ვის აწუხებს ჩიყვი უფრო ხშირად და რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას
საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პრობლემა. მოსახლეობაში ამ მრავალ პათოლოგიას აერთიანებენ ტერმინში – „ჩიყვი“, რაც არასწორია, თუნდაც იმ მიზეზით, რომ სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულია არა მარტო სიმპტომები, არამედ მკურნალობის მეთოდებიც კი. პრობლემაში საფუძვლიანად გასარკვევად გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით ენდოკრინოლოგ ნანა კარტოზიას.
– რა არის ჩიყვი და რა განიხილება ამ ცნების ქვეშ?
– უნდა აღინიშნოს, რომ ჩიყვი არ არის ერთი ნოზოლოგიური სნეულება. ჩიყვი ეწოდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას. ის რამდენიმე სნეულების ერთ-ერთი ნიშანია. კლინიკურად არჩევენ ჩიყვის სამ ფორმას. საქართველოში უფრო გავრცელებულია ენდემური ჩიყვი, რომელიც განპირობებულია გარემოში იოდის უკმარისობით. თუმცა, პრობლემის მიზეზი ასევე შეიძლება, იყოს თვითონ ფარისებრ ჯირკვალში იოდის ცვლის დარღვევა ან ჯირკვლის ჰორმონების გენეტიკური დარღვევები. იოდდეფიციტით განპირობებული ჩიყვის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება, საერთოდ არ იყოს დარღვეული და უბრალოდ დაქვეითებულია. იოდდეფიციტის ადრეულ ასაკში განვითარება იწვევს ჰიპოთირეოზის შერწყმას გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებასთან. სიმპტომატიკა დამოკიდებულია ჩიყვის ზომებზე. შესაძლებელია იყოს ისეთი სუბიექტური მონაცემები, როგორიცაა – ზეწოლის შეგრძნება ყელის მიდამოში, ეგრეთ წოდებული „მოხრჩობის“ სიმპტომი, ხმის ჩახლეჩა, სუნთქვის გაძნელება, უმადობა. დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიით და ჰიპერფუნქციით. მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს სტრესული ფაქტორები, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ინფექციური დაავადებები. იმუნური სისტემა, რომელიც იწვევს ავტოიმუნურ დაავადებათა სიხშირის მატებას.
– როგორია პათოლოგიის სიმპტომები?
– სიმპტომები დამოკიდებულია ტოქსიკოზის სიმძიმის ხარისხზე. ძირითადი სიმპტომებია: მომატებული აგზნებადობა, სისუსტე, პროგრესირებადი სიგამხდრე ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე, სიცხის შეგრძნება, შინაგანი კანკალი, ხელების კანკალი, ჩახუთული სივრცისა და მზეზე ყოფნის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, თვალებისმხრივი ეგზოფთალმი – თვალების ბრწყინვა, თვალის კაკლების მოძრაობის შეზღუდვა, არამდგრადი დიპლოპლია, რთულ შემთხვევაში ქუთუთოების დახუჭვის შეუძლებლობა. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია სტაბილური ხასიათის ტაქიკარდია, პულსური წნევის გადიდება.
– ხარისხის მიხედვით როგორ დაიყოფა თირეოტოქსიკოზების განვითარება?
– თირეოტოქსიკოზი ხარისხის მიხედვით შეიძლება, იყოს მსუბუქი სიმძიმის, ამ დროს აღინიშნება მუდმივი ტაქიკარდია – არა უმეტეს 90-100 დარტყმისა წუთში, სხეულის მასის 10 პროცენტით შემცირება სხეულის იდეალურ მასასთან შედარებით; საშუალო სიმძიმის – მუდმივი ტაქიკარდია 100-დან 120 დარტყმამდე წუთში, სხეულის მასის შემცირება 20 პროცენტით იდეალურ მასასთან შედარებით; მძიმე ფორმისას – შრომის უნარის დაქვეითება, მოციმციმე არითმიის გამოვლენა, გულის უკმარისობის მოვლენები, კახექსია. ყველა ფორმის დროს გვხვდება კუჭ-ნაწლავის მხრივ შეტევითი ხასიათის ტკივილები, დეფეკაციის გახშირება. რეპროდუქციული სისტემის მხრივ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მიდრეკილება სპონტანური აბორტებისა და უნაყოფობისადმი, მამაკაცებში ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება.
– რა არის ჰიპოთირეოზი?
– ჰიპოთირეოზი, ანუ იგივე კრეტინიზმი – არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ანუ თირეოიდული ჰორმონის უკმარისობით მიმდინარე დაავადება. მიქსედემა მისი უკიდურესად გამოხატული ფორმაა. ეტიოპათოგენეზის მიხედვით არჩევენ სამ ფორმას – პირველადი, როცა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მასა მცირდება თირეოიდული ჰორმონების სინთეზის დათრგუნვით, მეორადი – როცა პირველადია ჰიპოფიზის თირეოტროპული ფუნქციის დაქვეითება და მესამედი, ანუ პერიფერიული, როდესაც პირველადია ჰიპოთალამუსის მიერ თიროლიბერინის გამოთავისუფლება და დარღვეულია თირეოიდული ჰორმონების პერიფერიული მეტაბოლიზმი. ჰიპოთირეოზისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: სისუსტე, უხასიათობა, მეხსიერების დაქვეითება, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება, ქუთუთოების შეშუპება, თმის ცვენა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – ბრადიკარდია, არტერიული წნევის შემცირება, გულის საზღვრების გადიდება. სუნთქვის ორგანოების მხრივ – ხმის შეცვლა-ჩახლეჩა, კუჭ-ნაწლავის მხრივ – ყაბზობა, ენის გასქელება, მეტეორიზმი. სიმპტომატიკა დიდად არის დამოკიდებულია თირეოიდული უკმარისობის ხარისხზე და ავადმყოფის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
– რისი თქმა შეიძლება თირეოდიტებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ?
– ცალკე უნდა აღინიშნოს თირეოდიტები. ესაა დიფუზურად გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ანთება. თუმცა, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მოსახლეობის ფართო ფენაში ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერ დაავადებას უწოდებენ ჩიყვს და ასოცირდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ უკმარისობასთან ან ჰიპერფუნქციასთან. თუმცა, მკურნალობის თვალსაზრისით, აუცილებელია დიაგნოზის დაზუსტება. თირეოდიტების გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა მათი ფორმიდან გამომდინარე. არსებობს მწვავე თირეოიდიტი – ბაქტერიული ეტიოლოგიის. ხელშემწყობი მიზეზია ნებისმიერი მწვავე ან ქრონიკული ინფექცია. მწვავე თირეოიდიტი შეიძლება, იყოს ჩირქოვანი ან არაჩირქოვანი ფორმის. კლინიკურად დამახასიათებელია მწვავე საწყისი შეშუპება, ტემპერატურის მომატება, ტკივილი ფარისებრი ჯირკვლის საპროექციო არეში, რომელიც ირადიაციას იძლევა ყურის, ყბის, კეფის მიდამოში. ტკივილი ძლიერდება ყლაპვისას, კისრის მოძრაობისას, პალპაციისას. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია და მტკივნეული. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, როგორც წესი, არ არის დარღვეული. სისხლის სურათზე აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტების მარცხნივ გადახრა, ედსი მაღალია 25-30 პროცენტამდე. გავრცელებულობის გამო ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას ქვემწვავე თირეოიდიტებზეც. ქვემწვავე თირეოიდიტი – არის ვირუსული ეტიოლოგიის. უპირატესად ავადდებიან ქალები 30-50 წლის ასაკში. განარჩევენ ქვემწვავე თირეოიდიტის სტადიებს: ადრეული სტადია – თირეოტოქსიკური, გარდამავალი სტადია – ეუთირეოიდული, შუალედური – ჰიპოთირეოზის სტადია და აღდგენითი სტადია – ფუნქციის ნორმალიზება. სიმპტომატიკა და ჩივილები დამოკიდებულია სტადიის ფორმაზე. თუმცა, ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ედს-ის მკვეთრი მომატება სისხლის ნორმალური ლეიკოციტური ფორმულის ფონზე. ქრონიკული ფიბროზული თირეოიდიტის, ეგრეთ წოდებული რიდელის ჩიყვის ეტიოლოგია უცნობია. ჯირკვალი მკვრივია, უძრავი, შეკავშირებულია გარემომცველ ქსოვილებთან. პროცესის პროგრესირებას და გავრცელებას მთელ ჯირკვალზე თან ახლავს ჰიპოთირეოზის განვითარება. დამახასიათებელია ნელი განვითარება, ზეწოლის შეგრძნება ფარისებრი ჯირკვლის მიდამოში, ხმის ჩახლეჩა აფონიამდე, სუნთქვის გაძნელება, მშრალი ხველა. მკურნალობა ქირურგიულია.
– ხშირია თირეოდიტების არატიპიური ფორმები?
– არსებობს ასეთი – „უსიმპტომო თირეოიდიტი“. ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ანთების ნიშნები ან სიმპტომები არ აღინიშნება. მისი არსებობა დგინდება ულტრასონოგრაფიული კვლევის შედეგად. ერთ-ერთია „მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი“, რომელიც ხშირად ჰგავს აუტოიმუნურ თირეოიდიტს, იმ განსხვავებით, რომ ჯირკვალი, როგორც წესი, აღდგება და თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობა საჭიროა მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში. აუტოიმუნური თირეოიდიტი ცნობილია შემდეგი სინონიმებით: ჰაშიმოტოს ჩიყვი, აუტოიმუნური ჩიყვი, ლიმფოციტარული თირეოიდიტი, ლიმფომატოზური ჩიყვი. ყველაზე ხშირად გვხვდება ქალებში. შეიძლება იყოს ჰიპერტროფული, ნორმოტროფული, ატროფიული და ლიმფოციტარული. კლინიკურად დამახასიათებელია ნელი განვითარება რამდენიმე წლის განმავლობაში. პათოგენეზი: წარმოიქმნება ანტისხეულები ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა კომპონენტის მიმართ, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დესტრუქციულ ცვლილებებს და ლიმფოიდური ინფილტრაციის განვითარებას. დიაგნოსტიკაში წამყვანია ანტითირეოიდული ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა, პუნქციური ბიოფსიის მონაცემები და სკანირება. სამკურნალოდ გამოიყენება იმუნომოდულატორები და ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით. შეიძლება აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ჰორმონალური თერაპია გაგრძელდეს მთელი ცხოვრება, ოღონდ საჭიროა, მკურნალობის პერიოდში ჰორმონალური პრეპარატების დოზის კორექცია შესაბამისი ჰორმონალური გამოკვლევების ფონზე მოხდეს.
– როგორ მკურნალობენ დაავადებას?
– ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ დაავადების, სიმძიმის ხარისხის და კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მკურნალობა, რა თქმა უნდა, არჩევითია. ზოგადად გამოიყენება: ანტიბიოტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იმუნომოდულატორები, თირეოსტატიკური პრეპარატები, ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია, სიმპტომური თერაპია, ქირურგიული ჩარევა, რადიაქტიური იოდით მკურნალობა.
ერეკლე ასპანიძე