ჰოლივუდელი სუპერვარსკვლავების ყველაზე გახმაურებული ქორწინებები და განქორწინებები
ისინი მსოფლიო დონის კინოვარსკვლავები არიან. მათ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავთ, და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ითვლებიან. ფილმებს მათი მონაწილეობით მრავალმილიონდოლარიანი მოგება მოაქვს კინოგაქირავებაში. კინოს გარდა მათ კიდევ ერთი რამ აერთიანებთ – მრავალცოლიანობისკენ აქვთ მიდრეკილება და ცოლებს ხელთათმანებივით იცვლიან. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ჰოლივუდელი „მაგარი ბიჭების” ჩამონათვალს, რომელთა „კოლექციაში” ორი და მეტი ქორწინებაა.
ანტონიო ბანდერასი – 50 წლის; ქორწინება – 2; შვილი – 1
ანტონიოს 15 წლის ასაკში ჰქონდა პირველი სექსუალური სიახლოვე ქალთან და მას შემდეგ, მეგობარ გოგონებს ხელთათმანებივით იცვლიდა ყოველდღიურად. ამბობენ, მისი სასიყვარულო გმირობებით დედა ამაყობდაო. იმ დროისთვის, როდესაც ანტონიო ცნობილი მსახიობი გახდა, მის ანგარიშზე არაერთი გახმაურებული რომანი იყო და მას ესპანეთის სახალხო დონჟუანის სახელით იცნობდნენ. ეს მოსაზრება, არც მისმა ანა ლეზეზე რვაწლიანმა ქორწინებამ გააქარწყლა. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ანტონიოს არც ერთხელ არ მიუცია ეჭვიანობის საბაბი ანასთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისით დაინტერესებას ცნობილი გულთამპყრობელი პოპ-დედოფალი მადონა გამოხატავდა. ანასთან განშორების შემდეგ, ანტონიომ მელანი გრიფიტზე იქორწინა, რომელთანაც ესპანელ მსახიობს ერთი შვილი ეყოლა. ამბობენ, რომ უკანასკნელი პერიოდია, მელანი ეჭვიანობის სცენებს უმართავს მეუღლეს და ყოველ ნაბიჯზე მისი ღალატი ელანდება. ჰოლივუდში ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია ანტონიო ბანდერასმა მესამედაც იქორწინოს, რადგან ცხოვრება მელანისთან სულ უფრო აუტანელი ხდება.
ჟან კლოდ ვანდამი – 50 წლის; ქორწინება – 5; შვილები – 3
პირველად ვანდამი 18 წლის ასაკში დაქორწინდა, საკმაოდ შეძლებულ მარია როდრიგესზე. ცოლის დახმარებით, ჟან კლოდმა სპორტული დარბაზი ააშენა და ამერიკაში წასასვლელი ფული შეაგროვა, რის შემდეგაც ცოლი მიატოვა. შტატებში, ვანდამმა მეორედ იმ სამშენებლო ფირმის უფროსის ქალიშვილზე იქორწინა, სადაც მაშინ მუშაობდა. სინტია დერდერიანი ასევე, შეძლებული ოჯახიდან იყო. ვანდამს კი იმ პერიოდში ძლიერ უჭირდა ფინანსურად. მას შემდეგ, რაც ის კინოში მიიწვიეს და პირველი ჰონორარები მიიღო, სინტიასთან კავშირი დაასრულა. მისი მესამე მეუღლე გახლდათ ამერიკის ჩემპიონი ბოდიბილდინგში – გლედის პორტუგეზი. ორი შვილის შეძენის მიუხედავად, ვანდამმა მიატოვა გლედისი და ბედი ჰავაის კუნძულების სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს, დარსი ლაპიერს დაუკავშირა. თუმცა, არც მასთან გაჩერებულა დიდხანს ჟან კლოდი და ყველასთვის მოულოდნელად, ჟან კლოდმა თავის მესამე ცოლზე, გლედისზე, ხელმეორედ იქორწინა.
ნიკოლას ქეიჯი – 46 წლის;
ქორწინება – 3; შვილი – 1
თავის პირველ მეუღლეს, მსახიობ პატრისია არკეტს, ნიკოლასმა გაცნობიდან სამი საათის შემდეგ სთხოვა ხელი. პატრისიამ ათასამდე პირობა წაუყენა და ისე, დათანხმდა. თუმცა, ქორწილის წინა დღეს გაუჩინარდა და მხოლოდ რვა წლის შემდეგ, მოახერხა ქეიჯმა მასზე დაქორწინება. მათი წყვილი უცნაურობებით გამოირჩეოდა – სხვადასხვა სახლში ცხოვრობდნენ, მუდამ ჩხუბობდნენ, თუმცა ერთად 6 წელი დაჰყვეს. განქორწინების შემდეგ ნიკოლასი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული როკენროლის მეფის, ელვისის ქალიშვილი, ლიზა-მარია პრესლი იყო. მათმა კავშირმა მხოლოდ 109 დღე გასტანა, რის შემდეგაც ისინი დაშორდნენ. მესამე ჯერზე ნიკოლასმა, იოლი გზა მონახა და სრულიად უცნობ, ოფიციანტ ელის კიმზე იქორწინა, რომელთანაც ვაჟი ეყოლა. ამბობენ, რომ ნიკოლას ქეიჯი მესამე ქორწინებას, საუკეთესო მოვლენად მიიჩნევს ცხოვრებაში.
ბილი ბობ ტორნტონი – 55 წლის; ქორწინება – 5; შვილები – 4
ბილი ბობის ქორწინებებიდან არც ერთი არ იქნებოდა ყურადსაღები, რომ არა მისი ბოლო კავშირი. პირველად მან მელისა ლი გატლინზე იქორწინა, რომელზეც ცოტა რამ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ ბილის მან ქალიშვილი გაუჩინა. ტონი ლოურენსტსა და სინდი უილიამსთან ბილი ბობმა ასევე ლიმიტირებული ორ-ორი წელი იცხოვრა. მეოთხე ცოლი პეტრა ჩერნიაკი წინა ცოლებზე გაცილებით დიდხანს გაჩერდა ტორნტონთან – სრული ოთხი წელიწადი. ამ დროში მან ორი ვაჟი აჩუქა ჰოლივუდელ ვარსკვლავს. როდესაც ბილი, თავისი ცხოვრების უმთავრეს ქალს, ანჯელინა ჯოლის შეხვდა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქორწინება ერთ ლამაზმანთან, მან კი გაზეთებიდან შეიტყო, რომ ტორნტონი ქორწინდებოდა, ოღონდ არა მასზე, არამედ, თავისზე 20 წლით უმცროს ანჯელინა ჯოლიზე. ბილი და ენჯი იდეალური წყვილი იყო. სიყვარულის ნიშნად მათ საკუთარი სახელები ამოისვირინგეს ხელზე და ყოველდღიურად ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ. ენჯის და ბილის ერთმანეთის სისხლიც კი თან დაჰქონდათ სპეციალურ მედალიონებში. დაქორწინებიდან ცოტა ხანში, წყვილმა კამბოჯელი ბავშვი, სახელად მედოქსი აიყვანეს. გარედან ისე ჩანდა, რომ ისინი სიცოცხლის ბოლომდე ერთად იქნებოდნენ. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, სამი წლის თავზე დაცილდნენ. მას შემდეგ ტორნტონს აღარ მოუყვანია ცოლი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ქალისგან ქალიშვილიც ეყოლა. ამბობენ, ბილი ბობის დღემდე ენატრება ანჯელინა ჯოლი.
სილვესტერ სტალონე – 63 წლის; ქორწინება – 3; შვილები – 5
პირველად ლეგენდარული „როკი” და „რემბო” მოლარე საშა ჩაკზე დაქორწინდა. სანამ სტალონე ცნობილი გახდებოდა, იგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრში მუშაობდა და სწორედ თეატრის სალაროში გაიცნო, ბილეთების გამყიდველი საშა. საშასთან სლაის ორი ვაჟი ეყოლა და რომ არა, მისი პოპულარობა, ისინი ერთად იქნებოდნენ სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა, წარმატებულმა როლებმა სტალონეს მილიონობით თაყვანისმცემელი გაუჩინა, რომელთა შორის შვედი მოდელი, ბრიგიტ ნისლენი გამოირჩეოდა – სტალონეს პარტნიორი ფილმში „კობრა”. ნილსენთან თანაცხოვრება 548 დღეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. საინტერესოა, რომ ყოველი სექსუალური აქტისთვის, ნილსენი ქმრისგან დამატებით გადასახადს ითხოვდა, რაც სტალონესთვის ძვირი სიამოვნება იყო. ამიტომ, ისინი განქორწინდნენ. ამჟამად სტალონე მოდელ ჯენიფერ ფლავინზეა დაქორწინებული, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს და როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ბედნიერია.