ვეტერინარის რჩევები
კითხვა: წელიწადში რამდენჯერ არის სავალდებულო დეკორატიული ძაღლისთვის ვარცხნილობის გაკეთება?
პასუხი: ძაღლი ფორმაში რომ იყოს, თითქმის ყოველდღიურად სჭირდება დავარცხნა. თმის შეჭრა, ანუ პროფესიონალური გრუმინგი, დაახლოებით სეზონში ერთხელ კეთდება, მაგრამ, ამის შემდეგ ის ორ დღეში ერთხელ მაინც, სახლში კარგად უნდა დავვარცხნოთ, დავასხათ სპეციალური სითხე პულივიზატორით, რომელიც ბზინვარებას აძლევს ბეწვს; წაუსვათ მუსი, რომელიც ბეწვს ფორმას უნარჩუნებს და ასე შემდეგ. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სავალდებულო ვარცხნილობას აკეთებენ. მაგალითად, ამერიკულ კოკერ-სპანიელზე რამდენიმე სახის ვარცხნილობა კეთდება, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ერთი, სტანდარტული იციან, რომელსაც „შლაქსს“ ეძახიან. „კაბას“ აქ არ აკეთებენ, თუმცა, ეს პატრონის სურვილის გათვალისწინებით ხდება, რადგან საკმაოდ რთული მოსავლელია.
კითხვა: მყავს პუდელი, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ აგრესიული გახდა. თუ შეიძლება, მითხარით, ეს არასწორი აღზრდის ბრალია თუ გენეტიკასთან გვაქვს საქმე?
პასუხი: ძაღლი არა მარტო თვითონ უნდა იყოს სწორად აღზრდილი, არამედ, ის აუცილებლად სწორად აღზრდილი მშობლების შვილი უნდა იყოს. ამიტომ, შეძენა მხოლოდ და მხოლოდ იმ ძაღლთსაშენში უნდა მოხდეს, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მომშენებლები პროფესიონალები არიან. თუ ლეკვს გენეტიკური გადახრა აქვს, მის გამოსასწორებლად ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდებათ არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ სერიოზულ კინოლოგებს. ასე რომ, თქვენი ძაღლის აგრესიულობა შეიძლება, არასწორი აღზრდის ბრალი იყოს, მაგრამ, თუ მას ეს თვისება გამომჟღავნებული აქვს ლეკვობის პერიოდიდან, მაშინ საქმე გენეტიკასთან გვაქვს.
კითხვა: რამდენიმე კვირის წინ ოჯახის ყველაზე პატარა წევრის თხოვნით, კოკერ-სპანიელი შევიძინეთ. თუ ესაჭიროება მას პროფესიონალური აღზრდა?
პასუხი: პატარა ტანის ძაღლებს ხშირ შემთხვევაში არ ესაჭიროება პროფესიონალური წვრთნა, მაგრამ, მათი აღზრდის დროს აუცილებელია, შეაჩვიოთ სერიოზულ დისციპლინას. ხშირია შემთხვევა, როცა პატარა ტანის ძაღლს ბავშვის თხოვნით ყიდულობენ. გაითვალისწინეთ, რომ პატარა ტანის ოთხფეხა მეგობარი თქვენი გასაზრდელი და თქვენი მოსავლელი იქნება, რადგან ბავშვი ვერ შეძლებს ყველაზე მომცრო ცხოველის მოვლასაც კი. და თუ მაინც ბავშვის ჭკუაზე გაივლით, მერწმუნეთ, ახლო მომავალში ძაღლის სახით ბავშვის ცოცხალ სათამაშოს მიიღებთ, რომელიც ყველაზე ჯიუტი, თამამი და მოუთვინიერებელი არსება იქნება.
კითხვა: თუ ძაღლი დიდი ტერიტორიის დასაცავადაა საჭირო, რომელია იდეალური ვარიანტი?
პასუხი: ამ შემთხვევაში არჩევანი შემდეგ ჯიშებზე უნდა შეაჩეროთ: კავკასიური ნაგაზი, სამხრეთრუსული ნაგაზი, გერმანული ნაგაზი, აღმოსავლეთევროპული ნაგაზი ან აზიური ნაგაზი. მათ თანდაყოლილი დაცვის უნარი ახასიათებთ და ამავდროულად, ეს ჯიშები ადვილად იტანენ ცივ კლიმატს.