კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მართალია თუ არა, რომ მოუხერხებელი სასთუმალი სახეზე ნაოჭებს აჩენს?
პასუხი: ეს მართლაც ასეა, თანაც, ნაოჭები ჩნდება არა მარტო სახეზე, არამედ, დეკოლტეს მიდამოებშიც.
სახეზე ნაოჭები ღრმავდება განსაკუთრებით იმ მხარეს, რომელ გვერდზეც გვძინავს, ანუ, რომელი ლოყითაც ვწევართ ბალიშზე, ამიტომ, კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რომ გადავეჩვიოთ რომელიმე გვერდზე ან მუცელზე წოლას. იდეალური ვარიანტია, ზურგზე თუ დაწვებით. ასე არა მარტო ნაოჭებს, არამედ, სქოლიოზსაც ავიცილებთ თავიდან.
კითხვა: ცოტა უხერხული კითხვა მაქვს, მაგრამ, გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ხალხური საშუალება ფეხზე ოფლისა და სუნის პრობლემის მოსაგვარებლად.
პასუხი: ყოველ საღამოს ფეხი დაიბანეთ სარეცხის საპნით, კარგად გადაივლეთ თბილი (ძმრიანი) წყალი, შემდეგ კი გაიკეთეთ ჩაის მუქი ნაყენის გვირილის, პიტნის ან ნაძვის წიწვის ნახარშის აბაზანა.
კითხვა: ვყიდულობ მაღალხარისხიან და ძვირად ღირებულ პუდრს, მაგრამ მაინც ვგრძნობ დისკომფორტს, თითქოს ალერგიასაც იწვევს სახის კანზე. რას მირჩევთ?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში, შეიძინეთ მინერალური პუდრი. ის ჰიპერალერგენულია და არ იწვევს გაღიზიანებას.
კითხვა: მაქვს ძალიან მრგვალი თვალები, რაც არ მომწონს. როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთო, რომ ეს სიმრგვალე ცოტათი მაინც შეინიღბოს?
პასუხი: ზედა ქუთუთოს შუიდან საფეთქლისკენ გაიკეთეთ წვრილი კონტური, ნაპირისკენ ოდნავ გაამსხვილეთ და ბოლოში პატარა ისრით დააბოლოვეთ; ქვედა ქუთუთოს კი მხოლოდ გარეთა კუთხეში გაუკეთეთ მოკლე კონტური.
კითხვა: რა არის ცელულიტის გაჩენის უმთავრესი მიზეზი და შეიძლება თუ არა მისი მოშორება სახლის პირობებში?
პასუხი: ცელულიტის გაჩენის უმთავრესი მიზეზია არასწორი კვება, უმოძრაობა და სტრესები. მისი მოშორება სახლის პირობებში შესაძლებელია, თუ თვითონვე გაიკეთებთ მასაჟებს ეთერზეთებით ან წიწვის ნაყენის კომპრესებს.
კითხვა: მიდრეკილება მაქვს ჭორფლისკენ, ანუ, ყოველ გაზაფხულზე სახე წვრილად მეწინწკლება და ზაფხულში ეს წერტილები მუქდება, შემოდგომით – ხუნდება, ზამთარში კი თითქმის ქრება. არის თუ არა რაიმე ხალხური საშუალება, რომ გაზაფხულზე გაჩენილი ჭორფლი არ გამუქდეს (წვრილმა წერტილებმა უკვე იჩინა თავი).
პასუხი: მოამზადეთ ოხრახუშის ნაყენი: 5-10 ღერი (ფოთლებიანად) დაჭერით მსხვილად, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჯამში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და შედგით აირღუმელში 15-20 წუთით. შემდეგ გადაწურეთ დოლბანდში, გააგრილეთ, მიღებულ ნაყენში შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და პირდაპირ გაიწმინდეთ სახე ამ სითხით, ან გაყინეთ კუბიკებად და დილა-საღამოს გაიკეთეთ მასაჟი ამ კუბიკით. ოხრახუშის ნაყენის ნაცვლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ 2 ცალი ცოცხალი კიტრის წვენი + 1 ცალი ლიმონის წვენი (კიტრის წვენის შენახვა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ძალიან მალე ფუჭდება).