სხვადასხვა პოლუსზე
სიყვარული, რომელიც ერთბაშად მოდის, ძალიან ცუდი მრჩეველია. შეყვარებული ქალიც და მამაკაციც, კარგავენ უნარს, საღად შეაფასონ სიტუაცია და პარტნიორის ღირსებები. გრძნობა „აქვეითებს“ მხედველობას და ხშირად მარტო იმას ვხედავთ, რისი დანახვაც თავად გვინდა. მერე კი, ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ, თურმე სხვადასხვა პოლუსზე ყოფილან: ერთმანეთის არაფერი ესმით, ერთმანეთის ჩვევები აღიზიანებთ, ერთ ჭერქვეშ მათი თანაცხოვრება კი გაუსაძლისია.
წარმოიდგინეთ, როგორ იცხოვრებს მშვიდად და ტკბილად ორი ადამიანი, როცა ერთს საღამოობით გართობა უნდა და ხმაურიანი ადგილები იზიდავს, მეორეს კი სახლში, ტელევიზორის წინ ურჩევნია ჯდომა, რადგან თავს იქ გრძნობს კომფორტულად?! სკანდალი გარდაუვალია. სიყვარული არაჩვეულებრივი რამაა, მაგრამ, თუ მას „საკვები” მოაკლდა, კვდება. „საკვები” კი ის ყოველდღიური ურთიერთობებია, რაც წყვილს შორის არის. თუ ცხოვრებისეული ფასეულობები და ინტერესები ცოლ-ქმარს კარდინალურად განსხვავებული აქვს, შეხების ერთ წერტილსაც ვერ იპოვით. თავიდან ამას მნიშვნელობას არ მიანიჭებთ, მაგრამ კატასტროფა გარანტირებულია. ოჯახი, სადაც საერთო ინტერესები არ არის, დიდხანს ვერ იარსებებს.
იქნებ, გჯერათ, რომ თქვენ დაძლევთ წინააღმდეგობებს, გადალახავთ ბარიერებს და შეძლებთ, მიაღწიოთ ჰარმონიულ ურთიერთობას. ნუ იქნებით ასეთი გულუბრყვილო. თუ მზად ხართ იმისთვის, რომ გაიღოთ მსხვერპლი, დათმოთ ყველაფერი ის, რაც თქვენთვის ძვირფასია და საინტერესო, მაშინ, კიდევ გაქვთ შანსი. წარმოიდგინეთ, აქვს ჩრდილოეთ პოლუსს შანსი, „გაუგოს” სამხრეთის პოლუსს?! თუ თქვენ, მათ შორის რამე საერთოს აღმოაჩენთ, მაშინ, იმოქმედეთ!