იაპონელი მფრინავები მტრის დასაბომბავად ერთი გზის საწვავით მიფრინავდნენ, რომ სანაცვლოდ ერთით მეტი ბომბი წაეღოთ
ისინი სამოქალაქო პირები არიან და მათი პროფესიული არჩევანი არ გულისხმობს თავგანწირვას, პოლიციელისგან და ჯარისკაცისგან განსხვავებით. იაპონელი სპეციალისტები ატომურ რეაქტორებზე სამუშაოდ საკუთარი ნებით მიდიან და მათი არჩევანი ასივე პროცენტით ნათლადაა გაცნობიერებული: მათ იციან, რომ საკუთარ სიცოცხლეს გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებენ. იაპონიაში მომხდარმა ტრაგედიამ არა მხოლოდ იაპონური სახელმწიფოს საათივით აწყობილი სისტემა დაგვანახვა, არამედ იაპონელთა შესაშური მოქალაქეობრივი განვითარების დონეც. იაპონური ხასიათის თავისებურებებზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
– საოცარი კადრებია, როდესაც უყურებ, როგორ მშვიდად მიდიან ადამიანები ნელ და უჩინარ სიკვდილზე, იმ მიზნით, რომ გადაარჩინონ არა მხოლოდ თავიანთი ქვეყანა და მოსახლეობა. რა არის იაპონური ხასიათის საიდუმლო?
– ეს არის მათი ეროვნული კოდი და ეს უკავშირდება მენტალობას. ჩვენი ეროვნული მენტალობა, მე არ ვლაპარაკობ წინა საუკუნეებზე, როდესაც საქართველო უქარქაშო ხმალი იყო, რაც უცხოელებს დღეს მოსწონთ ჩვენში, არის სტუმართმოყვარეობა, დითირამბები, სადღეგრძელოები. ანუ, ჩვენი ეროვნული ხასიათი ჩნდება ლხინში. თუმცა, არსებობს ხალხის მეორე კატეგორია, რომლის ეროვნული ხასიათი ჩნდება გაჭირვებაში და იაპონელები იმ ჩამოსხმის ერია, რომლებიც ექსტრემალურ ვითარებაში უფრო წარმოაჩენენ თავს. დავიწყოთ მეორე მსოფლიო ომიდან: იაპონელებზე ვერავინ იტყვის, ფანატიკოსები არიანო, მაგრამ, მეორე მსოფლიო ომის წლებში იაპონელი მფრინავები მასობრივად მიფრინავდნენ მტრის ობიექტების დასაბომბავად ნახევარი გზისთვის სამყოფი საწვავით. საწვავის ეკონომიის ხარჯზე კი ერთით მეტი ბომბი მიჰქონდათ, რომ, რაც შეიძლება, მეტი ზიანი მიეყენებინათ მტრისთვის და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ უკან ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაბრუნდებოდნენ, რადგან, უბრალოდ, საწვავი არ ჰქონდათ. გავიხსენოთ 1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომი: როგორც შემდეგ გამოირკვა, რუს ლეიტენანტებს ჩექმების მწმენდავები რომ ჰყავდათ, იაპონიის დაზვერვის პოლკოვნიკები იყვნენ. დღეს კი განგებამ თითქოს ტესტი ჩაუტარა, როგორ მოიქცეოდნენ ისინი ტრაგედიის ჟამს. მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ ჩვენი ისტორიული, გენეტიკური თვისებები, მაშინ, როდესაც იაპონიის ისტორიამ დაამტკიცა, რომ უცხო, გნებავთ, ცივილიზებული ყოფის ტრანსპლანტაცია გაუმართლებელია და ერისთვის ტრაგედიად მთავრდება. იაპონელი ბიზნესმენი, რომელიც სამსახურში ევროპულ ყაიდაზე მუშაობს, საღამოს, სახლში რომ მიდის, კიმონოს იცვამს, ფეხს მოირთხამს და იაპონური ტრადიციით მომზადებულ ჩაის მიირთმევს ფიალიდან. გავიხსენოთ იაპონური თეატრი. ანუ, ისინი არ შორდებიან თავიანთ ფესვებს, ჩვენ კი ჩვენს ფესვებს მოვშორდით. ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო სამურაი?! ეს იყო გაფეტიშებული ღირსება. კიდევ ვიმეორებ, იაპონელების მოქმედება არასდროს ყოფილა და არის ფანატიკური: ხარაკირიც ხომ სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ, თუკი დაკარგავ ღირსებას, ცხოვრებას ფასი აღარ აქვს?!
– ეს ხომ რეალურადაც ასეა.
– ასეა, მაგრამ, მაგალითად, ჩვენთან უკანასკნელ ხანებში მესმის ტელევიზიით, ვკითხულობ გაზეთებში, რომ ამა და ამ ბიზნესმენმა ამდენი და ამდენი მილიონი მოიპარა. არ აქვს მნიშვნელობა, მართლაც მოიპარა თუ არა, რადგან, ეს რომ იაპონელზე დაწერო, მან, შეიძლება, თავი მოიკლას, იმიტომ რომ ეს მისი ღირსების საკითხია. ჩვენთან კი ასეთი ხალხი მშვენივრად გრძნობს თავს.
– ღირსება რომ შეგელახოს, ის უნდა გქონდეს.
– იაპონიაში გასული საუკუნის 60-იან წლებში ასეთი ინციდენტი მოხდა: იყო ცნობილი მწერალი, იუკიო მისიმა, რომელიც ისტორიულ ნაწარმოებებს წერდა და ამის მიხედვით იაპონიაში ფილმებს იღებდნენ სამურაებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისიმა რაფინირებული ინტელიგენტი იყო, მაინც ნაციონალისტად რჩებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც იაპონიაში ევროპული ცივილიზაცია შედიოდა. მისიმამ, რომელიც ისტორიული რომანტიზმით იყო გატაცებული, ამის გამო სამხედრო გადატრიალება მოინდომა, თანაც, ძალიან ორიგინალურად. დილით, უახლესი „მერსედესით“ მიიყვანა შვილები ლიცეუმში, თვითონ კი სამხედრო აკადემიაში მივიდა. იაპონიას არმია არ ჰყავს, მხოლოდ – ეროვნული თავდაცვის პატარა რაზმები, მაგრამ, აკადემია აქვთ. მისიმა ცნობილი მწერალი იყო, როგორც ჩვენთან კონსტანტინე გამსახურდიაა. ამიტომ, მიიღეს. გამოვიდა აივანზე უკვე ტრადიციულ, სამურაის ტანსაცმელში გამოწყობილი და მიმართა ეზოში მდგარ მსმენელებს – მოუწოდა აჯანყებისკენ, მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება. მისიმას თან ჰქონდა ერთ-ერთი გამომცემლის მიერ ნაჩუქარი სამურაის ხმალი და იქვე, აივანზე, გაიკეთა ხარაკირი, რადგან მისთვის მაშინ დამთავრდა ცხოვრება. არადა, ნეტავი ჩვენ გვქონდეს ისეთი კავშირი ფესვებთან, როგორიც იაპონელებს აქვთ.
– გარდა გაფეტიშებული ღირსებისა, რა არის მათი ხასიათის გამორჩეული თვისება?
– ორჯერ ვარ ნამყოფი იაპონიაში და ორჯერვე გაოცებული დავრჩი: ამ ხალხს გენებში აქვს სიმშვიდე და მოწესრიგებულობა. ისინი არ კარგავენ წონასწორობას ექსტრემალურ სიტუაციაში. ერთხელ, მახსოვს, იაპონიაში ვიყავი და მირჩიეს, აუცილებლად უნდა ნახო ტოკიოს თევზის ბაზრობაო, ოღონდ, დილის 4 საათზე უნდა მივსულიყავი. წავედი, რადგან, არ შეიძლება, ჩახვიდე ტოკიოში და ეს არ ნახო. ბაზარში ნებისმიერი სახეობის თევზი იყიდებოდა: ოცდაათი-ორმოცი ადამიანი იდგა და აუქციონზე ყიდდნენ თევზს. მითხრეს, ვინც აქ დგას, უმდიდრესი ხალხია, თითოეულს საკუთარი რესტორანი აქვსო. მთელი ვაჭრობის განმავლობაში ხმა არავის ამოუღია, თითების აწევით ვაჭრობდნენ. ერთ საათში თევზი აღარ იყო, ყველა გაიყიდა, მაგრამ, ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ დაიწყო: ვაჭრობის დამთავრებიდან 15 წუთში ბაზრის ტერიტორია გაკრიალებული იყო! მოასუფთავეს და ყველაფერი ორ საათში დამთავრდა, არადა, იმ ბაზარზე ყოველდღიურად 20 ტონამდე თევზი იყიდება. დილის 4 საათზე იწყება და 6 საათზე მთავრდება, თანაც, ყველაფერი უკვე მზადაა მეორე დილისთვის. ჩვენთან კი, რვა თვეა, ვომობ ყველა დონეზე და იმას ვერ მივაღწიე, რომ ნაგვისა და დისტრიბუციის მანქანებმა დღისით არ იარონ და საცობები არ შექმნან. არადა, ამის აკრძალვა თითქოს არანაირ ხარჯთან არ არის დაკავშირებული.
– პირიქით, დააჯარიმონ და შემოსავლები გაიზრდება.
– მთელ მსოფლიოშია მიღებული, რომ დილის 7 საათამდე ყველანაირი პროდუქტი შესულია რესტორანსა თუ სუპერმარკეტში, ჩვენთან კი დღისით, მზისით, „ცემენტოვოზები“ დადიან. ისევ იაპონიას რომ დავუბრუნდეთ: თქვენ გგონიათ, იმიტომ არიან მშვიდად, რომ არ ესმით, რა საშიშროების წინაშე დგანან?! ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა. მაშინ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში ვმსახურობდი. აკადემიაში იაპონელები ჩამოვიდნენ სტუმრად და მუსხელიშვილმა მთხოვა, ჩავსულიყავი „ინტურისტში“ და ამეყვანა აკადემიაში. იაპონელები წინა ღამის ჩამოსულები იყვნენ. მეორე დღეს, დილის 11 საათისთვის ჩავედი „ინტურისტში“ და რას ვხედავ: ყველანი, თავიანთი ჩემოდნებით, სხედან ჰოლში და მეუბნებიან: დიდი მადლობა, მაგრამ, ჩვენ უკან უნდა დავბრუნდეთო. ჩემამდე მთელი „კაგებე“ იყო მისული და მათაც ვერ გაეგოთ, რატომ ბრუნდებოდა უკან იაპონიის დელეგაცია. რა აღმოჩნდა? თითოეულს ედო ჯიბეში რადიაციის საზომი და, როდესაც მრიცხველმა აჩვენა, რომ რადიაცია დასაშვებ ზომაზე მეტი იყო, წავიდნენ, თუმცა ჩვენ ამ რადიაციაში მშვენივრად ვცხოვრობთ.
– მშვენივრად?! სტამბულის კაჟებივით ვართ!
– რა თქმა უნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ხალხმა იცის რადიაციის ფასი და პანიკურადაც ეშინიათ, მაგრამ, თავიანთ თავს არ აძლევენ შიშისა და პანიკის გამოხატვის უფლებას. მოხალისეთა პირველი 150-კაციანი ჯგუფი წავიდა რეაქტორზე სამუშაოდ. იაპონიაში არავისთვის დაუძალებიათ, გინდა თუ არა, აუცილებლად შენ უნდა წახვიდეო. გგონიათ, მოხალისეებმა არ იციან, რა საფრთხე მოაქვს რადიაციას?! მაგრამ, მაინც მიდიან და ზუსტად იციან, რა ხდება, მათ არავინ უმალავს ინფორმაციას. ამან მაშინვე ჩერნობილი გამახსენა, როდესაც ადამიანები მოტყუებით მიჰყავდათ, მათ შორის, საქართველოდანაც – არაფერი საშიში არ ხდება, ცოტა ხანს იმუშავებთ და კარგ ანაზღაურებას მიიღებთო. იმ პერიოდში კიევში სკოლის მოსწავლეების შეჯიბრებებს აწყობდნენ იმის დასამტკიცებლად, არაფერი ხდებაო. იქ კი, იაპონიაში, ეუბნებიან, რა საფრთხეც არის. არც უნდათ თქმა, ისედაც მშვენივრად იციან, მაგრამ, მაინც მიდიან, იმიტომ, რომ სწორედ მათი მამები იყვნენ ის მფრინავები, რომლებიც ერთი გზის საწვავით მიფრინავდნენ მტრის დასაბომბად. ამათი შვილებიც ზუსტად ასევე მოიქცევიან, ღმერთმა დაიფაროს, თუ მომავალში რამე მოხდა იაპონიაში. ეს არის უწყვეტი პროცესი და ჩვენი ტრაგედიაც ისაა, რომ ეს პროცესი შეწყდა. ჩვენ რომ არ გვქონდეს ისტორიული დოკუმენტები, ლევან სანიკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას რომანები, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ სულ ის ვიყავით, რაც ვართ. თითქოს მთელი საქართველო პირველი თაობის ბიზნესმენია. ხომ ცნობილი ფაქტია, რომ, პირველი თაობის ბიზნესმენი – მტრისას! მით უმეტეს, საქართველოში, პირველი თაობის ბიზნესმენების 98 პროცენტი პროვინციალია: უნახავმა რა ნახა, დიდი ფული ნახა და არ იცის, როგორ აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ დიდი ფული აქვს.
– ხანდახან, მგონია, რომ სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ამბავი ტყუილად ამოიღეს სასკოლო პროგრამიდან. დღესაც აქტუალური ხომ არ არის ეს თემა?
– მეჯღანუაშვილი არ ტრაბახობდა მაინც და მალავდა ქონებას, თუმცა, ვის უმალავდა, არ ვიცი. რომ ვუყურებ ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტებს, მაოცებს, რა მშვიდად დგას ეს ხალხი რიგებში, თითქოს კინოს ბილეთს ელოდებიანო. ან აეროპორტებში რა მშვიდად დგანან, შეამჩნევდით. თუ ვინმე ჩქარობს და გარბი-გამორბის, ევროპელია, სახეზე ეტყობათ. სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული ტესტი იყო და იაპონური თვისებები ამ ტრაგიკულ სიტუაციაში უნდა გამოვლენილიყო. ეტყობა, მაინც ტრაგედიაში ვლინდება ადამიანის შინაგანი ძალა, შინაგანი თვითმობილიზაცია, შინაგანი რწმენა და კეთილშობილებაც. თორემ, ისე, ლხინში, ქართველებს ვინ გვჯობია?! იმიტომაც იყო, როდესაც დიუმა, თვითონ უბადლო გურმანი და მოქეიფე, ქართული სუფრით მოიხიბლა და თქვა, ქართული სუფრა პარლამენტიაო, იმიტომ, რომ მან იმ სუფრაზე ისეთი სადღეგრძელოები მოისმინა, რომლებიც მანამდე არ ჰქონდა გაგონილი. ცოტა უადგილოცაა და ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი განსაცდელისგან, მაგრამ, შეიძლება, შეგშურდეს კიდეც იაპონელების.
– ჩვენ რომ შეგვემთხვას მსგავსი რამ, არც მინდა, წარმოვიდგინო, რა შეიძლება, მოხდეს.
– ნებისმიერ ქვეყანაში რომ მომხდარიყო ეს ტრაგედია, შეიძლება, ათჯერ და ოცჯერ უარესი შედეგი ჰქონოდა, მათ კი მინიმალური ზიანით მოახერხეს ატომურ რეაქტორზე ზიანის თავიდან აცილება. ესეც იაპონური ხასიათის თვისებაა: კრიტიკულ სიტუაციაში ერთადერთ სწორ გამოსავალს ეძებენ და პოულობენ. ეჭვი არ მეპარება, რომ იაპონელები თავიანთი ცხოვრების წესით, მენტალობითა და თვისებებით ამ ტრაგედიას გადალახავენ და იაპონია კვლავ იქნება ისეთი, როგორიც ერთი თვის წინათ იყო – ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. მათი ეროვნული თვისება ისიც არის, რომ იაპონია, სადაც ტექნიკა და ელექტრონიკა ფანტასტიკის დონეზეა განვითარებული, არ არის არც ერთი გამოგონების ავტორი. ისინი სხვადასხვა ქვეყნისგან ყიდულობენ ლიცენზიებს და შემდეგ ისე აუმჯობესებენ, რომ ორიგინალს სჯობნიან.
– ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება და შენი ადგილის პოვნა.
– ეს არის ქვეყანა, რომელსაც არც ნავთობი აქვს, არც წიაღისეული…
– არც მიწა.
– ზურგით ეზიდებოდნენ მიწას ტომრებით, რომ ბრინჯი მოეყვანათ, თავიანთი სამყოფიც და საექსპორტოც. ჩვენთან კი, სადაც, შეიძლება, სამი მოსავალი მიიღო წელიწადში, ახლაღა ავლაპარაკდით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის 80 პროცენტი შემოტანილია, იაპონიაში კი ადგილობრივია! შეიძლება, ისიც არის უბედურება, რომ ჩვენ ისეთი მიწა მოგვცა ბუნებამ, რომ გავზარმაცდით. თავისით მოდის ყველაფერი, არადა, სადაც მკაცრი კლიმატია, იქ ხალხმა შრომა ისწავლა, იმიტომ რომ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ჯერ სოციოლოგებსა და ფსიქოლოგებს არ სცალიათ იმისთვის, რომ იაპონელ ხალხზე წერონ, რადგან მთელი ყურადღება მიწისძვრისკენ, ცუნამისა და რეაქტორებისკენაა მიმართული, მაგრამ, ხომ ვხედავთ უკვე, რომ ეს რეალობაა?! ეგებ იაპონელთა ქცევა ჩვენთვის რაღაც გაკვეთილად იქცეს: როგორ იქცევა ხალხი ასეთი კატაკლიზმის დროს. ლეგენდადაა ქცეული იაპონური თავაზიანობა და ის, თუ როგორ უფრთხილდებიან ისინი თავიანთ ტრადიციებს, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოსგან ყველაფერს ყველაზე კარგს იღებენ. იმიტომაც არის, რომ იაპონური მანქანა ამერიკულს სჯობია, ისევე, როგორც იაპონური კომპიუტერი; იაპონური საათი – შვეიცარიულს. ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ იაპონია ჩამორჩენილია: ისინი მეოცე საუკუნეში ოცდამეერთეში ცხოვრობდნენ, მაგრამ, ამავე დროს, ყოფაში უამრავი რამ შეინარჩუნეს მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების. სერთოდ, ერის ცხოვრების განმსაზღვრელი ყოველთვის კულტურაა.
– სამყაროს უყვარს მრავალფეროვნება. როგორც კი კარგავ ინდივიდუალობას, მაშინვე კარგავ ადგილს სამყაროში.
– ამიტომაც, საყურადღებოა ის, რომ ჩვენთან არ არის პრიორიტეტული ეროვნული ფესვების შენარჩუნება. ეს, როგორც შტირლიცი ამბობდა – „ინფორმაცია განსჯისთვის“.