როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბეჟიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეჟანი. ამ სახელიდან, ასევე, ნაწარმოებია შემდეგი გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟანიძე, ბეჟუაშვილი და ასე შემდეგ.
„საამილახვროს დავთრის მიხედვით, ბეჟიტაშვილს ჰყავდა მოლაშქრე ყმები: ნინია სარყაული, იმეთელი, გიორგი, შიო ჩიტუაშვილი, ბოგანო ჯავახი, მახარა, გიორგი და ბოგანოები: გოგია, ივანა, მაზიტა და ზუხიტა” (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).
„ბეჟიტაშვილის, კოდმანს მცხოვრების, მამული, ბაგა და სამი დღის მიწა წილად ხვდა გიორგი ზუმბულიძეს 1695-1697 წლებში“.
ბეჟიტაშვილი ბასილა იყო მოწმე ყორხმაზ კახაბრიშვილის მიერ გიორგი პაპუნაშვილ-ყორღანაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა, 1688 წელს.
ბეჟიტაშვილები არიან აზნაურები.
საქართველოში 1 196 ბეჟიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 354, საგარეჯოში – 253, კასპში – 169. არიან სხვაგანაც.
გეტაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი გეტა.
სოფელ მუხათში არის სახინჯარი გეტაანი.
გადმოცემის მიხედვით, გეტაშვილი და ცეცხლაძე მონათესავე გვარებია.
პეტრე გეტაშვილი, მისი მეუღლე და შვილები მოიხსენიებიან სოფელ დიდ ენაგეთში 1823 წელს.
საქართველოში 26 გეტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, კასპში – 2.
6 463 ცეცხლაძე: ქობულეთში – 1 798, ოზურგეთში – 850, ხელვაჩაურში – 456. არიან სხვაგანაც.
გაგნიძე
გვარის ფუძეა მეტსახელი გაგანა.
1721 წლის აღწერაში მოიხსენიებიან გიორგი, პაატა და ხარება გაგნიძეები. გაგნიძეები ასურეთში სოფელ ქლუხორიდან გადასახლებულან 1957 წელს.
საქართველოში 3 741 გაგნიძე ცხოვრობს: თბილისში – 1 559, ხაშურში – 309, თელავში – 298. არიან სხვაგანაც.
მაჭარაძე
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მაჭარა. ეს სახელი მეტსახელადაც გვხვდება.
გვარი მაჭარაძე მეთექვსმეტე საუკუნიდან მოიხსენიება.
საქართველოში 847 მაჭარაძე ცხოვრობს: თბილისში – 207, ქუთაისში – 93, სამტრედიაში – 73. არიან სხვაგანაც.
ხარჩილავა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხარჩილა.
ამავე ძირისაა გვარი ხარჩილაძე.
საქართველოში ორივე გვარი ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ, რაოდენობის მიხედვით ხარჩილავა ჭარბობს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ორივე ერთი და იგივე გვარია.
ასევე, გვხვდება ტოპონიმები ლეხარჩილე – სოფელი ფუისქურის მარცხენა მხარეს, ლახარჩილე – უბანი ჯვარში, ნახალჩილუ – ფერდობები ოჩხომურის მარცხენა მხარეს, სახარჩილო – უბნები ხამისკარსა და ყულევში.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, ხარჩილავას რაოდენობის მიხედვით 360-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 2 225 ხარჩილავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 718, წალენჯიხაში – 707, თბილისში – 237. არიან სხვაგანაც.
ზაქაიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაქა, რომელიც ზაქარიას შემოკლებული ფორმაა.
ზაქაიძეები გარისში გადასულან სოფლებიდან – წკარა და ზაქათკარი.
ხადის ხეობის სოფელ წკერაში მცხოვრები ზაქაიძეები იყოფიან გივიანად და კაციანად, ამავე ხეობის – მეღურის მოსახლენი ყატკუიანად და ჯაბიანად, ბეგოთკარისა კი – ბაზიანად და გაჩალდიანად.
ამავე ძირისაა გვარები: ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზაქიძე, ზაქარია, ზაქარაია, ზაქარეიშვილი, ზაქარიაძე, ზაქროშვილი.
საქართველოში 1 347 ზაქაიძე ცხოვრობს: თბილისში 386, დუშეთში – 354, მცხეთაში – 212. არიან სხვაგანაც.
ლაშქარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაშქარა.
ლაშქარა ქართული სახელია, თუმცა, თვით სიტყვა „ლაშქარი“ სპარსული წარმოშობისაა.
ლაშქარა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეცაა.
1721 წელს მოიხსენიებიან გოდერძა და შერმაზან ლაშქარაშვილები ჩხიკვათში საგინაშვილების ყმებად.
ლაშქარაშვილთა ერთ ნაწილს მიუღია სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოება და კამერული აღწერის სიაში სომხებად ჩაუწერიათ.
ამავე ძირისაა გვარები: ლაშქარავა, ლაშქარაძე, ლაშქარეიშვილი.
საქართველოში 598 ლაშქარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 217, გორში – 102, კასპში – 51. არიან სხვაგანაც.
დიდებულიძე
გადმოცემის მიხედვით, დიდებულიძეები სოფელ სადგერიდან წამოსულან და თან სასწაულმოქმედი „დიდებული ხატი” წამოუღიათ. აქედან მომდინარეობს მათი გვარი.
ვარდისუბანში, 1871 წელს, მოიხსენიება მიხეილ დიდებულიძე. მან შვილი მოუნათლა თავისავე თანასოფლელს, ისაკ ობოლაძეს.
საქართველოში 250 დიდებულიძე ცხოვრობს: თბილისში – 152, გორში – 20, ყვარელში – 16. არიან სხვაგანაც.
ედიშერაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ედიშერა.
1698 წელს ედიშერა მოიხსენიება ზურაბ ერისთავიშვილის მიერ საამ კობიაშვილისთვის მიცემულ ყმის ნასყიდობის წიგნში.
ედიშერაშვილები არიან ხეობა ედისიდან მოსული და არიან აზნაურები.
საქართველოში 1 308 ედიშერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 663, გორში – 165, მცხეთაში – 141. არიან სხვაგანაც.
ზარიძე
გვარის ფუძეა სიტყვა ზარი.
ამავე ძირისაა გვარები: ზარიშვილი, ზარიაშვილი, თავზარაშვილი, თავზიშვილი.
საქართველოში 2 007 ზარიძე ცხოვრობს: თბილისში – 800, თიანეთში – 167, რუსთავში – 136. არიან სხვაგანაც.
ზედელაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ზედელა.
1721 წელს ენაგეთში მოიხსენიება ოთარა გერმანოზაშვილის ყმა – გიორგი ზედელაშვილი.
საქართველოში 876 ზედელაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 378, თბილისში – 190, რუსთავში – 106. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით