იმუნიტეტის გასაძლიერებელი დიეტა
როგორც იქნა, გაზაფხულმაც მოგვიკაკუნა. მალე ზამთრის ტანსაცმელსაც გავიხდით და, ცხადია, ყველას უნდა, გაზაფხულზე მოხდენილად გამოიყურებოდეს. მაგრამ, ამისთვის, ზედმეტი წონის მოშორების გარდა, აუცილებლად საჭიროა, იმუნიტეტი ავიმაღლოთ, რომ ჯანსაღი გავხდეთ მით უფრო, რომ გაზაფხულზე ვიტამინების ნაკლებობას ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებით განიცდის. სწორედ ამიტომ გთავაზობთ დღეს იმუნიტეტის გამაძლიერებელ დიეტას, რომლის დაცვაც სულ არ არის რთული, უბრალოდ, წინასწარ მოიმარაგეთ ის პროდუქტები, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ალბათ, ყველამ იცის, რომ გაზაფხულის სეზონზე ხილი და ბოსტნეული ვიტამინებისგან შედარებით დაცლილია და, ამიტომ, სასურველია, რომელიმე პოლივიტამინიც შეაშველოთ დიეტურ კერძებს (უმჯობესია, პოლივიტამინები მკურნალმა ექიმმა დაგინიშნოთ).
მაშ ასე, მოიმარაგეთ შემდეგი ხილი და ბოსტნეული: ვაშლისა და ქლიავის ჩირი, კივი, კომში, ბანანი, ციტრუსი, გოგრა, თუ თქვენი ჯიბე შეწვდება – ანანასი და პაპაია; ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ნიორი, ჭარხალი, სტაფილო, ისპანახი, მჟაუნა, იმბირი, სიმინდი (კონსერვის ყიდვას, ჯობია, ხმელი სიმინდის მარცვალი 1-2 დღე-ღამის განმავლობაში დაალბოთ ცხელ წყალში და მერე დიდხანს ხარშოთ), ბარდა, ლობიო, ბოლოკი, ბროკოლი, მწვანე ხახვი, ყველანაირი მწვანილი. გარდა ამისა, თქვენი მენიუ უნდა შეავსოთ (ამ პროდუქტებს წინასწარ ნუ იყიდით) ახალი (გაუყინავი) თევზით (მხოლოდ მოხარშული გეჭმევათ), კრევეტებით, ქათმის ან საქონლის ხორცითა და მოხარშული კვერცხით, თუ, რა თქმა უნდა არ იცავთ მარხვას.
ბურღულეულიდან აუცილებელია „ჰერკულესი“ და წიწიბურა.
ხილისგან და ბოსტნეულისგან უნდა გააკეთოთ ცოცხალი სალათები და დღის განმავლობაში მიირთვათ 5-6-ჯერ, 200-200 გრამი. გამორიცხეთ ცომეული და ყველანაირი ტკბილეული, გარდა შავი, მწარე შოკოლადისა (დღეში 50 გრამი). პურის ნაცვლად კი მიირთვით ეგრეთ წოდებული „ხლებცი“ ან პური „მხნეობა“ (თითო კვებაზე 1-2 ნაჭერი).
რაც შეეხება სითხეს, დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრის ოდენობით. ოღონდ, წყლის გარდა აუცილებლად უნდა მიიღოთ, დღის განმავლობაში, სულ მცირე, 2-2 ჩაის ჭიქა ხილისა და ბოსტნეულის წვენები და გაზგასული მინერალური წყალი.
ბოსტნეულის ნებისმიერ სალათას მოაყარეთ ბევრი მწვანილი, სალათის ფოთოლი და შეაზავეთ ცოტა მარილითა და ძმრით.
თუ მთელი დღე სამსახურში ხართ, სხვა გზა არ გაქვთ, ყოველდღე თან უნდა ატაროთ თქვენი ულუფა.
რაც შეეხება ყავასა და ჩაის, სასურველია, მიირთვათ უშაქრო ნალექიანი ყავა (მაქსიმუმ, დღეში 2 პატარა ფინჯანი) და პიტნის, გვირილის ან მწვანე ჩაი ლიმონით.