კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დადიოდნენ ჟენია მორგუნოვი და გუგული მგელაძე აბანოში და ვისთან ერთად დადიოდა ის ქალებში

„კარგა ხნის წინათ წავიკითხე ინდოელი მწერლის პატარა მოთხრობა, სადაც ადამიანის ცხოვრება სიბერით იწყებოდა და „უკუსვლით” მიედინებოდა. ახალგაზრდობის წლებს რომ მიაღწევს, იმდენად არის დაბრძენებული ცხოვრების გამოცდილებით, რომ ყველა ის თვისება, რითაც სიჭაბუკის ხანა გამოირჩევა, მისთვის აღარ არსებობს. ხორცით ახალგაზრდაა, სულით კი – ბებერი. მოთხრობა ჩვილი ბავშვის გარდაცვალებით მთავრდება და ეს არის საზარელი. ვერ შეცვლი ბუნების წესსა და რიგს! ვიბადებით, ვიზრდებით, ვწვალობთ, ვბერდებით! ბოლოს კი ვცხოვრობთ მოგონებებით, თითქოს ვიმეორებთ გზას და... ყველაფერი მთავრდება. „რამდენიც უნდა ვიღიმოთ, რამდენიც უნდა ვიცინოთ, მაინც ძნელია ცხოვრება ასე – ურეპეტიციოდ.” ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრების გზაზე. იყო მზეც და ღრუბელიც, იყო დანდობაც და ღალატიც, მაღლა სვლაც და დაცემაც – ყველაფერი იყო. გიამბობთ იმას, რაც დაამახსოვრდა ზოგს ღიმილითა და ზოგს სევდით”, – ასე იწყებს კინორეჟისორი გუგული მგელაძე თავის ცხოვრების დღიურს, ერთი გვერდის გამოტოვებით – რძალი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, მეორე დღეს კი, მეუღლე – გულის შეტევით.

ჭიათურიდან თბილისში

ბავშვობა ჭიათურაში გავატარე. ჩვენი ოჯახი ხუთი სულისგან შედგებოდა: მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი და. მამა მარგანეცტრესტში მუშაობდა მთავარ ინჟინრად. ერთ დღეს კი მამამ ოჯახის წევრებს გამოგვიცხადა, თბილისში გადავდივართ საცხოვრებლადო.

ჭიათურის შემდეგ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. დავბინავდით მაშინდელ „საპიორნის“ ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში. მეორე დღეს მე და ჩემი და მამამ ალექსანდროვის ბაღში წაგვიყვანა. ნაირფერი ცხენები, ლომები, ჟირაფები... ბავშვები კარუსელზე ტრიალებდნენ. ამის დანახვა წარმოუდგენელი ბედნიერება იყო პროვინციიდან ჩამოსული ბავშვებისთვის. ჩვენ თვალწინ გაიელვებდა ხოლმე მამაჩემის სახე და ახლაღა ვხვდები, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი გაელვება ყოფილა.

ერთხელ, ახლობლის დაბადების დღიდან ვბრუნდებოდით. ზემელზე, მაღაზიის განათებულ ვიტრინაში სამი სხვადასხვა ფერის საბავშვო მანქანა დავინახე. მამას გავუბედე და ვთხოვე, ეყიდა. დამპირდა, ხვალ, გაიღება თუ არა მაღაზია, აუცილებლად გიყიდიო. გუნებაში სამი ფერიდან, ცისფერი ავირჩიე და მთელი ღამე გათენებას ველოდი, მანამდე კი მეზობელ ბავშვებს ვახარე – ხვალ მანქანა მეყოლება და რიგრიგობით გაგასეირნებთ-მეთქი. მამამ რომ გაიღვიძა, მაშინვე გვითხრა – აბა, ჩაიცვით და წავედით მანქანის საყიდლადო.

– ხომ არ გადაირიე გიორგი, პურის ფული არ გვაქვს, რა დროს მანქანაა! – უთხრა დედამ. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა. შუადღეზე მუშამ ჩემი არაჩვეულებრივი მანქანა დერეფანში შემოიტანა და წავიდა.

პეტერბურგში მცხოვრებმა მამიდა ბაბულიამ, მეუღლის დაპატიმრების შემდეგ, ბინა თბილისში გადმოცვალა და გადმოსახლდა. შევეცოდეთ, ამდენი ხალხი ერთ პატარა ოთახში რომ ვცხოვრობდით და თავის სამოთახიან ბინაში გადაგვიყვანა, ჩერქეზოვის ქუჩაზე. ასევე შემოიკედლა უსახლკაროდ დარჩენილი დეიდა ელენე.

ჩამწარებული ბავშვობა

1937 წლის 28 დეკემბერია. მზიანი დღეა. სკოლიდან რომ დავბრუნდი და ეზოში შევედი, შევამჩნიე, მეზობლები რაღაც უცნაურად მომჩერებიან და ხმას არ იღებენ. შევედი სახლში და გავქვავდი. ყველაფერი არეულ-დარეულია. იატაკზე წიგნები და კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმელი ყრია. ვიღაც შინსახკომელი მაგიდას უზის, ფოტოებს ათვალიერებს და საცვლების ამარა ლოგინზე წამომჯდარ მამაჩემს რაღაც შეკითხვებს აძლევს. დილით რომ წავედი სკოლაში, მამა სიცხიანი დავტოვე. მეორე კაცი იქვე, ბუხართან ჩაცუცქულიყო და ბუხარში იქექებოდა. ეზოში გავვარდი, რატომღაც, ქვა ავიღე და მიწაზე რაღაცის ხაზვა დავიწყე. კარგა ხნის შემდეგ, ოთახში დავბრუნდი. მამა უკვე ჩაცმულია, იღლიაში ამოდებული აქვს საბანი და ელოდება როდის წაიყვანენ. დედა რაღაცის საყიდლად იყო გასული, რომ მოვიდა და დაინახა, მამა ლოგინში არ იწვა, გაბრაზდა – ხომ ვთხოვე, ლოგინიდან არ ამდგარიყოო. მერე დეიდაჩემი ელენე ხმამაღლა აქვითინდა. გაოგნებულებს არ გაგვახსენდა, რომ თბილისში დაბადებული ჩემი უმცროსი, 3 წლის და, საბავშვო ბაღიდან იყო გამოსაყვანი. დედა ყოველღამე ძერჟინსკის ქუჩაზე, შინსახკომის კართან იდგა და ცდილობდა, მამასთვის ამანათი გადაეცა. ერთ ასეთ ღამეს დედამ თვალი მოჰკრა რამდენიმე კაცთან ერთად მდგარ წვერმოშვებულ მამაჩემს (სწორედ იმ ღამეს დაეხვრიტათ მამა). იმ დღის შემდეგ დედას კიდევ რამდენიმე თვე დაჰქონდა ამანათი უკვე დახვრეტილი კაცისთვის.

ერთ დღეს კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

– სალომე ბიძინას ასული თქვენ ხართ? – ჰკითხა დედას ერთმა კაცმა.

– ილიას ასული! – გაუსწორა შემკრთალმა დედამ.

– აი, თქვენი დაპატიმრების ორდერი. დაპატიმრებული ხართ, უნდა წამოხვიდეთო.

დედამ შემოგვხედა და მუხლები ჩაეკეცა. წავიდა და აღარც დაბრუნებულა. ჩვენ კი სულ ველოდით. ყოველ ფხაკუნზე გული გვისკდებოდა. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ცხონებულ დედაჩემზე. ბავშვები რომ ფეხზე დავეყენებინეთ, ორ სამსახურში მუშაობდა. შესვენებაზე ჩქარ-ჩქარა შემოირბენდა ბაზარს, სანოვაგეს იყიდდა, სახლში მოვიდოდა, ყველას დაგვაპურებდა და მერე სამსახურში გარბოდა. მიკვირს, რამდენს ახერხებდა ეს პატარა ქალი იმ მძიმე ხანაში.

სახედრად გადაქცეული

სკოლის დირექტორი

მეცხრე კლასიდან პირველ საშუალო სკოლა-გიმნაზიაში ვსწავლობდი. დერეფანში მოწაფეები ერთმანეთს ახტებოდნენ ზურგზე, შეძახილით – „ვირი მაჩვენე!“ – და მანამ არ ჩამოვიდოდნენ, სანამ ვინმე გამვლელს არ დაეწეოდნენ და ხელს არ დაარტყამდნენ ზურგზე – აი, ვირიო! ერთხელ, მეც ასე გავაკეთე – ერთ მოწაფეს ყვირილით ზურგზე შევახტი. თავი ჩემკენ რომ შემოატრიალა, გავშტერდი – ეს „მოწაფე“ გახლდათ „პეშკა” – ჩვენი სკოლის დირექტორი.

– ვინ გაჩვენო? – მკითხა. – ვირი, პატივცემულო მასწავლებელო-მეთქი. „პეშკამ“ ზურგიდან ჩამომაგდო და ერთი კარგი პანჩურიც ამომკრა.

ჩემს კლასში ლიდერები კოტე მახარაძე და მელორ სტურუა იყვნენ. ოპერის გვერდით პატარა ქუჩა იყო – თეატრალურის შესახვევი. აქ გავატარე ჩემი სიჭაბუკის წლები. ამ ქუჩაზე ცხოვრობდნენ დოდო ჭიჭინაძე, ზურიკო ანჯაფარიძე და მისი ძმა – ჯემალი, თენგიზ სიგუა და მისი ძმა...

ასე მოვიდა კინოში...

მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებულია. მაღაზიიდან სახლში მოვდივარ წიგნაკებით აღებული ჩვენი წილი პურით. ვიღაც ქალი ამედევნა: ხან მარცხნიდან შემხედავს, ხან – მარჯვნიდან. გავჩერდი. მომიახლოვდა. რამდენი წლის ხარო, – მკითხა. რამდენიც საჭიროა, იმდენის-მეთქი. იცი, კინოსტუდია სად არის? ხვალ იქ მოხვალ და ალიანდრას იკითხავ. შეიძლება, კინოში გადაგიღოთო – თქვა და წავიდა. მეორე დღეს მივედი კინოსტუდიაში და ვნახე ალიანდრა. მიხაილ ედიშეროვიჩ! – მიმართა ალიანდრამ ნახევრად მელოტ კაცს, – აბა, ამ ბიჭს შეხედეთ! იმ კაცმა შემომხედა და თქვა:

– ჩააცვით, დაახურეთ პარიკი, დაუნიშნეთ ხელფასი და ხვალ მოიყვანეთ გადაღებაზე! პავილიონიდან რომ გამოვედი, ალიანდრას ვკითხე, ვინ უნდა ვითამაშო-მეთქი. გიორგი სააკაძის უფროსი შვილიო. თან, ფულსაც მომცემენ-მეთქი? ვერ გაიგონე, ჭიაურელმა რა თქვაო? ეს ყველაფერი ისე უცებ და უბრალოდ მოხდა, რომ, ვერ დავიჯერე. მე კი მეგონა, კინოში რომ გადაგიღონ, ფული იქეთ უნდა გადაიხადო. ომს ბოლო აღარ უჩანდა. 18 წლის ვხდებოდი, სულ მალე ჯარში გამიწვევდნენ. გაზეთში მოვკარი თვალი განცხადებას: „მოსკოვის კინოსტუდია აცხადებს მიღებას სამსახიობო ფაკულტეტზე“. ცხონებულ დეიდაჩემს არასერიოზულ საქმედ მიაჩნდა კინოში მოღვაწეობა, უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. არც მკითხა, ისე შეიტანა საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში. წიგნი არ ამეღო ხელში, ისე წავედი გამოცდებზე. ჩავიჭერი და გახარებული მოვედი სახლში. ჯიბეში ერთი „ბუხანკა“ პურის ფულითა და ბიძაჩემის ნახმარი პიჯაკით წავედი მოსკოვში. კომისიას თითქოს მოვეწონე კიდეც, მაგრამ, სამსახიობო ფაკულტეტის დეკანმა განაცხადა, ძლიერი ქართული აქცენტი აქვსო. მერე რა, სტალინს სომხური აქცენტი აქვს-მეთქი, – წამოვროშე. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ჩემმა გულწრფელმა პასუხმა გაჭრა და გავხდი სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი. კურსზე ერთ შესანიშნავ ბიჭს დავუმეგობრდი – ვიქტორ ორლოვს. ერთად დავდიოდით გოგოებში, ერთად ვყალთაბანდობდით და პირველი სემესტრიდან ერთად გამოგვრიცხეს. თბილისში ვერ დავბრუნდი, დეიდაჩემი მეცოდებოდა. ხან სადგურში მეძინა, ხან ფოსტაში, ხანაც – ორლოვის მშობლების ბინაში. თბილისში არდადეგების დროს დავბრუნდი. რუსთაველზე ბიჭები შურით მიყურებდნენ და ამბობდნენ – მალე, ალბათ, ჩარლი ჩაპლინად დაგვიბრუნდებაო. დეიდაც ამაყობდა ჩემით გაუთავებელ წვეულებებზე, რომელსაც ნათესავები მომავალი ვარსკვლავის პატივსაცემად აწყობდნენ. ამდენი ვეღარ ავიტანე, შემრცხვა და ზაფხულის გაგანია სიცხეში ისევ მოსკოვში გავემგზავრე. ბედმა გამიღიმა – დაარღვიეს ყველა წესი და მომცეს გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის უფლება. მზად მქონდა ლერმონტოვის ლექსი. კომისიაში მთელი კინოელიტა იყო, ის კინოელიტა, რომელმაც მე გამომაგდო ინსტიტუტიდან და, ვინ იცის, რამდენი ღამე გამათენებინა მშიერ-მწყურვალს მოსკოვის სადგურში. შევედი გამოცდაზე. თან დედაზე და დახვრეტილ მამაზე ვფიქრობ. უცებ, ისეთი ძალა ვიგრძენი, თვითონ გამიკვირდა: „ა, ვი, ნადმენნიე პოტომკი, იზვესტნოი პოდლოსტიუ პროსლავლენნიხ ოტცოვ...“ – დავიწყე ჩუმი ხმით, – „...ი, ვი ნე სმოეწე ვსეი ვაშეი ჩორნოი კროვიუ, პოეტა პრავედნუიუ კროვ“! სამარისებური სიჩუმე. ვფიქრობ: ან დამიჭერენ, ან მიმიღებენ.

– „პოდოიდიტე“! – თქვა იუტკევიჩმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ, – „ვიპეიტე ვოდი“! – ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. მოკლედ, ფორტუნამ გამიღიმა და ჩავაბარე.

ამ მართლაც რომ საოცარ სახელოსნოში გაერთიანებული იყვნენ მომავალში საქვეყნოდ ცნობილი კინორეჟისორები და მსახიობები. ერთი კურსით წინ იყო სერგეი ბონდარჩუკი, მეორე კურსზე ვარ მე. გერასიმოვი იწყებს „ახალგაზრდა გვარდიის” გადაღებებს და ფილმში აკავებს თითქმის მთელ თავის კურსს, მე და რამდენიმე სომეხ ახალგაზრდას, მათ შორისაა სერგო ფარაჯანოვიც. როლზე მე მამტკიცებენ. სერგო სასტიკად განიცდის და მეკითხება: ამიხსენი, რატომ უნდა ითამაშოს ქართველმა სომეხიო. იმიტომ, რომ როლი გააკეთილშობილოს-მეთქი. იცინის, გულში კი ბრაზობს და ჩემს ჯინაზე მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი ხდება, – აი, აქ კი ნამდვილად მაჯობა. ვცხოვრობდი კრემლთან ახლოს, სასტუმრო „როსიას” პირდაპირ, ქართველი სტუდენტების საერთო საცხოვრებელში. მე და ევგენი მორგუნოვი ყოველ ხუთშაბათს „სანდუნოვის” აბანოში დავდიოდით. ერთხელ, მე და ჟენია ჩვენმა მეგობარმა რამაზ ფანცხავამ რესტორან „ავრორაში” დაგვპატიჟა. ეს ის პერიოდია, ხრუშჩოვმა რომ სტალინზე შური იძია. ამის შემდეგ ქართველებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა – ვეღარ გვიტანდნენ. შუა ქეიფში ვართ და ატყდა საშინელი ჩხუბი ჩვენს შორის მსხდომ რუსებს შორის. რამაზი მოკრივე, მაგარი ჯანის პატრონი იყო. კაცმა არ იცის, რით დამთავრდებოდა, მორგუნოვს რომ არ ეყვირა ერთი მაგიური ფრაზა: „გრუზია დალა ნამ სტალინა“! ეს ისეთი ძალით იყო ნათქვამი, რომ ჩხუბი იმწამსვე შეწყდა. ერთ-ერთი ჩხუბისთავი მარშალ ტიმოშენკოს შვილი აღმოჩნდა. მერე ის ჟენიას უახლოესი მეგობარი გახდა.

„ბურთი და მოედანი”

დავამთავრე ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და თბილისში ჩამოვედი. იქ დავტოვე ჩემი დიდი სიყვარული – ნინა კრაჩკოვსკაია. ჩამრიცხეს თბილისის კინოსტუდიის შტატში. ხელფასს მაძლევდნენ, როლებს კი არა. ერთ დღეს, ელბაქიძის დაღმართზე ვხვდები მოსკოველ ნაცნობს. წვერგაუპარსავი ვარ, სმისგან სახეშეშუპებული. რაღაც სხვანაირად მიყურებს. ისეთი სახე გაქვს, ან რაღაც მნიშვნელოვანი შექმენი, ან ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეო. მივედი სახლში და დავიწყე სცენარის წერა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამოცდილება არ მქონდა. მოსკოვში კონკურსი ტარდებოდა. იქ გავაგზავნე. მივიღე წამახალისებელი პრემია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სცენარი პროფესიულად იყო დასამუშავებელი. ძველ კინოსტუდიაში მივედი. ვხედავ დერეფანში სულიკო ჟღენტი ზის. შევთავაზე, სცენარზე ერთად მუშაობა. მაშინვე დამთანხმდა. დაგვიდეს ხელშეკრულება, მოგვცეს ავანსი – 1 200 მანეთი, რაც მაშინ დიდი ფული იყო. სასტუმრო „თბილისში” ვიქირავეთ ლუქსი. გაჩნდნენ ახალი მეგობრები. ჩვენი სამუშაო ოთახი „კაზინოს” დაემსგავსა: ღამით სცენარს ვწერდით, დღისით ვქეიფობდით, პოკერს ვთამაშობდით. დამთავრებული სცენარი კინოსტუდიის დირექტორს შევუტანეთ. მგონი, არც წაუკითხავს. სასცენო განყოფილებაში შეუტანია და მაგიდაზე დაუდევს – წაიკითხეთ და ყურადღება მიაქციეთ წითელი ღვინის ლაქებსო. დაგვაწერინეს განცხადება, რომ გარკვეული მიზეზების გამო უარს ვამბობთ სცენარის დამუშავებაზე. მიღებული ავანსის დაბრუნებაც დაგვაკისრეს. ლუქსიდან ისევ ჩემს პატარა ბინაში გადავსახლდი. კინოსტუდიისაკენ გახედვაც აღარ მინდოდა და მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა შტატგარეშე. ვზივარ მსახიობების ოთახში და ვითვლი ბუზებს. ლილი იოსელიანმა რეზო თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში რაიკომის მდივნის მძღოლის როლი შემომთავაზა, რაიკომის მდივანს კი სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. მოვიდა პრემიერის დღე. ზაქარიაძეს ასეთი სიტყვები ჰქონდა: „ადამიანს და მის სიცოცხლეს მოფრთხილება უნდა, ამხანაგებო!” – თან, თვალზე ცრემლს იწმენდს. მივჩერებივარ კულისებიდან აღტაცებული. მესამედ გაიმეორა და უცებ ყვირის: – სად არის მძღოლი?

– აქ ვარ – უცებ გამოვფხიზლდი.

თეატრში იყო უმშვენიერესი ქალბატონი, მზია მახვილაძე, თენგიზ აბულაძის ცოლი. თენგიზისთვის უთქვამს, როგორ ჩავშალე პრემიერა. ბევრი უცინია. მერე გაუგია, თეატრიდან გამოგდებული, რუსთაველზე უსაქმოდ რომ დავბორიალობდი და შემომითვალა, აუცილებლად მნახოსო. სულ მალე მის ასისტენტად დავიწყე მუშაობა ფილმზე „სხვისი შვილები.” ფილმი ჯერ არ იყო დამთავრებული, რომ ისევ მოსკოვში გავემგზავრე, ამჯერად – საქორწინო მოგზაურობაში. მოსკოვიდან თბილისში მოვემგზავრები. მატარებელში მხვდება სერგეი გერასიმოვი. ამის შემდეგ, უგამოცდოდ ვხდები „ვგიკის“ სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი და ყველაფერი თავიდან იწყება. დავამთავრე და ჩამოვედი თბილისში სადიპლომო ფილმის გადასაღებად. აქედან იწყება ქართული კინოს ოქროს ხანა. გადავიღე „ბურთი და მოედანი.” კინოსტუდიის ახალი დირექტორი მიშა კვესელავა გახლდათ. იპოლიტე ხვიჩია სწორედ მისი კანდიდატურა იყო, რომელიც მაშინ ქუთაისის თეატრში თამაშობდა და არ იყო ცნობილი სახე. ამის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით გადავიღე: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი,” „ცისკრის ზარები,” „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ,” „ციცინათელა” (მოგვიანებით – „ფესვები”, „გაჭედილები”).

საფრანგეთში თერთმეტი დღით ვიყავით წასული თერთმეტი კაცი „ფესვების” გადაღებაზე. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ იტალიელების რესტორანი იყო. ალბათ, იფიქრეს, რადგან კინოს იღებენ, მილიონრები იქნებიანო და ორი-სამი დღის განმავლობაში უფასოდ გვეპატიჟებოდნენ იმ იმედით, რომ მერე თვითონ დავიწყებდით იქ სიარულს. მაგრამ, ბოლოს, რომ დარწმუნდნენ, ჯიბეგამოფხეკილი საბჭოთა კინემატოგრაფისტები ვიყავით, ხელი ჩაიქნიეს. მერეც გვეპატიჟებოდნენ – დოდო აბაშიძე მოეწონათ (ფილმში მის შვილიშვილს 7 წლის ნიაზ დიასამიძე თამაშობს). სოსო ჯაჭვლიანი ბოლოს ისე გაშინაურდა, უკვეთავდა და უკვეთავდა ღვინოს, ფული კი არ ჰქონდა. მერე ფულიც გაგვიჩნდა. გადაღებებზე ორი-სამი კაცი მივდიოდით ხოლმე, დანარჩენები საყიდლებზე გარბოდნენ. ერთადერთი, ლევან აბაშიძე არ გაჰკარებია მაღაზიებს – ფრანგი გოგოები წაიყვანა რესტორანში და მთელი ფული მათ დაახარჯა.

შვილი – გიო მგელაძე

გიოს სადიპლომო ფილმი იყო „არა, მეგობარო”. მთავარ როლში ლევან აბაშიძე იყო. გადაღება 1992 წელს დაიწყეს. შუა გადაღებისას ლევანი ომში წავიდა და მეორე დღესვე აფეთქდა მეგობრებთან ერთად. ფილმი უნდა გაგრძელებულიყო. ყველა, მათ შორის მეც, ვურჩევდით, ლევანის გარეგნობის მსახიობი ენახა და ფილმი დაესრულებინა. გავიდა ერთი, ორი თვე. ფილმის გადაღება გააგრძელა ოპტიმალური ვარიანტით – ლევანს „სუბიექტური კამერა“ თამაშობდა. ასეთმა გადაწყვეტამ განაცვიფრა ობერჰაუზენის ფესტივალის ჟიური და ფილმმა გრან-პრი აიღო. მას მერე გიომ რამდენიმე ფილმი გადაიღო და იმდენი პრიზი მიიღო, რომელიც თავის მოწაფეებს კინოსაოპერატორო ხელოვნებას ასწავლიდა. ზოგჯერ გიო იტყვის ხოლმე, კინო პაატაშვილმა მასწავლაო, თითქოს მე არც კი ვარსებობდე.


скачать dle 11.3