კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიღო ენერგეტიკის სფეროში „ოსკარი” „თელასის” ყველაზე დაბალ საფეხურზე მომუშავე მამუკა კიკალიშვილმა

წლების განმავლობაში, ყველას, ვისაც რაიმე სახის ფოტო დასჭირდება, იქნება ეს საოჯახო, ქორწილის, პორტფოლიოს, სარეკლამო თუ სხვა, პირველი, სადაც მისვლას ურჩევენ, „კიკალა სტუდიოა”. „კიკალა” უკვე ბრენდია, რომლისთვისაც საკმაოდ რთულია კონკურენციის გაწევა. მის დამფუძნებელს, მამუკა კიკალიშვილს, ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს. პროფესიით ენერგეტიკოსს, ბიზნესის „ოსკარიც” კი აქვს მიღებული. ფოტოგრაფია კი, გატაცებით დაიწყო და მალე სერიოზულ საქმიანობად იქცა.

მამუკა კიკალიშვილი: 1971 წელს დავიბადე თბილისში, მყავს მეუღლე და სამი შვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე, რაც მაშინ არ იყო პრესტიჟული, მინდოდა, იქ გამეგრძელებინა სწავლა, რადგან მართლა მაინტერესებდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ასპირანტურაში, 2006 წელს კი დავიცავი სადოქტორო. ახლა ვარ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

– არადა, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი.

– (იცინის) რა კუთხითაც საზოგადოება მიცნობს, იმის მიხედვით, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია. თუმცა, ტელევიზიით ხშირად მისაუბრია ენერგეტიკის თემებზე. ჩემი საქმიანობის პარალელურად, სულ მქონდა შეხება შოუ-ბიზნესთან – ჯერ კიდევ 1995 წელს ჩავატარე მოდის ფესტივალი. ფული მოდაში არ იშოვებოდა, მაგრამ, რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა და მეც, ვერთობოდი. ზუსტად 1995 წელს გავიცანი ავთო ცქვიტინიძე და მისი პირველი ჩვენება გავაკეთეთ. ერთი წლის შემდეგ უკვე მრეწველობის სამინისტროში დავიწყე მუშაობა. ჩემი მეგობარი მუშაობდა კანცელარიაში, რომელმაც მაშინდელ მრეწველობის მინისტრს უთხრა, მეგობარი მყავს, რომელიც დამოუკიდებლად აკეთებს რაღაცეებს და იქნებ მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტი დაინტერესდესო. ასე დამნიშნეს მსუბუქი მრეწველობის სამმართველოს უფროსად – მაშინ თანამდებობები სხვანაირად იყო. ხელფასი სამოცდაათი ლარი მქონდა. მრეწველობის სამინისტროდან ავთო ქუთაისის ქარხანაში გავუშვი სამუშაოდ. ხუთი წლის განმავლობაში იქ ცხოვრობდა და მუშაობდა – იმ ფაბრიკაში კერავდა კოლექციებს და მერე ჩვენებებზე გამოჰქონდა.

– ქართული მოდის ფეხის ადგმაში მიგიღიათ მონაწილეობა.

– 1997 წელს გავაკეთე პირველი მოდის ფესტივალი, რომელსაც ახლა „ფეშენ-ვიქს“ უწოდებენ. ამ ფესტივალში ფაბრიკები მონაწილეობდნენ. დიზაინერებს მაშინ ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი იმ ფაბრიკების სახელით გამოდიოდნენ, რომლებიც აფინანსებდნენ. ეს მექანიზმი კარგად მუშაობდა. ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა, ომის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილები რომ გამოუშვეს – სწორედ იმ დღეს მქონდა ჩვენება „მეტეხში”. სხვათა შორის, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს. პრეზიდენტმა წერილიც კი გამოგზავნა. გახმაურდა წარმოებების გამოცოცხლება. ხალხს უკვირდა – ვა, წარმოებები ყოფილა საქართველოშიო?!

– დოქტორანტურის შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი „ენერგეტიკული კარიერა”?

