ბაჩუკი ბახტაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია
26 მარტს, შაბათ დღეს, თბილისის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ექსპერიმენტული დარბაზის ფოიეში, მეექვსე სართულზე შედგა ბაჩუკი ბახტაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია. როგორც თავად ავტორმა გვითხრა, მეექვსე სართული, ანუ სიმაღლე კრებულის სათაურიდან გამომდინარე შეარჩიეს, რომელიც ღრუბლებში ფრენისა და რომანტიზმის ასოციაციას იწვევს. ამიტომაც, კრებულის – „რადგან ცხადში ვერ გიპოვე, უნდა გამოგიგონო”, პრეზენტაცია თითქმის თეატრის სახურავზე შედგა. ბატონი ბაჩუკი ახალი კრებულით ყოველ წელს ახარებს თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს. კრებულში ზუსტად იმდენი ლექსია შესული, რამდენი წლისაც თავად ავტორია იმ დროისთვის. პრეზენტაციას, ანუ წარდგენას, – როგორც მას თავად ბატონი ბაჩუკი უწოდებდა უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, მუსიკოსები – მიხეილ ანთაძე, კაკო ვაშალომიძე, ბიძინა მახარაძე, მიშა ზაქარეიშვილი, ზალიკო სულაკაური და სხვები. აღსანიშნავია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ ავტორი მწერალთა კავშირის წევრი გახდა. ვულოცავთ ბატონ ბაჩუკის ამ ყველაფერს ერთად!