როგორ შეუძლია სურამის ქედის ერთ კვადრატულ კილომეტრს მთელი საქართველოსთვის სამყოფი ელექტროენერგიის გამომუშავება
იაპონიის რეაქტორებზე მომხდარი ავარიის გამო მთელ მსოფლიოში გააქტიურდნენ ბირთვული ენერგეტიკის მოწინააღმდეგეები (თუმცა, მათ ნაკლებობას დასავლეთი არც ადრე უჩიოდა, რადგან ბირთვულ რეაქტორებს მანამდეც შეუქმნიათ პრობლემები, ზოგ შემთხვევაში – გამოუსწორებელიც). მეორე მხრივ, ამან ელექტროენერგიის მიღების სხვა წყაროების გამოყენების საკითხიც გახადა აქტუალური. ამ პროცესს არც ჩვენ ჩამოვრჩით (თუმცა, სპეციალისტები კარგა ხანია, დავობენ, რომ საქართველოს ჰიდრორესურსები ჯეროვნად არ არის ათვისებული). შესაბამისად, ისმის კითხვა: აქვს თუ არა საქართველოს, უფრო ზუსტად, საქართველოს ჰიდრორესურსებს, ევროპის ენერგომომარაგების (რა თქმა უნდა, ნაწილობრივ) პოტენციალი და, რაც მთავარია, რამდენჯერ გაგვიიაფებს ენერგოტარიფს საქართველოს ჰიდრორესურსების სრულად ათვისება? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძისგან შევეცდებით.
– იმ ფონზე, როდესაც ევროპა და ამერიკა, უპირველესად, ატომურ ენერგიაზეა დამოკიდებული, რა შანსი აქვს საქართველოს ჰიდროპოტენციალს?
– ევროპა არის, მაგრამ ამერიკაში ბირთვული ელექტროენერგიის წილი 15 პროცენტამდეა. არსებობს მთელ მსოფლიოში ყველზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია – ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტშია. ეს არის ყველაზე უფრო სერიოზული კვლევითი ჯგუფი მსოფლიოში და, მათი დაკვირვებით, 2050 წლამდე სიმეტრიულად გაიზრდება ენერგიის ყველა წყაროს მოხმარება – დაახლოებით 15 პროცენტით 2010 წელთან შედარებით.
– ეს მხოლოდ დედამიწის მოსახლეობის ზრდას უკავშირდება თუ ტექნიკურ პროგრესსაც?
– პირიქით, ტექნიკური პროგრესი ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას იწვევს.
– მაგრამ, უფრო მეტი ადამიანი დაწვავს ამ ელექტროენერგიას?
– დიახ, ეს იქნება ამ ყველაფრის კრებითი შედეგი: მოსახლეობის ზრდის, ეკონომიკური განვითარების, სახლში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდის, ჩამორჩენილი, მესამე სამყაროს ქვეყნების გამდიდრების, მაგრამ, ბირთვული ენერგეტიკის წილი თანდათანობით გაიზრდება. დღეს ის მსოფლიო ელექტროენერგიის წარმოების, დაახლოებით, 15-16 პროცენტს შეადგენს და ამ წყაროს გარეშე შეუძლებელია ენერგეტიკული მოხმარების დაკმაყოფილება. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისრაელი და საფრანგეთი, ბირთვული ელექტროენერგიის წილი 70 პროცენტია, თუმცა, 0,1 პროცენტია ჩინეთში.
– რას იყენებენ?
– ჩინეთის ენერგომოხმარების 80 პროცენტი ნახშირზეა, რუსეთი – გაზზე და ასე შემდეგ. ევროპაში ბირთვული ელექტროენერგიის წილი 23 პროცენტია და, აი, ამ 23 პროცენტის გარეშე ევროპა ვერ იარსებებს. ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, რომ ბირთვულ ენერგეტიკას უარი ვუთხრათ და ხაზი გადავუსვათ, სრული უტოპიაა.
– საფრთხეები?
