რომელი საკვები გამოირჩევა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით
საკვები რომ ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, ეს უკვე ცნობილი ფაქტია, მაგრამ ბევრ მათგანს მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისება გააჩნია. მაგალითად:
ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. შეგიძლიათ, ისპანახი ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ, რადგან ის კალორიებს მხოლოდ მცირე დოზით შეიცავს, ცხიმს კი – საერთოდ არა. ისპანახი ასევე ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.
პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. ასევე, პომიდორი C ვიტამინის უმდიდრესი საბადოა.
უმი ნიორი ამაგრებს გულს, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ასევე, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.
მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციებს.
სატაცურში შემავალი ნივთიერებები აფერხებს უჯრედებში მიმდინარე ონკოლოგიურ პროცესებს. სატაცურის რეგულარული მიღებით დაიცავთ ორგანიზმს ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის კიბოს განვითარებისგან.
ორაგული ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც „ომეგა 3-ს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი კი იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან, მაგალითად, როგორიც არის რევმატოიდური ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე და აფერხებს დაბერების პროცესს.
საკვებად შვრიის რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს დასაშვებ ზღვარზე მეტად არ ზრდის. შვრია სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს არტერიულ წნევას, ასევე, კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემები აწუხებს.
ნიგოზში, თხილსა და ნუშის გულში შემავალი ცხიმი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ისინი ამცირებენ ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ეს კი აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი უზომოდ ჭამა არ არის რეკომენდებული.
ყურძნის კანი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს. მათ შორის ერთ-ერთია რესვერატორული ოქსიდანდი, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულისთვის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ მისი დიდი დოზით მიღება ზრდის ღვიძლის ციროზისა და ჰემორაგიული ინსულტის რისკის ალბათობას.
მწვანე ჩაი მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს და ხელს უშლის ადრეული სტადიის სიმსივნეების ზრდის პროცესს. მწვანე ჩაის ყოველდღიურად დალევა კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ. თუ მწვანე ჩაის ნაყენს პირის ღრუში რეგულარულად ივლებთ, მაშინ კბილებს კარიესისგან დაიცავთ.
ასე რომ, სწორად შეარჩიეთ საკვები ყოველდღიური მენიუსთვის და დაიზღვიეთ საკუთარი ჯანმრთელობა შესაძლო საშიში დაავადებებისგან.