თავის მოწესრიგების მარტივი და სასიამოვნო მეთოდი
ალბათ, ყველამ იცის, რომ ლავანდა სამკურნალო მცენარეა, მაგრამ მას კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად იყენებენ. დღეს გასწავლით, რა შემთხვევებში უნდა მიმართოთ ამ ლამაზ ყვავილს:
1) თუ გსურთ, მძიმე დღის შემდეგ მოიხსნათ დაძაბულობა, 1 ჩაის კოვზ ნუშის ზეთში შეურიეთ 2 წვეთი ლავანდის ზეთი, დაასველეთ მასში დოლბანდის ორი ცალი ტამპონი, წამოწექით და ტამპონები დახუჭულ თვალებზე დაიწყვეთ. ისუნთქეთ ნელა და ღრმად.
2) უძილობისა და სტრესის შემთხვევაში, მოამზადეთ ლავანდის „რძე”: 50 გრამ ლავანდის გამხმარ ყვავილს (იყიდება აფთიაქებში) დაასხით 5 ლიტრი ქაფქაფა მდუღარე წყალი, დაფარეთ თავსახური და დადგით 1 საათის განმავლობაში. შემდეგ მარლაში გადაწურეთ, ნაყენი ჩაასხით წყლიან აბაზანაში და ჩაწექით 15 წუთის განმავლობაში. პროცედურა ჩაიტარეთ საღამოობით. ერთი სრული კურსი – 10-15 ჯერია.
3) თუ უმადობამ შეგაწუხათ, 1 ჩაის კოვზ ლავანდის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურული გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩაივით დალიეთ. ეს მოქმედებს არა მარტო როგორც დამაწყნარებელი საშუალება, არამედ, აგვარებს კუჭის პრობლემებსაც: აწესრიგებს მჟავიანობას და აუმჯობესებს მადას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ლავანდის ჩაის დალევა დაუშვებელია ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
4) თუ გაქვთ სუსტი და უფერული თმა, დაბანის შემდეგ გადაივლეთ მინერალური წყალი, რომელშიც დაბანამდე ნახევარი საათით ადრე უნდა ჩააწვეთოთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი და ლიმონის წვენი.
5) თუ სახეზე ან სხეულზე გაქვთ გამონაყარი, დილაობით წაისვით ლავანდისა და ნუშის ზეთების თანაბარი ნაზავი.