შესაძლებელია თუ არა ჯუჯა ანანასის გახარება საქართველოში და რომელია ყველაზე პარაზიტი მცენარე
ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი „ფლორა ინტერნაციონალიდან”, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, ორ განსხვავებულ მცენარეზე ისაუბრებს. როგორ გავახაროთ ჯუჯა ანანასი გაზაფხულზე, სად დავდგათ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და რომელი მცენარე გამოვიყენოთ მავნებლების წინააღმდეგ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ამირან, გვიამბეთ ჯუჯა ანანასის შესახებ.
– ჯუჯა ანანასი ძალიან ძვირფასი და ლამაზი ტროპიკული მცენარეა. ნაყოფის გამო ძვირადღირებული ხილია. ანანასის უთესლო ნაყოფიანი ჯიში კულტურაში მეტად ფართოდ გამოიყენება. მას ხშირად აშენებენ, როგორც დეკორატიულ მცენარეს. მისი სამშობლო ბრაზილიაა.
– პრეტენზიულია თუ არა ჯუჯა ანანასი და შესაძლებელია თუ არა საქართველოს პირობებში მისი გახარება?
– ეს მცენარე პრეტენზიული არ არის, ამიტომ მას ყველგან შეხვდებით. კარგად ხარობს საქართველოს პირობებშიც, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, ოღონდ, უმნიშვნელო მოვლის პირობებში მაინც უნდა ამყოფოთ, რომ გახარება შეძლოს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს მცენარე ტროპიკულია, ამიტომ მისი გახარება რთული არ არის, ჩვეულებრივ იზრდება და ნაყოფიც გამოაქვს.
– ახლა გაზაფხულია. რას გვირჩევთ, როგორ მოვუაროთ ამ დროს მცენარეს და როგორ შევუწყოთ ხელი მის აყვავილებას?
– დიახ, ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს, ის ბრომელიების ოჯახის წარმომადგენელია, მას უყვარს კარგი სითბო და მზიანი ადგილი. მთელი ზაფხულის განმავლობაში კარგი იქნება, თუ გარეთ გადგამთ მზეზე. ასეთ პირობებში ჯუჯა ანანასი მალე აყვავდება და ნაყოფსაც გაიკეთებს.
– რაც შეეხება მის მორწყვას, რა სიხშირით სჭირდება მას წყალი?
– ზაფხულში მცენარის მორწყვა საჭიროა კვირაში ერთხელ, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ტემპერატურაზე დამდგარი წყლით უნდა მორწყათ. ზამთრის სეზონზე კი – ათ დღეში ერთხელ. მისთვის აუცილებელია, ჰქონდეს კარგი დრენაჟი, რათა წყალი კარგად გავიდეს.
– რა მოუვა მცენარეს ხშირი მორწყვის შემთხვევაში და რა შემადგენლობის ნიადაგში ჩავრგათ ჯუჯა ანანასი?
– ხშირი მორწყვა ამ მცენარეს ვნებს და, შესაძლებელია, დაიღუპოს კიდეც. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ორ-ორი წილი ტორფი და მიწა, თითო წილი ნაკელი და ქვიშა.
– როგორ რეაგირებს მცენარე გადარგვა-გასხვლაზე და რით მრავლდება ის?
– ჯუჯა ანანასს არ უყვარს გადარგვა და არც გასხვლა სჭირდება. თუ დაიწყო ყვავილობა, არ შეეხოთ, რადგან მგრძნობიარეა და, შესაძლებელია, მცენარე ყვავილთან ერთად დაიღუპოს.
ჯუჯა ანანასი მრავლდება თავისივე „ქოჩრით”, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ კარგად გამოაშროთ. სხვა შემთხვევაში მიწაში დალპება.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და სად დავდგათ ის ზამთარში?
– ზაფხულში ჯუჯა ანანასს სჭირდება 30 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო ზამთარში – 25 გრადუსი. ეცადეთ, ზამთარში მცენარეს თბილი ადგილი შეურჩიოთ, რადგან ის ვერ უძლებს ყინვას. ეს მცენარე კარგად ხარობს და მრავლდება ზაფხულში 19-22 გრადუსზეც.
– რომელი მავნებელი ემტერება ჯუჯა ანანასს და როგორ დავიცვათ მათგან მცენარე?
– ეს მცენარე არ იზიდავს მწერებს, ის მავნებლებისგან თავად იცავს თავს, ამიტომ არ გამოიყენოთ არანაირი შხამ-ქიმიკატები.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ გაზაფხული-ზაფხულის დადგომისას?
– ამ პირობების გათვალისწინებით, გაზარდეთ თქვენი მცენარე და შუა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, მცენარე 2-3 საათის განმავლობაში დადგით ხოლმე წვიმიან ამინდში.
– რას გვეტყვით რაფლეზიას შესახებ? როგორც ვიცი, ის ყველაზე პარაზიტ მცენარედ მიიჩნევა...
– რაფლეზია, მართლაც, ყველაზე პარაზიტი მცენარეა, რომელიც ეხვევა სხვა მცენარეებს და იკეთებს ძალიან ლამაზ ყვავილს, რომლის სიგანე, შეიძლება, ერთ მეტრსაც კი აღემატებოდეს. ამ ყვავილს ძალიან ცუდი სუნი აქვს, ხოლო მისი შუაგულიდან ამოსული ოქროსფერი ძაფები შხამიანია. ამიტომ ის მოიაზრება, როგორც ლამაზი, მაგრამ პარაზიტი მცენარე. რაფლეზია ცხოვრობს სხვა მცენარის მერქნის მეშვეობით.
– რატომ უნდა გავახაროთ რაფლეზია, თუ ის შხამიანია?
– ეს მცენარე ბუზების და სხვა მწერების კარგი სატყუარაა, რომლებიც აზიანებენ სხვა მცენარეების ფოთლებსა და მერქანს. აქედან გამომდინარე, რაფლეზია ერთგვარი მტერიც კი არის მავნებლების და, სადაც ის დგას, იმ ადგილს მწერი არ მიეკარება.
– როგორ მოვაშენოთ ეს მცენარე?
– რაფლეზიამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ბიოლოგიაში. მას არ სჭირდება გადარგვა ან მოშენება. ყოველი ტროპიკული წვიმების დროს, წვეთის დაცემისას, ის გამოყოფს ჰაეროვან ფქვილისებრ ფერმენტს, რომელიც არის მისი თვალით უხილავი თესლები და სწორედ ამ თესლებით მრავლდება შემდეგ სხვადასხვა ადგილას.
როგორც უკვე გითხარით, რაფლეზია კარგი სატყუარაა და მას ტროპიკის მცხოვრებლები დიდ ყურადღებას აქცევენ – ამ მცენარეს რგავენ ან გადმოაქვთ თავიანთ საცხოვრებლებთან ახლოს, რათა არ მოხდეს ისეთი მწერების გამრავლება, როგორიცაა ბუზი, კოღო და ასე შემდეგ.
ასევე, შესაძლებელია, შეგხვდეთ ისეთი გიგანტური რაფლეზია, რომელსაც თაგვების დაჭერა შეუძლია.
– როგორ მოვუაროთ ამ მცენარეს?
– რაფლეზია ძალიან მნიშვნელოვანი მცენარეა. მის ნიადაგში უნდა შედიოდეს ძირითადად ნეშომპალა და ხის ქერქი. არ შეიძლება მცენარის მიწაზე დარგვა. ეცადეთ, რაფლეზია იყოს ჩამოკიდებულ მდგომარეობაში.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?
– რაფლეზიას ხშირი მორწყვა არ სჭირდება – ის თავისივე ყვავილიდან იღებს წყალს, ამიტომ, იშვიათად მორწყეთ. ის არც გასხვლასა და ხშირ გადარგვას საჭიროებს.
– რამდენ ხანს ცოცხლობს რაფლეზია?
– რაფლეზია ოთხ წელიწადს ცოცხლობს, თუმცა, მას შეცვლის თავისივე ამონაყარი. ამიტომ, მისთვის აუცილებელია სითბო, დაახლოებით 20-28 გრადუსი.
– რას ვერ ეგუება რაფლეზია და თუ უძლებს ზაფხულში მაღალი ტემპერატურის პირობებს?
– რაფლეზია მაღალ ტემპერატურას უძლებს, თუმცა, ისიც და ყვავილიც ძალიან მგრძნობიარეა და ორპირ ნიავს ვერ იტანს. თუ მის გამრავლებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გამოიყენეთ ამონაყარი.