გზა სასუფევლისკენ
„... უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18,3)
აღსარების საიდუმლო თავად უფალმა დააწესა. აღსარებისას აღმსარებელს ყველა ცოდვა მიეტევება, თუ მონანული გულწრფელია თავის აღსარებაში. მნიშვნელოვანია პირველი აღსარებისთვის ბავშვის მომზადება, ხშირად მასზეა დამოკიდებული მისი მომავალი სულიერი ცხოვრება.
როგორც მოძღვრებმა, ისე მშობლებმა, პირველი აღსარებისთვის ბავშვების მომზადებისას უნდა გაითვალისწინონ ორი წესი:
1. აღსარებისთვის მომზადება და თავად აღსარება უნდა აღსრულდეს დიდი სიყვარულით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ აღსარებას იბარებს არა მოძღვარი, არამედ თავად იესო ქრისტე. არ შეიძლება, აღსარების დროს მოძღვარი გაღიზიანებული იყოს.
2. აღსარებისთვის მომზადებისას და აღსარების დროს, ბავშვს უნდა დაუსვათ ისეთი შეკითხვები, რომლებიც დამახასიათებელია მისი ასაკისათვის.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ მეშვიდე მცნების საკითხთან მიმართებაში. მის შესახებ უნდა ვესაუბროთ დელიკატური ფორმით, რათა ზედმეტი შეკითხვებით ბავშვის სულში არ აღვძრათ ინტერესი ამ ცოდვის მიმართ.
აღსარება და ზიარება ბავშვისთვის უნდა იყოს დღესასწაული. ურჩიეთ ბავშვს ეკლესიაში წასვლა, აღსარებისთვის მომზადება, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს იძულების წესით.
ბავშვის იძულებითი აღსარება არ შეიძლება – მონანიება უნდა იყოს გულახდილი და ნებაყოფლობითი.
თუ პატარა იბნევა აღსარების დროს, შესთავაზეთ მას, ჩამოწეროს თავისი ცოდვები. ამის შემდეგ მშობლები არ უნდა დაინტერესდნენ ბავშვის ცოდვებით; არ უნდა შეეკითხონ მოძღვარს, თუ რა მოინანია მათმა შვილმა, რადგან ასეთმა ქცევამ შეიძლება, გამოიწვიოს ნდობის დაკარგვა ბავშვში აღსარების საიდუმლოს მიმართ. არ შეიძლება, მშობლებმა მოძღვარს ასწავლონ, რაზე გაამახვილოს ყურადღება თავიანთი შვილის აღსარების დროს.
***
წინასწარი შეკითხვები
– გწამს ღმერთის?
– იცი და გწამს, რომ შენს აღსარებას იბარებს თავად იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი?
– გულით მოინანიებ შენს ცუდ საქციელს ღმერთის წინაშე?
– ყველას შეურიგდი, სანამ აღსარებაზე მოხვიდოდი?
პირველი მცნება
„მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“.
პირველი მცნება გვასწავლის ჩვენ, რომ ღმერთი ერთია და გვავალებს ღმერთის პატივისცემას.
– ლოცულობ დილა-საღამოს, ჭამის წინ და ჭამის მერე, ყოველი საქმის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ?
– გწამს, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის, ყველა შენი საქმე, შენი ფიქრები, სურვილები; გხედავს შენ დღისით და ღამით, შინ და გარეთ, ყველგან?
– ამ რწმენით აგებ შენს ცხოვრებას?
– გწამს, რომ ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და ადამიანი?
– გიყვარს ღმერთი?
– ხომ არ გრცხვენია შენი რწმენის გამომჟღავნების? ხომ არ უარყოფ შენს რწმენას იმის შიშით, რომ დაგცინებენ?
***
მეორე მცნება
„არა ჰქმნე თავის შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანასა: არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურობდე მათ“.
მეორე მცნება გვიკრძალავს კერპთაყვანისცემას, ხატების თაყვანისცემა კერპთაყვანისცემად არ ითვლება. კერპთაყვანისცემად ითვლება ცოდვებისა და ვნებების სამსახურიც, როგორიცაა ამპარტავნება, ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და ასე შემდეგ.
– ხარჯავ ფულს უაზროდ ნუგბარისთვის? ხომ არ გიყვარს ბევრი ჭამა, იცავ ზომიერებას?
– ინახავ მარხვას და სამარხვო დღეებს – ოთხშაბათს და პარასკევს?
– ხომ არ ამპარტავნობ შენი განათლებით, შენი მშობლების სიმდიდრით?
– ხომ არ ცდილობ პირველობის მოპოვებას თანატოლებს შორის?
– ხომ არ გსურს, რომ ყველაზე ჭკვიანად და კეთილად გაღიარონ?
– ხომ არ გიყვარს ბრძანებების გაცემა, შენს თანატოლებზე უფროსობა?
***
მესამე მცნება
„არა მოიღო სახელი უფლისა ღმერთისა შენისა ამაოსა ზედა“.
მესამე მცნება გვიკრძალავს უფლის სახელის წარმოთქმას, უსიყვარულოდ მოწიწებისა და ლოცვის გარეშე.
– ხომ არ წარმოთქვი ღმერთის სახელი ამაოდ ან ხუმრობით?
– ხომ არ ბუზღუნებ შენი მშობლების სიდუხჭირის გამო?
– ხომ არ გშურს მდიდარ ოჯახში გაზრდილი ბავშვების?
– მადლობას სწირავ ღმერთს ავადმყოფობის, უსიამოვნებებისა და ცხოვრებისეული წარუმატებლობის დროს?
გაგრძელება შემდეგ ნომერში