როდის უკანკალებდა ხელები ეკა გაბიტაშვილის მეუღლეს და როდის ჰქონდათ მათ რთული პერიოდი
ნიჭიერი მომღერალი და არაჩვეულებრივი ადამიანი – ეკა გაბიტაშვილი, გათხოვების შემდეგ, მეუღლესთან, ხვიჩასთან, ერთად მოსკოვში ცხოვრობს და იქ აგრძელებს მუსიკალურ კარიერას. ეკა სულ ახლახან მეუღლესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები მოინახულა და საქმეები მოაგვარა.
ეკა: სტანისლავსკის ოპერაში მოსმენები მქონდა, მოვეწონე მათ და უკვე საუბარია, კონტრაქტის დადებაზე, მაგრამ რაღაც საბუთები მჭირდება. მოსკოვში ყველა თეატრი მუდმივად გასტროლებზე დადის, თვეობით მიდიან. მე კი, რადგან ქართული პასპორტი მაქვს, ვერ წავალ. მაშინ საქართველოში უნდა ჩამოვფრინდე, აქ უნდა გავაკეთო ვიზა, მერე გადავფრინდე და მოკლედ, ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ჩამოვედი თბილისში, იქნებ საბუთი გავაკეთო, რომ მერე უფრო გამიადვილდეს ეს ყველაფერი. რაც მთავარია, ისინი მეუბნებიან, ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით, მაგრამ იქნებ, შენც მოაგვარო საბუთების საქმეო.
– კონცერტები სულ გაქვს?
– პროკოფიევის ორკესტრთან ვთანამშრომლობ და ხშირად მირეკავენ. თან, დიდ თეატრში რომ დავდივარ, იქ ყველა გისმენს. აინტერესებთ, ვინ ხარ, საიდან, რას მღერი, როგორი ხმა გაქვს, შესაბამისად, იწერენ ტელეფონის ნომრებს და მერე, კონცერტზე გირეკავენ. 19 თებერვალს და 23 თებერვალს – მამაკაცთა დღესაც მქონდა კონცერტები.
– როგორ მიულოცე მეუღლეს 23 თებერვალი?
– არ მახსოვს, მაგრამ აუცილებლად მივულოცავდი.
ხვიჩა: სულ მიკეთებს საჩუქრებს, არ არის აუცილებელი 23 თებერვალი იყოს.
ეკა: თან, ისე ვჩუქნი, რომ არასდროს ამის თანდასწრებით არ ვყიდულობ, საჩუქარი მოულოდნელი უნდა იყოს. სულ ვცდილობ, ვასიამოვნო, რაღაცით გავახარო, ვაჩუქო ისეთი რამ, რაც გაუხარდება.
– ხვიჩა, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს სიურპრიზები, მაგრამ, მგონი, შენ გამონაკლისი ხარ?
ხვიჩა: მიყვარს, როდესაც რაღაცას ყიდულობს ჩემთვის. ყოველთვის იმას მაჩუქებს ხოლმე, რაც მიყვარს. ჩემი გემოვნება კარგად იცის.
– საყვარელი ადამიანის გაკეთებული პირველი საჩუქარი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია.
– პირველი საჩუქარი, მახსოვს, იტალიაში გამიკეთა.
ეკა: ეს არ იყო პირველი საჩუქარი, ესპანეთიდან რომ ჩამოგიტანე, არ გახსოვს?
ხვიჩა: როგორ, არ მახსოვს, მაგრამ იტალიაში სწავლის დროს პირველი სტიპენდია აიღო და დოლჩე გაბანას „ვან” მიყიდა. რამდენიმე წელი ვხმარობდი. ფლაკონი ახლაც მაქვს შენახული. მოგონებებს უკავშირდება მაინც.
ეკა: მაღაზიაში შევედით, ხვიჩას ზუსტად ეს სუნამო მოეწონა და ყიდულობდა. მე უკვე ნაყიდი მქონდა, ფერი დავკარგე. ვეუბნები, არ იყიდო, საშინელი სუნი აქვს, როგორ უნდა დაისხა-მეთქი. გაუკვირდა, ხომ მითხარი, კარგი სურნელი აქვსო. როგორც იქნა, გადავაფიქრებინე და რომ ვაჩუქე, მერე მიხვდა, რატომ ვეუბნებოდი.
– რა ჩამოუტანე ესპანეთიდან?
– მაშინ შეყვარებულები ვიყავით. ძალიან ლამაზი სამაჯური ჩამოვუტანე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამკაულები არ უყვარს. მინდა, გითხრა, რომ საქორწინო ბეჭედი ძლივს გავაკეთებინე.
ხვიჩა: მაშინ კარგად არ მიცნობდა, არ იცოდა, როგორი გემოვნება მქონდა.
ეკა: კი შევატყე, რომ საათის გარდა არაფერი ეკეთა, მაგრამ მაინც ვიფიქრე, იქნებ სამაჯურს ხმარობს-მეთქი.
ხვიჩა: რამდენიმე თვე ეკას ხათრით მეკეთა და მერე მოვიხსენი, ახლა სახლში მაქვს.
– რატომ არ იკეთებდა საქორწინო ბეჭედს?
ეკა: საქორწინო ბეჭედზე ფიქრი რომ დავიწყეთ, ხვიჩას ჩვეულებრივი რგოლი არ უნდოდა. სულ იმას მეუბნებოდა, რაც შეიძლება, წვრილი, თხელი იყოს, რომ არ შემაწუხოსო. ბოლოს, შევარჩიეთ როგორიც უნდოდა და ახლა ატარებს. ჩემთვის, ძირითადად, თავიდან სულ ყვავილები მოჰქონდა, მოსკოვიდან მიგზავნიდა წითელ ვარდებს და სუნამოებს. ბოლოს, ვუთხარი, წითელი ვარდები არ მიყვარს, თეთრი უფრო მიყვარს-მეთქი და ამის შემდეგ უკვე თეთრებს მიგზავნიდა. რაც ცოლად გავყევი, მინდა გითხრა, ვარდებით მაინცდამაინც აღარ მანებივრებს.
ხვიჩა: როდესაც უკვე შენი მეუღლეა, ყვავილებში 100 დოლარის მიცემას, ჯობია, დაუმატო ფული და უკეთესი რამე უყიდო, რაც დიდხანს დარჩება. თუმცა, ხანდახან, მაინც ვყიდულობ ყვავილებს, უბრალოდ, ისე ხშირად, აღარ.
ეკა: მე ძალიან მსიამოვნებს, როდესაც კონცერტებზე ყვავილები მოაქვთ. მოსკოვშიც გადავიხადეთ ქორწილი. ხელი მოვაწერეთ და მთელი სახლი ყვავილებით იყო სავსე, მაღაზიას ჰგავდა. მისი გადაყრა მთელი ცერემონიალი იყო.
– ხვიჩა, როდესაც ეკა პირველად დაინახე, მაშინვე მოიხიბლე?
ხვიჩა: 1996 წელს წავედი საქართველოდან რუსეთში და სიმართლე გითხრა, ეკას ჯგუფი არც მქონდა გაგებული. არ ვიცოდი, ვინ იყო.
ეკა: კონსერვატორიაში შემთხვევით მოვიდა, მეგობარს მოჰყვა, რომელსაც შეყვარებული უნდა ენახა. შემოვიდნენ დარბაზში, სადაც, წესით, მე იმ დღეს არ უნდა მემღერა. მაგრამ, ვიმღერე ორი არია და სწორედ იმ დროს შემოვიდნენ.
ხვიჩა: ეკა რომ დავინახე, მაშინვე მომეწონა. დავიწყე გაკითხვა და აღმოჩნდა, რომ მომღერალი იყო. ხალხი იცნობდა. თავიდან არც მეგონა, თუ რამე გამოვიდოდა. არც მიფიქრია, საქართველოში წავალ და ცოლს მოვიყვან-მეთქი. იშვიათად ჩამოვდიოდი აქ. მაგრამ, ეკას გაცნობის შემდეგ, სულ წინ და უკან დავდიოდი. ძალიან რთული იყო, მერე იტალიაში წავიდა.
ეკა: მოკლედ, დავტანჯე. საბოლოოდ, მომხიბლა თავისი სითბოთი და ყურადღებით. ექვს თვეში დავინიშნეთ და ნიშნობის მერე, 8 თვეში გავთხოვდი. როცა გაიგო, რომ იტალიაში მივდიოდი, არ ესიამოვნა. მითხრა, ნიშნობა მოვაწყოთო.
