ქმნის დიდ რკალს და მხიარულად, სიმღერის თანხლებით ასრულებს ამ ცეკვას. როგორც წესი, ახალ წელს ჩვენ ვცდილობთ, ტრადიციული კერძებით გავაწყოთ საახალწლო სუფრა. ტრადიციული კერძების სიმრავლე ძირითადად დალმით (ტოლმა) და ბახლავათი (ფახლავა) განისაზღვრება, რომლის გარეშეც სუფრა არ შედგება არც ერთ ოჯახში. წესით და რიგით, ჩვენ სადღეგრძელოების დალევა გვეკუთვნის ჩვენი ასურული სასმლით – ლუდით (ლუდი სწორედ ძველ ასურეთში გამოიგონეს – ავტორი), მაგრამ, მიღებული ტრადიციის თანახმად, ჩვენ აღვნიშნავთ ახალ წელს ღვინით. ვულოცავ ყველა ასურელს დამდეგ ახალ 6761 წელს. „ხავ, ბრიხა რიშა დ შიტა ხატა!” – რაც თარგმანში ნიშნავს: ბედნიერი იყოს თქვენთვის ეს ახალი წელი!