კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნავსადგურში მძღოლად და კურიერად მომუშავე რეზო კიკნაძე გერმანიაში აღიარებული მუსიკოსი

ცნობილ მუსიკოსს, რეზო კიკნაძეს, წარდგენა აღარ სჭირდება. ის გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს როგორც კომპოზიტორი, პედაგოგი და საქსოფონისტი ჯაზის, თანამედროვე მუსიკის, თავისუფალი იმპროვიზაციისა და ელექტროაკუსტიკური მუსიკის სხვადასხვა ფორმაციაში. ალბათ, ყველას უჩნდება შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა ამდენს მიაღწიოს. ამ შეკითხვით ის ჩვენც არაერთხელ შევაწუხეთ, სანამ შედეგს არ მივაღწიეთ...

– ბატონო რეზო, როგორ მოახერხეთ ასეთი მრავალმხრივი განათლების მიღება?

– ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ფილოლოგების შვილი, ბავშვობიდან ინგლისურს, გერმანულსა და მუსიკას ვსწავლობდი. ზარმაციც ვიყავი და ცელქიც, ფეხბურთსა და ველოსიპედს არაფერი მერჩივნა, მაგრამ სწავლაც მომწონდა და ტანჯვად არასოდეს აღმიქვამს. პირიქით, გაკვეთილი კიდეც მეხალისებოდა, თუმცა, მეცადინეობა მეზარებოდა. ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა. ტელევიზორი, ჩემი მშობლების გადაწყვეტილებით, კარგა ხანს არ გვქონდა – ეშინოდათ, წიგნს აღარ წაიკითხავსო. სტუდენტი ისე გავხდი, მეზობელთან გავდიოდი ფეხბურთის საყურებლად. ასე ვიზრდებოდი ამ ჩემი საყვარელი გმირების – რობინ ჰუდის, აივენჰოს, ლეგა მუს, ფრენსის დრეიკისა და სხვათა სამყაროში. სხვადასხვა დროს ხან ინდიელი ვიყავი, ხან მეკობრე, ხან ვინ და ხან – ვინ. ცოტა რომ წამოვიზარდე, ასევე თამაშ-თამაშით, მამაჩემმა ლათინურის სწავლა დამაწყებინა. ტექსტები ისე იყო აგებული და დალაგებული, რომ ნელ-ნელა სიტყვების მარაგსაც გიმდიდრებდა და რომაულ ისტორიას და კულტურასაც გაზიარებდა. მუსიკა სულ თან მდევდა. ფორტეპიანოს ლიანა ენგიბაროვასთან ვსწავლობდი. შვიდწლედში სწავლის გასაგრძელებლად სიბეჯითე არ მეყო, მაგრამ, სწორედ მერე მეწვია ის უფრო გაცნობიერებული ინტერესი და სიყვარული, რომელმაც ბოლოს ყველაფერს გადასძლია. 10 წლის ვიქნებოდი, როცა ჯაზი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ძმა, ნოდარ გაფრინდაშვილი, მხატვარი, ჩემზე 14 წლით უფროსი და ჯაზის თავდავიწყებული მსმენელი და მცოდნე საოცრება იყო.

მუსიკოსობა მაშინ აზრადაც არ მომსვლია. უბრალოდ, მიყვარდა და ვუსმენდი. სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის უნივერსიტეტში კლასიკურ ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მაშინ უკვე ვუკრავდი სადღაც ნაყიდ ჯაბახანა კლარნეტზე და ხან ერთ მეგობარს შევუჩნდებოდი, ბენდი გავაკეთოთ-მეთქი, ხან – მეორეს. იმ პერიოდში დედაჩემს ჩვენი უბნის მუსიკალური მაღაზიის გამყიდველი შეხვდა და უთხრა, ქალბატონო ლამარა, როგორ მეცოდება, თქვენი შვილი ყოველდღე შემოდის ჩვენთან და საქსოფონს მიშტერებიაო. დედის გული რას გაუძლებდა და ასე გავხდი მშვენიერი, მაშინ ჩვენთვის კატასტროფულად ძვირი გერმანული ალტ-საქსოფონის პატრონი. ჩემს ფილოლოგიურ „შტუდიებს” ამან, ცოტა არ იყოს, წყალი შეუყენა და ჩემი მშობლები შეაშფოთა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი სწავლის გასაგრძელებლად იენაში წასვლა ბოლო წუთს ჩაიშალა და მე უკვე პირი მთლიანად მუსიკისკენ ვქენი.

ამასობაში შევირთე ცოლი, დავიცავი დიპლომი, შეგვეძინა შვილი – გიორგი და გავხდი მიხო შუღლიაშვილის მოწაფე კომპოზიციაში. მისმა შვილმა, მაშინ ახლად გაცნობილმა და შეხვედრისთანავე დამეგობრებულმა დათო შუღლიაშვილმა წამიყვანა მასთან, რომ ჩემი საწყალი ესკიზები მეჩვენებინა.

წლების განმავლობაში ვმეცადინეობდი კომპოზიციაში მიხო შუღლიაშვილთან და შევიძინე და განვიცადე იმდენი და ისე ძლიერად, რომ დღესაც კი ამით ვსულდგმულობ. მერე, რატომღაც, მოვინდომე კონსერვატორიაში ჩაბარება; კი ბატონოო (თვითონ არ ასწავლიდა იქ), ორიოდ თვეში მსუბუქად, თამაშ-თამაშით მომამზადა სავალდებულო საგნებში და ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი კონსერვატორიის სტუდენტი, თუმცა, მიხოსთან ინტენსიური მეცადინეობა მანამდეც გრძელდებოდა, სანამ გერმანიაში წავიდოდი და არც მერე შემწყდარა, ოდნავ სახე იცვალა და ჯერ ეპისტოლარულ, მერე კი „აუდიოეპისტოლარულ” ჟანრში გადავიდა, წერილის წერის ნაცვლად ჩადებდა ხოლმე კასეტას მაგნიტოფონში და, როგორც თვითონ ამბობდა – „მებაასებოდა” საქართველოს მაშინდელ სიურეალისტურ ყოფაზე. კონსერვატორიაში ჩაბარების წელსვე (1986) აღმოვჩნდი დათო შუღლიაშვილთან ერთად ბორჯომში ხალხური მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე; იქ გავიცანით და უცებ დავმეგობრდით ხალხთან, რომლებმაც კიდევ ერთი დიდი მუსიკალური და არა მარტო მუსიკალური შთაბეჭდილება და განცდა მომცეს: ის უცნაური ტიპი, კოტეჯში ჩვენი შესვლისას შოპენს რომ უკრავდა ფორტეპიანოზე (დათო ზათიაშვილი), და მეორე, იმერულად რომ უქცევდა (მალხაზ ერქვანიძე), რამდენიმე სხვასთან ერთად (ზაზა წერეთელი, მათემატიკოსი, კომპოზიტორები გურამ გაგოშიძე, თემო იმნაძე, ალიკო ხახიაშვილი. ჩემი თანაკურსელები კონსერვატორიაში), დათო შუღლიაშვილი და მე – სულ რვანი ვიყავით დღეს ყველასთვის ცნობილი ანჩისხატის გუნდის, თავდაპირველი შემადგენელი ნაწილი. მიხოსთან ვმეცადინეობდი, კონსერვატორიაში ვსწავლობდი, ანჩისხატში ვგალობდი და მაინც ვერაფერს ვუხერხებდი უკმარისობის და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. ჩემი სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, მუსიკოსი მარიკა ლაფაური მაშინ უკვე გერმანიაში, ლიუბეკის სამუსიკო აკადემიაში სწავლობდა ორღანზე და თავისთან მიმიწვია – ჩამოდი, მიიხედ-მოიხედე, იქნებ აქ სწავლა მოგინდესო. მეც ჩავედი 1990 წლის ბოლოს და ამ მიწვევამ და ორიოდე კვირით მასთან სტუმრობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ლიუბეკის Musikhochschule ამ ძველი ქალაქის ათიოდე უძველეს შენობაშია განთავსებული და „ევროპის ულამაზეს ლაბირინთად” მოიხსენიება ხოლმე. მარიკა იქ სწავლობდა ორღანსა და საეკლესიო მუსიკას. შევედი თუ არა, თავბრუ დამეხვა: ბიბლიოთეკა, ფონოთეკა, კლასები, დარბაზები, ხმები, სახეები... მაშინვე მივხვდი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, აქ უნდა მესწავლა. კარისკაცს ვკითხე, რომელიმე კომპოზიციის პროფესორს ხომ არ შეიძლება დავეკონტაქტო-მეთქი. პატარა ფურცელზე მიმიჯღაბნა რაღაც ტელეფონის ნომერი და მეც ერთ-ორ დღეში დავურეკე ფრიდჰელმ დოელს, ცნობილ გერმანელ კომპოზიტორსა და პედაგოგს: ქართველი სტუდენტი ვარ, კომპოზიტორი, ჩემი პორტიტურების სანახავად ხომ ვერ მოიცლით-მეთქი. „აა, ქართველიო? კოლხეთიდანო?” მთლად არა-მეთქი, – ცოტა დავიბენი. თურმე ამ კაცს იმ წლებში შეუქმნია უზარმაზარი ოპერა მედეას მითზე და სიტყვა „ქართველის” გაგონებისას დიდი ინტერესით დამთანხმდა შეხვედრაზე. ვაჩვენე ჩემი რაღაცეები, თან რაც მქონდა, მომიწონა, მითხრა, კლასში ადგილი მაქვს და სიამოვნებით აგიყვან, რაღაც ფორმალობები იქნება მოსაგვარებელი, ალბათ, მაგრამ, მანამდე, მოდი ჩემი კლასის კონცერტზე ამა და ამ დღესო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კონცერტზეც მივედი და თანხმობაც განვუცხადე. მერე სამხრეთ გერმანიაში წავედი, ერთი-ორი ლექცია მომიწყო მარიკამ ქართულ მუსიკაზე და, რომ დავბრუნდი, დოელს დავურეკე. მისი ცოლი შემხვდა და მომილოცა – უკვე სტუდენტი ხარო! დოელი, ეს იმპულსური, როგორც მერე და მერე გავიცანი, ყოვლად ანარქისტულად მცხოვრები და მოაზროვნე მუსიკოსი, მისულა რექტორატში, მიუტანია ჩემი პარტიტურები და უთქვამს: ნიჭიერი კომპოზიტორია, ამდენი უსწავლია, უმუშავია, ახლა ჩვენ რომ ამას მისაღები გამოცდები მოვუწყოთ, ხომ მოგვჭრა თავიო. მოკლედ, მოითხოვა, რომ მაშინვე ჩავერიცხეთ. ასე გადავბარგდი გერმანიაში ოცი წლის წინ.

თავის დამკვიდრება არ გამჭირვებია: სკოლაშიც დიდი წარმატება მქონდა, ქალაქშიც ნელ-ნელა გამიცნეს, როგორც კომპოზიტორი და მოგვიანებით – საქსოფონისტი. მანამდე სხვა სტუდენტებივით მიხდებოდა მუშაობა – ლიანა ისაკაძის სტიპენდიაც და მერე გოგი ოქრუაშვილის (ჩემი ბავშვობის ამხანაგი, მაშინ მოსკოვში ჰქონდა ახლად წამოწყებული ბიზნესი, მაგრამ, მალევე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა მოულოდნელად) ფირმის შემწეობაც მალე გამითავდა და დავრჩი კანტიკუნტი საკომპოზიციო შეკვეთებისა და მოკლევადიანი სტიპენდიების ამარა, რითაც თავიც უნდა მერჩინა და ოჯახიც, შვილი, გიორგი, 9 წლის იყო, ცოლი – ნატო, მძიმედ ავადმყოფობდა. არ ვთაკილობდი არანაირ „ჯობს”: შოფრობა იქნებოდა, კურიერობა, ფაბრიკაში თუ ნავსადგურში მუშაობა. საქსოფონი ჯერ კიდევ თაროზე მქონდა შემოდებული, ყოველ შემთხვევაში, ჯაზის თვალსაზრისით, ვიდრე ერთ პროექტში არ დამიძახეს, სადაც მეორე საქსოფონისტი სჭირდებოდათ. მერე კიდევ ერთ ჯაზის „ჯობზე” წამიყვანეს, იმას კიდევ სხვა მოჰყვა და ვერც კი გავიგე, ისე დავუბრუნდი მუსიკას, ამასობაში, სკოლის ელექტრონული სტუდიის ასისტენტადაც დამნიშნეს, საქსოფონის მოწაფეებიც ნელ-ნელა მომემატა და ფინანსური პრობლემები იმ მდგომარეობამდე მაინც გამოსწორდა, რომ მტვირთავად და კურიერად აღარ მიხდებოდა მუშაობა – მეტ-ნაკლებად მუსიკალური სამუშაოებით ვახერხებდი თავისა და ოჯახის რჩენას, თუმცა, გაჭირვებით.

და მაინც, გერმანიაში გატარებული ოცი წელი ფასდაუდებელი იყო ჩემთვის როგორც მუსიკის, ისე ცხოვრების თვალსაზრისით. დავწერე ორმოცდაათამდე ნაწარმოები, რომელთაგან ბევრი აქამდე მომწონს და წარმატებულად მიმაჩნია.

უცხოეთში მცხოვრები ქართველები, ალბათ, დამეთანხმებიან, რომ ამ სირთულეებით და დაბრკოლებებით სავსე მეგობრობას, ხანდახან ასობით კილომეტრზე განფენილს და ამით უფრო ძვირფასს, რაღაც სხვანაირი ძალა აქვს. „ჩვეულებრივ” ძმაკაცობას კი არ ვაჯიბრებ, ისიც უძვირფასესია; უბრალოდ, მართლა წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ უნდა მეარსება ამდენი ხანი სანდრო ყანჩელთან, ნატო გაბუნიასთან და ვადიკა რეპინთან შეხვედრებისა და ერთად ყოფნის, გია ყანჩელის მუდმივი თანადგომისა და გამხნევების გარეშე.

– როგორ შეიქმნა ფილმი „ხახვის ცრემლები”?

– 2000 წელს ლევან ღლონტი ჩამოვიდა ჩემთან, რეჟისორი და ჩემი მეგობარი; ათი წლის წინ მიუნხენში პრიზის აღების მერე ფილმი აღარ ჰქონდა გადაღებული და არც აპირებდა, უბრალოდ, სტუმრად ჩამოვიდა. მე კი ისეთ გაწამაწიაში დავხვდი, გაგიჟდა ჩემი ყურებით და გადაწყვიტა, წამომყოლოდა, სადაც წავიდოდი – მანქანაში მაინც დაგელაპარაკებიო. თან ერთი სამოყვარულო კამკორდერი ჰქონდა წამოღებული – გზადაგზა რაღაც ჩანახატებს აკეთებდა. მერე საღამოს სახლში ჩართავდნენ ხოლმე და თავს იქცევდნენ ყურებით. ასე დაგროვდა 40 საათამდე მასალა, რომლის საფუძველზეც შექმნა ჩემთვის ბევრი თვალსაზრისით უძვირფასესი და უსაყვარლესი დოკუმენტური ფილმი „ხახვის ცრემლები”, რომელმაც თავისი მწვავედ აქტუალური პრობლემატიკით (ახალგაზრდების მასობრივი ლტოლვა საქართველოდან უცხოეთში) დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ბევრისთვის ამ ჟანრის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

– ოჯახი ფართო ცნებაა და არც ვიცი, სად იწყება და რით შემოიფარგლება. ჩემს მშობლებზე (ზურაბ კიკნაძე, ლამარა გვარამაძე) და მათ მთავარ წვლილსა და ამაგზე ცოტა მაინც უკვე გითხარით, ამომწურავად კი ვერასდროს შევძლებ; ჩემი ძმა – მხატვარი ნოდარ გაფრინდაშვილი, რომელსაც ჯაზსაც ვუმადლი და ბევრ სხვა რამესაც, ბერლინში ცხოვრობს თავის გერმანელ ცოლთან, ჩემს საყვარელ რძალთან იზაბელთან ერთად. ტოტო, ნატო მირზაშვილი, 31 წლის წინ გავიცანი, 30 წლის წინ შემიყვარდა და 29 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. თუმცა, გაცნობამდე დიდი ხნით ადრეც ვიცოდი, რომ არსებობს „მშვენიერი პატარა ტოტო, ჩუბჩიკას გოგო”. ჩუბჩიკა კი შედარებით გვიან გავიცანი: 18 წლის ვიყავი, ჩვენთან მოვიდა და მოიტანა ჰანს ზაქსის ტექსტი, რომლის დადგმაც უნდოდა მაშინ მარიონეტების თეატრში – ნახე, იქნებ თარგმნოო. სმენოდა, რომ გერმანული ვიცოდი, იმას კი მაშინ ვერც ის და ვერც მე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ორიოდე წელიწადში მისი სიძე გავხდებოდი.

30 წლის წინ, ქართველებისთვის ჩვეული შეხვედრა ჩემი და ტოტოს მშობლებს შორის, „ნიშნობადაც” რომ მოიხსენიებენ ხოლმე, მირზაშვილების სახლში ვახუშტი კოტეტიშვილმა გახსნა სიტყვებით: გილოცავთ, ორი დებილი ოჯახი შეხვდა ერთმანეთსო. მას მერე ერთი ოჯახი ვართ.

გიკა, ცოლისძმა, დღეს უძვირფასესი მეგობარი, პირველად დავინახე, როცა ფანჯრიდან გადმოიხედა, ტოტო რომ სახლში მივაცილე ერთხელ. მალე სტუმრადაც ვეწვიე და პირველივე ლაპარაკიდან აშკარა გახდა, რომ „ჩვეულებრივი” ურთიერთობა არ გვექნებოდა. მასთან საუბარიც, ღვინის სმაც, კითხვაც (თავის snapshot-ების ასოციაციურ ნაკადად აგებულ ლექსებს რომ მიკითხავს, ან მე მაკითხებს ხოლმე ხმამაღლა), მუსიკის მოსმენაც და დაკვრაც (შესანიშნავად უკრავს ბონგებზე), იმავე არანორმალური ინტენსივობითაა დამუხტული, რომელიც მის ყველა ნახატს ახლავს და, საერთოდ, მის მთელ ბუნებას განაპირობებს. მირზაშვილების მთელი კლანი მხატვრებია, სოფიოთი და რევაზით დაწყებული, გიკას 29 წლის შვილით – ირაკლით დამთავრებული. პროფესიით ადვოკატია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ უნიჭიერესი მხატვარი. ჩვენმა გიორგიმ კი (ბავშვობაში ისიც კარგად ხატავდა, ერთი-ორჯერ ბაბუამისის სტილშიც შეუქმნია გულისამაჩუყებელი „შედევრები”) ბოლოს მაინც მუსიკოსობა არჩია: დღეს კარგი, წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდა კონტრაბასისტია, საუკეთესო ხალხთან უკრავს, „ჰამბურგს-ჯაზის“ სცენაზე იცნობენ და უყვართ. წელს ამთავრებს იქაურ Musikhoshschule-ს, მთელი ოჯახი ძალიან ვამაყობთ მისი წარმატებებით.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– რა გითხრათ. ვბრუნდები საქართველოში სიხარულით ფრთაშესხმული. იმედია, გამიმართლებს, ამიხდება ოცნება და დარჩენილ ცხოვრებას საქართველოში გავატარებ, ენერგიას აქაურობას მოვახმარ.


скачать dle 11.3