– იფიქრა, არ გადაიფიქროსო?
– ჰო, შეეშინდა.
ხვიჩა: არა, არ მიფიქრია, რომ ეკა წავიდოდა და დაიკარგებოდა. იტალიაში კონსერვატორიაში ყველა გავიცანი, საქმრო მოვიდაო, – ამბობდნენ. მე იქ ვიყავი, როდესაც ეკას მასწავლებელი ეუბნებოდა, დარჩი იტალიაში, სად მიდიხარ, ასეთი ნიჭიერი ხარ, სტიპენდიასაც დაგინიშნავთო. სად მიგყავს ეს გოგო, ნუ წაიყვანო – მეც მითხრა.
ეკა: მე გავაკეთე არჩევანი და მოსკოვში წამოვედი. ეს არასდროს მინანია. სადაც უნდა იყო, როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, თავს ყოველთვის კარგად გრძნობ. ყველაზე დიდი სტიმული გვერდით გყავს.
– ხვიჩა, ეკას ყველანაირად უწყობ ხელს?
ხვიჩა: კი, ლამის მეც დავიწყო სიმღერა. ამდენი უწვალია, უსწავლია და ამას ვაფასებ. ხელშეწყობა სჭირდება და მე ყველანაირად ვუდგავარ მხარში. ძილის დროსაც, მინდა კარგად გამოიძინოს, რადგან მეორე დღეს კონცერტი აქვს.
ეკა: მეუბნება ხოლმე, მე მეორე ოთახში დავწვები და შენ მშვიდად იძინეო. ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს და პატარა რაღაცაზეც კი მეღვიძება. ძალიან რთული პროფესია მაქვს. კარგად უნდა ვიკვებო, არ შეიძლება ყვირილი, ნერვიულობა, ტირილი, გადატვირთვა. ამაში გამიმართლა, მე და ხვიჩა საერთოდ არ ვჩხუბობთ.
– არც შეყვარებულობის დროს ჩხუბობდით?
– იტალიიდან რომ ჩამოვედი, სახეზე ალერგია მქონდა. არადა, ქორწილი უკვე დანიშნული იყო. ვტიროდი, ძალიან ვნერვიულობდი. ნერვები მქონდა მოშლილი, გაღიზიანებული სულ ვჩხუბობდი. მხოლოდ ხვიჩას კი არა, ყველას ვეჩხუბებოდი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. სერიოზულად არასდროს გვიჩხუბია.
ხვიჩა: ომის პერიოდში დიდი ამბები გადავიტანეთ. მე წავედი და ეკა ვერ მოდიოდა. ისიც კი არ ვიცოდი, წავიყვანდი თუ არა. ვეუბნებოდი, ევროპაში წავიდეთ-მეთქი, რადგან სხვა გზა არ იყო. ორი თვის შემდეგ, როგორც იქნა, ჩამოვიდა.
– ხვიჩა, ეკას შეიძლება გასტროლებზე მოუწიოს დიდი ხნით წასვლა და როგორ ეგუები ამ ფაქტს?
ეკა: მოუწევს შეგუება.
ხვიჩა: ან კარიერა უნდა გაიკეთოს ან სახლში იჯდეს და ბავშვებს მოუაროს. მე მირჩევნია, კარიერა აიწყოს. ვიცი, როგორ უყვარს ეს საქმე.
ეკა: სწორედ ამით მომხიბლა. თავიდანვე მეუბნებოდა, რომ ამ საქმეში ხელს შემიწყობდა, თან, მატყუარა არ არის და ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია.
ხვიჩა: ვამაყობ, რომ მღერის, ძალიან მომწონს. კონცერტზე ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. მოსკოვში პირველად რომ ჰქონდა კონცერტი, მთხოვა, ვიდეოკამერით გადამიღეო. რომ გამოვიდა სცენაზე, ემოციებისგან ხელები ამიკანკალდა. ჩანაწერი რომ ნახა, მითხრა, ეს რა გადაგიღიაო. ეკა არა მხოლოდ ლამაზი და თბილია, ძალიან ნიჭიერია და ამით სულ ვამაყობ.