როგორ იპოვა 12 წლის წინ იტალიაში წასული შეყვარებული თბილისში მცხოვრებმა ქალბატონმა და რატომ მიაჩნია მას, რომ სიმართლე ყოველთვის მწარეა, მაგრამ სასარგებლო
39 წლის ნინა პავლეს ასული გეგეშიძე (სახელი და გვარი გამოგონილია) ეძებდა 42 წლის სანდრო არჩილის ძე არჩვაძეს.
ისტორია: ვეძებ 42 წლის სანდრო არჩილის ძე არჩვაძეს. მე და სანდრომ ერთმანეთი 1998 წელს დავკარგეთ, როდესაც ის სამუშაოდ იტალიაში, ქალაქ მილანში გაემგზავრა. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდით. დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე და დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემი რესპონდენტის დიდი თხოვნით, მისი ფოტოსურათი ისტორიას არ ახლავს, ქალის სახელი და გვარი კი ფსევდონიმია. ეს სიყვარულის ისტორია ჟურნალ „თბილისელების” ¹10-ში (7-13 მარტის ნომერში) დაიბეჭდა და ერთ კვირაში, ადამიანთა ერთმანეთის მოძებნის საერთაშორისო ორგანიზაციის ნებაყოფლობითი დამხმარის, მარჩელა მორატის ხელშეწყობით, სანდროს პოვნით დასრულდა. როგორც აღმოჩნდა 12 წლის წინ იტალიაში წასული სანდრო უკვე დაოჯახებულია და 3 წლის გოგონაც ეზრდება. იმედია, ჩემი რესპონდენტი იპოვის თავის ნამდვილ სიყვარულს. ჩვენ მას ბედნიერებას ვუსურვებთ.
ინტერვიუ ნაპოვნ სანდრო არჩვაძესთან:
– იცოდით თუ არა, რომ ნინა თქვენ დღემდე გელოდათ და გეძებდათ? რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, როგორ დაივიწყეთ პირველი სიყვარული? გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა მოხდა მას შემდეგ, რაც იტალიაში წახვედით?
– მე მიყვარდა ნინა. როდესაც 1998 წელს სამუშაოდ იტალიაში წავედი, მართლა ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდი, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მილანში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც შემიყვარდა და დავქორწინდით. ეს უცბად არ მომხდარა – 5 წელია, რაც ოჯახი შევქმენი, მანამდე, რა თქმა უნდა, ვხვდებოდით ერთმანეთს. ნინა უცებ არ დამვიწყებია, მაგრამ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ მას დღემდე ვეხსომებოდი. 12 წელია უკვე გასული იმის შემდეგ და ამ დროში ბევრი რამ მოხდა. ახალი ცხოვრება დავიწყე, მეზრდება შვილი, 3 წლის გოგონა, რომელსაც, სიმართლე რომ გითხრათ, მისი სახელი დავარქვი. ჩემთვის ის ყოველთვის ლამაზ მოგონებად დარჩება. როდესაც გავიგე, თუ რა დეტალებში ახსოვს ნინას ჩვენი პაემნები და შეხვედრები, ჩემი საჩუქრები, მართლა გული მეტკინა. მაგრამ, ყველაფერი ასე მოხდა და ჩემი ბრალი მხოლოდ ისაა, რომ მას არ მივწერე, არ გავაგებინე, რომ სხვა შემიყვარდა, იმედია, ნინა ამას მაპატიებს, თუკი საჭიროდ ჩათვლის. მინდა ვისარგებლო თქვენი რუბრიკით და სახალხოდ მოვუხადო ბოდიში ყველაფრისთვის. ზოგი რამ ცხოვრებაში დაუგეგმავად ხდება. იმედი მაქვს, ნინა მაპატიებს და აუცილებლად იპოვის თავის სიყვარულს. უბრალოდ, მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღემდე მელოდა და ვახსოვდი.
ინტერვიუ ნინა გეგეშიძესთან:
– როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც სანდროზე სიმართლე გაიგეთ? წინა ინტერვიუში, როდესაც ჯერ კიდევ ეძებდით, მითხარით, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ მან ოჯახი შექმნა, თქვენ მაინც კმაყოფილი იქნებით სიმართლის ცოდნით. ახლა რას გრძნობთ?
– შეიძლება, ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ, ჩემთვის მთავარი მაინც სიმართლის გარკვევა და გაგება იყო, ასე მოლოდინში ცხოვრება აღარ შემეძლო. ვიცი, რომ დიდი დროა გასული მის შემდეგ, რაც მე და სანდრო ერთმანეთს დავშორდით, მოსალოდნელიც კი იყო, რომ მას ოჯახი ჰქონოდა. აღარც კი მეგონა, საერთოდ, თუ ვახსოვდი. მადლობელი ვარ მისი პოვნისთვის. მართლაც დავმშვიდდი. ახლა უკვე აღარ ამაფორიაქებს მარტის დადგომა და აღარ გამახსენდება ის წელი, როდესაც ფანტასტიკურ საჩუქრებსა და სიურპრიზებს ვიღებდი მისგან. ვეცდები, ახალი ცხოვრება დავიწყო. მიხარია, რომ მას ოჯახი აქვს და, რომ ის ბედნიერია.
– აპატიეთ თქვენი დავიწყება, თუ გულის სიღრმეში ნაწყენი ხართ მასზე?
– მართლა ვაპატიე. ბოლოს და ბოლოს, წლების განმავლობაში ერთად მცხოვრები წყვილი შორდება ერთმანეთს, ჩვენ კი მხოლოდ რომანი გვქონდა. უბრალოდ, მე ვარ სხვა ბუნების, თორემ, ჩემს ადგილზე ნებისმიერი სხვა ქალი დიდი ხნის წინ დაივიწყებდა მას და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. ჩემი დაქალები „საკუთარი გრძნობის ერთგულ მაზოხისტს“ მეძახიან (იცინის). შეიძლება, მართლებიც არიან, მაგრამ, სანამ სიმართლეს არ გავიგებდი, ვერ დავივიწყებდი. ახლა კი, ასე მგონია, ყველაფერი გარკვეულია. მადლობა მინდა გადავუხადო იტალიელ ნებაყოფლობით დამხმარეს, ქალბატონ მარჩელას, გაწეული დახმარებისთვის და, რა თქმა უნდა, თქვენ.
– როგორ ფიქრობთ, შეხვდებოდით სანდროს, ეს რომ შეგეძლოთ?
– შეხვედრას უკვე ნამდვილად აღარ აქვს აზრი, არც ტელეფონით საუბარს. რაც გასარკვევი მქონდა, უკვე გავარკვიე და ყველაფერი, რაც ჩვენ შორის იყო, წარსულში დარჩება ტკბილ მოგონებად.
თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.