– ბიზნესის კუთხით გავიარე „კავკასიის ბიზნესსკოლა”. მაგრამ, თუ მუშაობაზე მეკითხები, მრეწველობის სამინისტროს შემდეგ უკვე ენერგეტიკის სფეროში გადავედი. როდესაც „თელასში” ამერიკელები შემოვიდნენ, ვიფიქრე, იქ მეტი პერსპექტივა იქნებოდა. ძალიან ძლიერი კომპანია იყო „ეიესი”, მსოფლიო დონის. მართალია, „თელასმა” კინაღამ ჩაძირა, მაგრამ ეს სხვა თემაა. მივედი. მაშინ ცოტა მეტი ამბიცია მქონდა – „ფეშენ-ვიქებს”, რაღაცეებს ვატარებდი... ვაკანსია არ ჰქონდათ მაგრამ, ჩემი დაჟინებული, სამთვიანი მონდომების შემდეგ, ყველაზე დაბალ საფეხურზე დამაწყებინეს მუშაობა – ეს იყო ტექნიკური სამსახურის ინჟინრის პოსტი. ქუროს ჩამსხმელი და რაღაც ეგეთი არ ვიყავი, მაგრამ, ჩემი ამბიციებისთვის ძალიან დაბალი პოზიცია მეკავა. სამაგიეროდ, ხელფასი 300 ლარი მქონდა. ვიფიქრე, დავიწყებ და მერე უფრო ნახავენ ჩემს პოტენციალს-მეთქი. ზუსტად ერთ თვეში გადამიყვანეს პირველი პროექტის მენეჯერად, ზუსტად ორ თვეში კი ის მხარე ავაწყვე და აქედან გადამიყვანეს რეგიონის დირექტორის მოადგილედ. დირექტორი ამერიკელი იყო და, რომ წავიდა, თავის თანამდებობაზე დამტოვა. ძალიან დიდი თანამდებობა იყო ეს ქართველისთვის, რადგან მთავარ პოზიციებზე სულ უცხოელები მუშაობდნენ. სქოულის წასვლის შემდეგ ჩამოვიდა იგნასიო, რომელმაც რეგიონიდან სათავო ოფისში გადმომიყვანა. მერე, სანამ „თელასს” რუსები იყიდიდნენ, „ფიეი ქონსალთინგში” გადავედი, რომლის ხელმძღვანელიც დინ ვაითი იყო. ის „იუესაიდის” კონტრაქტორი კომპანიაა და მათთან გადასვლა შემომთავაზეს – რუსებთან მუშაობას ჩვენთან მუშაობა ხომ არ გირჩევნიაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. „ქვემო ქართლის” დირექტორად დამნიშნეს. სხვათა შორის, ამ კომპანიასთან ერთად ავიღე ბიზნესის „ოსკარი” 2006 წელს, ლონდონის „მენეჯმენტ ევორდის” დაჯილდოებაზე, UEDC-იმ პლატინის ჯილდო აიღო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოქროს ჯილდოები თვრამეტმა კომპანიამ აიღო და მათ შორის ვიყავით ჩვენც. ოქროს ჯილდოს მქონეებს შორის კი, პლატინის ერთადერთი ჯილდო ჩვენ გადმოგვეცა. ეს უდიდესი წარმატება იყო.

– თემიდან გადახვევა მიწევს, მაგრამ, როგორ მოხვდა თქვენს სახლში რობერტინო ლორეტი?

– (იცინის) ეს მოხდა „გიხაროდენ, გიხაროდენ” პერიოდში, პარლამენტის არჩევნების წინ. სხვათა შორის, ცისანა ჩემი მეგობარია და მასთან ვიყავი სტუმრად, როდესაც ჯემალი მოსკოვიდან ჩამოვიდა და თქვა, ის სიმღერა დავწერე, ოქიტაშვილმა რომ მთხოვაო. ერთი სიტყვით, ეს სიმღერა პირველმა მე მოვისმინე, შემიძლია, ვიამაყო. მოკლედ, მოსკოვში ერთმა პროდიუსერმა შემომთავაზა – შემიძლია, ჩამოგაყვანინო ბარი ვაითი, რობერტინო ლორეტიო და კიდევ რამდენიმე მომღერალი დამისახელა. მამაჩემისგან ვიცოდი, ეს მომღერალი, „ავე მარიას” ერთადერთი უბადლო შემსრულებელი. ვიფიქრე, უფროსი ასაკის ადამიანების ნოსტალგიიდან გამომდინარე, ეს კონცერტი შედგებოდა. ძალიან იაფი ჰონორარი – მგონი, 10 000 დოლარი გვთხოვა სამ კონცერტში. ერთი კონცერტი ჩავატარეთ ფილარმონიაში, მეორე „ბერიკონში” და მესამე მუშტაიდში ვამღერეთ გია ბარამიძის მხარდასაჭერად – მაშინ დეპუტატობის კანდიდატი იყო. სხვათა შორის, რომ გაიგეს, აქ იყო, ასლან აბაშიძემაც ითხოვა – იქნებ, ბათუმშიც ჩამოიყვანოთო, მაგრამ, უარი ვუთხარი.

– თქვენს სახლში როგორ მოხვდა?

– მამაჩემს ძალიან უყვარდა რობერტინო. მამას ინსულტი აქვს და უკვე ოცი წელია, მწოლიარეა. აეროპორტშივე მითხრა რობერტინომ, მამაშენი უნდა ვნახოო. მოვიდა ჩვენთან სახლში, დაუკრა პიანინოზე და „ავე მარია” უმღერა. ეს იგივეა, ჩემს შვილს პოლ მაკარტნი ან ჯეკსონი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის რომ ჩამოეყვანა ჩემთან.

– ფოტოსტუდიის იდეა როგორ გაჩნდა?

– ჩემი გატაცება ფოტოგრაფიით ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ტექნიკის მაღაზიაში „ზენიტები” და რაღაცეები 200-300 მანეთი ღირდა. ვიდექი, ვუყურებდი და ვფიქრობდი, როდის მექნება 300 მანეთი, რომ ესენი ვიყიდო-მეთქი. ბოლოს, რაღაც თანხა ბაბუაჩემმა მომცა, ყოფილი სამხედრო იყო, წიგნებს წერდა, მაღალი პენსია ჰქონდა და ფულს ხშირად მაძლევდა ხოლმე. ვიყიდე 15-მანეთიანი „სმენა”, დასაბეჭდი მოწყობილობა და ეს ყველაფერი დავალაგე იქ, სადაც ახლაც მაქვს სტუდია. მაგრამ „სმენამ” დიდი ხანი არ გასტანა – ორი წლის შემდეგ, დიდმა მაზოლმა თითზე, რომელიც ფირის გადახვევისგან გამიჩნდა, ისე შემაწუხა, რომ აპარატი დავამტვრიე. მერე კი, ამ საქმისთვის დიდხანს ვეღარ მოვიცალე. ენერგეტიკაშიც დაძაბული გრაფიკი იყო – უშუქობა, კომუნალური მრიცხველების დაყენება, რეფორმები, ხალხის გაშვება-მიღება... მოკლედ, გატაცებებისთვის არ მეცალა. მერე, როცა შუქი უკვე ოცდაოთხი საათის განმავლობაში გვქონდა და ხალხიც ცოტა დაწყნარდა, გადავწყვიტე, ცოტა მეც ამომესუნთქა. ბოლოს და ბოლოს, მუშაობამ ვირი მოკლა. (იცინის). იმიტომ იკლავ რაღაცეებისთვის თავს, რომ მერე ცოტა დაისვენო. იქიდან გამომდინარე, რომ რესტორანში ვერ ვერთობი...

– ღვინო, დუდუკი, ქალები – თქვენი გასართობი არ არის?

– ბოლო – შეიძლება, მაგრამ, პირველი ორი კატეგორიულად ვერ მართობს. ჩემი გატაცება ესაა: მქონდა სტუდია, რომელიც ჩემს საკუთარ სახლში გავაკეთე, გავარემონტე და დავიწყე იქ გადაღება სრულიად უფასოდ. ეკა ანდრონიკაშვილს ვთხოვე, „ჯეარტისთვის” შენს მსახიობებს გადავიღებ-მეთქი. რომ ვიღებდი და ვიღებდი, ვიღაცეები კლიენტის ამპლუაშიც გამოჩნდნენ, ჩვენც გადაგვიღე და ფულს გადავიხდითო. გაჩნდა მოთხოვნა და გაჩნდა სამუშაოც. დღესდღეობით, ვერც ერთი სტუდია, ვერც ხარისხით, ვერც მასშტაბით, კონკურენციას ვერ გვიწევს. ის კი არა, ჩვენ განათებების სადისტრიბუციოც გვაქვს და დღეს არსებული სტუდიების ოთხმოცდაათ პროცენტს ჩვენ ვამარაგებთ.

– ანუ, თქვენ კვებავთ.

– ასე გამოდის. ამაში შედის სერვისი და კონსულტაცია. იმისთვის, რომ გამერკვია, რა განათება მჭირდებოდა ამა თუ იმ გადაღებისთვის, წელიწადი დავხარჯე. ახლა ამას ფოტოგრაფები უკვე გამზადებულს უყურებენ და გამზადებულ კონსულტაციებს იღებენ. მოკლედ, ვიფიქრე, რატომაც არ შეიძლება ჰობიმ, თან საკმაოდ ძვირიანმა, თავისი თავი მაინც შეინახოს-მეთქი და ასე დაიწყო „კიკალა სტუდიოს” ისტორია. ლონდონიდან ჩამოსულან და გაჰკვირვებიათ, იმდენად მოსწონებიათ ჩვენი ნამუშევრების ხარისხი. არ ვგულისხმობ ლონდონის ტოპ-სტუდიებს, მაგრამ, საშუალო დონის სტუდიის დირექტორს ძალიან გაუკვირდა, როცა ჩვენი სტუდია ნახა. უკვე გავაკეთეთ რამდენიმე საერთაშორისო შეკვეთა. გადავიღეთ „ჯაკობსის”, „ნუტელას” რეკლამები. დიდი ჯგუფი ჩამოვიდა და თქვეს, რომ აქ იმავე ხარისხს იღებენ, ოღონდ, გაცილებით იაფადო. ის კი არა, პროდიუსერებს ჩამოსვლის და აქ ცხოვრების ხარჯებიც კი უღირდათ, იმდენად იაფი დაუჯდათ გადაღება. სხვათა შორის, მათაც ჩვეულებრივი ფასი ვუთხარი, რასაც თბილისელს ვეტყოდი.

– ცოტა ოჯახზეც მომიყევით, ვინ არის თქვენი მეუღლე?

– ჩემი მეუღლე არის ექიმი, 1996 წელს დავოჯახდით და უკვე სამი შვილი გვყავს. უფროსი გოგონა უკვე 12 წლისაა, შუათანა ბიჭი – 8 წლის და პატარა გოგონა – 4 წლის.

– ამდენი მოდელის გარემოცვაში ხართ სულ, იღებდით „ფლეიბოის”...

– მერე რა?! ცოლად რომ მომყავდა, თავიდანვე გავარკვიეთ ეს ყველაფერი: ხომ იცი, რა სფეროში ვარ და ახლავე კარგად დაფიქრდი, რომ მერე პრეტენზიები არ იყოს-მეთქი. შესაბამისად, პრეტენზიები აღარ არის, პირობა პირობაა.

– სამომავლო გეგმები როგორია?

– ამჟამად ვმუშაობ ამერიკულ კომპანია, „ტეტრატეკში”. ეს არის მსოფლიო ლიდერი ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ჰიდრორესურსების კომპანიებს შორის. „იუესაიდის” დახმარებები, რაც საქართველოში შემოდის ენერგეტიკის კუთხით, ამ კომპანიას ანდობს თავისი პროექტების განხორციელებას. მე მათი მენეჯერი ვარ აქ. ახლა გავხსენით გაზსადენი ფოთში. კიდევ უამრავი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი.

– მოკლედ ორმაგი ცხოვრება გაქვთ, დღისით ენერგეტიკა, საღამოს – ბოჰემა.

– ამით ვახერხებ განტვირთვას. ხშირად საღამოს სახლშიც მივდივარ, მაგრამ, თუ საქმეს სჭირდება ჩემი სადმე გამოჩენა, მე თვითონაც ძალიან მსიამოვნებს სადმე წასვლა და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც შოუ-ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს. გადაღება გვაქვს, ვმუშაობთ, ვერთობით და ამით ვახდენ რელაქსაციას.




скачать dle 11.3