როგორ ამცნობდა ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი ეპისკოპოს კირიონს ინფორმაციას ცენზურისგან მალულად
მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის მორჩილებაში აღმოჩნდა, ყველგან და ყველაფერში იგრძნობოდა ცენზურა. იმ შემთხვევაში, თუ ცენზურა „საშიშ აზრებს” აღმოაჩენდა, საქმეს სათანადო ზომები მოჰყვებოდა, რაც გადასახლებით, შეიარაღებული თავდასხმებით, დაპატიმრებითა და ზოგჯერ სიცოცხლის ხელყოფითაც მთავრდებოდა. არავინ იცის, რა ბედი ეწეოდათ ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილსა და ეპისკოპოს კირიონს (გიორგი საძაგლიშვილს), რომელიც მომავალში საქართველოს პატრიარქი გახდა) მათი მიმოწერის რეალური შინაარსი ცენზურას რომ ამოეცნო. მათ მიმოწერაში ეგრეთ წოდებული „ეზოპეს ენა”, ანუ გადატანითი, იგავარაკული ენაა, გამოყენებული. განსხვავება ისაა, რომ, ამ შემთხვევაში, როგორც მღვდელმთავრებს შეეფერებოდათ, ძველმა აღთქმამ შეასრულა ეზოპეს ენის როლი. სწორედ ამ წერილებსა და მათ რეალურ შინაარსზე მოგვითხრობს დღევანდელ ინტერვიუში ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვაჟა კიკნაძე.
ვაჟა კიკნაძე: 1811 წელს საქართველოს ეკლესია რუსეთის სინოდის უუფლებო ნაწილად იქცა – მან დაკარგა დამოუკიდებელი არსებობის ყველა ნიშანი. საქართველოს ეკლესია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან ავტოკეფალიური ანუ „თვითმწყემსავი” იყო, ახლა, ერთმორწმუნე იმპერიის შემადგენლობაში შესვლით, საერთოდ წაიშალა როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია – ის გახდა რუსული ეკლესიის შემადგენელი და მორჩილი ნაწილი.
ბუნებრივია, როდესაც ეს ვითარება ქართული სამღვდელოებისა და ქართველი ერისთვის გახდა ნათელი, მათში დიდი პროტესტი გამოიწვია. ამ პროტესტმა მწვავე შეიარაღებული ფორმაც კი მიიღო იმერეთში 1819-1820 წლებში. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი, როდესაც რუსეთი მთელ კავკასიაზე მკაცრ კონტროლს ამყარებს, ერისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ღიად საუბარიც კი შეუძლებელი შეიქნა. ამიერიდან, 1905 და 1917 წლების რევოლუციური სიტუაციის გამოკლებით, ეკლესიის ავტოკეფალიასთან ან ქართველი ერის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ ფარული ტექსტებითღა იყო შესაძლებელი. საინტერესოა ორი დიდი ქართველი მღვდელმთავრის მიმოწერა, რომელთა წერილების ქვეტექსტები სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხება.
– რომელ მღვდელმთავრებს გულისხმობთ?
– მხედველობაში გვაქვს, ეპისკოპოს კირიონისა (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში) და ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილის მიმოწერა – სულ 30 წერილი. სამწუხაროდ, შემორჩენილია, მხოლოდ, პეტრე კონჭოშვილის წერილები კირიონისადმი, ამ უკანასკნელის პასუხები კი დაკარგულია.
პეტრე კონჭოშვილის პირველი წერილი დათარიღებულია 1901 წლის 9 ივლისით. ეს არის წელი, როდესაც საზეიმოდ აღინიშნებოდა რუსეთთან „შეერთების” ასი წლისთავი. გავიხსენოთ, 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით, ჯერ აღმოსავლეთ საქართველო, შემდეგ კი მთელი ქვეყანა, რუსეთის შემადგენელ ნაწილად გამოცხადდა.
ესე იგი, ამ წელს განსაკუთრებული ამაღლებული ტონით უნდა ყოფილიყო აღნიშნული ეს ქართველთათვის საბედისწერო თარიღი. ცენზურა ამას უთუოდ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა. ამიტომ მეუფე პეტრე კირიონს, „ეზოპეს ენით” ესაუბრება.
– რას სწერს პეტრე კონჭოშვილი კირიონს?
– „ამოვიარე ძველს, დიდებულს ქართველთა ტაძრებისკენ – სვეტიცხოველისა, სამთავროსი და ანანურის ამაღლებისა, რომელთაც შორით თაყვანი-ვეც, ვითარცა დანიელმა იერუსალიმსა; ამათის ხილვითა ბევრი მწარე ფიქრები წარმომიდგა...” თითქოს აქ განსაკუთრებული არაფერია – ერთი მღვდელმთავარი მეორეს კერძო წერილს სწერს და ბიბლიას იმოწმებს, – სწორედ ამას იფიქრებდნენ ფოსტის მაშინდელი ცენზორები. ამიტომაცაა, რომ წერილი ადრესატამდე დაუბრკოლებლად მივიდა. მაგრამ, დავუკვირდეთ, სინამდვილეში, რას ეუბნება პეტრე კონჭოშვილი კირიონს: ის არაორაზროვნად მიანიშნებს ადრესატს დანიელ წინასწარმეტყველის ხვედრზე, რომელიც ბაბილონში საპატიო, მაგრამ მაინც ტყვეობაში იმყოფებოდა. უცხო ქვეყანაში დაწინაურებულ დანიელ წინასწარმეტყველს, უპირველესად, სწორედ მშობლიური ღმერთისა და სიწმიდეების თაყვანისცემა ეკრძალებოდა. ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ მეფე დარიოსმა მკაცრი კანონი გამოსცა, რომლის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა მის უცხოელ ქვეშევრდომს საკუთარი სიწმიდეები უნდა დაევიწყებინა. ერთადერთ ღმერთად თვით დარიოსი ეღიარებინა და მხოლოდ მისთვის ელოცა. ამ ბრძანების დამრღვევი ლომებით სავსე ხაროში დაასრულებდა სიცოცხლეს. იუდეადან ბაბილონში გატაცებული დანიელი, ამ ბრძანების გამოცემის პერიოდისთვის, საკუთარი ჭკუა-გონების წყალობით, ისე იყო დაწინაურებული, რომ ბაბილონის მმართველი სამი სატრაპიდან (უმაღლესი მმართველის წოდება) ერთ-ერთი პირველი გახდა. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, სასტიკი მუქარის მიუხედავად, მან არ უღალატა თავის ღმერთს. დანიელის ბრძანებით, მისი სახლის ფანჯრები იერუსალიმისკენ იყო მიქცეული და საპატიო ტყვეობაში მყოფი დანიელი დღეში სამჯერ სცემდა თაყვანს თავის ღმერთს. ბიბლიაში ეს ამბავი ასეა გადმოცემული: „სარკმელნი განღებულ... დამართით იერუსალიმისა და ჟამთა დღისათა სამთა, იყო მოდრეკილ მუხლთა ზედა მისთა და მლოცველ და აღმსარებელ წინაშე ღმრთისა მისისა” (დანიელი 6.10.)
– უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რას ეუბნებოდა ამ წერილის საშუალებით პეტრე კონჭოშვილი კირიონს?
– როგორც აღვნიშნე, მეუფე პეტრე ფარული ქვეტექსტით ესაუბრება კირიონს და ეუბნება: თქვენც და ჩვენც, ყველანი, საქართველოში მყოფნი, საპატიო, მაგრამ მაინც ტყვეობაში ვიმყოფებით რუსეთის ხელისუფალთა ხელში; მაგრამ, ჩვენი ვალია, რა საშიშროებაც არ უნდა მოგველოდეს, იმპერატორისთვის კი არ ვილოცოთ (როგორც ამას დარიოსი მოითხოვდა), არამედ ჩვენი წინაპრების დანატოვარ სალოცავებს ვცეთ თაყვანი (სვეტიცხოველი, სამთავრო, ანანური)! ანუ, მეუფე პეტრე, დანიელ წინასწარმეტყველთან პირდაპირი ანალოგიით, ამას ეუბნება კირიონს: არ ვუღალატოთ ჩვენს მეობასა და კულტურას, მოწყალე ღმერთი კი ისე დაგვიცავს მოსალოდნელი საშიშროებისაგან, როგორც მან დანიელი დაიცვა ლომთა პირისაგან.
– კიდევ არსებობს წერილები, სადაც ეპისკოპოსი პეტრე კირიონს ფარულ მინიშნებებს აძლევს?
– მეუფე პეტრე კირიონისადმი მიმართულ სხვა წერილებშიც აკეთებს ფარულ მინიშნებებს. ერთ-ერთ წერილში იგი წერს: „ღვთისა განგებამ ამისთვის აღგამაღლათ, თქვენო მეუფებავ, უცხო ქვეყანაში, ვითარცა დანიელ წინასწარმეტყველი, დიდი მღვდელი ეზრა და ნეემია ბაბილონში, რომ მამობრივი მფარველობა გაუწიოთ დაწიოკებულთა შვილთა, თქვენის საყვარელის სამშობლო ერისას”.
– ზემოთ უკვე აღვნიშნეთ წინასწარმეტყველ დანიელთან შედარების არსი. ახლა, ისიც განვიხილოთ, ვინ იყვნენ ეზრა და ნეემია?
– ეზრა და ნეემია ეგრეთ წოდებულ „ბაბილონის ტყვეობასთან” არიან დაკავშირებულნი. კერძოდ, ეზრა ებრაელთა დიდი მოძღვარი იყო, რომელმაც ბაბილონიდან იუდეაში დაბრუნება მოახერხა და იქ დიდ აღმშენებლობით და განმანათლებელ საქმეს ეწეოდა. (ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნე); ნეემიაც, ასევე, გამორჩეული მოღვაწე იყო, რომელიც იერუსალიმის დანგრეული მთავარი ტაძრის (სოლომონის ტაძრის) აღდგენას ცდილობდა. მანაც დააღწია თავი ბაბილონის ტყვეობას. ნეემიამ მთელი სიცოცხლე, ეზრასთან ერთად, თავისი ქვეყნის ზნეობრივ-რელიგიურ აღორძინებას მიუძღვნა. აი, როგორ ბუმბერაზ მოღვაწეებს ადარებს მეუფე პეტრე კირიონს. ეს პიროვნებები შემთხვევით არ არიან შერჩეული პროტოტიპებად. პეტრე კონჭოშვილი ფარული ქვეტექსტით ესაუბრება მეგობარსა და სათაყვანო მოძღვარს: მართალია, თქვენც საპატიო ტყვეობაში ხართ, როგორც ნეემია და ეზრა, მაგრამ, დადგება დრო და თქვენც ისეთივე ამაღორძინებლად მოევლინებით მშობლიურ ქვეყანას, როგორც ისინიო...
ეს შედარებები კიდევ უფრო მძაფრ სახეს იღებს, თუ გავიხსენებთ, რომ მეორე წერილის შედგენისას, მეუფე კირიონი საქართველოდან ძალით იქნა გაწვეული და რუსეთში გადასახლებული...
ვფიქრობთ, აშკარაა, რომ მიმოწერაში ეგრეთ წოდებული „ეზოპეს ენაა” გამოყენებული. განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში, როგორც მღვდელმთავრებს შეეფერებოდათ, ძველმა აღთქმამ შეასრულა ეზოპეს ენის როლი.