– ყველაფერი ვითარდება იქითკენ, რომ ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხოება გაიზარდოს. ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს შევადაროთ ორი კატასტროფა: იაპონიის, რომელიც ახლა ხდება და ჩერნობილის.
– კიდევ რომელი იყო მასშტაბური ბირთვული კატასტროფა მსოფლიოში?
– მანამდე ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა „მიაზე“, ურალში, ეკატერინბურგის სამხრეთით, მაგრამ იქ სამხედრო ტიპის კატასტროფა იყო. მე კარგად ვიცნობ ურალს და ის ტერიტორია დღემდე დახურულია, მკვდარი ზონაა. რაც შეეხება ჩერნობილს, მისი შედარებაც კი არ შეიძლება იაპონიის კატასტროფასთან, რადგან ჩერნობილის გარშემო 100-კილომეტრიანი აბსოლუტურად მკვდარი ზონაა, იაპონიაში კი ხალხი დროებით გაასახლეს, გაიწმინდება ტერიტორია და ისინი კვლავ დაბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებლებში, იმიტომ რომ, ეს პრინციპულად სხვა ტიპის ბირთვული სადგურებია: იაპონურ ენერგოსადგურში ურანი დაჩქარებულად იშლება, მაგრამ პრინციპულად არ შეიძლება, წარმოიქმნას ჯაჭვური რეაქცია, მაშინ, როდესაც ჩერნობილში ბირთვული აფეთქება მოხდა. იაპონიის ატომურ რეაქტორზე აფეთქება არ მომხდარა, იქ, უბრალოდ, გადახურდა რეაქტორი, უკვე გააცივეს ბლოკები და ელექტროენერგიის წარმოება აღადგინეს. ითქვა, რომ ისპანახში, კომბოსტოსა და ხილში აღმოაჩინეს რადიაცია, მაგრამ, აღმოჩენილი 0,25 ბეკერელი ბევრი არაფერია. ეს ერთ-ნახევარჯერ მეტია დასაშვებ ნორმაზე. ბოლოს და ბოლოს, ამ პროდუქციას გაანადგურებენ და ამით დამთავრდება ყველაფერი.
– ნიადაგი არ დაბინძურდა?
– ეს ყველაფერი ზედაპირულია, ნიადაგის ღრმა ფენებში რადიაცია ვერ შევა.
– აბა, ჩერნობილში დღემდე 100-კილომეტრიანი მკვდარი ზონააო?
– იქ მძიმე იზოტოპები გამოიფრქვა ბირთვული აფეთქების შედეგად, იაპონიაში კი იზოტოპები გამოცვივდა რეაქტორიდან: იყო ბეტა-გამოსხივება და მცირე რაოდენობით ურანი-235 გამოიპარა, თორემ, არანაირი რადიონუკლეიდები, რაც ბირთვული რეაქციის შემდეგ წარმოიქმნება, არ გვაქვს. იაპონიის რეაქტორებზე პრინციპულად არ შეიძლება, მოხდეს ბირთვული აფეთქება.
– სამთავრობო დონეზე შეიმჩნევა აქტიურობა ჰიდრორესურსების გამოყენების მიმართულებით. ეს ჩვენთვის, ალბათ, უტყუარად გამოსავალია, მაგრამ, რამდენად რეალურია, რომ ჩვენ ჰიდრორესურსებმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალება მოგვცეს?
