30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–11(533)
შორენამ ტელევიზორი ჩართო და სპეციალურ გამოშვებაში სისხლიანი კადრები უჩვენეს, ხოლო წამყვანმა კი გამოაცხადა: „უცნობი პირები მინისტრის მოადგილის ავტომობილს დაესხნენ თავს და მისი ორი თანმხლები პირი მოკლეს, თავად მინისტრის მოადგილე კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, თუ სად, შეგნებულად არ ხმაურდება. სამართალდამცველები გულმოდგინედ ცდილობენ თავდამსხმელების მოძებნას. უახლოეს ინფორმაციებს დაუყოვნებლივ მოგაწვდით ჩვენს სპეციალურ გამოშვებებში“.
ჯაბამ რომ სისხლიანი კადრები დაინახა, ხელიდან ლამის ჩანგალი გაუვარდა, რადგან ის ორი დაცხრილული ადამიანი დაინახა ტელევიზორში, რომლებიც სულ რაღაც ერთი საათის წინ მოჰყვებოდნენ ტარიელის „ბეემვეს“.
– ეს ხომ ტარიელი იყო, – უთხრა შორენამ ჯაბას, რომელსაც სისხლიანი კადრების ხილვისას ძარღვებში სისხლი გაეყინა.
– ჰო.
– კი მაგრამ, რას ერჩოდნენ, თავს რატომ დაესხნენ?
– არ ვიცი.
– საცოდავი ტარიელი.
– ჰო, მეც ძალიან შემეცოდა. არადა, ერთი საათის წინ სწორედ მან მომიყვანა, მისი თანამშრომლები და ახლა უკვე დახოცილები რომ არიან, უკან მოგვყვებოდნენ.
– ჯაბა, შენც რამე საფრთხე ხომ არ გემუქრება?
– ნებისმიერ ადამიანს ყოველთვის ემუქრება რაღაც საფრთხე, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ჯაბამ, – ნუ ღელავ, შორენა, ორი დღეც და, აქედან კარგა ხნით წავალთ.
– მეშინია, საყვარელო, მეშინია... ბევრი უცნაურობა მოხდა და ცუდი არაფერი შეგვემთხვას.
– ნუ გეშინია, დაწყნარდი, – რაც შეეძლო მშვიდად თქვა ჯაბამ, თუმცა თვითონაც საკმაოდ ღელავდა.
– მეშინია, ნამდვილად მეშინია.
– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა ჯაბამ შორენას, თუმცა ისე იყო აღელვებული, რომ ჭამის მადა დაეკარგა და სადილობას თავი დაანება.
ჯაბას მობილურმა დარეკა, რომელიც მას ტარიელმა აჩუქა.
– გისმენთ! – უპასუხა ჯაბამ.
– ჯაბა, მე ანზორი ვარ.
– რომელი ანზორი?
– ტარიელის მეგობარი.
– ტარიელის?
– დიახ, ტარიელის და მისი დავალებით ვრეკავ.
– კი მაგრამ, ის ხომ მძიმედაა?
– ძალიან მძიმედ და სწორედ ამიტომ გირეკავთ. ტარიელმა მითხრა, თუ რამე დამემართება, ჯაბას დაუკავშირდიო და ამიტომ დაგირეკეთ.
– გისმენთ, ბატონო ანზორ.
– მოკლედ, ასე, ჩემო კარგო: ნახევარ საათში მანქანა მოგაკითხავთ, ვერცხლისფერი „ემელი“ და უნდა წამოჰყვეთ, დანარჩენს აქ შეიტყობთ.
– კარგი, გელოდებით, – მიუგო ჯაბამ ანზორს და ტელეფონი გათიშა.
– რა ხდება, ჯაბა? – ჰკითხა შორენამ ყმაწვილს.
– მანქანა მომაკითხავს და უნდა წავიდე.
– სად?
– ერთ ადგილზე, მაგრამ, მალე მოვალ, არ ინერვიულო.
– გული ცუდს მიგრძნობს, საყვარელო, – უთხრა შორენამ და ჯაბას თვალი თვალში გაუყარა.
– ნუ სულელობ, ყველაფერი კარგად იქნება.
– არ წახვიდე, ჯაბა, რამე არ დაგემართოს, – თვალები აუცრემლდა შორენას.
ოთახში ელენე შემოვიდა და ატირებულ შვილს ჰკითხა:
– რა მოხდა, შვილო, რატომ ტირი?
– ჯაბა სადღაც მიდის და იმიტომ.
– მერე, ეგ რა სატირალია?
– გული ცუდს მიგრძნობს, დედიკო.
– დამშვიდდი, შვილო, ილოცე და ყველაფერი კარგად იქნება, – მიეფერა ელენე ქალიშვილს, ცხვირსახოცით ცრემლები მოსწმინდა და თავზე აკოცა.
– ქალბატონო ელენე, მე მალე მოვალ, – უთხრა ჯაბამ ქალს, – შორენა კი, ტყუილად ტირის, არაფერი მომივა. თანაც შეუძლია, მობილურზე დამირეკოს.
ჯაბამ ფანჯრიდან გადაიხედა და ვერცხლისფერი „ემელი“ რომ დაინახა, ქალებს უთხრა:
– მომაკითხეს, უნდა წავიდე.
შორენა ჯაბასთან მიიჭრა, კისერზე ჩამოეკიდა და ატირდა:
– ჯაბა, საყვარელო, არსად წახვიდე, გული ცუდს მიგრძნობს და რამე არ დაგემართოს...
ჯაბამ შუბლზე აკოცა გოგონას, მისი ხელები ნაზად მოიშორა და უთხრა:
– დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, მე მალე მოვალ.
– მშვიდობით იარე, შვილო, – მიაძახა ელენემ მიმავალ ჯაბას, ჯვარი გადასახა და ქალიშვილს უთხრა:
– ნუ ტირი, შვილო, ყველაფერი კარგად იქნება.
ჯაბამ „ემელის“ წინა კარი გამოაღო და მძღოლს მიესალმა:
– გამარჯობა.
– გაგიმარჯოს, ჯაბა, მე ანზორი ვარ.
მძღოლმა ხელი ჩამოართვა ჯაბას.
– რა ხდება, ანზორ, ტარიელს რა შეემთხვა?
– ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ, სავარაუდოდ, ლენცის ხალხი დაესხა თავს.
– ლენცის ხალხი?
– დიახ, სავარაუდოდ. სწორედ ანზორმა მთხოვა, რომ თუკი რამე მოხდებოდა, თქვენ უსაფრთხო ადგილზე გადამეყვანეთ. ახლა, სწორედ იქ მივდივართ.
– კი, მაგრამ, მე რომ მარტო არ ვარ?
– შორენას და ელენეს გულისხმობთ?
– დიახ.
– დარდი ნუ გაქვთ, მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. თანაც, ჩვენი ხალხი იცავს და არ ინერვიულოთ.
– მაინც, რამდენ ხანს გამაჩერებთ უსაფრთხო ადგილზე? – ჰკითხა ჯაბამ ანზორს, რადგან ორ დღეში საქართველოდან უნდა გამგზავრებულიყო და არ აწყობდა მგზავრობის გადადება.
– თქვენ, ალბათ, იმაზე ნერვიულობთ, რომ გასამგზავრებელი ხართ და გეშინიათ, ხელი არ შეგეშალოთ?
– დიახ!
– დარდი ნუ გაქვთ, ჩვენ თვითონ გაგამგზავრებთ და ყველაფერი რიგზე იქნება.
– კეთილი, – მიუგო ჯაბამ და ტრასას გახედა, რომელიც ცარიელი იყო და მათ გარდა არავინ მოძრაობდა.
„რა უცნაურობაა, – გაიფიქრა ჯაბამ, – აქ ხომ ყოველთვის დიდი მოძრაობაა, ახლა რატომ არავინაა?“
უცებ „ემელი“ შეირყა, დაბზრიალდა და ჯაბამ ბეჭებში მწარე ჩხვლეტა იგრძნო, მერე თვალებში დაუბნელდა და გონება დაკარგა...
***
ჯაბა რომ წავიდა, შორენა კვლავ აქვითინდა, დედამისს ჩაეხუტა, თან იმეორებდა:
– დედა, დედიკო, გული ცუდს მიგრძნობს, მეშინია, რომ ჯაბას რამე არ დაემართოს!
ელენეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ქალიშვილის დასამშვიდებლად და როცა ეს მოახერხა, დედა-შვილი სახლის დალაგებას შეუდგა.
ტელევიზორი ჩართული იყო და რაღაც ფილმს უჩვენებდნენ, როდესაც ჩვენება შეწყდა, სპეციალური გამოშვება ჩაირთო და წამყვანმა თქვა: „ნახევარი საათის წინ თბილისში მეორე სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა, რასაც ძებნილი ჯაბა ონიანის სიცოცხლე შეეწირა, ის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან იყო გაქცეული და მას პოლიცია ეძებდა“.
ტექსტთან ერთად სისხლიანი კადრებიც უჩვენეს, რომელზედაც „ემელში“ ჩაცხრილული ჯაბა და ანზორი ჩანდნენ.
თავდაპირველად ქალებს ეგონათ, რომ ძველ კადრებს უჩვენებდნენ, ტელევიზორისთვის არც შეუხედავთ და სახლის დალაგებას განაგრძობდნენ. ხოლო, როდესაც ონიანის გვარს მოჰკრეს ყური, ტელევიზორს შეხედეს. მოკლული ჯაბა რომ დაინახა, შორენამ იკივლა:
– ჯაბა! – შემდეგ გული წაუვიდა და მოწყვეტით დაეცა...
ელენემ ქალიშვილის მოსულიერება სცადა. შორენამ თვალი გაახილა, ამოისუნთქა და აღმოხდა:
– ჯაბა, საყვარელო, ხომ გთხოვე, არ წახვიდე-მეთქი! გული მიგრძნობდა, რომ რაღაც საშინელება გელოდა და ამიხდა კიდეც...
– დამშვიდდი, შვილო, ღმერთის ნებაა ყველაფერი, – უთხრა ელენემ შორენას და თავზე ხელი გადაუსვა.
– ღმერთო, ღმერთო, რატომ არ დამინდე! – გაბმულად აკივლდა შორენა, გული წაუვიდა და იატაკზე დავარდა.
ვერცხლისფერ „ემელში” მჯდომ ჯაბას ზურგში ძლიერმოქმედი დამაძინებელი წამლით სავსე ნემსი შეარჭვეს და გონება ამიტომ დაკარგა. შემდეგ პიროტექნიკოსის მიერ მანქანაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, მანქანა სამჯერ ამოტრიალდა და მარჯვენა გვერდზე დადგა. მძღოლი „ემელიდან” გადმოვიდა და, ჯაბა დაათვალიერა, შემდეგ ორ ახალმოსულ ახალგაზრდა მამაკაცს გაუღიმა, ხელი აუწია და უთხრა:
– მაგარი ნამუშევარია. როგორც გამაფრთხილეს, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, მანქანა სამჯერ ამოტრიალდა და მარჯვენა გვერდზე დადგა. აი, იმ ჯიგარს კი, – მძღოლმა ჯაბაზე მიუთითა ახალმოსულებს, – ნემსი ვუჩხვლიტე და ღრმად სძინავს.
– ის არ გაგაფრთხილე, რომ მანქანიდან არ გადმოხვიდე და შიგნით დარჩიო? – უთხრა მძღოლს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ და ავტომატი მიუშვირა.
– მითხრეს, როგორ არა, – მიუგო ანზორმა ავტომატიანს.
– ჰოდა, ჩაჯექი, საქმე დავასრულოთ, დრო არ ითმენს.
– ჩვენი დაცხრილული გვამებიც ამ გადაყირავებული „ემელივით” დამაჯერებელი იქნება?
– მაშინ, ჩავჯდები, მიდით, – თქვა ანზორმა და ამოყირავებული მანქანის საჭეს მიუჯდა.
ავტომატიანები მანქანას რამდენიმე ნაბიჯით დაშორდნენ, იარაღებს მაყუჩები გაუკეთეს და „ემელს” ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. ტყვიებმა „ჯიპის“ სალონი საცერივით დახვრიტა, ანზორიც ზედ მიაყოლეს, რომელსაც გაოცებისგან თვალები ღია დარჩა, მხოლოდ მაგრად მძინარე ჯაბას არ შეხებიან.
– ახლა ამასაც გავუკეთოთ იმიტირება, – თქვა ერთ-ერთმა ავტომატიანმა და მეგობრის დახმარებით ჯაბას სპეციალური პიროტექნიკური ჟილეტი ჩააცვა, რომელიც ატკაცუნდა, დაიხვრიტა, წითელი ფერის სპეციალური სითხე გამოყო და ჯაბა დაცხრილულს დაამსგავსა.
– ახლა კი აქედან ავახვიოთ, – თქვა მეორე ავტომატიანმა, მეგობართან ერთად მანქანის საჭეს მიუჯდა და იქაურობას გაეცალა.
ხუთიოდე წუთში ავტომაგისტრალზე პირველი მანქანები გამოჩნდა, შემდეგ ტელევიზიის გადამღები ჯგუფები, რომლებსაც ძალოვნები მოჰყვნენ უკან და, თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ „სოდის” კონტროლირებადი პროზექტურის სპეციალური მანქანა შემთხვევის ადგილს შორდებოდა.
– ანზორს ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაუტარეთ და ოჯახში გადაასვენეთ ყველა პატივის დაცვით, – უთხრა პროზექტურის ფურგონში მჯდომმა შუახნის მამაკაცმა ორ თეთრხალათიანს, მერე ჯაბაზე მიანიშნა და დაამატა: – ეს კი ჩემს მანქანაში ჩააწვინეთ და ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც გეგმითაა გათვალისწინებული.
პროზექტურის სპეცმანქანა დახურულ ტერიტორიაზე შესრიალდა. თეთრხალათიანებმა ჯაბას პიროტექნიკური ჟილეტი და სხვა სამოსი გახადეს, საღებავისგან გაასუფთავეს, ახალი სამოსი ჩააცვეს და გვერდით მდგომ სპეცფურგონში გადააწვინეს, რომელსაც გარედან ერთ-ერთი ცნობილი ფირმის ლოგო და სლოგანი ეხატა, რომ გარეშე თვალს სადისტრიბუციო მანქანა ჰგონებოდა.
– ყველაფერი რიგზეა, ბატონო პოლკოვნიკო, შეგიძლიათ, გაემგზავროთ, – მოახსენეს თეთრხალათიანებმა თავიანთ უფროსს და ჰკითხეს: – ბატონო სანდრო, გამცილებლები გჭირდებათ?
– არა, მარტო წავალ, – მიუგო თეთრხალათიანებს სანდრომ, შემდეგ ფურგონის საჭეს მიუჯდა და გზიდან გამოვიდა.
სანდრო პოლკოვნიკი იყო და ტარიელს პირადად ექვემდებარებოდა. მან მთელი ქალაქი გაიარა, წყნეთში ავიდა, სპეცფურგონი მწვანეში ჩაფლული ერთ-ერთი აგარაკის ეზოში შეაყენა, მანქანიდან გადმოვიდა და შენობიდან გამოსულ ახალგაზრდას უთხრა:
– კლიენტი ფურგონშია და სადაცაა გაიღვიძებს. აპარტამენტებში შეიყვანე და დააბი.
– გასაგებია, ბატონო პოლკოვნიკო, – მიუგო ხელქვეითმა სანდროს და ბრძანების შესასრულებლად გაემართა, პოლკოვნიკი კი შენობაში შევიდა.
– მოხვედი, სანდრო? – ჰკითხა პოლკოვნიკს მამაკაცმა, რომელიც მას კომფორტულად მოწყობილ ოთახში დახვდა.
– დიახ, ბატონო გენერალო, – დინჯად მიუგო სანდრომ.
– როგორაა საქმე?
– მშვენივრად.
– ისევე სუფთად გაკეთდა ყველაფერი, როგორც ჩემს შემთხვევაში?
– შეიძლება ითქვას, უკეთესად.
– ძალიან კარგი, – თქვა გენერალმა, –ანზორი ლიკვიდირებულია?
– სამწუხაროდ, კი, – ხელები გაშალა სანდრომ – არადა, ძალიან ერთგული და კვალიფიციური თანამშრომელი იყო.
– რას იზამ, ჩემო კარგო, ჩვენი საქმე თავდადებას, მსხვერპლსა და ზეკონსპირაციას მოითხოვს, – მწუხარე კილოთი თქვა გენერალმა და იქვე ჰკითხა: – „სვარშჩიკები”?
– ორივე ლიკვიდირებულიცაა და გამქრალიც – მათი გვამები მჟავაში ჩაყარეს და განაზავეს.
– ვინღა დარჩა, ვინც შეიძლება, რომ ოდესმე არასასურველი მოწმე გახდეს?
– ალბათ, თქვენი ადიუტანტი გაიოზი, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ის საქმეში არ გარიეთ.
– გაიოზს საქმეში რა უნდა, – ირონიულად თქვა გენერალმა და ჰკითხა – ახლა სადაა?
– ჯაბა აპარტამენტებში გადაიყვანა.
– უთხარი, რომ დაება?
– რა თქმა უნდა.
– მოკლედ, ასე: ახლა შენ აპარტამენტში მოხვალ და გაიოზს ეტყვი, რომ სარდაფში ვარ და საქმე მაქვს. მე მართლაც იქ ვიქნები და, რომ შემოხვალთ, კეფაში გლიჯე და დაბრიდე. იქვეა მჟავით სავსე აუზი, იქ ჩავაგდოთ და ამ საქმის ბოლო მოწმეც მოვიშოროთ.
– გასაგებია, – მიუგო გენერალს სანდრომ და ბრძანების შესასრულებლად გაემართა. გენერალი კი შენიღბული კიბით ჩავიდა სარდაფში, თან გუნებაში ირონიულად ეცინებოდა.
სანდრომ გაიოზი სარდაფში ჩაიყვანა, ოთახში შეუშვა და, სანამ გენერლის ადიუტანტი თავის უფროსს სმენაზე დაუდგებოდა, პოლკოვნიკმა მას კეფაში ესროლა და იქვე მოკლა.
– ერთგული და პუნქტუალური კაცი იყო და მართლა ძალიან დამწყდა გული, მაგრამ, სხვაგვარად არ შეიძლებოდა, – მწუხარე ტონით თქვა გენერალმა, – აი, ამ კარებშია აუზი, შეათრიე და ჩააგდე.
სანდრომ გაიოზი გოგირდმჟავის ოთახში შეათრია, ჩააგდო და ერთხანს უყურა, თუ როგორ დნებოდა გენერლის ადიუტანტი, შემდეგ თავი გააქნია, შეტრიალდა და სახეზე საზარელი გამომეტყველება აღებეჭდა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ, ვერ მოასწრო, რადგან გენერლის პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მას შუბლი გაუხვრიტა... პოლკოვნიკი მკვეთრად გადაიხარა უკან, მჟავით სავსე აუზში ჩავარდა, ძალიან მალე გაქრა და მას მერე, რაც გენერალმა მჟავა კანალიზაციაში ჩაუშვა, ოთახიდან გავიდა და ჩაილაპარაკა: „მორჩა, ყველა არასასურველი მოწმე ლიკვიდრებულია, ახლა ჯაბას უნდა მივხედო”.
წყნეთის აგარაკი „სოდის” ყველაზე კონსპირაციული სახლი იყო და მისი არსებობის შესახებ სულ ოთხმა ადამიანმა იცოდა, რომელთა შორის ორი სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს და გოგირდმჟავაში ჩააგდეს, მესამე – თავად მინისტრი იყო, მეოთხე კი – გენერალი, რომელიც აპარტამენტში შევიდა და სპეციალურ საწოლზე დაბმულ ჯაბას ჰკითხა:
– გაიღვიძე?
– ტარიელ, შენ?! – აღმოხდა ჯაბას და გენერალს გაოცებული მზერა შეავლო.
– ჰო, მე, – მშვიდად მიუგო გენერალმა ჯაბას.
– კი, მაგრამ, საიდან, როგორ, შენ ხომ სასტიკად დაგცხრილეს და სიკვდილის პირას იყავი?
გენერალმა ტელევიზორი ჩართო, თითი გაიშვირა და ჯაბას უთხრა:
– მეც ისევე სასტიკად დამცხრილეს, როგორც შენ.
– როგორც მე? – თქვა ჯაბამ და ენა ჩაუვარდა, რადგან საინფორმაციო გამოშვებაში ორი ადამიანის საშინლად დაცხრილული სხეულები უჩვენეს, რომელთა შორის ერთი თავად ჯაბა იყო.
– მოგწონს? ლამაზი კადრებია, ხომ? – ჰკითხა ჯაბას გენერალმა.
– ფიტულებია?
– ფიტულები? საკუთარ თავს ვერ ცნობ?
– ესე იგი, ნაღდია?
– უნაღდესი.
– მართლა ჩაცხრილულებივით არ ვართ მე და ანზორი? – ჩაეცინა ჯაბას.
– ჩაცხრილულივით მარტო შენ ხარ, ანზორი კი მართლა ჩაცხრილულია.
– როგორ ჩაცხრილული, მკვდარია?
– კი, „გატოვია”.
– რატომ, რა დააშავა და, საერთოდ, რა ხდება?
– არასასურველი მოწმე იყო და მოვიშორეთ, ხოლო, რაც ხდება, ყველაფერი შენი სიჯიუტის ბრალია და მარტო დღეს ხუთი ჩვენი საუკეთესო თანამშრომელი მოვკალით.
– ჩემ გამო?
– ჰო, შენს გამო.
– მაინც, რა ხდება?
– ისეთი არაფერი, ჩვენს კვალს ვაქრობ.
– როგორ?
– ჯერჯერობით იმ ხალხს ვხოცავ, ვინც ჩვენი ვინაობა და ადგილსამყოფელი იცის.
– შემდეგ რას აპირებ?
– იმას, რაც ადრე გითხარი.
– რა მითხარი?
– არ გახსოვს?
– არა!
– რა გულმავიწყი ყოფილხარ, – გაეცინა ტარიელს, – ახლა პლასტიკურ ოპერაციებს გავიკეთებთ და ამ ქვეყანას ახალი სახეებითა და საბუთებით მოვევლინებით.
– რა პლასტიკური, რის პლასტიკური, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ!
– შენ უკვე აღარავინ გკითხავს.
– როგორ, მე ხომ განძის მცველი ვარ, მისი ადგილსამყოფლის შესახებ მხოლოდ მე ვიცი და თქვენ ყველანი მე მემორჩილებით.
– კი, მაგრამ, კანონი პირველად შენ თვითონ დაარღვიე და იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი.
– ასე დაბმული როდემდე უნდა ვიყო?
– მინიმუმ, მანამდე, სანამ ოპერაციას გაიკეთებ და გარეგნობას შეიცვლი.
– შემდეგ რა იქნება?
– რა იქნება და შენს მოვალეობას აღასრულებ. იმედია, გონს მოხვალ და ღვთის ხელდასხმულობას აღარ უარყოფ.
– ასე რომ არ მოხდეს, მაშინ?
– მოხდება, მოხდება, იმედია, რომ მოხდება.
– და მაინც, რომ არ მოხდეს? რა, შეცვლილი გარეგნობა ტვინს ხომ არ შემიცვლის?
– მასე რომ არ მოხდეს, მაშინ ცუდი რამ მოხდება.
– მაინც რა?
– რა და მოგკლავ!
– მომკლავ?
– ნამდვილად.
– ღვთის ხელდასხმულს მოკლავ?
– თუ მოკვდი, მაშინ ხელდასხმული აღარ იქნები.
– გარეგნობები როდის უნდა შევიცვალოთ?
– როდესაც ექიმი ოპერაციის დღეებს დანიშნავს, მანამდე კი უნდა გაგვსინჯოს.
– როდის?
ტარიელმა საათზე დაიხედა და ჯაბას უთხრა:
– ნახევარ საათში მოვა.
– ექიმიც უნდა მოკვდეს?
– სამწუხაროდ, კი.
– კი, მაგრამ, ღირს ეს სქმე ამდენ მსხვერპლად?
– ღირს.
– ესე იგი, შორენას სამუდამოდ უნდა დავშორდე?
– ჰო.
– სხვაგვარად არ გამოვა?
– არანაირად. თან, მინდა, გაგაფრთხილო, რომ, თუკი მასთან კონტაქტის დამყარებას შეეცდები, მაშინ შორენა მოკვდება.
– ანუ, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ვიყო?
– ჰო, ღვთის თვალი არ მოგცილდება.
– კარგი, რა გაეწყობა, ბედს უნდა დავმორჩილდე. მე თანახმა ვარ. ახლა კი ამხსენი.
– არა, – თავი გააქნია ტარიელმა – აქედან გაქცევა თითქმის შეუძლებელია, რადგან აქ საიმედო სიგნალიზაციაა დამონტაჟებული, მაგრამ, ჯობია, ჯერჯერობით ასე იყო – უფრო საიმედოა და, უპირველესად, შენთვისაა უსაფრთხო.
– და მაინც, ამხსენი.
– ჯობია, დაბმული იყო.
– არა, ამხსენი. ასეთი ყოფა ჩემს ღირსებას ლახავს. შენ მართალი ხარ. მე ტყუილად არ ავურჩევივარ მეუფე გაბრიელს და მზად ვარ, ჩემი მოვალეობა შევასრულო.
– არ ცრუობ?
– არა!
– კარგი, აგხსნი, მაგრამ იცოდე, თუ ძველებურებს გააგრძელებ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდები და იმაზე მეტი ადამიანი მოკვდება, ვიდრე ეს დაგეგმილია.
– გასაგებია. ამხსენი, ყველაფერი რიგზე იქნება, – მიუგო ჯაბამ ტარიელს, გუნებაში კი გაიფიქრა: „არანორმალურები, მკვლელები, შიზოფრენიკები! რაც მითხრა, იმაზე მეტი ადამიანი მოკვდება, ვიდრე დაგეგმილიაო. აქ რა ჯანდაბა მინდა! ერთი ამ გიჟმა ამხსნას და მე კი როგორმე გასაქცევ გზას მოვნახავ”.
– გხსნი, – თქვა ტარიელმა და ჯაბა ახსნა, თან უთხრა: – ექიმი მოვიდა და გაგვსინჯავს.
პლასტიკურმა ქირურგმა ჯერ ტარიელი გასინჯა, შემდეგ ჯაბა და თქვა:
– მაქსიმუმ ერთი კვირა და საოპერაციოდ მზად იქნებით.
– ერთი კვირა? – უკმაყოფილოდ ჰკითხა ექიმს ტარიელმა.
– დიახ, ბატონო გენერალო, – გაუღიმა ტარიელს ექიმმა, – აუცილებელი წინასაოპერაციო მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩავატარო, რაც დროს მოითხოვს.
– რა სამუშაოები?
– ისეთი არაფერი, ბატონო ტარიელ, სხვადასხვა ინიექცია უნდა შეგიშხაპუნოთ კანქვეშ, რომ ოპერაციის მსვლელობისას რაიმე ჩეპე არ მოხდეს და ოპერაცია არ ჩამეშალოს.
– გასაგებია, – გაიღიმა ტარიელმა, – ყველა საჭირო ხელსაწყო და წამალი თან გაქვთ?
– არა, რას ბრძანებთ, რატომ უნდა წამომეღო თან? ხვალიდან დავიწყებთ ინიექციებს და ხვალ ამოვიტან.
– არ გამოვა.
– რა არ გამოვა?
– ის, ბატონო ექიმო, რომ, სანამ ოპერაციას არ გაგვიკეთებთ და საბოლოოდ არ გამოვჯანმრთელდებით, თქვენ აქედან ფეხს ვერ მოიცვლით.
– რას ბრძანებთ, ბატონო ტარიელ, გამოდის, რომ აქ მინიმუმ სამი კვირა უნდა ვიყო. ასე არ გამოვა. ამ დროის განმავლობაში მე თორმეტი ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, თითქმის ყოველ მეორე დღეს ოპერაცია მაქვს დანიშნული, უამრავი გასასინჯი პაციენტი მყავს და ჩემი აქ ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ გამოვა. ხუმრობთ?
– ხუმარას ვგავარ, ექიმო?
– არა, რა თქმა უნდა, არა, ბატონო გენერალო, – დაიბნა ექიმი, – რის ხუმარა, მაგრამ, მეც ხომ უნდა გამიგოთ – პრესტიჟი და ღირსება, ფული ბოლოს და ბოლოს.
– ფული?
– დიახ, ბატონო გენერალო, მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს გიხდით, მაგრამ, თქვენც ხომ უნდა გამიწიოთ ანგარიში! სამი კვირა კი არა, მე რომ აქ სამი დღე დავრჩე, გავკოტრდები.
– ექიმო, სამ კვირაში მაქსიმუმ რამდენ ფულს გამოიმუშავებთ?
– ოცდახუთი ათასს, – დაუფიქრებლად მიუგო ექიმმა.
– დოლარს თუ ევროს?
– ლარს.
– კარგი, მე თქვენ ნახევარ მილიონ ევროს გადაგიხდით.
– ნახევარ მილიონ ევროს?
– დიახ.
– ამდენ ფულს რაში მიხდით?
– სამ რამეში, ექიმო: თქვენს უზადო პროფესიონალიზმში, თქვენს დუმილში და, ბოლოს, თქვენს სამკვირიან ტყვეობაში.
– ფანტასტიკაა, დაუჯერებელია!
– სულაც არა, – თქვა ტარიელმა, კარადიდან ხუთასევროიანების ათი ცალი დასტა ამოიღო, ექიმის წინ მაგიდაზე დაყარა და ღიმილით უთხრა: – აი, თქვენი ჰონორარი!
ექიმს სახე გაუბრწყინდა და წამოიძახა:
– თავი ზღაპარში მგონია!
– ფინანსური მხარე მოგვარებულია. ახლა პროფესიულზე გადავიდეთ.
– გადავიდეთ, გადავიდეთ, – ხალისიანად თქვა ექიმმა, – გისმენთ, რა გაინტერესებს?
– რა, ექიმო, და ინსტრუმენტები და წამლები საიდან უნდა მოიტანოთ?
– რა თქმა უნდა, კლინიკიდან.
– კლინიკაში ჩემი თანამშრომელი წამოგყვებათ, ისევ აქ მოგიყვანთ და ყველაფერს ამოგატანინებთ. ახლა კი ისადილეთ, დაისვენეთ და საღამოს კლინიკაში წაბრძანდით.
– ბატონო ტარიელ, ხომ შეიძლება, ჩემს ოჯახს დავუკავშირდე?
– კი მაგრამ, რას ეტყვით?
– თქვენ რას მირჩევთ?
– მე გირჩევთ, ცოლს უთხრათ, თითქოს თურქეთში მიემგზავრებით, დიდი ჰონორარის სანაცვლოდ ურთულესი ოპერაციის გასაკეთებლად.
– მართალია, ასე ვიზამ, – თქვა ექიმმა და მობილური ამოაცურა ჯიბიდან, მაგრამ ტარიელმა გამოართვა და უთხრა:
– ჯერ ადრეა დარეკვა, საღამოს. ახლა კი მიირთვით და დაისვენეთ.
– არ მშია, დასვენება კი არ მაწყენს, – მიუგო ექიმმა ტარიელს და მისივე მითითებით გვერდით ოთახში გავიდა, სადაც საძინებელი იყო მოწყობილი.
– ტარიელ, ექიმი არ გეცოდება? – ჰკითხა გენერალს ჯაბამ.
– ძალიან მეცოდება, მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს, – მიუგო ჯაბას გენერალმა, – თუმცა, ეს ნახევარი მილიონი ევრო მის ოჯახს გადაეცემა და ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდით ჩვენს დანაშაულს.
„არა, – გაიფიქრა ჯაბამ, – ამ ჯოჯოხეთსა და საშინელ ხალხს თუ არ დავაღწიე თავი, უფრო მეტ ცოდვაში ჩავდგამ ფეხს, ვიდრე ახლა ვარ”, – ხმამაღლა კი ტარიელს უთხრა:
– ნუთუ ფულით შეიძლება ადამიანის სიცოცხლის კომპენსირება?
– ბოლომდე არა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამიტომაც ვიხდი ამდენ ფულს, თორემ, ამ ექიმის სიცოცხლე ამდენი არ ღირს.
– ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, მით უმეტეს, უდანაშაულოსი.
– უდანაშაულო მხოლოდ ღმერთია და ისიც კი არ დაინდო ბრბომ.
– ჩვენც ნუ ვიქცევით ბრბოდ.
– ჩვენ არც ვართ ბრბო, ჩვენ ელიტა ვართ.
– ელიტა, რომელიც ყოვლად უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხოცავს, რომ თავიანთი საქმიანობის კვალი დამალონ? – ირონიულად თქვა ჯაბამ.
– ძველებური დაიწყე? ხომ შემპირდი, რომ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებოდით?
– კარგი, კარგი – ხელები ასწია ჯაბამ – მორჩა. ამ წუთიდან ისე ვმოქმედებთ, როგორც ჩვენს საქმეს სჭირდება. აი ჩემი ხელი, ჩამომართვი.
ჯაბამ და ტარიელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გადაეხვივნენ, თუმცა, ჯაბა სულაც არ აპირებდა პირობის შესრულებას და წყნეთის კონსპირაციული აგარაკიდან თავის დაძრომის გზებზე ფიქრობდა.
„აქედან მანამდე უნდა გავიქცე, სანამ ოპერაციას გამიკეთებენ, – ფიქრობდა ჯაბა, – შემდეგ კი ამ არანორმალურებს სამუდამოდ გავეცლები და მდიონ კუდში”.
***
გულწასული შორენა ელენემ ძლივს მოასულიერა და უთხრა:
– დამშვიდდი შვილო, ყველაფერი უფლის ნებაა. ჯაბა რომც არ წასულიყო, მოსასვლელი მაინც მოუვიდოდა.
– რაღა ჯაბას, სხვას რატომ არა? – სლუკუნებდა გოგონა.
– კარგი, შვილო, დამშვიდდი.
შორენამ ტირილი შეწყვიტა, ცრემლები მოიწმინდა და ელენეს უთხრა:
– მორჩა, უნდა აღვიკვეცო, ჩემთვის ხორციელი ცხოვრება დასრულდა და სულს უნდა მივხედო.
– კარგი, შვილო, ცუდი არჩევანი არაა, მაგრამ, ჯერ დამშვიდდი, ყველაფერი აწონ-დაწონე და, თუკი იმავე აზრზე იქნები, მაშინ მე თვითონ წაგიყვან მონასტერში და ერთად გავიაროთ იქ დარჩენილი წლები.
შორენა წამოდგა, აღარ უტირია და ერთ წერტილს მიაჩერდა.
უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. ელენემ კარი გააღო და ოთახში ვიტალი და კახა შემოიყვანა, რომლებსაც ადამიანის ფერი არ ედოთ.
– შორენა, შვილო, – თქვა კახამ, – არც კი ვიცი, როგორ განუგეშო.
– ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, – დაამატა ვიტალიმ და ცრემლი მოიწმინდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში