მართვის რომელ სისტემას სჭირდება ზეთის ხშირად შეცვლა
ძალიან ბევრმა მძღოლმა არ იცის, რომ მისი მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი, სულაც არ არის ავტომატური და მართვის კოლოფი აბსოლუტურად სხვა სისტემაა, ეგრეთ წოდებული ვარიატორისა. რა არის ის, როგორი სისტემაა და გამძლეა თუ არა, ამაზე ვრცლად პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე საუბრობს: თანამედროვე, 2002-2003 წელს ზემოთ გამოშვებულ ავტომობილებში უკვე ძალიან ბევრია ისეთი მოდელი, რომელიც ეგრეთ წოდებული ვარიატორითაა აღჭურვილი და ისევე მუშაობს როგორც ავტომატი. მას ავტომობილის დასაძრავად და სიჩქარის გასავითარებლად მოდება არ სჭირდება – ისევე როგორც ავტომატს, ერთ სიჩქარეში ვაგდებთ და მიდის. განსხვავება ვარიატორსა და ავტომატს შორის პრინციპულად დიდია და ეს მის კონსტრუქციაში ჩანს.
– როგორ უნდა შევატყოთ ავტომობილს ვარიატორითაა აღჭურვილი თუ ავტომატური კოლოფით?
– სხვათა შორის, ძალიან ბევრი მძღოლია ისეთი, რომელიც მსგავს ავტომობილს როგორც „ავტომატიკას” ისე ყიდულობს და შეიძლება ეს ვერც გაიგოს. გარეგნულად ვერა, მაგრამ ამას იოლად მიხვდებით, თუ ავტომობილით გაივლით. მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი მანქანის ეს სისტემა სიჩქარეებს მძღოლის ნაცვლად ცვლის. შესაბამისად, სიჩქარიდან სიჩქარეში გადასვლა ყოველთვის იგრძნობა. პატარა ბიძგი, რომელიც მანქანას სიჩქარეში ხელით გადართვის დროს ექნებოდა, ავტომატურსაც აქვს. მით უმეტეს, დაძვრის შემდეგ კარგად იგრძნობა მეორესა და მესამეში გადართვა. თუ ძალიან ბევრი გაზი მივეცით და ჩქარა წავედით, შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც იგრძნობთ სიჩქარის გადართვას, რადგან ძრავა ხმას შეიცვლის. ვარიატორის შემთხვევაში, სიჩქარეების გადართვა საერთოდ არ იგრძნობა, რადგან ის ერთიდან მეორე სიჩქარეში როგორც ტროლეიბუსი, ისე გადადის. ეს სისტემა არ არის კბილანებით აღჭურვილი. ამ შემთხვევაში სიჩქარის შეცვლა ხდება ორი კონუსური „შკივისგან“. ორი კონუსური ფორმის შკივზე ჯაჭვით ან ღვედით ხდება სიჩქარეების გადასვლა. ამის ახსნა ცოტა რთულია, მაგრამ იმდენად მარტივი და გენიალური კონსტრუქციაა, რომ ურთულესია მისი შეკეთება. ამას ისიც ემატება, რომ ხელოსნები ჯერ არ იცნობენ ამ ტიპის ავტომობილებს, 2002-2003 წელს გამოშვებულ მოდელებს, შესაბამისად, პირველი დაზიანებები ახლა დაეწყო. თუ დაზიანდა, თითქმის ყველა შემთხვევაში, მისი მთლიანად შეცვლაა საჭირო.
– შესაძლებელია, მისი დაცვა, რომ დიდხანს იმუშაოს?
– სისტემა რომ არ დაზიანდეს, ამისთვის ერთი მარტივი ხერხი არსებობს: მექანიკური და ავტომატური კოლოფებისგან განსხვავებით, ვარიატორს ზეთის გამოცვლა საკმაოდ ხშირად, დაახლოებით, 15-20 ათასი კილომეტრის შემდეგ სჭირდება, მაშინ, როცა მექანიკურ და ავტომატურ კოლოფებს ზეთის შეცვლა საერთოდ არ უნდა. თუ ზეთი დაიკლებს, უნდა დაამატოთ. ზეთი იქ ისეა ჩასხმული, რომ ავტომობილს სანამ იარსებებს, ეყოფა.
– რომელია ვარიატორიანი ავტომობილები?
– თანამედროვე ავტომობილების თითქმის ყველა მწარმოებელი უშვებს ამ ტიპის მოდელებს, მაგრამ ამ საკითხში პიონერები იაპონელები იყვნენ. ძალიან ბევრ იაპონურ ავტომობილს აქვს მსგავსი სისტემის კოლოფი. ყველაზე იაფიანი მათ შორის „ჰონდას” რამდენიმე მოდელია და უფრო დავაკონკრეტებდი ეს არის „ჰონდა HR-V”. ეს საკმაოდ სიმპათიური, ეკონომიური და ხელმისაწვდომი ავტომობილია. თუ თქვენ მსგავსი ტიპის ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ, უმჯობესია, თავიდანვე იცოდეთ, თუ როგორი მართვის სისტემითაა აღჭურვილი და გადაამოწმეთ, დაზიანებული არ იყოს. თუ მწყობრიდან არ არის გამოსული, კარგად მოვლითა და ზეთის დროულად შეცვლით, დიდხანს ამუშავებთ.
– რომელი ზეთი უნდა ჩავასხათ: ავტომატური კოლოფის?
– არა, ავტომატური კოლოფის ზეთი ვარიატორში არ ისხმება. არსებობს სპეციალური ვარიატორის ზეთი, რომელიც ყველგან, ნებისმიერ სერვისცენტრში იყიდება. თუ მსხვილ სერვისცენტრში მიხვალთ, უმჯობესია, რადგან იქ ხარისხი დაცულია და ფილტრსაც შეგიცვლიან. ყოველთვის ეცადეთ, ზეთთან ერთად ფილტრიც შეცვალოთ. ამ დეტალს გარკვეული ცვეთა აქვს და შიგ ჭუჭყი დაგროვდება. კოლოფში შეიძლება, იყოს რეზინის ან რკინის ღვედი. ზოგში საერთოდ არ არის ღვედი და იმ სისტემითაა დამზადებული ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში იაპონიაში და იტალიაში გამოშვებული მოპედები მათში გადიდება და დაპატარავება ლითონის კუთხის შეცვლით ხდება და სიჩქარეებიც ასე იცვლება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს სისტემა დახვეწის პროცესშია. პირველი მინუსები სწორედ ამ ბოლო წლებში გამოაჩინა. მით უმეტეს, იმ ავტომობილებში, რომლებსაც ნაკლებად მოუარეს. ამიტომ, თუ თქვენ, ვთქვათ, HR-V გყავთ, იცოდეთ, იქ შეიძლება ვარიატორი იდოს.