– საქართველოს სჭირდება 2,5 ათასი მეგავატი, რესურსი კი 3,6 ათასი მეგავატია, ანუ, მარჟა ძალიან პატარაა. თან, საქართველოს ჰიდროენერგორესურსების 80 პროცენტი მოდის მცირე ჰესებზე, ასეთი სახეობის ჰიდროელექტროსადგურიდან კი ელექტროენერგიის ექსპორტი ძალიან წამგებიანია, რადგან ძალიან დიდი დანაკარგებია ტრანსპორტირების დროს. იმისთვის, რომ კიდევ ერთი ენგური ააშენოთ, დაგჭირდებათ 25-30 საშუალო ზომის, კასკადური ჰიდროელექტროსადგურის აშენება. ამის შესაძლებლობა კი, არ მგონია, იყოს. საქართველოს შეუძლია, თავისი მოხმარება უზრუნველყოს საკუთარი რესურსებით და 20-35 პროცენტის ექსპორტიც განახორციელოს, მაგრამ ეს, სტრატეგიულად, რა თქმა უნდა, ვერ გადაჭრის ევროპის ენერგომომარაგების პრობლემას.
– მაგრამ იმას მაინც ხომ ნიშნავს, რომ ჩვენ გაგვიიაფდება ელექტროენერგია?
– ეს ამას აბსოლუტურად არ ნიშნავს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ტარიფის გაიაფების ობიექტური საშუალება ახლაც არსებობს: არსებობს შესაძლებლობა, შეიქმნას ზამთრისა და ზაფხულის ტარიფები, დღისა და ღამის ტარიფები, მაგრამ, ეს არ კეთდება და ჩვენ ერთიანი ტარიფი გვაქვს.
– განვმარტოთ, რას ნიშნავს ზაფხულისა და ზამთრის ტარიფები?
– ზაფხულში თითქმის ასი პროცენტით ვართ დამოკიდებული ჰიდრორესურსებზე, ზამთარში კი ელექტრომომარაგების ძალიან დიდი წილი გაზზე, ანუ თბოსადგურებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ზაფხულის ელექტროენერგია 5-7-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ზამთრის. ამიტომაც ვამბობ, რომ ტარიფის გაიაფების შესაძლებლობა ახლაც არსებობს.
– დღისა და ღამის ტარიფები?
– ელექტროენერგიის დღისით მოხმარება, განსაკუთრებით, საღამოს საათებში, დიდია, ხოლო ღამით, როდესაც ყველას სძინავს, არ მუშაობს საწარმოები, ელექტროენერგიის მოხმარება 40-50-პროცენტით ეცემა. ასე რომ, ღამით შეიძლება ძალიან ბევრი გენერატორის გამოთიშვა და მხოლოდ იაფიანის დატოვება. ამიტომ, ღამის ელექტროენერგია უფრო იაფია, ვიდრე დღის. ასე ხდება ისრაელში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ძალიან საინტერესო ბიზნესი: არის სადღეღამისო გაზის საცავები და ღამის საათებში, როდესაც ელექტროენერგია იაფია, ისინი რთავენ ტუმბოებს და შიგნით ტუმბავენ გაზს. დღის საათებში, როდესაც ელექტროენერგია ძვირია, გაზს, პირიქით, ტუმბოებიდან უშვებენ და აწარმოებენ ელექტროენერგიას და 30-პროცენტიან მოგებას იღებენ ტარიფის განსხვავების გამო. ეს ამერიკაში საყოველთაოდ გავრცელებული ბიზნესია და ამაზე ხალხი ფულს აკეთებს.
– 3,6 ათასი მეგავატი ჰიდრორესურსი რას ნიშნავს: ამაზე მეტი ელექტროენერგიის წარმოება არც ერთ შემთხვევაში არ შეგვიძლია?
– ამაზე მეტის წარმოება ჰიდრორესურსებით შეუძლებელია, მაგრამ საქართველოში არსებობს სხვა სახეობის ენერგორესურსები, რომლებსაც ჩვენ საერთოდ არ მოვიხმართ. დავიწყოთ ნახშირით: ნახშირის ძალიან დიდი მარაგია ტყიბული-შაორის საბადოზე – დაახლოებით 300 მილიონი ტონა; 80 მილიონი ტონა მურა ნახშირია ვალე-ახალციხის საბადოზე; არსებობს მათი მიწისქვეშა გაზიფიკაციის შესაძლებლობა, ტურბინების დაყენება პირდაპირ მიწის ქვეშ შეიძლება; მეორე რესურსია ქარი, მესამე – მზე და მეოთხე – გეოთერმული ენერგია. აი, ამ რესურსების გამოყენების მაჩვენებელი ნულია ჩვენთან. არადა, საქართველოში არსებობს ისეთი ადგილები, მაგალითად, სურამის ქედი, სადაც კვადრატულ კილომეტრზე 2 000 მეგავატის გამომუშავება შეიძლება, ანუ ერთი კვადრატული კილომეტრიდან შეგვიძლია, მოვიპოვოთ იმდენი ენერგია, რომ მთელ საქართველოს ეყოს. რასაკვირველია, მხოლოდ ქარის იმედზე ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ, დროის 70-პროცენტის განმავლობაში იქ იმ სიძლიერის ქარი უბერავს, რომელიც სამრეწველო მნიშვნელობისაა, ანუ 3-4 მეტრი წამში სიჩქარით. ასე რომ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, გამოვიყენოთ ქარის ელექტროენერგია.
– იაფია?
– ქარის ელექტროენერგიის ღირებულება ისეთივეა, როგორიც ჰიდროენერგიის, სამაგიეროდ, ძალიან ძვირია მზის ენერგია, მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე იაფდება ფოტოფირის ღირებულება, მაგრამ, იმისთვის, რომ მომავალში ჩვენ მზის ენერგიაზე გადავიდეთ, ამაზე დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი.
– ცნობილია, რომ უცხოეთის საკურორტო ზონებში აქტიურად იყენებენ მზის ენერგიას ცხელი წყლისა და გათბობისთვის.
– არსებობს ორი სახეობის მზის ენერგია: ერთია უბრალო ბატარეები, რომლებითაც წყალს აცხელებენ და ბინებს ათბობენ, მეორე სახეობის მზის ენერგია, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ფოტოეფექტზეა დაფუძნებული. სწორედ ფოტოეფექტის გამო, როდესაც მზის ენერგია გადადის ელექტროენერგიაში, მიიღო აინშტაინმა ნობელის პრემია და არა ფარდობითობის თეორიაში. მზის ენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტი ჯერჯერობით ძალიან დაბალია, სწორედ ფოტოაქტიური შრის სტრუქტურიდან გამომდინარე. ჯერჯერობით ბოლომდე არ არის შემუშავებული ეს ტექნოლოგია, მაგრამ ასეთი ბატარეების საერთო სიმძლავრე დღეს მსოფლიოში 80 გიგავატი, ანუ 8 000 მეგავატია, მაშინ, როდესაც ქარის სიმძლავრე 260 000 მეგავატია.
– ჯერჯერობით შეუდარებლად სასარგებლო ყოფილა ქარი. ისევ ჰიდრორესურსებს დავუბრუნდები, რადგან ამ ეტაპზე ეს ყველაზე რეალურია: არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ ევროპას მცირე ოდენობით მაინც მივაწოდოთ ჰიდროელექტროენერგია?
– შეგვიძლია, მაგრამ, დანაკარგები იქნება ძალიან დიდი. ამიტომაც, არა ეს 5 000-იანი გადამცემი ხაზები უნდა გვქონდეს, არამედ – 500 000-იანი და მაშინ ტრანსპორტირების დანაკარგები ბევრად ნაკლები იქნება. მეორე საკითხია ის, რომ ჩვენი ჰიდრორესურსი არ იქნება საკმარისი.
– ენგურის მსგავსიც თუ აშენდება?
– მაინც არა. მთლიანად ჩვენი ჰიდრორესურსების ტექნიკური სიმძლავრეა 3 600 მეგავატი, აქედან 2 500 ჩვენვე გვჭირდება. მართალია, დანარჩენის ექსპორტი შეგვიძლია, მაგრამ, ეს ზღვაში წვეთია ევროპისთვის. მაგალითად, ამ რაოდენობის ელექტროენერგია პარიზის 22 უბნიდან ერთს თუ დააკმაყოფილებს. თუმცა, მეორე მხრივ, ჰიდრორესურსების ათვისება მთავრობას უდავოდ მოუტანს მოგებას იმ შემთხვევაშიც კი, მცირე რაოდენობის ექსპორტიც რომ განხორციელდეს – ეს პოლიტიკურადაა მომგებიანი.
– მსოფლიოს, გარდა ბირთვული რეაქტორებისა, თუ აქვს ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყარო, თუნდაც იმიტომ, რომ არ გაზარდოს ბირთვული რეაქტორების რაოდენობა და მხოლოდ მათი უსაფრთხოების გაზრდაზე იმუშაოს?
– მე უკვე მოგახსენეთ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული პროფესიონალების აზრი: ბირთვული ენერგეტიკის ხვედრითი წილი 50 წლის შემდეგ იქნება, დაახლოებით 40 პროცენტი, იმიტომ რომ, თანდათანობით მცირდება ნამარხი ენერგიის მარაგები: ნავთობი, გაზი, საწვავი ფიქლები და ასე შემდეგ. თუ რაღაც ძირფესვიანი აღმოჩენა არ მოხდა ტექნოლოგიაში და ახალი წყარო არ დაინერგა, ალტერნატიული წყაროები სრულად ვერასდროს დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე მსოფლიოს მოთხოვნას. არსებობს ასეთი პერსპექტიული მიმართულება, რომ წყალბადიდან მივიღოთ ელექტროენერგია. ეს ტექნოლოგია შემუშავების სტადიაზეა: წყალბადის აფეთქებისუნარიანობა ძალიან მაღალია, შედეგი კი ბირთვულ აფეთქებაზე უარესია, მაგრამ, შეიძლება, 20-30 წელიწადში აღმოჩენები გაკეთდეს და ვითარება შეიცვალოს. ასევე, შესაძლებელია თერმოელექტროენერგიის მიღება ტემპერატურული ცვალებადობით ზღვის ზედაპირსა და ფსკერს შორის, მაგრამ, ჯერჯერობით ასეთი ენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია.
– ელექტროენერგია გვჭირდება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს ტურისტებსაც. ეს ნიშნავს, რომ ზემონახსენებ 2,5 ათას მეგავატზე მეტი დაგვჭირდება?
– ჩვენ ჯერჯერობით ვლაპარაკობდით საქართველოს ჰიდროსიმძლავრეებზე. რაც შეეხება მოხმარებას: საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც ყველაზე მეტად იყო განვითარებული მრეწველობა, წელიწადში მოვიხმარდით 14 მილიარდ კილოვატსაათს, დღეს – 7-8 მილიარდს. როგორც გითხარით, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ვაწარმოოთ 16-17 მილიარდი კილოვატსაათი და აქედან 7 მილიარდით შეგვიძლია, ექსპორტი განვახორციელოთ.
– დარჩენილი ათი გვეყოფა ტურისტებისთვის?
– საბჭოთა დროს ამ მოხმარებიდან ლომის წილი მოდიოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე, თუკი რუსთავის მეტალურგიულს ძველი ტევადობით აღვადგენთ, მაშინ, არ გვეყოფა, მაგრამ, ათი მილიარდი კილოვატსაათი არსებულ პირობებში სავსებით საკმარისი იქნება. წარმოიდგინეთ, ზეინკლის ჩარხი ორჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი ეს საცხოვრებელი სახლი.
– რაღაც პლუსი ჰქონია, მძიმე მრეწველობა რომ არ გვაქვს?
– მკვდრები რომ ვიყოთ, საერთოდ არაფერს მოვიხმარდით. ასე რომ, ძალიან საკამათოა. საბოლოოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ მთავრობის პროექტი ჰესების მშენებლობის შესახებ კარგია, მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ ევროპის ენერგომომარაგებაში, მაგრამ, ცოტაც რომ გავყიდოთ, ამას მაინც აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა.