როგორ აღმოაჩინეს ნიუ-იორკის რესტორანში თეონა კოროშინაძე და მანჰეტენის რომელ კლუბში მღეროდა ის თვრამეტი წლიდან
„ნიჭიერის” ქასთინგებზე ფუშფუშა ქვედაკაბითა და „აჟურული” კოლგოტებით მოსეირნე გოგონას დანახვაზე, რატომღაც ყველა ელოდებოდა კიდევ ერთ მორიგ სეირს. თუმცა, ყველაფერი სულ სხვაგვარად წარიმართა. ამერიკაში გაზრდილი, თავისუფალი, მხიარული თეონა კოროშინაძე საოცრად ძლიერი, განსხვავებული ტემბრით ემი ვაინჰაუსის სიმღერას ასრულებს და სცენიდან ყველას აკვირვებს. როგორი იყო თეონას ცხოვრება დღემდე, სანამ ის თბილისში ჩამოვიდოდა, ამაზე თავად ისაუბრებს.
თეონა კოროშინაძე: თბილისში დავიბადე. დაბადებისთანავე დედა გარდამეცვალა, მშობიარობას გადაჰყვა. ეთერ იოსებიძე თუ იცით, კომპოზიტორი და მომღერალი იყო. „მხიარული რომანი”, „სიყვარული ყველას უნდა”, „მოიტაცეს თამარ ქალი”, „ჩარი-რამა” – ამ ფილმებში სიმღერებს დედაჩემი ახმოვანებს. მას სიმსივნე აღმოაჩნდა. 22 თებერვალს დავიბადე და დედა 24 მარტს გარდაიცვალა. დედიკოს გარეშე ვიზრდებოდი, ბებია და დეიდა მზრდიდნენ. მათ პატარაობიდანვე მიმაჩვიეს იმ აზრს, რომ დედა მყავდა და გარდაიცვალა. არასდროს მოუტყუებიათ, რომ ის უცხოეთშია ან სადღაც. დეიდა ხშირად მასმენინებდა დედას სიმღერას ფირფიტებზე. მან რაღაც ბიოგრაფიული წიგნიც გამოუშვა დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ და მას ხშირად მათვალიერებინებდა და მაკითხებდა.
– ამის გამო რთული ბავშვობა გქონდა?
– კარგად არ მახსოვს, მაგრამ როგორც ბებიაჩემი მიყვება, ძალიან ცივი და გულჩათხრობილი ბავშვი ვყოფილვარ, ჩუმად ყოფნა მერჩივნა და არავისთან კონტაქტი არ მინდოდა თურმე. მაგრამ ახლა რომ გავიზარდე, პირიქით, მიყვარს სითბო, მჭიდრო ურთიერთობები. მოკლედ, ხუთი წლის ვიყავი, როცა ამერიკაში წავედი. ქართულად რომ ასე კარგად ვლაპარაკობ, ეს ბებიაჩემის დამსახურებაა.
– როგორ წახვედით ამერიკაში?
– აქ რომ ომიანობა და უშუქობა იყო, დეიდაჩემმა და ბიძაჩემმა გადაწყვიტეს, ამერიკაში წასულიყვნენ. მერე ბებიაჩემი ჩავიდა იქ მათ სანახავად. „გრინ ქარდის” ლატარია შეავსო და მოიგო. პატარა, რომ ვიყავი ბებიას ნაშვილები ვყავდი. ბაბუაჩემი, როგორც ქმარი და მე როგორც შვილი, ბებიაჩემმა ორივე იოლად წაგვიყვანა. იქ ჩასვლა და იქაურ სიტუაციასთან მორგება დიდად არ გამჭირვებია. დედაჩემის მხარე ყველა იქ ცხოვრობს, ისევ მათთან ვიყავი, ვინც მზრდიდა და პრობლემა არ შემქმნია. მამა საქართველოში ცხოვრობს. სახლში საერთოდ არ გამჭირვებია, მაგრამ სკოლაში ცოტა გამიჭირდა.
– ცივი ბავშვები არიან?
– პატარაობისას კი, მაგრამ მერე, ასაკი რომ ემატებათ, კარგები ხდებიან. ამერიკულ ფილმებში რასაც უყურებთ, მთლად ეგეთი სასტიკი სიტუაცია არ არის. ინგლისური თუ არ იცი და ახალი ჩასული ხარ, ცოტა ისე გიყურებენ, დაგცინიან კიდეც. მაგრამ მერე, ინგლისური რომ კარგად ვისწავლე, მსგავსი პრობლემები აღარ მქონია. ჩემს სკოლაში საუკეთესო გოგოები და ბიჭები და მათი დაჯგუფებები – ასე არ იყო. უფრო თეთრებად და შავებად იყოფოდნენ. ნიუ-ჯერსიში ვცხოვრობდი. პატარა მთა იყო და მთის მაღლა სულ თეთრები ცხოვრობდნენ, დაბლა კი – სულ შავები. ხშირად ჰქონდათ ერთმანეთთან კონფლიქტი.
– როგორია იქაური სკოლა, მკაცრი სწავლაა?
– საერთოდ არ არის მკაცრი სწავლა. ძალიან კარგი, თბილი და ყურადღებიანი მასწავლებლები არიან, მაგრამ სწავლაში სიმკაცრე არ არის. გამრავლება მეცხრე კლასში ვისწავლე (იცინის). განათლებაზე სერიოზული მოთხოვნა უკვე უნივერსიტეტებშია. ამიტომ, ეს ხშირად ხდება პრობლემა. „ჰაი სქულიდან“ უნივერსიტეტში რომ გადადიან, უჭირთ ბევრი მეცადინეობა.
– სტიქიური ქალიშვილობის დაკარგვა სკოლის დამთავრების შემდეგ – ესეც რეალურია?
– არა, რადგან თვრამეტ წლამდე ვინ იცდის. (იცინის) არც ესაა ტრაგედია, მაგრამ არ ელოდებიან თვრამეტ წელს... მოკლედ, „ჰაი სქული” რომ დავამთავრე, ორი წელი სწავლა შევწყვიტე და მუშაობა დავიწყე. მუშაობა უფრო მინდოდა. კარგი ხელფასი მქონდა, კლუბში ვმღეროდი მანჰეტენზე.
– მოდი, ამაზე ვისაუბროთ, როგორ დაიწყე სიმღერა?
– რაც თავი მახსოვს, სიმღერა ჩემს ცხოვრებაში სულ არის. მე და ჩემი დეიდაშვილის შვილი პატარაობიდან ვმღერით. დეიდაჩემიც მომღერალი იყო, „ორველაში” მღეროდა. ამერიკაში რომ ჩავედით, იქ თვითონ გვასწავლიდა სიმღერას. დუეტში ვმღეროდით ხოლმე. დებივით ვართ. ათი წლიდან უკვე თვითონ გვირჩევდა სიმღერებს – „ბროდვეი” და სერიოზული რეპერტუარი გვქონდა. დეიდას ძალიან უყვარს და ხშირად დავდივართ ბროდვეიზე მიუზიკლების სანახავად. თუმცა, ამ ჩემს სიმღერის ნიჭს, სკოლაში არასდროს ვაჩენდი, რატომღაც მეშინოდა. ალბათ, იმიტომ, რომ სკოლის მიუზიკლებში სულ ერთი და იგივე ბავშვები თამაშობდნენ. ერთი წრე ჰყავდათ არჩეული და ეს წრე იყო ყველგან. არც არასდროს მიცდია მეც მიმეღო მონაწილეობა. რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს, ეს უარია და არ მინდოდა, ვინმეს უარი ეთქვა. უფრო სწავლაზე იყო ჩვენს ოჯახში გართულება.
– მერე?
– მერე გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიმღერა მიყვარს და მარტო ეს მინდა, ვაკეთო-მეთქი. თვრამეტი წლის რომ გავხდი, ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად და მუშაობაც დავიწყე. სამსახური ადვილად ვიშოვე. წვეულება იყო თაიმ სქვერზე – ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების დაბრუნების აღსანიშნავად, სანდრაც იქ იყო და მე და ჩემმა დეიდაშვილის შვილმა ვიმღერეთ...
– ამერიკაში ოცნებები ხდება, არა?
– კი, ნამდვილად. ოღონდ დიდი შრომის შედეგად. რომ ვიმღერეთ, ვიღაც მოვიდა და შემოგვთავაზა კლუბი მაქვს ნიუ-იორკში და იქ იმღერეთო. ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ვმუშაობდით. მაგრამ, მერე ჩემმა დეიდაშვილიშვილმა, რომელიც ჩემზე ორი წლით უმცროსია, „ჰაი სქული” დაამთავრა თუ არა, უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. მერე მუშაობა მარტო განვაგრძე. საკმაოდ ნორმალური კლუბი იყო. ამერიკაში კლუბში ოცდაერთ წლამდე ასაკის ადამიანს არ უშვებენ. აქ სულ თინეიჯერები რომ დადიან კლუბებში და სვამენ კიდეც, იქ აკრძალულია ალკოჰოლის მიყიდვა 21 წლამდე და სიგარეტისა კი – 18 წლამდე. კლუბში მხოლოდ მე მიშვებდნენ თვრამეტი წლისას, როგორც მომღერალს. ყველაფერი გამომადგა, რაც კი დეიდაჩემმა მასწავლა.
– იქ რომელიმე პროდიუსერმა არ გიპოვა?
– იცი, რამდენია ეგეთი?! მაგრამ, ვის უნდა დაუჯერო?! მოდიან, გეუბნებიან, შენგან ვარსკვლავს შევქმნიო, მაგრამ რომ ვუყურებდი, რაღაც არასანდო ტიპები იყვნენ. არც ერთი არ მომეწონა. ისე, ძალიან, ძალიან ბევრი პროდიუსერია, შეიძლება, გაგიჟდე.
– თვითონ არ გიცდია, სერიოზულ საპროდიუსერო კომპანიაში მისვლა?
– რაღაც ჩანაწერი მაინც ხომ უნდა გქონდეს და ეს იქ იმხელა თანხებთანაა დაკავშირებული, გადაირევი. ჯერ მარტო სიმღერა რომ იყიდო, ასიათასები სჭირდება. სამაგიეროდ, აქ დავაგროვე სიმღერები და ჩავწერ. საერთოდ, თავიდან, ჩემი ჩამოსვლის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. პირველად საქართველოში ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, მაშინ დავბრუნდი, აქ ჩამოვასვენეთ. მაგრამ, სულ ხუთი დღე დავრჩით. ახლა კი ერთი წლით ჩამოვედი სექტემბერში. რაღაც გადამიბრუნდა თავში, ჩემს საქართველოში მინდა ჩასვლა-მეთქი და ახლა უკან წასვლა აღარ მინდა.
– რა მოგწონს აქ?
– არ ვიცი, კონკრეტულად, თქმა მიჭირს, მაგრამ აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს. იქ ცხოვრება საშინლად მოსაწყენია. ჯერ ერთი, სხვანაირად მიყვარს ჩაცმა. იქ კიდევ, რაც არ უნდა ჩაიცვა, არავინ ყურადღებას არ გაქცევს. თუ გინდა „პიჟამოთი” გადი ქუჩაში და ისეირნე, ზედ არავინ შეგხედავს. იქ ეს არ აინტერესებთ. მე კიდევ მინდა, რომ ყურადღება მომაქციონ. აქ კიდევ პირიქით, რაც არ უნდა გეცვას, მაინც გიყურებენ და მაგას რა ჯობია?! სხვა მხრივაც მოსაწყენია. ადგები დილით, წახვალ სკოლაში, დაბრუნდები, იმეცადინებ და მორჩა. ბოლო ორი წელიწადია, სიმღერას თავი დავანებე და სამედიცინოზე ვსწავლობ. ღმერთმა დამიფაროს, ერთ დღესაც რომ გავიღვიძო და ხმა არ მქონდეს, მერე რა ვქნა?! ექვსი წელი უნდა ვისწავლო ის, რაზეც მინდა. არ ვიცი, აქ როგორ ჰქვია – დღენაკლული ბავშვების ექთანი უნდა ვიყო. იმ ბავშვების მომვლელი, ინკუბატორებში რომ არიან. ძალიან ბევრი ვიწრო სპეციალობაა. ამ ფაკულტეტზე საბუთების შეტანა დამაგვიანდა და პროგრამაში ჩასმა ვერ მოასწრეს. ამიტომ, ერთი წელი გამიცდა. გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვსულიყავი და ვარსკვლავი გავმხდარიყავი.
– იცოდი აქაური პროექტების შესახებ?
– იქ „ჯეოსტარს” ვუყურებდი, მაგრამ ქართულ სიმღერებს ვერ ვმღერი საჭირო დონეზე – ამერიკული ხასიათი მოდის. მერე რომ ჩამოვედი, შევხვდი დედაჩემის ძველ მეგობრებს: ლელა წურწუმიას, რუსა მორჩილაძეს, ოთარ ტატიშვილს და სხვებს. მათ მირჩიეს „ნიჭიერში” მიმეღო მონაწილეობა. ლელა და რუსიკო ძალიან დამეხმარნენ, თორემ საშინლად დაბნეული ვიყავი. მოკლედ, მივედი „ნიჭიერში” და გავიგე, რომ ჩემი ჩაცმულობა, ვიზუალი ყველას ზედმეტად მოხვედრია თვალში. ვერ ვხდები, რატომ აცვია ყველას შავები. მეც უკვე მაკომპლექსებენ საქართველოში – ეს არ ჩაიცვა, ის არ ჩაიცვაო. რაზე ვიცინე იცი, ბევრი? ინტერნეტში ძალიან ბევრს არ სჯერა, რომ ამერიკიდან ჩამოვედი. ყველა ამბობს, ვაიმე, ეს, ალბათ, სოფლიდან ჩამოვიდა და იბრალებს ამერიკიდან ვარო (იცინის). ამ დროს ამით საერთოდ არ „ვმარიაჟობ“, პირიქით. რამდენი ვიცი, ერთი წლით რომ ჩავლენ და უკვე ქართული ავიწყდებათ. მე კიდევ ოთხი წლიდან ვცხოვრობ იქ და საქართველოში მინდა ყოფნა. მოკლედ, ვნახოთ რა იქნება.