რის გამო „გაყიდა” ნინი შერმადინის მამამ წითელი „ფერარი” და როდის „შეეძინა” შვილი ნოდიკო ტატიშვილს
ბავშვობის მეგობრები ხშირად ჭორების ობიექტებიც ხდებიან: ნინი ქმარს გაშორდა, ნოდიკოს შეყვარებული არ ჰყავს, ისინი ხშირად ჩნდებიან ერთად ამა თუ იმ მიღებაზე... სხვა რა უნდა ქალაქს სალაპარაკოდ?! თუმცა, ეს სიმართლე არ არის და მომღერლები დღეს სულ სხვა თემაზე ილაპარაკებენ.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნოდიკო ტატიშვილი
– იგივე უნდა გითხრა, რაც ბევრჯერ მითქვამს: ძალიან მომეწონე „ევროვიზიაზე“ წასასვლელ კონკურსზე. ჯერ ერთი, იმღერე ფანტასტიკურად, მეორეც – იყავი ულამაზესი. საუკეთესო გამოსვლა იყო და გული დამწყდა, რომ შენ ვერ წარადგენ საქართველოს „ევროვიზიაზე“. თუმცა, ამაშიც ვერ ვხედავ ტრაგედიას.
– ტრაგედიას ვერც მე ვხედავ.
– ჩემი ახლობლები ცხოვრობენ საბერძნეთში, ნინი სიგიჟემდე უყვართ და ამბობდნენ, ოღონდ ნინი გამოუშვით და დანარჩენს ჩვენ ვიზამთო. შენ ყოველთვის ზუსტად იცი, რას აკეთებ და ეს ყველაზე მთავარია მომღერლისთვის. ზოგადად მითხარი შენი აზრი იმ ყველაფერზე რაც „ევროვიზიაზე“ წასასვლელ კონკურსზე მოხდა.
– ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: მე რომ წარმედგინა საქართველო ამ კონკურსზე, აუცილებლად ღირსეულად წარმოვაჩენდი მას. თავი რომ დავანებოთ იმას, რამდენ ქვეყანაში მიცნობენ, როდესაც „იქს-ფაქტორის” გამარჯვებული ხარ, აუცილებლად გიჭერენ მხარს „იქს-ფაქტორის” წარმომადგენელი ქვეყნები – ეს არის კოლეგიალობა, თავისი პრესტიჟისა და სახელის ხაზგასმა. რომელ ადგილზე გავიდოდი და რას ვიზამდი – ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ, ჩემ გამო რომ არც ერთ ქართველს არ შერცხვებოდა, პირიქით იამაყებდნენ – ეს ზუსტად ვიცი.
– ყველა იმას ამბობს, რომ შენი ადგილი იყო იქ...
– მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სიმღერა არ იყო დაბალანსებული, ეს მხოლოდ ჩონჩხი იყო.
– ეს, ალბათ, იმიტომ, რომ შენი სახსრებით გიწევდა სიმღერის ჩაწერა.
– ჰო, მაგრამ, არსებობენ კეთილი ადამიანები. ჩემი ბერძენი პროდიუსერისგან ძალიან სერიოზული წინადადება და ფინანსური მხარდაჭერაც მივიღეთ. კოკას ევანგელინოსი – არის ასეთი ძალიან ცნობილი რეჟისორი საბერძნეთში, მზად იყო, ჩემთვის ნომერი სრულიად უანგაროდ დაედგა, რადგან ჩემი პროდიუსერის ახლო მეგობარია. ერთი სიტყვით, გული დამწყდა, ნამდვილად დამწყდა, რადგან მთელი მონდომებით მოვემზადე ამ ყველაფრისთვის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებას არ ვუსურვებ „ელდრაინს”, გულწრფელად გამიხარდება საქართველოს წარმატება ამ კონკურსზე.
– ვიცი, რომ უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო ამბები იგეგმება საბერძნეთში შენთან დაკავშირებით.
– დიახ, სამი ქვეყნიდან – გერმანიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, მოწვევა მომივიდა, რომ ჩავიდე და ქართული სათვისტომოებისთვის ჩემი სოლო საღამოები ჩავატარო. სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი საბერძნეთიდან, სადაც „იქს-ფაქტორის” საპატიო სტუმრად ჩავედი და ნახევარფინალში ვიმღერე.
– როგორ დაგხვდნენ?
– სრული გაფიარებით. აეროპორტშივე დამხვდნენ ტელევიზიები. იქიდანვე წავედი რეპეტიციაზე, სადაც ძალიან ლამაზი ნომერი დავდგით. ჩავედი და დაიწყო პროდიუსერების შემოთავაზებები, რომ „ევროვიზიაზე“ საბერძნეთის სახელით გავსულიყავი, მაგრამ ეს ვეღარ ესწრებოდა. თან, სიმართლე გითხრა, ეს ნაკლებად მინდოდა. მერჩივნა, იქ საქართველოს სახელით მოვხვედრილიყავი. ძალიან ღირსეულად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მითხრეს, რომ ყველანაირად გვერდში დამიდგებოდნენ.
– მეტი უკეთესი შემოთავაზება რა გინდა?!
– ახლა იგეგმება „რეჯექთიდის” ბერძნულ ენაზე გაკეთება და იქ დატრიალება.
– ნინი, ბევრმა არ იცის, რომ თეატრალურში სწავლობ და დღის ნებისმიერ მონაკვეთში დარეკვისას ჩურჩულებ, ლექციაზე ვარო. ეტიუდის კეთების დროს ტელეფონს რომ პასუხობ, ეს უკვე საინტერესოა.
– არა, გავიარეთ ის პერიოდი, „სკამი“ და „ჩაინიკი” რომ ვიყავი. ახლა გადავედით მინი სპექტაკლზე, პარტნიორებთან დუეტები დავიწყეთ.
– ვიცი, მომღერლის კარიერა, შენი ცხოვრების ნაწილია. სამსახიობო კარიერაც ასეთივე მნიშვნელოვანია შენთვის?
– სცენაზე ახლა უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. მაგრამ, იმ აუდიტორიის წინაშე ისე მრცხვენია თამაში, ისეთ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ისეთი დაძაბული ვარ, როგორც სკოლაში საკონტროლო წერის დროს. ზუსტად იგივე შეგრძნებები მაქვს.
– თან, სცენა ისეთი რაღაცაა, „შპარგალკით” ვერ იხელმძღვანელებ.
– ჩვეულებრივი ამოცანასავითაა ყველაფერი. იღებ რიგით, ცხოვრებისეულ ეპიზოდს, არაფერს გამოგონილს, იმას, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით... იგივე უნდა გაიმეორო, მაგრამ, როდესაც იცი, რომ ეს დავალებაა, რაღაცა გემართება. აუცილებლად მართალი და თავისუფალი უნდა იყო. სულ ცოტა მაინც თუ გადაამლაშე, შეიძლება, ჩაგჭრან.
– საბოლოოდ, მომღერლობა უფრო შენია თუ მსახიობობა?
– მომღერლობა, რა თქმა უნდა.
– ახლა გამახსენდა, რა დღეში ვიყავით, როცა შენი „იქს-ფაქტორი” და ჩემი „ჯეოსტარი” პარალელურად მიმდინარეობდა: ჯერ შენ მწერდი – „გიყურე“, მერე მე გწერდი – „გიყურე“ (იცინიან). გამოკვეთილად გაქვს ეს ნიშანი – სცენაზე რომ დგები, მოციმციმე ვარსკვლავი ხდები. სრულ ტრანსფორმაციას განიცდი, სხვანაირი ხარ. მახსენდება, როგორ გავიცანით ერთმანეთი.
– დაახლოებით ათი წლის წინ, კახეთში კონცერტზე. დამწყები მომღერლები ვიყავით, ბავშვები, დედაჩემიც მახლდა. იქიდან დავმეგობრდით. მერე, თუკი რამე კონცერტი იყო, სულ ერთად გვიწევდა გამოსვლა და ბოლოს „ნუცას სკოლაშიც” ერთად მოვხვდით. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
– იცი, როგორ მახსოვს, ქასთინგის შემდეგ რომ გამოვარდი და ტიროდი? გადავირიე, მეთქი, რა ხდება, შენ კი ყვირილი დაიწყე: „გავედი! გავედი“. იქიდან მოყოლებული, სულ ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. ვიცი, რომ იმ საფეხურამდე მიღწევა, რომელზეც ახლა ხარ, ძალიან ბევრ შრომად და გულისტკენად დაგიჯდა.
– ეს სულ იყო, ბავშვობიდან მოყოლებული „ვახტებოდი” ამ ბარიერებს, დაწყებული ფრაზით: „დედაშენი ორმოცდაათ ლარს თუ არ გადაიხდის, კონცერტზე არ გაგიყვან“, დღევანდელი დღით დამთავრებული. მახსოვს, 6 წლის ვიყავი, როდესაც სილამაზის კონკურსზე გავედი. 6-13 წლამდე და 13-დან 17 წლამდე იყო კონკურსები, მაგრამ რატომღაც, უცებ გააერთიანეს და 17 წლის გოგომ გაიმარჯვა. იცი, რა დამემართა?! საშინლად ვინერვიულე. მე ვიყავი „ბუტაფორია”. გამოვედი პატიოსნად, ლექსები ვთქვი, ვიმღერე, ყველას საჩუქრები დაურიგეს, მე კი მომცეს თმაგაცვენილი და თითებდაკვნეტილი თოჯინა. არასოდეს დამავიწყდება ეს სიმწარე – ვერ ვხვდებოდი, რატომ მაჩუქეს გაფუჭებული თოჯინა (იცინიან). მერე, ასაკთან ერთად, დაბრკოლებებიც იზრდებოდა. ჩემს ცხოვრებას ბევრი ჭორი ახლდა თან. იურმალიდან რომ ჩამოვედი, დედას კლინიკაში (დედაჩემი სტომატოლოგია) ვიღაც ქალმა დაიწყო მოყოლა: კი, ძალიან კარგად მღერის ის გოგო, „იურმალაზე“ რომ გავიდა, მაგრამ, მამამისს წითელი „ფერარი” გაუყიდია და ის ფული მიუცია ჟიურისთვისო. მამაჩემს კი იცნობ... (იცინიან).
– ნოდარის წითელი „ფერარი”... (იცინიან)
– ნოდარს კი ჰყავდა მაშინ წითელი მანქანა, მაგრამ, „მარშრუტკა” იყო „მერსედესის” ფირმის. (იცინიან). დედაჩემმა დიდხანს უსმინა, იმ ქალმა კი განაგრძო – ბადრი პატარკაციშვილს ბაგებში ბინა უჩუქებიაო.
– დედაშენის ადგილას ყველა კბილს დავაძრობდი იმ ქალს (იცინიან).
– მე და დედაჩემი დღემდე ვეძებთ იმ სახლს ბაგებში (იცინიან). ბოლოს დედაჩემმა ვეღარ მოითმინა და უთხრა, ის გოგო ჩემი შვილიაო. ქალს ნერვიულობით მგონი, თავისით დასძვრა კბილები.
– სტილის შეცვლას ხომ არ აპირებ?
– არც თმის ქერად შეღებვას ვაპირებ და არც ნახევრად გადაპარსვას. ჩაცმულობითაც ყოველთვის ზომიერად ვიცვამ. არც აქ, არც საბერძნეთში, გამომწვევად და ვულგარულად არ მაცვია. მოკლედ, სტილის რადიკალურ შეცვლას ჯერჯერობით არ ვგეგმავ.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნინი შერმადინი
– ვიცი, რომ ახლახან ჩამოხვედი ინგლისიდან. დასასვენებლად იყავი წასული?
– ვგრძნობ ხოლმე, როგორ მჭირდება ტვინის განიავება, გარემოს შეცვლა, ახალი ემოციებით დატვირთვა. საკუთარ თავს ასეთი საჩუქარი გავუკეთე და მერე ჩემმა თავმა ამის გამო უდიდესი მადლობები გადამიხადა. დავისვენე გონებრივად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად.
– როგორც ვიცი, უწმიდესთან ერთად იყავი.
– რამდენიმე დღით ადრე წავედი, ვიდრე საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოვიდოდა. ლონდონში ქართული ტაძარი გაიხსნა. უამრავი იქ მცხოვრები ქართველი შეგროვდა. გაჩნდა იდეა, რომ ჩაატარონ კონცერტი, სადაც ჩემს ახალ ალბომს წავიღებ და ლონდონურ პრეზენტაციას გავაკეთებ. რომ მეგონა, იქ არავინ მიცნობდა, ასე არ ყოფილა. ძალიან ხშირად მხვდებოდნენ ქართველები და სითბოს გამოხატავდნენ ჩემ მიმართ. მოკლედ, იგეგმება გასტროლი ლონდონში, ასევე, ამერიკაში – ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში. კიდევ, ჩემი და ნინი შერმადინის კონცერტი საბერძნეთში.
– ნოდიკო, მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– მართლა გაინტერესებს? (იცინიან) კარგად იცი, რომ არაფერი არ ხდება. როცა მოხდება, ხომ იცი, ერთ-ერთი პირველი იქნები, ვინც ამას გაიგებს. ამაშიც ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. დავაკონკრეტებ! ჩემს ცხოვრებაში წრფელი სიყვარულის, წრფელი გრძნობის თვალსაზრისით, არაფერი ხდება, მაგრამ, პატარ-პატარა თავგადასავლები სულ არის, ისე, როგორც ეს ყველა ჯანმრთელი მამაკაცის ცხოვრებაშია. სულ მომწონს ვიღაც, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე მყავდა ობიექტი, რომელზეც ვფიქრობდი. მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი ადამიანი, არამედ, არის სამი და ოთხი. შეიძლება, რამდენიმე ერთად მომწონდეს, მაგრამ სერიოზულად, იმ დონეზე შეყვარებული არ ვარ, რომ ოჯახზე ვიფიქრო, ასეთი რამ არ ხდება.
– ბავშვები არ გინდა?
– ეს ერთადერთია, რაც ძალიან მინდა. ჩემი მეგობრების შვილებს რომ ვუყურებ, მაგალითად, ნინის „კრასავიცას”, როგორი ლამაზია, როგორ ტიკტიკებს, ცუდად ვხდები. ძალიან დახვეწილი ნაკვთები აქვს. მოკლედ, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ცოლი მალე მოვიყვანო, ეს შვილების ყოლის სურვილია – ხუთი შვილი მაინც მინდა მყავდეს.
– ბავშვები ძალიან გიყვარს თუ, უბრალოდ, გინდა გამოსცადო რა არის მამობა?
– უამრავი ბავშვის ნათლია ვარ, ჩემს დას შვილი ეყოლა ახლა, რომელიც საკუთარ შვილად მიმაჩნია. სრულიად ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ, ძალიან მინდა ბევრი შვილი. იცი, ჩემთვის შვილი რას ნიშნავს?! ჩემი ცხოვრება რომ აღარ მაქვს და მისი ცხოვრებით რომ ვცხოვრობ. რომ გაიზრდება, მის ცხოვრებაში არ ჩავერევი, მაგრამ, თუ შევქმენი, ბოლომდე უნდა უზრუნველვყო მისი მომავალი, მისთვის უნდა ვიცხოვრო.
– აუცილებლად ჩაერევი, დამიჯერე.
– ჩავერევი რჩევის მიცემის დონეზე. არ მომწონს, როცა მშობლები იღებენ შვილების მაგივრად გადაწყვეტილებებს და ჰკარნახობენ, რა გააკეთონ. მაგალითს ამ შემთხვევაში, ჩემი მშობლებისგან ვიღებ – ისინი არასდროს ერეოდნენ ჩემს ცხოვრებაში ასე აშკარად; იცოდნენ რომ, ვთქვათ, მყავდა შეყვარებული, რომელზეც საკუთარი აზრი ჰქონდათ, მაგრამ, ეს შეხედულებები ჩემთვის თავზე არასდროს მოუხვევიათ. უნდა ჩაერიოს მშობელი შვილის გადაწყვეტილებაში, უნდა ურჩიოს, ოღონდ, არა უხეშად, არამედ, ისე, რომ ამან აგრესია არ გამოიწვიოს. თუ დაბრმავდა შენი შვილი, ცხადია გზა უნდა უჩვენო, უნდა უთხრა, რომ თვალი გაახილოს, მაგრამ, უნდა თუ არა თვალის გახელა, მის მაგივრად გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდე, ეს არასწორია. ჩემთვის ჩემი თავისუფლება ძალიან ფასეულია და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეს თავისუფლება ჩემს მშობლებს შეეზღუდათ.
– თან, რატომღაც, რჩევას უფრო მეგობრებს, ახლობლებს ვეკითხებით, ვიდრე მშობლებს.
– ჩვენს ურთიერთობაშიც ხშირად ყოფილა მომენტი, როდესაც რჩევისთვის ერთმანეთისთვის მიგვიმართავს. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ყველა მხრიდან დაგანახვე, შენს ამა თუ იმ ნაბიჯს რა შედეგი შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, მაგრამ შენთვის არ მითქვამს, რომ უნდა დამიჯერო და ისე გააკეთო, როგორც გეუბნები-მეთქი. შენგანაც ასევე ხდება ყველაფერი. მოკლედ, ახლა ისეთი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, რომ ჩემი კარიერა წინ მიდის და ყველანაირად ვეცდები, კიდევ უფრო წინ წავიდეს. ახლა რომ ცოლი და შვილი მყავდეს, მთლიანად მომიწევდა ძალების გადანაწილება, რაც, ალბათ, აუცილებლად იმოქმედებდა კარიერაზე. მგონია, რომ ახლა უკეთესია, შეყვარებული რომ არ მყავს და ჩემი საქმე მაქვს – ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. დრო მოვა და შევხვდები ადამიანს, რომელიც შემიყვარდება, ერთად ვიცხოვრებთ, გვეყოლება ბევრი შვილი და ვიქნებით ბედნიერად. ამ დროს კარიერა იმ დონეზე მექნება წინ წასული, რომ ჩემი ძალები და სიყვარული ოჯახსაც ეყოფა და სიმღერასაც.
– ყველა ნორმალური ადამიანი ასე ფიქრობს. მომწონს, დასახული რომ გაქვს კონკრეტული მიზანი და ზუსტად იცი, რა რის შემდეგ გინდა, გააკეთო. ჰაერში როცა დაფრინავ, ეს ცუდად მოქმედებს კარიერაზეც და ოჯახზეც. ბოლოს მინდა გკითხო: რამდენ ხანში გამოდის შენი სოლო ალბომი?
– ძალიან მალე მზად იქნება ჩემი სადებიუტო ალბომი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ჯეოსელს” – ეს მათი საჩუქარი იყო. ასევე, მადლობა „სანო სტუდიას”, რადგან მთელი სტუდია, ყველა იქ მომუშავე მუსიკოსი თან მყვება, რომ ნაყოფიერად ვიმუშაო და რამე დაბრკოლება არ მქონდეს. უმაგრესი მუსიკოსები არიან. მადლობა კომპოზიტორებს და ტექსტების ავტორებს, ამდენი ჰიტი რომ მაქვს. როცა პირველად გავიგე, როგორ მღეროდა ჩემს სიმღერას ხალხი დარბაზში, ისე გამიხარდა, ისეთი უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რომ ჩამოვწიე მიკროფონი და ხალხს ვუსმენდი – სწორედ ეს არის, რისთვისაც ვშრომობთ. შესულია ჩემი და შენი, დათუნა მგელაძის, გოგოლა კალანდაძის დუეტები და ბევრი ახალი სიმღერა. სადღაც აპრილის ბოლოს იქნება სადებიუტო ალბომისა და ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია, რომელიც „რუსთავი 2-მა“ მაჩუქა. ძალიან ვნერვიულობ ამ ყველაფერზე, როგორც შვილს, ისე ვუფრთხილდები ყველა ნიუანსს.